რატომ ჰყავს რუსეთს მობილიზებული სამხედრო ძალა საქართველოს ყველა უღელტეხილთან და რატომ ემუქრება საქართველოს „რუსეთის ჟანდარმად“ ქცევის საფრთხე
ქართული პოლიტიკური სპექტრი ისეა გართული საარჩევნო მარათონით, რომ ლამის ყველას დაგვავიწყდა პაველ ფელგენგაუერის ავისმომასწავებელი პროგნოზი, გაზაფხულზე საომარი მოქმედებების განახლების საშიშროება იზრდებაო და ისიც, რომ მალე თოვლიც დადნება, კავკასიური ტყეებიც შეიფოთლება და გზებიც გაიხსნება. თუმცა, ამის მიუხედავადაც, წინასაარჩევნო რეჟიმზე გადასული საქართველოს პარლამენტი მაინც არ წყვეტს აქტივობას ჩრდილოკავკასიელთა გულების მიმართულებით: ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი გაგზავნილ მიმართვებს მალევე მოჰყვება ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ მსჯელობაც, მანამდე კი თბილისში ჩრდილოკავკასიელთა კონფერენცია ჩატარდა, რომელიც იმავე თემას მიეძღვნა. რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელებს და რისი მიღების იმედი აქვს სანაცვლოდ, – თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– ვინაიდან თქვენ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ ჩრდილო კავკასიელებთან, ხომ არ იცით, რა რეაქცია გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიაში გენოციდის თემის წამოწევამ და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიმართვამ?
– მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ვერ გავიგეთ, რა უნდა ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიელებთან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს რეგიონული პოლიტიკა. მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანადაა დამოკიდებული დასავლეთზე. ამდენად, არ ვიცით, აქვთ თუ არა უფლება, აწარმოონ რეგიონული პოლიტიკა.
– ანუ რამდენად მოსწონს დასავლეთს საქართველოს დაახლოება ჩრდილოეთ კავკასიასთან?
– ეს ნამდვილად არ ვიცი და მგონია, რომ ხელისუფლებამ თვითონაც არ იცის. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებისადმი მიმართვას, სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ძალები მოქმედებენ დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში: დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები; წინააღმდეგობის ფრონტი და რადიკალური ისლამის მიმდევრები. არც ერთი მათგანი არ იყო ინტერფრაქციული ჯგუფის მიმართვის ადრესატი. მიმართვის ადრესატი იყო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასმული მარიონეტი პარლამენტის თავმჯდომარეები ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომაც, ამან სერიოზული გაუგებრობა გამოიწვია.
– იმ ადამიანებში, რომლებიც არიან მიმართვის რეალური ადრესატები?
– საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ეს მიმართვა კავკასიელი ხალხებისადმი რომ ყოფილიყო. ასეა თუ ისე, ამ მიმართვას ძალიან ორაზროვანი რეაქცია მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის მერძოლი პოლიტიკური ორგანიზაციებისა და წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლების მხრიდან. მათ დასვეს კითხვა: საქართველოს პარლამენტში არსებული ინტერფრაქციული ჯგუფი რუსეთთან შეთანხმებით ხომ არ მოქმედებსო.
– რუსეთთან შეთანხმებით, რატომ?
– თუ ჩვენ არ მოგვმართავენ და მიმართავენ კადიროვის პარლამენტს, რა საჭიროა შემოვლითი გზები, პირდაპირ მოსკოვს მიმართონო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ორგანიზაციას შეგნებულად არ მიუღია მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ არც ერთ აქციაში ჩრდილოკავკასიელების მისამართით. მეტსაც გეტყვით, იმ კონფერენციაში, რომელიც თბილისში ჩატარდა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების გენოციდს მიეძღვნა, მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოსულა კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის არც ერთი ლიდერი. რაც შეეხება ჩერქეზების გენოციდს: კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია დღემდე რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, რომელმაც აღიარა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობა და ჩეჩენი ერის გენოციდი. მეტიც, როდესაც ეს გავაკეთეთ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მსუბუქად გვსაყვედურობდა, რომ, თურმე, ჩვენ რუსებს ვაღიზიანებთ, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, თვითონ დაიწყეს მოძრაობა ამ მიმართულებით. თბილისში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩერქეზეთიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობენ ყაბარდო-ბალყარეთში. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსულ ჩრდილოკავკასიელთა შორის ჩვენ ვერ დავინახეთ რეალური ლიდერები, ავტორიტეტები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს აქცია საქართველოს ხელისუფლების ერთ ნაწილს სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტს მოაწონონ თავი და დაანახვონ, რომ ისინი ტყუილად არ არიან ხელისუფლებაში; მეორე მხრივ, თვითონ ხელისუფლებას სჭირდება ეს აქციები იმისთვის, რომ დივიდენდები მიიღოს ჟენევაში მოლაპარაკებისას, თითქოს რეალურ და გავლენის მქონე ძალას წარმოადგენს კავკასიაში. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ კავკასიელ ლიდერებსა და დიასპორებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ყველა დახურული შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა დაიდო ინტერნეტსაიტებზე.
– ფარულ ჩანაწერებს გულისხმობთ?
– დიახ და ისინი სერიოზულად არიან განაწყენებული. არ მინდა, ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი რეგალია და ავტორიტეტი საკმარისია იმისთვის, რომ ისინი აშკარად არ დაუპირისპირდნენ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ პირად საუბრებში სვამენ კითხვას: არიან თუ არა საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირები, რადგან ყველა ფარული შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა გამჟღავნდა. ჩვენი ხელისუფლებისადმი ნდობა ნულის ტოლია და, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს თამაში, მით უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს ჩრდილოკავკასიელ ლიდერებში. ისინი დაუფარავად ამბობენ, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, გნებავთ, ფარულად, გნებავთ, აშკარად, მაგრამ გვითხარით, რას მივიღებთ აქედანო. მეორე მხრივ, იმასაც ამბობენ, თუ ჩვენ არაფერს მივიღებთ, არც ესაა პრობლემა, მაგრამ ესეც წინასწარ გვითხარითო. რადგან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან, ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი მოსალოდნელ გართულებებზე ჩრდილოეთ კავკასიელებთან ხელისუფლების ქცევის გამო.
– რა გართულებებს გულისხმობთ?
– სულ მცირე, იმას, რომ აღარ გენდობა და არ დაგეხმარება, ხოლო, თუ მათ ძალიან ბევრს დაუშავებენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც კავკასიელი არ იყოს ან ხელი არ მიუწვდებოდეს. ვიმეორებ, ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდან თუ აზიიდან და ევროპიდან, როგორც კი უკან დაბრუნდნენ, ან თავად ისინი დააპატიმრეს, ან ოჯახის წევრები და ნათესავები დაუპატიმრეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას: რატომ ხდება, რომ, ვისაც თქვენ ხვდებით, მათ რუსეთის უშიშროების სამსახურებში იბარებენ?! და ამაზე პასუხის გაცემა ჩემთან კი არა, კავკასიელ ლიდერებთან მოგიწევთ.
– არის თუ არა ჩვენთვის ხელსაყრელი ამ ვითარებაში ამ თემების წამოწევა? როდესაც ვიღაცას ებრძვი, ძალაც უნდა გერჩოდეს, ჩვენ რის იმედით ვაპირებთ რუსეთთან დაპირისპირების კიდევ უფრო დამძიმებას?
– ისევ იქ მივედით, საიდანაც დავიწყეთ: რა უნდა ხელისუფლებას? რამდენიმე ვარიანტია: დასავლეთს აჩვენოს, რომ თვითონაა რეალური ძალა კავკასიაში და აქვს ავტორიტეტი; აძლიერებს წინააღმდეგობის მოძრაობას ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ რუსეთს პრობლემები შეექმნას და, მესამე, ომს აპირებს და მოკავშირეებს ეძებს. თუმცა არის მეოთხე ვარიანტიც: ეს უბრალოდ ფიარ-აქციაა, რომლითაც ევროპელების წინაშე მოაქვთ თავი, ჩვენ ეს რეზერვიც გვაქვსო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საიდუმლო შეხვედრა გამჟღავნდა და ადამიანებს შეექმნათ პრობლემები, ისინი გაბრაზებულები არიან. კიდევ ერთი ასეთი აქცია და შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ რუსეთის ჟანდარმობაში. ერთ მნიშვნელოვან დეტალს ვიტყვი: 2009 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიასაში, და აზიასა და ევროპაში ჩრდილოკავკასიურ დიასპორებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, კონკრეტულად პანკისის ხეობაში, იწყებოდა კავკასიელი მებრძოლების თავმოყრა. დაგვიკავშირდნენ ჩრდილოკავკასიელი ლიდერები, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვუთხარით, გამორიცხულია, ეს საქართველოს ხელისუფლების ნება ყოფილიყო და მოვიხსენი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებაზე, რომლებიც აქ აპირებდნენ ჩამოსვლას. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 50 კაცი იყო გამზადებული ჩამოსასვლელად, მაგრამ ამ ადამიანებს გადავაფიქრებინეთ. მიაქციეთ ყურადღება, ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, სამი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ოსეთის შს მინისტრი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე აკეთებენ განცხადებას, რომ, შესაძლოა, პანკისის ხეობაში მოხდეს „ბოევიკების“ კონცენტრაციაო. შემდეგ კი ირკვევა, რომ 7 ადამიანი, რომლებსაც ვერ მივაწვდინეთ ხმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კერძოდ, დაღესტნიდან გადმოვიდა აზერბაიჯანში, სადაც მოხვდნენ აზერბაიჯანელებისა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში: სამი მათგანი დაიღუპა, ორი დაიჭირეს, ორი დაიჭრა. გაითვალისწინეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში იცოდნენ, რომ პანკისის ხეობაში მებრძოლების თავმოყრა საქართველოდან გავრცელებული ინფორმაცია იყო. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა, ვუთხრა მათ: დაღუპულებისა და დაჭრილების პატრონები გეძებენ და მე არ ვიცი, როგორ მოახერხებთ თავის მართლებას.
– ხომ შეიძლება, რომ ისინი რუსეთის მიერ ყოფილიყვნენ შემოგზავნილი?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ რატომ ჩქმალავენ ამ ფაქტს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები?! რატომ არ ამბობენ, რომ ჩანს რუსეთის კვალი?! გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს პროვოკაცია იყო და საქართველო არაფერ შუაშია. რადგან ჩუმად არიან, იქნებ ეშინიათ, რომ მეორე მხარემ არ დაადოს ხელი, როგორ არ ხართ შუაში, თქვენ არ მოგვიწვიეთო?!
– ლარსის გახსნასა და თოვლის დნობას უკავშირებენ იმასაც, რომ გააქტიურდება ჩრდილოეთ ოსეთიც, რომელიც თრუსოს ხეობას ითხოვს. მეორე მხრივ, თუ დიდი და პატარა ლიახვის ხეობები „იუჟნაია ოსეტიაა“, ამ ლოგიკით, თრუსოს ხეობა რატომ ვერ იქნება ჩრდილოეთ ოსეთი? რა იცით ამის შესახებ?
– თუ დასჭირდებათ, ამას ამზადებენ კონფლიქტის მომავალ კერებად. ჩრდილოეთ ოსეთში არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლებიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები არიან და ისინი ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს საიმისოდ, რომ ეს ჩრდილოოსური ტერიტორიაა. ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ამის მიზანი არ არის მხოლოდ ჩვენი შეშინება. პრესით, ტელევიზიით, ისტორიული ფაქტების გაყალბებით, ისინი ამტკიცებენ, რომ თრუსოს ხეობა არის ოსების. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თრუსოსა და პანკისის ხეობები სავარაუდო კონფლიქტის კერებად მოიაზრება. ჯავახეთმა უკანა პლანზე გადაიწია.
– ჯავახეთი ისედაც გამზადებული აქვთ, მეტი სიმშვიდისთვის ახლების შექმნა უფრო ლოგიკური სვლაა.
– თვალი გადავავლოთ კავკასიის პერიმეტრს: ბზიფის ხეობა რუსების ხელშია; ქლუხორი რუსების ხელშია, მამისონი რუსების ხელშია, დარჩა მხოლოდ დარიალისა და პანკისის ხეობები. ყველა ჩამოთვლილი უღელტეხილის მეორე მხარეს რუსეთს მობილიზებული ჰყავს სამთო-ქვეითები, მათ შორის, ყვარლის მხრიდანაც. ჩემი აზრით, რუსეთი რაღაცას ელოდება, რის შემდეგაც ის იმოქმედებს აგრესიულად და სამართლებრივ გამართლებასაც მოუძებნის თავის საქციელს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კავკასიელებთან ურთიერთობა, ოღონდ რეალური და არა საფიარო. საჭიროა ყველა კავკასიელი ლიდერის მოწვევა, ოღონდ არა საქართველოში, არამედ ევროპის ან აზიის რომელიმე ქვეყანაში და მათთან მოლაპარაკება. ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან მძიმე ვითარებაა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე უმძიმესი პერიოდი იქნება, იმიტომ რომ ახლა უკვე ყაბარდო-ბალყარეთიც ჩაერთო პარტიზანულ ომში, ჩერქეზებიც, ადიღეშიც იგეგმება არეულობა, დაღესტანმა ხომ უკვე გაასწრო ჩეჩნეთსა და ინგუშეთს. ასე რომ, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარს ცეცხლი უკიდია. მოიფიქროს ხელისუფლებამ, როგორ უნდა იმოქმედოს, თუ არ იციან, უანგაროდ გავუწევ კონსულტაციებს.
სხვათა შორის, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა აღიარა ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა ზავგაევმა, რასაც რატიფიკაცია გაუკეთა პარლამენტმა და არა დუდაევმა, დუდაევმა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა მოითხოვა. თუ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც უნდა ჩრდილოკავკასიელების დახმარება, მარტივად შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა: გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის ცნობს ზავგაევის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
– მაგრამ აქ არის ერთი წინააღმდეგობა: თუ აფხაზეთი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელი ჩეჩნეთი? ესეც ხომ ორმაგი სტანდარტი გამოდის, იმის მიუხედავად, რომ ჩეჩნეთსა და აფხაზეთს სრულიად განსხვავებული პრეისტორიები აქვს?
– მაშინ საქართველომ რუსეთის ხელისუფლებას წაუყენოს ბრალდება: თუ აღიარებ აფხაზეთს, აღიარე ჩრდილოკავკასიის ყველა რესპუბლიკა, თათარტსანი და ბაშკორსტანი. ეს ერთად აღებული 22 მილიონი ადამიანია. მაგრამ ამის ნაცვლად, ჩვენს ხელისუფლებას ვიღაცეები ჩამოჰყავს. ვიმეორებ, თუ ეს გაგრძელდა, ჩრდილოკავკასიელების რეაქცია მძიმე იქნება.