ქართულად დაკიდებული „საოცრება“
თავუკუღმა შეწეულები
მაშინ, როდესაც სრულიად საქართველოში, რაც რამ ბუნებრივად ჰორიზონტალურია, წყალს და მეწყერს მიაქვს (მეტიც, კახეთში ხორბლის მოსავალს ამ გადაუღებელი წვიმების გამო ჟანგაც გასჩენია, რაც გაჩანაგებით ემუქრება და ამის ერთადერთი წამალი მზეა), თბილისში დაკიდებული ბაღების გაშენება იგეგმება. თუმცა, რაღა იგეგმება, კიდეც დაიგეგმა და ხორციც ესხმება. დაკიდებული ბაღები ავლაბრის მეტროს ფასადს დაამშვენებს. არ დაგვიმალეს, რომ ამ საქმეს საქვეყნოდ ცნობილი ოსტატია შეჭიდებული, რომელსაც მსგავსი რამ არაერთგზის დაუკიდებია მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში. რაკი ყველაფერი უცხო სა-უცხო-ოა და ეს ვერტიკალური ბაღები თვალსაც წყალს დაალევინებს (თუ პურსაც გვაჭმევდა, ხომ მთლად „დაგვხატავდა“!), განსაკუთრებით გახარებული ჩვენი ამ პროექტის ინიციატორი და მასში ჩართული ხელისუფლებაა. გვარწმუნებენ, რომ ასეთი სანახაობა ტურისტებს მოიზიდავსო. მეტიც, შესაძლოა, ტურისტები მხოლოდ ამ დაკიდებულის სანახავადაც კი ჩამოვიდნენო. მართალია, პირადად მე ვერ ვიზიარებ ამ ლოგიკას, იმ მარტივი მიზეზით, რომ, რაკი ამ სამყაროში, სხვას რომ თავი დავანებოთ, სემირამიდას ბაღები არსებობდა, არ მგონია, მხოლოდ ამან რაიმე ან ვინმე მოიზიდოს, მაგრამ, რაც მთავარია, ის იზიარებს და ეთანხმება, ვინც ამაში ფულის ხარჯვა გადაწყვიტა. მეორე მხრივ, თუ საქმე ტურისტების მოზიდვაშია, რატომ მხოლოდ ბაღები?! ვფიქრობ, ტურისტებს არანაკლებ გაახალისებდა, თუკი ამ ბაღების გვერდით ფეხებით ჩვენს მოქალაქეებსაც დავკიდებდით – ინტერიერსაც გაალამაზებდნენ და იმის საშუალებაც მიეცემოდათ, თავუკუღმა შეწეოდნენ ქართულ აღმშენებლობას!