პოლიტიკური კალეიდოსკოპი
სარკოზის სიმაღლეს დასცინიან
გერმანულმა კომპანია „სიქსტმა“, რომელიც ავტომობილებს აქირავებს, გამოუშვა რეკლამა, სადაც ირონიზებულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სიმაღლე. კომპანიის სარეკლამო პლაკატზე გამოსახულია კომპაქტური ჰეჩბეკი სიტროენ C3 წარწერით: „მიჰბაძეთ მადამ ბრუინს, გააკეთეთ არჩევანი პატარა ფრანგზე!“
კომპანიის მესვეურებმა რეკლამას „სახალისო“ უწოდეს და ყველას მოუწოდეს, რომ ის სერიოზულად არ აღიქვან.
ნიკოლა სარკოზი მართლაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიო ლიდერი, რომლის სიმაღლეზე ხშირად ხუმრობენ. ცნობისთვის სარკოზიზე დაბლები მხოლოდ ჩრდილოკორეელი კიმ ჩენ ირი და რუსი დიმიტრი მედვედევი არიან.
პრინცი ჰარი ავღანეთში ბრუნდება
ბრიტანეთის პრინცი ჰარი, რომელმაც წარჩინებით დაასრულა სამხედრო შვეულმფრენის პილოტირების კურსები, სავარაუდოდ, 2011 წლის დასაწყისში, ავღანეთში სამხედრო მოქმედებებში ჩაებმება. 16 თვის განმავლობაში ეუფლებოდა პრინცი სამხედრო შვეულმფრენების მართვას და გამოცდის ჩაბარების შემდეგ მას „ლინქსისა“ და „აპაჩის“ ტიპის შვეულმფრენების მართვის უფლება გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი სამხედრო პილოტების მხოლოდ 2 პროცენტი ფლობს „აპაჩის“ მართვის უფლებას და პრინცი ჰარი ერთ-ერთი მათგანია. პრინცის თქმით, მისი ოცნებაა „აპაჩის“ პილოტირება ცხელ წერტილში და სამხედრო მოქმედებებში ჩაბმა. პრინცი ჰარი 2007-2008 წლებშიც მსახურობდა ავღანეთში, მაგრამ მისი იქ ყოფნა გასაიდუმლოებული იყო, შემდეგ კი უსაფრთხოების მიზნით სამეფო ოჯახმა ის უკანვე გამოიწვია.
ბილ ქლინთონს წონაში დაკლებას აიძულებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ ქლინთონის ქალიშვილმა, ჩელსიმ, მამას სთხოვა: „მამა ერთადერთს, რასაც გთხოვ, ეს არის წონაში დაკლება, რადგან, ძალიან მინდა, რომ ჩემს ქორწილში ფორმაში იყო“. ბილ ქლინთონი ცნობილია, როგორც ცხიმიანი საკვების დიდი მოყვარული, ხოლო მის ვიზიტებზე „მაკდონალდსში“ ლეგენდები დადის, თითქოს ის გადაცმული იპარება სწრაფი კვების ობიექტში და დიდი ოდენობით კარტოფილ ფრისა და ჩიზბურგერებს ყიდულობს. ჩელსის გათვლებით, ბილს შვიდ კილოგრამამდე აქვს დასაკლები, რაც ექს-პრეზიდენტისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა. ცნობისთვის, ჩელსი ქლინთონის რჩეული 32 წლის ამერიკელი ბიზნესმენი მარკ მეზვინსკია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მოგზაურობა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაჯავშნული მატარებელი, რომლითაც ის ძირითადად საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდება, ჩინეთის ქალაქ დანდუნში შეამჩნიეს. სამხრეთკორეული წყაროს ცნობით, ჩინეთის მთავრობა ამზადებს კიმ ჩენ ირის ოფიციალურ ვიზიტს პეკინში და მატარებლის გამოჩენა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. კიმ ჩენ ირის დაჯავშნილი მატარებელი, სახალხო ლიდერის უსაყვარლესი ტრანსპორტია. ცნობილია, რომ ჩრდილოკორეელი დიქტატორი სიფრთხილით ეკიდება საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობას და მატარებელს ანიჭებს უპირატესობას.
ევო მორალესის ნაციონალიზაციის პროექტი გრძელდება
ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა გასცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ნაციონალიზებას დაექვემდებარა ოთხი კერძო ენერგეტიკული კომპანია, მათ შორის, ორი უცხოური კაპიტალით დაარსებული Guaracachi და Carani – ფრანგული GDF Suez-ის და ბრიტანული Rurelec-ის შვილობილი კომპანიები. ბოლივიაში ნელ-ნელა მიმდინარეობს ყველა საწარმოსა თუ კომპანიის ნაციონალიზაცია. 2006 წელს მორალესმა ხელში ჩაიგდო სანავთობო კომპანიები, 2008 წელს – სატელეკომუნიკაციო კომპანია „ენტელი“, ხოლო წელს ენერგეტიკული კომპანიების ჯერი დადგა. აღსანიშნავია, რომ მორალესი ნაციონალიზების განკარგულებას ხელს მხოლოდ მაისში აწერს. ასე მოხდა 2006, 2008 და 2010 წლებშიც. შარშან ამ დროს სახელმწიფოს აქტივებს შეემატა ავიაგასამართი კომპანია „აირ BP“.
მედვედევს ილუმჟინოვის უცხოპლანეტელებთან კავშირის სინამდვილის დადგენას სთხოვენ
ჟირინოვსკის პარტიის – „ელდეპეერის“ წევრები ითხოვენ, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა გაარკვიოს, მართლა შეხვდა თუ არა ყალმუხეთის ლიდერი კირსან ილუმჟინოვი უცხოპლანეტელებს. ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში, ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ 1997 წელს უცხოპლანეტელები მას ბინაში ესტუმრნენ და შემდეგ თავიანთი მფრინავი ხომალდით გაასეირნეს. ჟირინოვსკის მომხრეების ვერსიით, ჰუმანოიდებმა საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდეს ილუმჟინოვს და ისინი შიშობენ, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ მედვედევი მიიღებს. „ელდეპეერი“ მოითხოვს, ილუმჟინოვმა დუმის დეპუტატებსაც გაუზიაროს არსებული ინფორმაცია და უცხოპლანეტელებთან შეხვედრის ორგანიზებაც მოაწყოს.