კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან სომეხი ბიზნესმენები უკმაყოფილო ლარსის საბაჟოს გახსნის გამო და რა პრეტენზიებს უყენებს სომეხი „დაშნაკების“ თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას


სომხეთმა ციურიხის პროტოკოლზე საკუთარი ხელმოწერა შეაჩერა და სომხურ-თურქული ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივამაც დიდი ხნით გადაიწია. ამის ფონზე ექსპერტები არც ყარაბაღის ომის განახლებას გამორიცხავენ, რაც რუსეთს ამიერკავკასიაში სამხედრო ძალის შემოსაყვანად დამატებით საბაბს მისცემს. გთავაზობთ ინტერვიუს სომხეთის პარლამენტის 16-კაციანი ფრაქციის – „სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნის“ – თავმჯდომარესთან, ვაჰან ოგანესიანთან.


– რატომ შეაჩერა სომხეთმა თავისი ხელმოწერა ციურიხის პროტოკოლზე? თუმცა თქვენი პარტია იმთავითვე წინააღმდეგი იყო თურქულ-სომხური ურთიერთობების გაბმისა.

– ჩვენ დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ჩვენს ხელისუფლებას, რომ ძალიან სახიფათო იყო თურქეთთან ასეთ თამაშში შესვლა, რადგან მოლაპარაკებების პროცესში თურქეთი წამოაყენებდა წინაპირობებს. როგორც კი „საგზაო რუკა“ გამოჩნდა, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ვწინასწარმეტყველებდით, – უარი ვთქვით, მონაწილეობა მიგვეღო სამთავრობო კოალიციასთან მუშაობაზე და გავხდით ოპოზიციური პარტია. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით: თურქეთმა წამოაყენა წინაპირობები, რომლებიც წამგებიანია სომხური მხარისთვის.

– რას გულისხმობთ წინაპირობებში? როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

– ეს იყო თურქული პროპაგანდის თავხედური ტყუილი, რომელსაც მხარს უჭერდა ჩვენი მთავრობაც. სინამდვილეში, წინაპირობები არსებობდა: პროტოკოლებში ლაპარაკი იყო ყარსის ხელშეკრულების ცნობაზე, რომელიც კაბალური ხელშეკრულებაა.

– შევახსენებ მკითხველს, რომ დამოუკიდებელ სომხეთს არ უღიარებია ყარსის ხელშეკრულება, განსხვავებით საქართველოსგან, როდესაც ედუარდ შევარდნაძის დროს საქართველოს მხარემ ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი თურქეთის შემადგენლობაში არსებულ ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე.

– ყარსის ხელშეკრულება არის ქემალ-ფაშას თურქეთისა და ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის შედეგი, რის გამოც სომხეთმა 1920 წელს, დამოუკიდებლობასთან ერთად, თავისი ტერიტორიებიც დაკარგა. ამ ტერიტორიების ნაწილი თურქეთს გადაეცა, ნაწილი – ნახჭევანი და ყარაბაღი – აზერბაიჯანს, დანარჩენი კი გახდა საბჭოთა სომხეთი, რაც ჩვენი პარტიისთვის მაშინაც მიუღებელი იყო. სომხეთს დღემდე არ მოუხდენია ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია და თავისუფალი სომხეთი ამ ხელშეკრულებას ხელს არასდროს მოაწერს! ისევ ციურიხის პროტოკოლს რომ დავუბრუნდეთ: პროტოკოლში ლაპარაკი იყო ორმხრივ აღიარებაზე; ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რომელიც განიხილავდა გენოციდის საკითხს; იყო მინიშნება, რომ ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ მესამე ქვეყნის საშინაო საქმეებში – გასაგებია, რომ „მესამე ქვეყანაში“ აზერბაიჯანი იგულისხმებოდა. პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ თურქეთი უკვე თავხედურად აცხადებდა, რომ, სანამ ყარაბაღის საკითხი ცალმხრივად აზერბაიჯანის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა, არანაირი გზა არ გაიხსნებოდა და არც დიპლომატიური ურთიერთობები აღდგებოდა.

– რასაც ამბობთ, ეს არსებობს, როგორც ოფიციალური დოკუმენტი?

– ეს ძალიან მკაფიოდ თქვა არაერთხელ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. დღის წესრიგს თურქეთი გვკარნახობდა, გვემუქრებოდა და შანტაჟს ეწეოდა. ჩვენი ხელისუფლება დიდი დაგვიანებით მიხვდა, რაც ხდებოდა, თუმცა, არასაკმარისად მიმაჩნია ხელმოწერის შეჩერება, აუცილებელია ხელმოწერის გამოთხოვნა. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდმა „დერჟავებმა“ ჩვენი ხელისუფლება დაარწმუნეს, რომ ახლა ამის გაკეთება არ ივარგებდა.

– თუკი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები შედგებოდა, სომხეთს შეეძლო, გამხდარიყო ცენტრალური ტრანზიტული ქვეყანა ამიერკავკასიაში და საერთაშორისო პროექტებიდან საქართველო ამოეგდო? ეს არ არის მიმზიდველი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ახლა თითქმის იზოლაციაშია?

– ჩვენ არ გვაქვს მიზანი, რომ ამოვაგდოთ საქართველო…

– მესმის, რომ არ გაქვთ, მაგრამ, ეს საკმაოდ კარგი პერსპექტივა იქნებოდა სომხეთისთვის, ღირდა ამაზე უარის თქმა? არ იქნებოდა ეს მომგებიანი თქვენთვის?

– რა თქმა უნდა, გარკვეული ეკონომიკური სარგებელი გვექნებოდა, მით უმეტეს, რომ ქართულ მხარეს „ბეშენნიე“ სატრანზიტო ტარიფები აქვს დაწესებული სომხეთისთვის და, უბრალოდ, გვძარცვავს. დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ბათუმამდე ჩამოტანა უფრო იაფი ღირს, ვიდრე შემდეგ ბათუმიდან მისი სომხეთში ჩამოტანა. ეს არანორმალური მოვლენაა და საქართველოს სატარიფო პოლიტიკა უბიძგებს სომეხ ბიზნესმენებსა და სომხეთის ხელისუფლებას, რომ ნებისმიერ ფასად გახსნან ალტერნატიული გზა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ გზის გახსნა ნებისმიერ ფასად არ ღირს და არც შეიძლება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ირანის მიმართულებით, რადგან არ გვაქვს იმედი, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება სატარიფო პოლიტიკას.

– საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლარსის გახსნა იყო ქართული მხარის კეთილი ნების ჟესტი სომხეთისადმი. მართლაც კეთილი ნების ჟესტად აღიქვა ეს ერევანმა?

– არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვა, მაგრამ ბიზნესმენებისთვის დიდი აღფრთოვანება არ შემიმჩნევია, რადგან ეს ჟესტი ისევეა მომგებიანი საქართველოსთვის, როგორც სომხეთისთვის.

– საქართველოსთვის რა არის მომგებიანი? თუკი სომხური ტვირთები გადავა ლარსით რუსეთში?

– საქართველოს არ უნდა გზა რუსეთთან?!

– იქ ქართული პროდუქცია აკრძალულია და მოქმედებს სავიზო რეჟიმი.

– რუსეთში არსებობს ათობით გზა საიმისოდ, რომ გვერდი აუარონ რუსულ აკრძალვებს და ქართველ ბიზნესმენებს აქვთ ამის გამოცდილება. ამას გარდა, საქართველო მუშაობს როგორც ტრანზიტული ქვეყანა და ამ გზით გადაადგილდება არა მხოლოდ სომხური, არამედ ირანული და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტვირთები. ასე რომ, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, წაგებული არ არის.

– ჩვენ ახლა კონკრეტულად ლარსზე ვსაუბრობთ. ლარსით ირანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები სარგებლობენ?!

– ყოველ შემთხვევაში, სომეხი ბიზნესმენებისთვის დიდი აღფრთოვანება არ შემიმჩნევია. არ ვიცი, ეს საკითხი არ შემისწავლია.

– ლარსის გახსნის მეორე დღეს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებდა, სომხეთის გამო ასეთი ჟესტი გავაკეთეთო, ერევანში არაღიარებული ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ აფხაზეთი აღიარა. ეს რა ჟესტი იყო და რატომ მხოლოდ აფხაზეთი? კოკოევმა რა დააშავა? ოღონდ არ მითხრათ, რომ ყარაბაღი ერევანს არ უთანხმებს თავის ქმედებებსა და განცხადებებს.

– ჯერ ერთი, ერევანსა და სტეპანაკერტს შორის სერიოზული განსხვავებაა შეხედულებებში და ყარაბაღი მართლაც დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დიდი ხანია, კავშირი არსებობს: ეს ორივე არაღიარებული რესპუბლიკა იბრძოდა აღიარებისთვის, თუმცა, სხვა საკითხია, ვის რამდენად ეკუთვნის. მე, მაგალითად, ვიცი, რომ აფხაზეთში საქართველოსგან გამოყოფის მომენტში 17 პროცენტი აფხაზი ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც ყარაბაღში 90 პროცენტს სომხები შეადგენდნენ. მთელი პრობლემა ის არის, რომ მთელ მსოფლიოში ორმაგი სტანდარტებია. რუსები ამბობენ, რომ აფხაზეთი უნდა აღიარონ (მიაქციეთ ყურადღება, სომხეთი, როგორც აღიარებული სახელმწიფო, ამას არ აკეთებს), მაგრამ კოსოვოს აღიარება არ უნდათ.

– ამერიკაც ასევე იქცევა: კოსოვოს აღიარებს, აფხაზეთს – არა.

– დიახ, ევროპასა და ამერიკას არ უნდათ აფხაზეთისა და ყარაბაღის აღიარება.

– არ გაქვთ პრეტენზია რუსეთისადმი, რომ არ აღიარა ყარაბაღი, განსაკუთრებით, აფხაზეთის შემდეგ? თუ მიგიმართავთ ასეთი თხოვნით და რას იღებთ პასუხად?

– ოფიციალურ დონეზე ასეთი მიმართვა არასდროს ყოფილა არც ერევნის და არც სტეპანაკერტის მხრიდან, რადგან, არ გვინდა უარის მოსმენა. ჩვენ ყარაბაღისგან უნდა გავაკეთოთ ნამდვილად დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა და, აღიარებენ თუ არა, ეს მომავლის საქმეა. ჩვენ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებთან ვმუშაობთ.

– შეგიძლიათ, თქვათ, ვისთან?

– შემიძლია, მაგრამ არ ვიტყვი.

– შორს არიან ეს ქვეყნები თუ ახლოს?

– საქართველო ნამდვილად არ არის მათ რიცხვში.

– საქართველო ვერც იქნება. თუ საქართველო ყარაბაღს აღიარებს, ესე იგი, ეთანხმება აფხაზეთის აღიარებასაც.

– რა თქმა უნდა. ის, რაც აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“ მოხდა, უფრო გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას 90-იან წლებში უფრო გონივრული პოლიტიკა რომ გაეტარებინა, შესაძლოა, საქმე ასე შორს არ წასულიყო.

– ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, რუსეთისთვის ხელსაყრელია ყარაბაღის კონფლიქტის დაწყება და მისთვის სასურველი იქნებოდა მხარეებს შორის სამშვიდობოებად ჩადგომაო. ასეთი სცენარი რეალისტურად გეჩვენებათ?

– ჯერ ერთი, ძალიან მაინტერესებს, რა გზით უნდა მოხვდნენ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში? – ან საქართველოდან, ან აზერბაიჯანიდან. თუ აზერბაიჯანიდან შემოვლენ, მაშინ ისინი ვერ იქნებიან ნეიტრალური მხარე, ისინი იქნებიან კონფლიქტის მხარე.

– რუსების მისიას ჰქონდა საქართველოში გამოცდილება, როდესაც კონფლიქტის მხარე იყო, მაგრამ „სამშვიდობოდაც“ იდგა.

– სწორედ ასეთ ქცევებს მივყავართ საომარ სცენარამდე.

– ომის სცენარი არ მიგაჩნიათ რეალისტურად თუ რუსი სამშვიდობოების შემოსვლა?

– ომის პერსპექტივა ყოველთვისაა, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ისტერიულ და აგრესიულ განცხადებებს, მაგრამ ჩვენ მშვიდად ველოდებით.

– რას?

– თუ ომი დაიწყება, ისინი დამარცხდებიან.

– რატომ ხართ ასე დარწმუნებული? არ მიწყინოთ ეს შეკითხვა, მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომლის ხელისუფლება აგვისტოს ომამდე ამბობდა, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს და რუსეთის არმიის დაუმარცხებლობა მითიაო.

– ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ ვიცით, თუ აზერბაიჯანი თავს დაგვესხმება, მათი მიზანი იქნება სომხების განადგურება და არა მხოლოდ ყარაბაღში. ამიტომ სომხები იბრძოლებენ მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის, ბოლო კაცამდე და ბოლო ტყვიამდე. ასეთივე მოტივაციას მე ვერ ვხედავ აზერბაიჯანელებში.

– რუსეთს ლარსის გამოყენება გიუმრის სამხედრო ბაზაზე მოსახვედრად სჭირდებაო. მართლაც, მძიმე დღეშია ის ბაზა უგზოობის გამო?

– არ ვარ ინფორმირებული. ამ რუსულ ბაზას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

– გამოვიდა წიგნი „ავგუსტოვსკიე ტანკი“, რომელშიც განხილულია საქართველოზე თავდასხმის რამდენიმე გეგმა და ერთ-ერთია სომხეთიდან თავდასხმა, პროვოკაციის მოწყობა ჯავახეთში ყარაბაღის ომის განახლების პარალელურად და გიუმრის ბაზიდან რუსული ჯარის შემოტევა. ამიტომაც გკითხეთ.

– ხელშეკრულება მკაფიოდ კრძალავს გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გამოყენებას რაიმე მიზნით მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე. მას აქვს თავდაცვითი ფუნქცია, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა.

– თუ საქართველო არ დაესხა თავს სომხეთს?!

– თუ საქართველო დაესხმება თავს სომხეთს, ჩვენ რუსული ბაზის გარეშეც მოვახერხებთ პასუხის გაცემას.

– თქვენ თქვით, განსაკუთრებული რამეო, რა იგულისხმეთ?

– თუ თავს დაესხმებიან სომხეთს. ზეპირად არ მახსოვს ამ ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ შინაარსი ასეთია.

– სამცხე-ჯავახეთის თემატიკასაც მივადექით: რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ, თუ ქართველები ჭკვიანად არ იქნებიან, სამცხე-ჯავახეთი გამზადებულია კონფლიქტის ახალ კერად. მართლაც გამზადებულია?

– მე არ მესმის, რა შეიძლება, მოხდეს?!

– ისინი ასე ამბობენ: სეპარატიზმის გაღვივება და მხარდაჭერა.

– სომხებისთვის მთელ მსოფლიოში და, მათ შორის ჯავახეთში, ყველაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებები. სომხეთს არ აქვს საქართველოსთან ტერიტორიული და სეპარატისტული პრობლემები, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები: სომხური ეკლესიების დახურვისა და გადაქართულების; რეგიონული ენის; რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს ადგილობრივ დონეზე მმართველობაში მონაწილეობის უფლება, არადა, ისე ხდება, რომ საკრებულოში ერთი პატარა ქართული სოფელიც ერთ დეპუტატს ირჩევს და ხუთი დიდი სომხური სოფელიც. აი, ასეთი უსამართლობები იწვევს უკმაყოფილებას. ანუ, ამ ადამიანებმა თავი უნდა იგრძნონ საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად. ეკონომიკური პრობლემები არც დგას, რადგან საქართველოში ყველგან ერთნაირი ეკონომიკური პრობლემებია, შესაძლოა, უბრალოდ, ჯავახკში უფრო რთული კლიმატური პირობების გამო, ეკონომიკური პრობლემები უფრო მძიმეა. ყველა ადამიანს აქვს ეროვნული ღირსება და მისი შელახვა არ შეიძლება, ისევე, როგორც არ შეიძლება მოქალაქეობრივი უფლებების შელახვა. პრობლემა ესაა, თორემ, არანაირი სეპარატისტული პრობლემები და ტერიტორიული პრეტენზიები არ არსებობს.

– რეგიონული ენის საკითხისადმი პირადად მე სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს. წარმოიდგინეთ, რამდენი რეგიონული ენა უნდა იყოს საქართველოში: აფხაზური, რომელიც ისედაც მეორე სახელმწიფო ენაა, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული და, შეიძლება, ბერძნულიც? არ ჯობია, ყველამ ისწავლოს სახელმწიფო ენა?

– საქართველოში რამეს რომ მიაღწიო, უნდა იცოდე ქართული ენა, მაგრამ, როდესაც ქართული ენის ცუდად ცოდნის გამო ადამიანს სასამართლოში არ შეუძლია თავისი სიმართლის დამტკიცება და ციხეში ხვდება, ეს უსამართლობაა.

– ასეთი ფაქტები არის? ჩვენთან სახელმწიფო თავად ნიშნავს ადვოკატს სახაზინო წესით.

– რა თქმა უნდა, არის, მაგრამ საკითხს ემოციურად კი არა, რაციონალურად უნდა მივუდგეთ. არსებობს რეგიონული ენების ევროპული კონვენცია. რეგიონული ენების არსებობა ნორმალური მოვლენაა ბევრი ქვეყნისთვის და არანაირ პრობლემას არ უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. თუ სამცხე-ჯავახეთის სკოლებში ისწავლიან სომხურად, ქვემო ქართლის სკოლებში – აზერბაიჯანულად, ამით საქართველო არაფერს დაკარგავს. რაც შეეხება ეკლესიებს: ცნობილია, რომ მთელ რიგ ეკლესიებზე იყო სომხური წარწერები, რომლებიც ადასტურებდა მათ სომხურ წარმოშობას და შემდეგ ისინი წაშლილია. ბუნებრივია, ხალხი, რომელიც ამას ხედავს, უკმაყოფილებას გამოთქვამს.

– პრობლემაა, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, თავისი მოქალაქეებისთვის ესწავლებინა ქართული ენა. მე გკითხეთ: არ ჯობია, საქართველოს ყველა მოქალაქემ ვისარგებლოთ ქართული ენით-მეთქი? თქვენთვის მიუღებელია, რომ ყველამ ვილაპარაკოთ სახელმწიფო ენაზე და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ქართულის შესწავლას?

– რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?! ყველამ უნდა იცოდეს ქართული ენა. მაგალითად, სომხები ვერ იცხოვრებენ საფრანგეთში, თუ მათ ფრანგული არ ეცოდინებათ. საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იცოდნენ ქართული ენა, მაგრამ არა სომხური ენის აკრძალვის ხარჯზე.

– არავის აუკრძალავს სომხური ენა საქართველოში და დღესაც მოქმედებს სომხური სკოლები.

– საქართველოს ხელისუფლება, იმისთვის, რომ ქართულის შესწავლა გახადოს მომგებიანი და აუცილებელი, კრძალავს სომხურ ენას და აიძულებს ადამიანებს, ისწავლონ ქართული. მათ კი ქართული უნდა ისწავლონ სიყვარულით და არა დაძალებით.

– მე არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ ვინმე კრძალავდეს სომხურს, რუსულს ან აზერბაიჯანულს. მეტიც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული ეროვნების აბიტურიენტი თავის მშობლიურ ენაზე აბარებს გამოცდებს!

– ოჯახში ვერავინ დაუშლის ადამიანებს მშობლიურ ენებზე ლაპარაკს, მაგრამ სასამართლოებში, ზოგადად, სახელმწიფო დასწესებულებებში, სომხური ენა უნდა გამოიყენებოდეს. საქართველოში უნდა ესმოდეთ, რომ ამ ადამიანებს საბჭოთა დროს, როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, ჰყოფნიდათ სომხურის და რუსულის ცოდნა. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური კარიერა პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსული ენის ცოდნასთან და ახლა არის რამდენიმე თაობა, რომლებიც მხოლოდ ყოფით დონეზე ფლობენ ქართულს. რა თქმა უნდა, მათ უნდა მისცეთ დრო, გარდამავალი პერიოდი, როდესაც ერთდროულად გამოიყენებენ მშობლიურ ენასაც და სახელმწიფო ენასაც და რაღაც პერიოდის შემდეგ ახალი თაობა, თბილისელი და ქუთაისელი ქართველების მსგავსად ილაპარაკებს. კიდევ ერთი მომენტი: ძალიან ბევრი წელია, სომხური მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს, რომ შეიქმნას სომხურ-ქართული უნივერსიტეტი, სადაც თანაბარ დონეზე შეისწავლება სომხური და ქართული ისტორია; ისწავლიან სომეხი და ქართველი სტუდენტები; ქართველები შეისწავლიან სომხურს, სომხები – ქართულს. თუ გვინდა, რომ ოდესმე ევროპა გავხდეთ, უნდა წავიდეთ ინტეგრაციის გზით. აზერბაიჯანთან ეს არ გამოგვდის ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ, შესაძლებელია, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მოიხსნას საბაჟო საზღვარი, დაიწყოს ინტეგრაცია და მაშინ პრობლემები – სად გადის საზღვარი, სად ცხოვრობენ ქართველები, სად ცხოვრობენ სომხები – აღარ იარსებებს. ქართველები, შეიძლება, დასახლდნენ სომხეთის ტერიტორიაზე და პირიქით. ახალი გამყოფი ხაზების გავლება არ არის საჭირო. სომხებს არ აქვთ არანაირი ტერიტორიული პრეტენზია საქართველოს მიმართ. პრობლემა ის არის, რომ მივიდეთ ერთიან აზრამდე. თუ სომხებმა და ქართველებმა თავ-თავიანთ სახელმძღვანელოებში ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვანაირად აღწერეს, ერთად უნდა შევამოწმოთ ეს ფაქტები.


скачать dle 11.3