კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორ გაიცნო ლადო ასათიანმა ცხოვრების მეგზური და ვინ იყო იგი


26 წელი, ალბათ, ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ამდენი რამის თქმა მოასწრო, ასე შეაყვარო თავი და შენი არყოფნით ასე ძლიერ ატკინო გული... ლადო ასათიანის ლექსებს დღესაც ყველა თაობის წარმომადგენელი ციტირებს, მღერის კიდეც, ის პოპულარულია, უყვართ... მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტის ცხოვრების უცნობ დეტალებზე დღევანდელ ინტერვიუში ლადო ასათიანის ქალიშვილი, – მანანა ასათიანი გვესაუბრება.


მანანა ასათიანი: ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში 1917 წლის 14 იანვარს. ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ. ბაბუა რუსულს ასწავლიდა, ბებია კი – რუსულს, გეოგრაფიასა და ქართულს. ოჯახში ძალიან უყვარდათ პოეზია, განსაკუთრებით, რუსთაველი და გრიგოლ ორბელიანი. მამამ ჯერ ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო.

ლადო ასათიანის პირველი ლექსი ქუთაისში სწავლის პერიოდში გაზეთ „სტალინელში“ დაიბეჭდა. „ჩვენ კვლავ მოვედით“, ასე ჰქვია მას.

1938 წლიდან ლადო თბილისში გადავიდა.

– როგორ წარიმართა ლადო ასათიანის თბილისური ცხოვრება?

– ლადო ასათიანმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ერთხელ სამსახურიდან გამოსვლისას ლადომ ერთი გოგონა შენიშნა. მათ, სრულიად მოულოდნელად, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს.

– ვინ იყო ეს ახალგაზრდა ქალბატონი?

– ეს გახლდათ ანიკო ვაჩნაძე – დედაჩემი. ამ პერიოდში იგი მწერალთა კავშირში მუშაობდა და ისიც ლადოსავით სამსახურიდან ბრუნდებოდა. ანიკო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, ისევ დაუგეგმავად და მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს დედაჩემი და მისი მეგობარი – ლადოსა და მის მეგობარ ნიკა აგიაშვილს. ნიკა და ანიკო ერთმანეთს იცნობდნენ. მან დედას გააცნო ლადო: გაიცანი, ეს ლადო ასათიანია – ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა პოეტიო. ანიკოს კი თავისი მეგობრისთვის წარუდგენია ეს ახალგაზრდა პოეტი. მეორე დღეს ლადოს ნიკას ხელით წერილი გადაუცია ანიკოსთვის. სამწუხაროდ, ეს წერილი დედამ დახია და ამას სიკვდილამდე ნანობდა. ძალიან ლამაზი წერილი ყოფილა. ამ წერილში ლადო ასათიანი სიყვარულს უხსნიდა და ცოლობას სთხოვდა ანიკო ვაჩნაძეს.

– როგორც ცნობილია, ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის სიყვარულის ისტორია ძალიან ლამაზი და რომანტიკული ყოფილა. ყველა აღიარებს, რომ ანიკო მართლაც განუმეორებელი იყო თავისი გარეგნობით.

– ამას ყველა ამბობს, ალბათ თვითონ ლადოს სიტყვებიც გახსოვთ: „ხომ ლამაზია, ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...“

ლადოს და ანიკოს გაცნობის შემდეგ, სახლში მისულ ანიკოსთვის ბებიაჩემს უთქვამს: ოჰ, ერთი შენი თავი გამათხოვებინაო. დედას გაუცინია, – ხვალვე მოგიყვან სასიძოს და თუ მოგეწონება, ცოლადაც გავყვებიო. ამის შემდეგ, ლადო ასათიანი, მეგობართან ლევან კიკნაძესთან ერთად, ვაჩნაძეებს ესტუმრა.

– ეს სტუმრობა შემთხვევითი იყო?

– არა. სტუმრებისთვის ბებიას საგანგებოდ სადილი მოუმზადებია. სადილობისას სამზარეულოში გასულ ბებიას, დედაც უკან გაჰყოლია და უკითხავს: მოგეწონა თუ არაო? კიო, – უპასუხია ბებიას, მაგრამ თურმე ლევან კიკნაძეს გულისხმობდა. არა, ეგ არა მეორეზე გეკითხებიო, – უთქვამს დედას. მაგასაც არა უშავს, გაჰყევიო, – ურჩევია ბებიაჩემს დედაჩემისთვის. ამის შემდეგ ანიკო ვაჩნაძემ და ლადო ასათიანმა მალე მოაწერეს ხელი.

– სად დაბინავდნენ ახლად შეუღლებულები?

– პირველ ხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ყოფილი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ ერთ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით.

ამ დროს ცოლ-ქმარი მწერალთა კავშირში მუშაობდა. ეს ომისა და გაჭირვების პერიოდია.

– როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ცოლ-ქმარს?

– ლადო ასათიანსა და ანიკო ვაჩნაძეს ერთმანეთი ძალიან რომ უყვარდათ, ეს ლადოს პოეზიიდანაც ჩანს.

თურმე, დედას სადილი საუკეთესოდ, რომ მოემზადებინა და ღვინო არ ჰქონოდა, ლადო არაფრად ჩაუთვლიდა, ხოლო, თუ ღვინო იყო, სადილი ყოველთვის დიასახლისისადმი ქათინაურით მთავრდებოდა.

ლადო ასათიანის ლექსების ხელნაწერებში, ვერ შეხვდებით ჩასწორებას. მისი ლექსები ერთი ამოსუნთქვით იწერებოდა. ერთადერთი ლექსი, სადაც ჩასწორება აქვს მამას გაკეთებული, მე მეძღვნება. „სასაფლაო“ ასე ჰქვია ამ ლექსს. „და ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი... სთქვი და ისე გაიცინე მანანაო თვალხატულავ, რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად“. თვალხატულას ნაცვლად თავიდან ლადოს ტანხატულა ეწერა და შემდეგ გადაუსწორებია. დედა მიყვებოდა ხოლმე, რომ ჩემთვის სახელი მამას დაურქმევია მანანა ორბელიანის პატივსაცემად. როდესაც ლადო გარდაიცვალა, მე მაშინ 2 წლის ვიყავი.

– რამდენ ხანს ავადმყოფობდა ლადო ასათიანი?

– ლადოს სუსტი ფილტვები ჰქონდა. ჯარში რომ წასულა, გზაში გაციებულა... ის გაათავისუფლეს და თბილისში დააბრუნეს. ამის შემდეგ ხშირად დადიოდა იგი აბასთუმანში. დედა ოჯახიდან ყიდიდა ნივთებს, რომ მამასთვის აბასთუმნის ტუბინსტიტუტის საგზური შეეძინა. საოცარი სიყვარული აკავშირებდათ ანიკოს და ლადოს. უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ – ან დედა იყო აბასთუმანში, ან ლადო გამორბოდა აბასთუმნიდან თბილისში.

ლადოს არქივში ინახება მწერალთა კავშირის თავმჯდომარის – ირაკლი აბაშიძისა და იროდიონ ქავჟარაძის მიმართვა ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრისადმი, სადაც ითხოვენ, რომ ლადო ასათიანისთვის, აბასთუმნის საგზურის თანხა გამოეყოთ.

აბასთუმანში მამამ ექიმი ცუცა ფურცელაძე გაიცნო და ლექსი მიუძღვნა: „აბასთუმანში პატარა სახლია, მთის ძირში მიდგმული. ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია დიდბუნებოვანი და დიდგული“ (1940). ცუცას და ლადოს მეგობრობა აკავშირებდათ. ლადომ მას ლექსების კრებული აჩუქა, რომელიც მოგვიანებით, მისმა დისშვილებმა და ჩემმა მეგობრებმა მანონი და ზემფირა ნიჟარაძეებმა მე მისახსოვრეს.

– კიდევ რას გვიამბობთ?

– მამა ავტორია ავენიაობისა, ანუ ფუნაგორიებისა. მაგალითად, დავით გაჩეჩილაძეზე წერს: „იმერეთში გადვიხედე, რა ხვავია, რა ჯეჯილი, მე ჰაინეს მირჩევნია ჩვენი დავით გაჩეჩილი“.

მამას მეგობრების საუკეთესო წრე ჰყავდა როგორც ქუთაისში, ისე თბილისში. ქუთაისიდან – შოთა გურიძე, აქვსენტი მიშველაძე, მიხეილ ალავიძე, ნელი დუმბაძე, თბილისში ყველაზე ახლოს ის ნიკა აგიაშვილთან იყო. ნიკამ არაჩვეულებრივი წიგნი დაგვიტოვა: „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, სადაც, ლადოსთან ერთად, მთელ იმ თაობაზეა ნაამბობი. ეს წიგნი მუდამ სასთუმალთან მიდევს. მამას მეგობრები იყვნენ ალექსანდრე საჯაია, მირზა გელოვანი, რეზო მარგიანი, ლადო ავალიანი.

– ალბათ, ლადოს შვილობა ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლო მისიაა...

– ეს მართლაც ასეა. როდესაც გაიგებდნენ, რომ ლადოს შვილი ვარ, ყველა მოწიწებით მექცეოდა. მახსოვს, ვარლამ თოფურიას პირველი ლექცია, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბატონი ვარლამი მოგვესალმა და სიის ამოკითხვა როცა დაამთავრა, მკითხა: შენ, ბაბუ, რომელი ასათიანისა ხარო? პასუხის გაცემა ჩემმა ჯგუფელმა, თამაზ კვაჭანტირაძემ დამასწრო: ლადო ასათიანის შვილიაო. მოხვალ შენ, ბაბუ, ლექციების შემდეგ ჩემთანო, – მითხრა. მართლაც მივედი. ბატონი ვარლამი მომეფერა, – შენ ძალიან კარგი მამის შვილი ხარ და აბა, შენ იციო. მე ვიცოდი, რომ დიდი მეცნიერი მამას ქუთაისიდან იცნობდა. ის მას 4 წლის განმავლობაში უკითხავდა ლექციებს. ისიც ვიცოდი, რომ ლადო ასათიანს არაერთხელ აღუნიშნავს: თუ რამ სწორად დამიწერია, ვარლამ თოფურიას უნდა ვუმადლოდეო.

– თქვენ თუ გიცდიათ ლექსის წერა?

– ერთხელ, ბავშვობაში ვცადე... დედამ წამიყვანა მარიჯანთან მწერალთა კავშირში. მან ჩემი ლექსი რომ წაიკითხა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: ნუ გეშინია, შვილო, რომ გაიზრდები კარგ ლექსებს დაწერო. ამის შემდეგ ლექსის წერა აღარ მიცდია.

– რა ასაკში გარდაიცვალა ლადო ასათიანი?

– ლადო ასათიანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა იმ უფანჯრო ოთახში, სადაც ჩვენ კიდევ დიდხანს ვცხოვრობდით. უკვე პირველკურსელი ვიყავი, როდესაც ბინა მივიღეთ სანაპიროზე.

მიხარია, რომ ახალგაზრდებს უყვართ და აფასებენ ლადო ასათიანს და მის შემოქმედებას. ლადოს ბევრი მკითხველი და თაყვანისმცემელი ჰყავს.


скачать dle 11.3