აშკარა „სირობა“
ანუ „დასირებულები“
ქართულ ხელოვნებას თითქმის ყველა მიმართულებით რომ უჭირს, ამის დასტურად „იმედის“ კულტურის ქრონიკისთვის თვალის ერთხელ შევლებაც სავსებით საკმარისია (აღარაფერს ვიტყვი იმავე ტელევიზიის ეთერში გასულ ზოგიერთ ქართულ კინოფილმზე): რეპორტაჟი 1912 წელს გადაღებული პირველი ქართული დოკუმენტური ფილმით დაწყებული თუ მეთორმეტე საუკუნის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სახარების ამბით დამთავრებული. ჰოდა, მაშინ, როდესაც ეგზომ ფართო გარღვევა გვაქვს სახელოვნებო დეფიციტში, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აი, ილიას სახელს რაღას ერჩოდნენ?!), უფრო ზუსტად, უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი მეორეს უპირისპირდება: პირველები ილიას უნივერსიტეტის კედლებში გამართული წიგნის („საიდუმლო სირობის“) პრეზენტაციას აპროტესტებენ, მეორენი – მათ შორის „სირობის“ თვითგამოხატვის უფლებას იცავენ. გამშველებლის ფუნქციას, ჩვეულებისამებრ, საპატრულო პოლიცია ასრულებს. ხოლო, ვიდრე ლიბერალები და ლიბერალების მიერ „ფაშისტებად“ წოდებულები ერთმანეთს ერკინებიან, „საიდუმლო სირობის“ (ყოვლად მდარე და უგემოვნო ნაწერის) აგერ უკვე მეორე ტირაჟი ჩამოიბეჭდა და საზოგადოებაში დიდი დებატებიცაა: უნდა ხდებოდეს თუ არა მსგავსი ნაწერების ბეჭდვა და გავრცელება. ბუნებრივია, რაკი ეკონომიკა საბაზროა (ამ ჩვენს სამშობლოში კი, უფრო – ბაზრული), ყველა იმას დაწერს, რაც გაეყიდება. აქედან გამომდინარე, პირადად მე ის უფრო მაშფოთებს, მხოლოდ „სირობის“ ქმნაღა რომ შეგვიძლია; ნუთუ, მართლაც, ასე „დავსირდით“?!