ახალი სპარტელები
თუ გულმა იგულა
მტკვარზე გადებული მშვიდობისად წოდებული ხიდი უკვე მეორედ გაიხსნა (რაკი გახსნების გამოცდილება გვაქვს, მესამედაც გაიხსნება და, თუ გულმა იგულა, მეოთხე-მეხუთედაც) და გიორგობისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს თავისი კაშკაშა ფერებიც შეაწია. სახალხო დღესასწაული კი მართლაც სანაქებო გამოვიდა: სიმფონიური მუსიკით დაწყებული და „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით დამთავრებული (და მერე რა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი და ხელმოკლე ბავშვია, რომლებსაც „ბასტი-ბუბუს“ კონცერტს მხოლოდ უფასოდ თუ აყურებინებენ წელიწადში ერთხელ).
მართალია, გვარწმუნებენ, ქართულმა დემოკრატიამ ევროპული კარგა ხანია, სამარცხვინო მანძილზე ჩამოიტოვაო, მაგრამ, მაინც არავინ იცის, რა დაუჯდა ბიუჯეტს ან ამ კონკრეტული ხიდის აშენება, ან, თუნდაც, ამ კონკრეტული სახალხო დღესასწაულის მოწყობა (ისიცაა, ბევრის ცოდნა დარდს და წუხილს ამრავლებს), თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ არა ერთი და ორი ათეული მილიონი (მაგალითად, დღემდე არ ვიცი, ის 800 000-იანი ატრაქციონი, რიყეზე რომ დაიდგა, ან სად წავიდა, ან ვინ გადაყარა მასში ამდენი ფული?!). მეორე მხრივ, თუ გოგი თოფაძეს ვერწმუნებით, ერთი თანამედროვე და ყოვლად შემკული საავადმყოფოს აშენებას (რომელიც უფულოებსა და სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ვერმოხვედრილებს უფასოდ მოემსახურება) 35 მილიონი ლარი სჭირდება, აშკარაა, რომ მავანს ხიდი ურჩევნია, დანარჩენებს – საავადმყოფო. ბუნებრივია, არც ისე გულუბრყვილოები ვბრძანდებით, ვერ მივხვდეთ, რომ მტკვარზე შუშის ხიდი მხოლოდ უფულო თუ ფულიან თბილისელთა გულისა და ფეხის გასახარად არ გადებულა, ამ ნაგებობამ, უპირველესად, ტურისტის თვალი უნდა დაატკბოს, ზედაც მოიზიდოს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ტურისტთა მოზიდვის საქმე კიდევ დიდხანს უნდა იყოს წმიდათაწმიდა, დროა, ამ ჩვენს სამშობლოში სპარტელთა წესი დავნერგოთ, რადგან პოსტრევოლუციურ საქართველოში მხოლოდ სტამბულის კაჟივით ჯანმრთელებისთვისაა ადგილი. შესაბამისად, ავადმყოფები ნუ გამოგვეხმაურებიან და მთლად უკეთესი, თუ არც დაიბადებიან.