რამდენი წელი დაჰყო ირანელთა ტყვეობაში სვიმონ პირველმა მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის წყალობით
კახაბერ ყორღანაშვილი ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟია საქართველოს ისტორიიდან, რომელმაც ამბიციასა და პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებას ანაცვალა მეფეც და საკუთარი სახელიც. იგი ქართლის მეფის სვიმონ პირველის (1556-1569; 1578-1600) თანამედროვეა. მისი ღალატის შედეგად ამ მონარქმა ირანელთა ტყვეობა იგემა. თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ აგო პასუხი ყორღანაშვილმა ჩადენილი ქმედების გამო, ამაზე ისტორიკოსი, პროფესორი ბონდო კუპატაძე გვიამბობს.
ბონდო კუპატაძე: კახაბერ ყორღანაშვილის სახელი საქართველოს ისტორიაში შესულია როგორც ერთ-ერთი მოღალატეთაგანი, უარყოფითი გმირი. მისი ვინაობა ცნობილია, როგორც „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ასევე ფოლკლორული გადმოცემითაც. მასზე არაერთი გასამასხარავებელი ლექსია ხალხის მიერ შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია: „ყორღანას ძეს ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“.
– ვინ იყო კახაბერ ყორღანაშვილი და საქართველოს ისტორიის რომელ ეპიზოდთანაა დაკავშირებული მისი პიროვნება?
– 1569 წელს ირანის შაჰმა თამაზ პირველმა ქართლის მეფედ დაამტკიცა თავის კარზე, ისლამურ წესებსა და ტრადიციებზე აღზრდილი დაუდ-ხანი, იგივე დავით ლუარსაბის ძე, რომელიც იყო ქართლის მეფის, სვიმონის ძმა. დაუდ-ხანი გამოაგზავნა შაჰმა სვიმონ პირველის მეტოქედ, ვინაიდან მისი დამოუკიდებელი პოლიტიკა, გამუდმებული ბრძოლა ირანის ბატონობის წინააღმდეგ, შაჰ-თამაზისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. დაუდ-ხანი შაჰის პატივითა და ნაბოძები ძვირფასეულობით, მისი ჯარით ზურგგამაგრებული შემოვიდა და განჯის ხანის დახმარებით დაჯდა თბილისში მეფედ.
– როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში სვიმონ პირველი?
– ბუნებრივია, მეფე სვიმონმა თავის ძმის წინააღმდეგ მიმართა ყველა ღონისძიებას – ქუდზე კაცი გამოიძახა, შემოიკრიბა ჯარი და დადგა დიღმის ველზე. დაუდ-ხანი, რომელსაც დიდძალი დამხმარე ძალა ჰყავდა, ბუნებრივია, დაუპირისპირდა ძმას და დიღმის მიდამოებში სასტიკი ბრძოლა გაიმართა. პირველ შეტაკებაში დაუდ-ხანი დამარცხდა, სვიმონმა ალყა შემოარტყა თბილისს. მცირე ხნის შემდეგ, ბრძოლა გაგრძელდა ტაბახმელას. შემდეგ, კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. სამივე ბრძოლაში მარცხი განიცადა დაუდ-ხანმა. იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა, ის იმწამსვე თავს დედაქალაქს აფარებდა ხოლმე. როდესაც ალყა გაჭიანურდა და დაუდ-ხანი დარწმუნდა, რომ თავისი ძალებით ის თბილისში დამკვიდრებას და რეალურ მეფობას ვერ შეძლებდა, თავის მფარველ შაჰ-თამაზს გაუგზავნა შიკრიკი და აუწყა, რომ დახმარება სჭირდებოდა.
– როგორ მოიქცა შაჰ-თამაზი?
– შაჰ-თამაზმა განჯის ხანს დაავალა ლეკებისა და ჩერქეზების დახმარებით, ეცადათ სვიმონის დამარცხება. ეს, საკმაოდ დიდი, დამხმარე ძალა, იმავე 1569 წელს შემოვიდა ქართლში და ფარცხისის ველზე დაბანაკდა. მათ თან ახლდათ ქართლის თავადი კახაბერ ყორღანაშვილი. „ქართლის ცხოვრება“ არ გვეუბნება, თუ რა პირადი ინტერესი ამოძრავებდა მას. შესაძლოა, მისი ინტერესი, როგორც ყველა მაშინდელი მოღალატე თავადისა, იყო ის, რომ უფრო მეტი შეუვალობა და თავისუფლება მიეღო ახალი მმართველის, დაუდ-ხანის პირობებში. სვიმონი ბევრად უფრო ძლიერი ხელისუფალი იყო და ვერ იტანდა თავადთა თვითნებობასა და დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს, კახაბერ ყორღანაშვილმაც ამავე მიზნით გადაწყვიტა, რომ სვიმონ მეფისთვის ეღალატა და დადგა დაუდ-ხანის გვერდით. ფარცხისთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა.
– ვისი უპირატესობით დასრულდა ეს შეტაკება?
– ძალიან ბევრი დაიღუპა ორივე მხრიდან. სვიმონ მეფე სრული თავგანწირვით, ლომივით იბრძოდაო. საერთოდ ბრძოლა, სითამამე და სიმამაცე სვიმონ მეფისთვის დამახასიათებელი იყო. როგორც წესი, გამალებული ბრძოლის დროს, ქართველი მეფეების გარშემო ყოველთვის ტრიალებდა პირადი დაცვა, დაახლოებით ათი-თხუთმეტი საუკეთესო მებრძოლის შემადგენლობით. ისინი ჩვეულებრივად იბრძოდნენ, თუმცა იმავდროულად, მათი თვალი და ყური მეფისკენ იყო მიმართული.
ფარცხისის ბრძოლაში ისე გართულა მეფე, დაცვას ბევრად გასცილებია და ცენტრში შეჭრილა. მეფე რომ პირად დაცვას მოწყდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია კახაბერ ყორღანაშვილს და შესძახა გარშემო მყოფთ: აი, ეს არის სვიმონ მეფე და შეიპყარითო. მართლაც, შეიპყრეს სვიმონი. მიუხედავად მრავალი მცდელობისა ქართველებმა ვერ მოახერხეს მეფის დახსნა. ირანელებს ძალიან კარგად ესმოდათ სვიმონის შეპყრობის მნიშვნელობა, ამიტომაც, მთელი ჯარით გადაუკეტეს მათ გზა და ქართლის მეფე სასწრაფოდ თბილისში გაიტაცეს.
– ამის შემდეგ რა ბედი ეწია ქართლის მეფეს?
– დატყვევებული სვიმონი, საკუთარმა ძმამ, დაუდ-ხანმა გააგზავნა შაჰ-თამაზთან და შემდგომ მთელი 10 წელი, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, სვიმონ მეფემ კახაბერ ყორღანაშვილის წყალობით, ალამუთის ციხეში გამოკეტილმა გაატარა.
– დაუდ-ხანი დაეუფლა ქართლის ტახტს სვიმონ პირველის დატყვევების შემდეგ?
– სვიმონის დატყვევების შემდეგ დაუდ-ხანმა დაიწყო მეფობა, მაგრამ რეალურად მისი გავლენა არ სცილდებოდა თბილისს და მის მიდამოებს. მას ხალხი კოჯრის მეფეს ეძახდა, რადგან ქართლის სხვა თემებზე გავლენის მოპოვებას ვერ ბედავდა და, ფაქტობრივად, ქვეყანა უმეფოდ იყო დარჩენილი. იმ დროს, ყველა სადროშოს სარდალი, თავადები თავის სამკვიდროში აბსოლუტური ბატონ-პატრონი იყვნენ. მათ შორის, იყო კახაბერ ყორღანაშვილიც, ვინც უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი გახლდათ სვიმონ მეფის შეპყრობისა. ის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. სვიმონის მომხრეებს ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაიგდებდნენ ამ ადამიანს ხელში და მასზე შურს იძიებდნენ.
– ეს მომენტი დადგა?
– დადგა ეს მომენტი. ქართლის სამეფოს მეწინავე სადროშოს სარდალი იყო საჩინო ბარათაშვილი. ის დაუდ-ხანთან პირად დაპირისპირებაში არ იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად, საჩინო ბარათაშვილი და დაუდ-ხანი აღიარებდნენ ერთმანეთს. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, როდესაც საჩინო ბარათაშვილი თავის სამფლობელოდან მიემართებოდა კოჯრისკენ, მას გზაზე თბილისიდან მომავალი კახაბერ ყორღანაშვილი შეხვდა. საჩინომ შეიპყრო ყორღანაშვილი და უთხრა: ახლა ნახავ, თუ კარგია, მეფის გაცემა, ნახავ რა მოჰყვება ამ საქციელსო „და გარდააგდო იგიცა კლდესასა გელიყარისასა”.
აღსანიშნავია, რომ ქართულ სასჯელთა სისტემაში სიკვდილით დასჯის და შურისძიების სხვადასხვა ფორმა იყო მიღებული. კლდიდან „გარდაგდება“ კი ტრადიციულად არ იყო დამახასიათებელი ქართული სამართლისთვის. იყენებდნენ, ვთქვათ, ოთხში ამოღებას, თავის მოკვეთას, მაგრამ კლდიდან „გარდაგდების“ წესი მონღოლობის დროიდან შემოვიდა საქართველოში. ეს წესი, ასევე ძალიან გავრცელებული იყო ირანშიც. ალბათ, ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ სვიმონის მომხრეებს ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაიგდებდნენ ამ ადამიანს ხელში და მასზე შურს იძიებდნენ.
მაღალი კლდიდან გადააგდეს, რომ მისი გვამიც კი ვეღარავის ეპოვა და ყორნებს დაეჯიჯგნათ.
ასე დაისაჯა მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. პიროვნება, რომელმაც მართალია, საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც მიიღო სამაგიერო იმ საქციელისთვის, რაც ჩაიდინა ქართლის და მისი მეფის წინაშე.
– სვიმონ პირველის ცხოვრება როგორ გაგრძელდა ამ ფაქტის შემდეგ?
– 1578 წელს, როდესაც ირან-ოსმალეთის ომი განახლდა, სვიმონ მეფის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა. ვინაიდან იმხანად ირანს არ ჰყავდა საკმარისი ძალები ოსმალეთის შემოტევის შესაჩერებლად.
ოსმალეთმა შეძლო მთელი ამიერკავკასიის ტერიტორიის დაკავება. ირანს ამ დროს მართავდა ძალიან სუსტი შაჰი ჰუდაბენდე, შაჰ-აბასის მამა, რომელიც ბრმაც იყო. ირანის მმართველმა წრეებმა გადაწყვიტეს, სვიმონ მეფის ანუ მათებურად „დელი სიმონის“ ციხიდან გამოშვება და ქართლში დაბრუნება, რომ მისი საშუალებით ოსმალეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. ხალხი, რომელიც ხედავდა თავის საყვარელ მეფეს, ყველა მის გვერდით დგებოდა. სვიმონ პირველის გვერდით დადგა სამცხის მთავარი მანუჩარ ჯაყელი. სვიმონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგება მოახერხა. ერთობლივი ძალებით, სვიმონმა და მანუჩარმა შეძლეს ქართლის ციხეების გათავისუფლება.
ბრძოლა ირანსა და ოსმალეთს შორის საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. 1590 წელს მათ შორის კიდევ ერთი ზავი დაიდო, რომლის ძალითაც ოსმალეთმა ირანისგან მიიღო სრულიად ამიერკავკასია. ამ დროს ირანის შაჰი უკვე აბას პირველია. იგი ახალგაზრდა იყო და წინააღმდეგობების დროებით შეწყვეტა ამჯობინა, რომ ძალები მოეკრიბა. მიუხედავად ირან-ოსმალეთის დაზავებისა, სვიმონ მეფე კვლავ არ ჩერდებოდა და აგრძელებდა ბრძოლას დამპყრობთა წინააღმდეგ.
– რატომ უწოდეს სვიმონ პირველს „დელი სიმონი”?
– სვიმონი თავდაუზოგავად იბრძოდა, მტერს არასოდეს შეეძლო მისი სამხედრო ჩანაფიქრის განსაზღვრა, ბრძოლის დროს, შეიძლება ითქვას, მისგან ყველაფერს მოელოდნენ. სწორედ ამიტომ უწოდეს გიჟი, გადარეული ანუ „დელი“ სიმონი. მთელი მისი სამხედრო სტრატეგია გათვლილი იყო მტრისთვის თავზარდამცემ, უეცარ შეტევაზე. მისი თავდასხმა მართლაც ძალიან სასტიკი იყო, რაც ქართველ მეომრებს იშვიათად ახასიათებდათ. სვიმონ პირველი კი სწორედ ამით გამოირჩეოდა. მისი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ხოლმე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.
ალბათ, ბედისწერა იყო, რომ საბოლოოდ ზუსტად იმ ადგილას ჩაიგდეს ხელში სვიმონ პირველი ოსმალებმა, სადაც თავდაპირველად, ყორღანაშვილის ძალისხმევით, დაატყვევეს იგი ირანელებმა.
– ეს როდის მოხდა?
– ოსმალებმა სვიმონი დაატყვევეს 1599 წელს, როდესაც, ნახიდურის ბრძოლის დროს უკუქცევისას მეფის ცხენი საფლობში ჩავარდა. ამ დროს ქართლის მეფე უკვე სამოცს გადაცილებული იყო.
– როგორ გაგრძელდა ამის შემდეგ მეფის ცხოვრება?
– ოსმალებმა სვიმონ პირველი ისტამბულში წაიყვანეს და იედიყულეს ციხეში დაამწყვდიეს. აქ ქართველი მეფე 11 წლის განმავლობაში იყო გამოკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის მთელი მოსახლეობა, თვითონ სვიმონის ვაჟი – გიორგიც ცდილობდნენ, როგორმე დაეხსნათ იგი ტყვეობიდან, ეს ვერ მოხერხდა. თუმცა კი, გამოსასყიდიც რამდენჯერმე გადაიხადეს. ოსმალებმა ძალიან კარგად იცოდნენ სვიმონის ფასი, ამიტომ გამოსასყიდსაც იტოვებდნენ და ტყვესაც არ უშვებდნენ სანაცვლოდ.
საბოლოოდ, სვიმონ პირველის სიცოცხლე ტყვეობაში დასრულდა 1611 წელს. ქართლის მეფე ამ დროს 74 წლის გახლდათ. გარდაცვლილი მეფის ცხედრის გამოხსნა და მისი საქართველოში ჩამოსვენება საკმაოდ დიდი ქრთამისა და საფასურის სანაცვლოდ მოხერხდა.
ასე წარიმართა გმირი მეფის ცხოვრება, რომელიც მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ხელისუფალმა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის, რომელსაც თან ახლავს შური და ღალატიც.