რატომ უწოდებდნენ ზიმბაბვეს დიქტატორ მმართველს, რობერტ მუგაბეს, „დედიკოს ბიჭს“ და რის გამო იჯდა იგი 11 წელი ციხეში
სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტები
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ გაბრიელ მუგაბე 1980 წლიდან სათავეში უდგას ამ აფრიკულ ქვეყანას და მისი მმართველობის სტილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეფასებულია როგორც დიქტატორული. მუგაბე ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ და ქარიზმატულ ფიგურად ითვლება თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს ამ რუბრიკაში გთავაზობთ.
* რობერტ მუგაბე 1924 წლის 21 თებერვალს კუტამეში, სამხრეთ როდეზიაში, მაშინდელ ბრიტანულ კოლონიაში დაიბადა. მუგაბეს ოჯახი ქვეყნის ეთნიკურ უმრავლესობას, შონას ტომს ეკუთვნოდა. რობერტის ორი უფროსი ძმა ბავშვობაში შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. ამის შემდეგ რობერტის მამა, გაბრიელ მუგაბე, როდეზიის სიდიდით მეორე ქალაქში – ბულავაიეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხის ხელოსნად დაიწყო მუშაობა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. რობერტი და მისი უმცროსი ძმა – დონატო დედასთან დარჩნენ საცხოვრებლად. ბავშვობაში მომავალ დიქტატორს წიგნების კითხვა უყვარდა და ძალიან იყო მიჯაჭვული დედას. მისი თანატოლები მუგაბეს „დედიკოს ბიჭსაც“ კი ეძახდნენ.
* 60-იან წლებში სამხრეთ როდეზიაში კოლონიზატორების მმართველობის წინააღმდეგ გამათავისუფლებელი მოძრაობა ძალებს იკრებდა. სამშობლოში დაბრუნებული რობერტ მუგაბე, იმ დროისთვის აკრძალული პარტიის „ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირის“ წევრი გახდა, მაგრამ, მაოსისტური იდეოლოგიის გამო, მალევე წამოვიდა იქიდან და საკუთარი პარტია – „აფრიკული სახალხო კავშირი“ დააფუძნა. ეს პარტიაც აკრძალულთა შორის მოხვდა და მუგაბე პარტიული საქმიანობისთვის ციხეში ჩასვეს. იქ მან 11 წელი გაატარა. საინტერესოა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მუგაბემ დაუსწრებლად მიიღო სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის მართვის ბაკალავრისა და ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომები.
* ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუგაბემ პოლიტიკური და სამხედრო გზებით ბრძოლა დაიწყო თეთრკანიანების უმცირესობის მთავრობასთან. 1979 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არჩევნებზე დაუშვა ადრე აკრძალული პარტიების მონაწილეობა, მათ შორის მუგაბეს პარტიისაც, რომელმაც, ყველასთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. 1980 წელს ფორმირებულ იქნა მთავრობა მუგაბეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ზიმბაბვეს დამოუკიდებლობა აღიარა. „ჩემი ხალხი – ჩემი ტყვიამფრქვევია, ჩვენ არასდროს ვიქნებით კოლონია“, – ეს სიტყვები განაცხადა მან დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს. არჩევნებიდან სულ ცოტა ხანში, ზიმბაბვეში ამბოხებამ იფეთქა, რომელსაც მუგაბეს ყოფილი თანამებრძოლი ჯოშია ნკომო ხელმძღვანელობდა. ამბოხებულებს მუგაბემ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის მითითებით მომზადებული, საკუთარი სპეცნაზი, განთქმული ზიმბაბვური მე-5 ბრიგადა დაუპირისპირა. რაზმმა ამბოხებულ რეგიონში, პროვინცია მატაბელელენდში რეიდი განახორციელა, რომლის შედეგად – სხვადასხვა მონაცემებით, 20-დან 50 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე გაანადგურა. ამ ოპერაციის სახელწოდება „გუკურაჰუნდი“ იყო, რაც მათ ენაზე „ადრეულ წვიმას“ ნიშნავს, რომელიც ნაყარს რეცხავს გაზაფხულის კოკისპირული წვიმის წინ.
* 1987 წელს ზიმბაბვეში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობდა – „მუგაბეს პატრიოტული ფრონტი“. მან გააუქმა პრემიერის თანამდებობა და საკუთარი თავი პრეზიდენტად დანიშნა. დაიწყო ასევე, ეგრეთ წოდებული „შავი გარდაქმნის“ პროგრამის განხორციელება, რომლის შედეგად ყველა თეთრკანიანი ფერმერი „სამშობლოს მტრად“ გამოცხადდა. მათ ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები. ამის გამო 2002 წელს ზიმბაბვეში მილიონამდე დაქირავებული მუშა უსამსახუროდ დარჩა, ხოლო თეთრკანიანთა საწარმოები საერთოდ დაიკეტა. 4 000 თეთრკანიანი სასწრაფო წესით გააძევეს ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ რეფორმამ ზიმბაბვე უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკანასკნელი მონაცემებით ზიმბაბვეს 12 მილიონი მოქალაქიდან 10 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, 4 მილიონი შიმშილს მეზობელ ქვეყნებში გაექცა, უმუშევართა საერთო რაოდენობამ 94 პროცენტს მიაღწია, ხოლო ჰიპერინფლაციის შედეგად ერთი ამერიკული დოლარის ფასი 25 მილიონი ზიმბაბვური დოლარი გახდა.
* რობერტ მუგაბე ცნობილია თავისი მკვეთრი გამოსვლებით სხვა ქვეყნების ლიდერთა მიმართ. მაგალითად, კონდოლიზა რაისს იგი მონების შთამომავალს უწოდებდა, რომელიც თავისი თეთრკანიანი უფროსისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. ტონი ბლერს ცრუპენტელად მიიჩნევდა, რადგან ეს უკანასკნელი თურმე ცრუობდა ზიმბაბვეში გატარებული რეპრესიების შესახებ. ჯორჯ ბუში ადოლფ ჰიტლერსა და ბენიტო მუსოლინის შეადარა. სხვათა შორის, თვითონ მუგაბესაც ჰიტლერს ადარებენ, რასაც ის მიესალმება. მისი აზრით, ჰიტლერი საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე და სუვერენიტეტზე ფიქრობდა.
* ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პროფესიონალი თაღლითის მსხვერპლი გახდა. ზიმბაბველი „ჯადოქარი“ როტინა მუვანგა შეჰპირდა პრეზიდენტს, რომ, შელოცვებით და სხვადასხვა მისტიკური რიტუალებით, ჩვეულებრივი ქვებისგან საწვავს მიიღებდა და ამით მოაგვარებდა ზიმბაბვეს ენერგოპრობლემებს. ანაზღაურების სახით, მუვანგამ მუგაბეს ასეული სული საქონელი, სოლიდური თანხა დოლარებში და მიწის ნაკვეთები მოსთხოვა. მუგაბემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და ორი წლის განმავლობაში ელოდა, თუ როგორ მიიღებდა „ჯადოქარი“ ქვისგან ბენზინს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მუვანგა ჩვეულებრივი თაღლითი იყო და ფულს სძალავდა მუგაბეს. პრეზიდენტის ბრძანებით თაღლითი დააკავეს და ციხეში მოათავსეს.
* რობერტ მუგაბეს, მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, უამრავი პრესტიჟული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვა. 2007 წელს ედინბურგის უნივერსიტეტმა მას საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვა, რომელიც 1984 წელს ჰქონდა მინიჭებული. 2007-2008 წლებში მიჩიგანისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტებმა მას საპატიო ხარისხი ჩამოართვეს. ასევე, 2008 წელს, ქვეყანაში გატარებული რეპრესიების გამო, მას ჩამოერთვა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბეთ მეორის მიერ მინიჭებული – დიდი ბრიტანეთის ბეტის ორდენის რაინდის ტიტული, რომელსაც მუგაბე 1994 წლიდან ატარებდა.