კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ძალიან მცვიოდა თმა. თქვენ მიერ გამოქვეყნებული ერთი-ორი რეცეპტი გამოვიყენე. ცვენა შემიმცირდა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე არ მომიგვარდა. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე უფრო რადიკალური ხალხური საშუალება.
პასუხი: გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
1) ჩაყარეთ მინის ქილაში 20 გრამი ოროვანდის ფესვი, 20 გრამი გულყვითელას ყვავილი, 15 გრამი სვიის გირჩა, 20 გრამი არყის ხის ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში ყოველ საღამოს, 15 დღის განმავლობაში. დაიტოვეთ მთელი ღამით. ჩამოიბანეთ დილას, კვერცხის გულით.
2) 2 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში სამჯერ.
3) 50 გრამი ოროვანდის ძირების ნახარში (50 გრამი ძირები, 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი) შეურიეთ 100 მილილიტრ ზეითუნის ზეთში და თავდახურული მინის ჭურჭლით გააჩერეთ მზეზე 10 დღის განმავლობაში. გამოიყენეთ ზემოთ ნახსენები წესის მიხედვით.
ეცადეთ, დაბანის შემდეგ თმა ფენით არ გაიშროთ.
კითხვა: ყელზე დამრჩა ჭრილობის ნაწიბური. რა რეცეპტს მირჩევთ ხალხური მედიცინიდან?
პასêóუხი: 20 გრამ გულყვითელას ყვავილს დაუმატეთ 200 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ 20-25 დღის განმავლობაში. შეიზილეთ ჭრილობაზე ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში.
კითხვა: ვხმარობ შინ დამზადებულ მკვებავ კრემს. მითხრეს, რომ კანის გასუფთავებისა და კვებისათვის, გარდა ზეითუნისა, გამოიყენება სხვადასხვა მცენარის ზეთი. რომელი მცენარის ზეთის ჩამატება შეიძლება ამ მიზნით მკვებავ კრემში?
პასუხი: კანის უკეთ გასუფთავებისა და კვების მიზნით, შეგიძლიათ, თქვენს მკვებავში შეაზილოთ მცირე რაოდენობის ვარდის ზეთი.
კითხვა: რა უწყობს ხელს წარბებისა და წამწამების ზრდას?
პასუხი: წარბებისა და წამწამების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა აბუსალათინის ზეთის შეზელა.
კითხვა: რა სასარგებლო თვისებები აქვს კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით მწვანე ჩაის?
პასუხი: მწვანე ჩაის დალევა (თუ დაბალწნევიანი არ ხართ) და მისი ნაყენით ყოველ დილით სახის გაწმენდა ელასტიკურს ხდის კანს და აუმჯობესებს სახის ფერს.
კითხვა: სხეულზე ხშირად მიღიზიანდება კანი. ანალიზების შედეგად გამოვარკვიე, რომ არაფერი ორგანული არ მჭირს. ქიმიური მედიკამენტების მიღება არ მინდა. გთხოვთ, მასწავლოთ კანის დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
პასუხი: კანის დამამშვიდებელი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს გვირილის აბაზანებს: დაასხით გვირილას ყვავილებს ცივი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. სრულყოფილი აბაზანისთვის საჭიროა 1,5 კილოგრამი ყვავილი. ნახარში შეურიეთ აბაზანაში ჩასხმულ წყალს და ჩაწექით შიგ ნახევარი საათით ყოველ საღამოს, ორი კვირის განმავლობაში.
კითხვა: რა არის ყვავილის მტვერი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას კანისთვის?
პასუხი: ყვავილის მტვერი არის ყვავილის მამრი თესლი, რომელიც შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ პრაქტიკულად ყველა კომპონენტს: ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს და სხვა.
ყვავილის მტვერი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, ამაღლებს შრომისუნარიანობას, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან ის საუკეთესო პრეპარატია კანის გამოსაკვებად.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლეთ ხალხური საშუალება სახის ცხიმიანი სებორეის, ფერისმჭამელებისა და დამწვრობის სამკურნალოდ.
პასუხი: კრაზანას 20 გრამ გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და ამ ნაყენით ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახე ერთი თვის განმავლობაში.
კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ გამელოტების საწინააღმდეგო ხალხური საშუალება.
პასუხი: თმის ცვენისა და გამელოტების პროცესის შესაჩერებლად სასურველ შედეგს მოგცემთ ქაცვის ნაყოფისა და ღეროების ნაყენის სისტემატური შეზელა თმაში: 100 გრამ ნაყოფსა და 100 გრამ ნედლ ღეროებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში 2 დღე-ღამის განმავლობაში. შეიზილეთ თმის ძირებში ყოველ საღამოს. ერთთვიანი კურსის შემდეგ ორი კვირით შეისვენეთ, მერე კი ისევ შეგიძლიათ, კურსი გაიმეოროთ.
გვერდები მოამზადა
თამრიკო ზამთარაძემ