რა მოგებას ნახულობენ ყოველწლიურად საქართველოს ნავთობიმპორტიორები და რა ფორმულით ითვლიან ისინი საწვავის ფასს
საწვავის ფასი ყველასთვის საინტერესო და ემოციური თემაა: მომხმარებელი და ოპოზიცია ფიქრობს, რომ ფასები გაბერილია, ხელისუფლება და ნავთობიმპორტიორები კი, პირიქით, გვარწმუნებენ, რომ საწვავს ლამის თავის ფასში ყიდიან. ამ საკითხის ობიექტურ გარჩევას ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარესთან, ვანო მთვრალაშვილთან ერთად შევეცდებით.
– როდესაც მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი 140-160 აშშ დოლარი ღირდა, ერთ ლიტრ „პრემიუმ-ავანგარდს“ „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე 2,15 ლარად ვყიდულობდი, დღეს ნავთობის მსოფლიო ფასი 80-90 აშშ დოლარია და იმავე ბენზინგასამართ სადგურზე ერთ ლიტრ „პრემიუმ-ავანგარდს“ 1,95 ლარად ვყიდულობ. ეს როგორ ხდება?
– შეკითხვას ლოგიკურად სვამთ, მაგრამ, განვიხილოთ ფაქტობრივი მდგომარეობა: მაშინ ბარელი ნავთობის ფასი 140-145 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. რადგან ჩვენთან 100 პროცენტით იმპორტირებულია ბენზინი და დიზელის საწვავი, ვისაუბროთ ბენზინის საერთაშორისო ფასებზე. იმ პერიოდში, ანუ 2008 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში, ერთი ტონა ბენზინის საშუალო საერთაშორისო ფასი 1 100 აშშ დოლარი იყო, დოლარი კი 1,4 ლარი ღირდა. ანუ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1 540 ლარი იყო. დღეს ერთი ტონა ბენზინის საშუალო საერთაშორისო ფასი 790 აშშ დოლარია, ლარის დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, ერთი ტონა ბენზინის ღირებულება 1 400 ლარია. ანუ ფასთა შორის სხვაობა 160 ლარია. ერთ ტონა ბენზინში 1 300 ლიტრია. გავყოთ 160 ლარი 1 300 ლიტრზე, მივიღებთ 13 თეთრს. იმის თქმა მინდა, რომ, ლოგიკურად, ნავთობის ფასთან დაკავშირებით, თქვენ მართალს ამბობთ, მაგრამ, კონკრეტულად ბენზინის საწვავთან დაკავშირებით, თუ მას ციფრებში გადავიყვანთ და დავითვლით, სულ სხვა სურათს ვიღებთ.
– კი ბატონო, დავითვალოთ ბენზინის რეალური ფასი.
– ოღონდ, თავს ვერ დავდებთ, რომ ეს ზუსტი გამოთვლა იქნება, რადგან ქაღალდზე დათვლილი ყოველთვის განსხვავდება რეალობისგან, იმიტომ რომ, რეალობაში გაუთვალისწინებელი დანახარჯებიც არსებობს, ამდენად, ბენზინის ფასი მხოლოდ მიახლოებით შეიძლება დავთვალოთ, მაგრამ ცდომილება იქნება მეტობისკენ. დღეს ერთი ტონა ბენზინის ფასი დღევანდელი კურსით 1 400 ლარია.
– ესე იგი, ერთი ლიტრი ბენზინის საერთაშორისო ფასი 1,08 თეთრია.
– ეს ფასი ღირს მწარმოებელთან და ამას ვერ გავექცევით.
– არც ვაპირებთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.
– გაითვალისწინეთ, ლაპარაკია დაბალი ოქტანობის, „რეგულარის“ ტიპის ბენზინზე. რაც უფრო მაღალია ოქტანობა, შესაბამისად, ფასიც იზრდება. მოგეხსენებათ, იმპორტის დროს ხდება განბაჟება და განბაჟებისას ერთ ტონა ბენზინზე ფიქსირებული აქციზის გადასახადია 250 ლარი.
– ესე იგი, 250 ლარი გავყოთ 1 300 ლიტრზე, მივიღებთ 20 თეთრს, ანუ, ჯერჯერობით, ერთი ლიტრი ბენზინი 1,3 ლარი დაგვიჯდა.
– ამას ემატება ტრანსპორტირების გადასახადიც. ტრანსპორტირება სხვადასხვანაირად ხდება: გემით, თუ ევროპიდან შემოდის, შემდეგ საწვავი მიდის ტერმინალში და იქიდან ვაგონებით – ბაზებამდე; თუ ბაქოდან შემოდის, მხოლოდ რკინიგზაა აუცილებელი. ავიღოთ რკინიგზით ტრანსპორტირების მაგალითი: ბაქოდან რკინიგზით ბაზამდე ტრანსპორტირება ერთ ტონა ბენზინზე 60 ლარი ღირს.
– გავყოთ 60 ლარი 1 300-ზე, მივიღებთ 5 თეთრს, ესე იგი, ბენზინის ფასი 1,35 ლარამდე გაგვეზარდა.
– ამას ემატება საწვავის განბაჟებისას დღგ გადასახადი, 1 400+250+60 ლარის 18 პროცენტი, ანუ 308 ლარი.
– 308 გავყოთ 1 300 ლიტრზე, გამოგვივიდა, 24 თეთრი, დავამატოთ 1,35 ლარს, ახლა უკვე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1,6 ლარია.
– აქვე გეტყვით, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები თვლიან ბენზინის ღირებულებას, დღგ-ის გადასახადს არ გულისხმობენ, ამბობენ, დღგ-ს სახელმწიფო აბრუნებსო, რაც არასწორია.
– მაგრამ, კანონით ხომ მართლაც, უნდა დააბრუნოს სახელმწიფომ ზედმეტად გადახდილი დღგ? თან, დღგ-ს ჩვენც ხომ გვახდევინებს ბენზინის შეძენისას?
– ზედმეტად გადახდილი – კი, მაგრამ, ეს ჩვენს შემთხვევას არ ეხება. თუ რაღაცას ისე არ დავთვლით, როგორც საჭიროა, სხვადასხვა რიცხვს მივიღებთ.
– რა ხარჯი იგულისხმება ბენზინის ბაზიდან ბენზინგასამართ სადგურამდე მისატანად?
– შემდეგ ეს საწვავი მიდის საცალო ქსელში და ამ ტიპის საწვავის ღირებულების მაქსიმალური ნიშნულია 1,8 ლარი, თუმცა, ნაკლებად ცნობილი ბრენდები უფრო ნაკლებ ფასად ყიდიან საწვავს. ანუ, მაქსიმალური ფასდამატება 20 თეთრია ან უფრო ნაკლები. მაგრამ ეს 20 თეთრი იბეგრება გადასახადებით: ფასთა სხვაობის დღგ-ის გადასახადით, ამასთან, კომპანიის მოგებაც ხომ იბეგრება?!
– მოგების დაბეგვრა მომხმარებლის გადასახდელი ნამდვილად არ არის, ჩვენ იმ გადასახადებზე ვისაუბროთ, რომლებიც აუცილებელია ბენზინის გასამართ სადგურამდე მისატანად. რამდენი გამოვაკლოთ აი, ამ 20 თეთრს გადასახადების წილის სახით?
– ამ 20 თეთრიდან 30 პროცენტი სახელმწიფო გადასახადებს ხმარდება. ამას ემატება კომპანიის სხვადასხვა დანახარჯი: გასამართი სადგურების ექსპლუატაციის; თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასები; საბანკო კრედიტის პროცენტი.…
– მომხმარებელი არ არის ვალდებული, თავისი ხარჯით დაუფაროს კრედიტი ნავთობიმპორტიორს, თავისი მოგებიდან დაფაროს ბანკის ვალი. ესე იგი, ნავთობიმპორტიორებს თითო ლიტრი ბენზინიდან 10-თეთრიანი მოგება რჩებათ?
– ასე ვთქვათ, 5-დან 10-თეთრამდე.
– კი ბატონო, 5 თეთრი ავიღოთ მათ მოგებად. ალბათ, გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, რა ოდენობის საწვავი იყიდება საქართველოში ყოველწლიურად, რომ ამ კომპანიების მოგებაზე მეტ-ნაკლებად შეგვექმნას წარმოდგენა, თორემ, ისე გამოდის, რომ საწვავის მომხმარებლებმა ფული უნდა შევუგროვოთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს, ისეთ შავ დღეში ყოფილან?!
– მოდი, ასე ვთქვათ: მე თქვენ გეუბნებით რეალურ ვითარებას, ამასთან, ჩვენ ვითვლით მიახლოებით და ამ დათვლებში, შესაძლოა, ბევრი ხარჯი გამოგვრჩეს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანს სიამოვნებს ფულის გადახდა ნივთის შეძენისას, მაგრამ საწვავში გადახდილი თანხა ენანება, რადგან საწვავი იწვის და მისგან არაფერი რჩება. მეც, როგორც მოქალაქეს, ძალიან ბევრი პროდუქციის ფასის მიმართ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა. გადავხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას: გასული წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული იყო 454 000 ტონა ბენზინი და შემდეგ თქვენ დათვალეთ.
– აუცილებლად დავთვლი. ჩვენ დავითვალეთ ბაქოდან შემოსული, ანუ „სოკარის“ მიერ შემოტანილი ბენზინის ფასი. ამდენად, მაინტერესებს, როგორ ხდება, რომ „სოკარსაც“, რომელსაც ყურის ძირიდან შემოაქვს საწვავი, იგივე ფასი აქვს, რაც სხვებს, რომლებიც გაცილებით შორიდან ეზიდებიან?
– აზერბაიჯანული ბენზინი 1,7-1,8 ლარი ღირს და „რეგულარის“ ტიპის ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი თვითონ „სოკარს“ უჭირავს. მას აქვს 23 ბენზინგასამართი სადგური. სულ საქართველოში 700 ერთეული გასამართი სადგურია, აქედან მაქსიმუმ 250-300-ია ბრენდების, დანარჩენები არ არიან ბრენდები, ანუ არიან შედარებით წვრილი რეალიზატორები და ისინი აზერბაიჯანულ საწვავს გაცილებით იაფად ყიდიან, დაახლოებით, 5-10-თეთრიანი სხვაობა აქვთ ფასში. ამბობთ, „სოკარს“ რატომ არ აქვს დაბალი ფასიო, მაგრამ „სოკარი“ ბრენდია, გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ერთი გასამართი სადგურის მშენებლობა თითქმის მილიონი უჯდება. ჰყავს უამრავი ადამიანი დასაქმებული, რომელთაც სოლიდური ხელფასები აქვთ. ამიტომ „სოკარს“ გაცილებით მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე ცალკე აღებულ გასამართ სადგურს. თანაც, „სოკარი“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ სრულად მოიცვას ყველა გასამართი სადგური, თუმცა საბითუმო ბაზრის მნიშვნელოვანი წილი მას უჭირავს. „სოკარმა“ რომ თავის გასამართ სადგურებზე დაბალი ფასი დაადოს ბენზინს, მაშინ დანარჩენი გასამართი სადგურები როგორ იმუშავებენ?!
– ეს რა ჩემი, როგორც მომხმარებლის, გადასაწყვეტია? თავისუფალი ბაზრის პრინციპი კონკურენციაცაა – ვინც ვერ უძლებს კონკურენციას, წყვეტს არსებობას. „სოკარს“ არ უნდა, რომ იმ თავის 23 გასამართ სადგურზე ჰქონდეს გაყიდვის კარგი მაჩვენებელი?!
– „სოკარს“ ურჩევნია, რომ საბითუმო ბაზარიც ჰქონდეს.
– ანუ, იქიდანაც იხეიროს და თავის გასამართ სადგურებზე გაცილებით მაღალი ფასი დაადოს რეალურად დაბალფასიან საწვავს?!
– ასეთ მარტივ მაგალითს გეტყვით: ერთი და იგივე პროდუქცია სუპერმარკეტსა და ბაზრობაზე სხვადასხვა ფასი ღირს. რატომ არ გინდათ, რომ იგივე მიდგომა გავრცელდეს საწვავზე?!
– მარტივი მიზეზით: საწვავის ფასი ყველა პროდუქტზე აისახება. ესე იგი, „სოკარი“ საბითუმო ბაზარზეც ხეირობს და თავის ბენზინგასამართ სადგურებში უფრო ძვირად ყიდის საწვავს. ეს უსამართლობა მგონია.
– თქვენ გინდათ, რომ „სოკარს“ უკარნახოთ მოქმედების წესები?!
– არა, მე მინდა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი მოქმედებდეს. რატომ უნდა იყოს „სოკარი“ პრივილეგირებული?
– ბაზარზე საწვავის ფასი დგინდება მიწოდება-მოხმარების შესაბამისად. აზერბაიჯანულ საწვავს ბაზრის 40-45 პროცენტი უჭირავს და სტაბილურად ერთი და იგივე მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელი კმაყოფილი რომ არ ჰყავდეს, ხომ არ ექნებოდა რეალიზაცია?!
– თუ რეალურ, ანუ უფრო დაბალ ფასს დაადებს, უფრო კმაყოფილი არ ეყოლება მომხმარებელი და რეალიზაციაც უფრო მეტი არ ექნება?
– „სოკარს“ დიზელი შედარებით იაფად აქვს, ბენზინი ოდნავ ძვირია. არამართებულია „სოკარის“ მოგების დათვლა.
– მე არაფერს ვუთვლი, მაგრამ, თუ შეიძლება, ჩემს ხარჯზე ნუ ზრდის მოგებას.
– „სოკარის“ ბენზინი იყიდება სხვა ბენზინგასამართ სადგურებზე და, თუ „სოკარის“ ფასი არ მოგწონთ, ჩაასხით სხვა ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც იგივე ბენზინი უფრო იაფი ღირს. თქვენ მაინცდამაინც „სოკართან“ გაქვთ პრეტენზია?!
– არა, რა თქმა უნდა, გადავინაცვლოთ „ვისოლზე“. ჩემი დაკვირვებით, იმ ოდენობის ბენზინით, რომელსაც ვასხამ „ლუკოილში“, გავდივარ ორჯერ ნაკლებ მანძილს, როდესაც ვასხამ „ვისოლში“ და, დაახლოებით, ორ მესამედს, როდესაც ვასხამ „რომპეტროლში“. როგორ ახერხებენ?
– სუბიექტურად უდგებით ამ საკითხს.
– და კიდევ ერთი: რამდენჯერმე ჩემი ავზის ტევადობაზე 6-7 ლიტრით მეტი ბენზინი ჩამისხეს და ამგვარი რამ სხვებისგანაც მომისმენია.
– ეს მხოლოდ საწვავის ბაზრის პრობლემა არ არის.
– რა თქმა უნდა, პროდუქციის მოყიდვისას მომხმარებელს ატყუებს ყველა, ვისაც არ ეზარება.
– ქვეყნის ზოგადი პრობლემაა, რომ მომხმარებლის უფლება დაუცველია, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. საგადასახადო სამსახურებმა ბევრი გასამართი სადგური დალუქეს ამის გამო და საგადასახადო ვალდებულებებიც დააკისრეს. მინდა გითხრათ, რომ თვითონ ბრენდების ხელმძღვანელების პოლიტიკა ასეთია: ისინი დაინტერესებულნი არიან იმით, რომ მომხმარებელი არ მოატყუონ და კმაყოფილი ჰყავდეთ.
– მესმის, მაგრამ, თუ კომპანიის ხელმძღვანელობამ არ დაამონტაჟა აპარატი, რომელიც არასწორად აჩვენებს ჩასხმული საწვავის ოდენობას, ოპერატორი როგორ მოიპარავს?
– ბრენდების პოლიტიკა ასეთია: მომხმარებელს არ უნდა მოატყუონ. ჩვენ ჩავატარეთ „სოკარის“ გასამართი სადგურების მონიტორინგი და ასპროცენტიანი სიზუსტე იყო ჩასხმისას. სხვა თემაა, როდესაც ოპერატორს არ უყურებთ და ის ცდილობს, მოგატყუოთ.
– პირადად მე ოპერატორებსა და აპარატს მახვილი მზერით ვაკონტროლებ.
– სწორადაც იქცევით, მეც იმავეს ვაკეთებ. შემოსავლების სამსახურების მიერ გამოვლინდა, რომ, თუ ვინმე ატყუებს მომხმარებელს, ეს რაოდენობა 10 ლიტრზე 250-300 გრამამდეა. საერთო ჯამში, ეს დიდ ციფრზე ადის, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ვინმე 10 ლიტრში ერთ ლიტრს მოგატყუებთ. ამასთან, ძირითადად, ასეთი რამ უფრო ნაკლებად ცნობილი ბრენდების გასამართ სადგურებშია მოსალოდნელი.
– აზერბაიჯანში საწვავის ფასი „სოკარს“ უფრო ნაკლები აქვსო?
– აზერბაიჯანი მომპოვებელი ქვეყანაა და იქ დარგი შიდა მოხმარებისთვის დოტაციაზეა. სხვათა შორის, როდესაც ჩვენთან საწვავის ფასის ვარდნა იყო და „რეგულარის“ ტიპის ბენზინი ლარი ღირდა, აზერბაიჯანში ფასი საერთოდ არ შემცირებულა.
– სომხეთში?
– სომხეთში საწვავი ჩვენთან შედარებით, 5-10 თეთრით ძვირი ღირს. ისინი იღებენ რუსეთიდან და რუმინეთიდან დიდი „დისკაუნტებით“.
– ძალიან ცოტა განსხვავებაა, მით უმეტეს, სომხეთი აქტიურად ადანაშაულებს საქართველოს, სატრანზიტო გადასახადებით გვძარცვავსო.
– სომხეთს რუსეთი დიდი ფასდაკლებით აწვდის საწვავს. მაგალითად, თურქეთში ლიტრი ბენზინი 3 დოლარი ღირს, ევროპაში – ევრო-ნახევარი, უკრაინაში თითქმის ჩვენნაირი ფასია, მოლდოვეთშიც. ერთი სიტყვით, იმის თქმა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალი ფასი ჩვენთანაა, არასწორია. რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ბოლო სამი თვის სტატისტიკას შემოგთავაზებთ: 15 თებერვალს ბენზინის ფასმა 5 თეთრით დაიკლო; 30 მარტს 5 თეთრით მოიმატა, 10 მარტს კი – კიდევ 5 თეთრით. იმავე პერიოდში საერთაშორისო ფასების დინამიკა ასეთი იყო: ბარელი ნავთობის ფასი 68 დოლარიდან 86 დოლარამდეა გაზრდილი.
– და 5-თეთრიანი მატება საკმარისია 18-დოლარიანი მატების ფონზე?!
– საწვავის ფასი არასდროს იმატებს მაშინვე, როგორც კი ნავთობის მსოფლიო ფასი იზრდება.
– და არასდროს იკლებს მაშინვე, როდესაც ნავთობის მსოფლიო ფასი მცირდება?
– ნავთობის ფასის კლება მეტად უმნიშვნელოა ხოლმე საიმისოდ, რომ ის მაშინვე აისახოს საწვავის ფასზე, მაგრამ ჩვენთან, რატომღაც, მაშინვე ტყდება ხმაური, როგორც კი ნავთობის საერთაშორისო ფასი 3-4 დოლარით მცირდება.
P.S. მე, რა თქმა უნდა, არ დავიზარე და დავიანგარიშე, რა მოგება შეიძლებოდა, მიეღოთ საქართველოს ნავთობიმპორტიორებს 2009 წელს: ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 454 000 ტონა (ანუ 590 მილიონ 200 ათასი ლიტრი) ბენზინი შემოვიდა. ესე იგი, 5-თეთრიანი მოგების შემთხვევაში, მათ შემოსავალს 29 მილიონ 510 ათასი ლარი შეუდგენია, 10-თეთრიანის შემთხვევაში კი – ორი ამდენი, ანუ 59 მილიონი. გაითვალისწინეთ, არაფერი გვითქვამს დიზელის საწვავით მიღებულ შემოსავალზე, რაც, აგრეთვე, ორნიშნა ექვსნულიანი ციფრით გამოიხატება. რაც შეეხება სახელმწიფოს: ის ამ სექტორიდან ყოველწლიურად 420 მილიონ ლარს იღებს ოფიციალური გადასახადების სახით.