ხელისუფლების ნასუფრალზე
მოდურმადადაოკებულები
ქართულმა მედიამ რობერტო კავალის თბილისში ჩამოსვლა მეტად პომპეზურად გააშუქა, სხვა გზაც არ ჰქონდა, მსოფლიო მოდის მარაქაში ჩვენც გავერიეთ („ფეშენ ვიქის“ ეგიდით). მედიის აღფრთოვანებას არც დიზანიერი ჩამორჩა: თბილისი მომეწონა, საინტერესო ქალაქიაო, თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ საქართველოზე მეტად ცოტა რამ სმენოდა (ისიცაა, თბილისის საინტერესოობა ბ-ნმა კავალიმ თბილისის აეროპორტში აღმოაჩინა, ამდენად, ბუნდოვანი დარჩა, მაინც რა ესაინტერესოოვა ამ ჩვენს მოდურ სტუმარს, მაგრამ, აბა, რას გავუგებთ მაღალი მოდის გემოვნებას?!). ცოტა სმენოდა თუ ბევრი, ჩვენმა ელექტრონულმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ „რობერტო კავალი ერთი ქართველი დიზაინერის საკუთარი მოდის სახლში მიწვევას აპირებს“. მეტიც, „დიზაინერი საქართველოში მხოლოდ ორი დღით იმყოფება, ის თბილისში სპეცილურად მოდის კვირეულისთვის მოიწვიეს“ და ის გახსნის ცერემონიალსაც დაესწრებაო. ხოლო, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა იმით ხარობდა, რომ მოდის ქართული სამყარო ესოდენ დიდმა მაესტრომ დააფასა, თავად თბილისური მოდის კვირეულის ორგანიზატორები კი გვარწმუნებდნენ, რომ რობერტო კავალისთან დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, თავად დიზაინერი პრეზიდენტს ეწვია, მისი სასახლეც დაათვალიერა და ჩაცმულობაც შეუქო (განსაკუთრებით, აი, ის შტრიხები, ბ-ნი სააკაშვილის ოპონენტებს რომ არ მოსწონთ, ყვითელი ჰალსტუხით დაწყებული და მწვანე შარვლით დამთავრებული). მოგვიანებით გაირკვა, რომ რობერტო კავალი როგორც მოულოდნელად ჩამოფრინდა, ისეე მოულოდნელად გაგვიფრინდა. თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა კომენტარი აღარ გააკეთეს, სამაგიეროდ, რაკი კეთილ და ინფორმირებულ ხალხს, აბა, რა დაგვილევს, შევიტყვეთ, რომ ეს „ყველაზე ცნობილი და გავლენიანი“ დიზაინერი ამ ჩვენს სამშობლოში ამ ჩვენივე პრეზიდენტის მოწვევით ჩამოსულა ბათუმურ აღმშენებლობაში, თუ ამაღლებულად ვიტყვით, თავისი წვლილის შესატანად, რეალურად კი, კონკრეტული შეკვეთის მისაღებად (ადვილი წარმოსადგენია, რა დაუჯდება ამ ჩვენს ბიუჯეტს კავალისთვის მიცემული შეკვეთა).
შესაბამისად, ისევე, როგორც დანარჩენებს, ჩვენებურ დიზაინერებსაც სახელისუფლო ნასუფრალით მოუწევთ, კავალიმ რომ გაუღვიძა, იმ მოდური მადის დაოკება.