სამუშაოზე „გათხოვილი“
ქართველი მამაკაცის უმრავლესობას, გულის სიღრმეში, ურჩევნია, თუკი მისი მეუღლე მხოლოდ ოჯახის საქმეებით იქნება დაკავებული. მაგრამ, დღეს ბევრი ქალბატონი არ კმაყოფილდება მხოლოდ დიასახლისის როლში იღვაწოს და თავისი პოტენციალი საზოგადოებრივ საქმიანობას არ მოახმაროს. ცხოვრების პირობებიც ხელს უწყობთ ამაში და მამაკაცებიც იძულებულები არიან, გულში ჩაიკლან თავისი სურვილები. არიან ქალები, რომლებიც თავიანთ დანიშნულებას საყვარელ საქმეში ხედავენ. თუკი შეეკითხებით, რას ფიქრობენ საკუთარ სამუშაოზე, გიპასუხებენ, რომ ძალიან უყვართ. ამ ტიპის ქალები ძირითადად პერფექციონისტები და ზღვარს გადასული მშრომელები არიან. მათ არ სჭირდებათ დასვენება და სამუშაოზე „გათხოვილებს“ სახლში ჯდომას რომ მოსთხოვთ, ეს იგივეა, სუნთქვა აუკრძალოთ.
კიდევ სხვა ფენომენია შემოქმედი ქალი, რომელიც სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს. როცა ცოლად ასეთ ქალბატონს ირთავთ, თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვეულებრივ, სტანდარტულ დიასახლისად მას ვერ გადააქცევთ და უმჯობესია, არც ეცადოთ. მისთვის ყოველთვის და ყველგან სამუშაო პირველ ადგილზე იქნება. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ მეუღლეობას და ცუდ დედობას გასწევს. მთავარია, რომ მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ყველაფერში გამოვლინდება.
როცა შუაღამემდე სამუშაოს ჩაჰკირკიტებს ან გეუბნებათ, რომ სამსახურს ვერ გააცდენს იმის გამო, რომ თქვენ გაცივდით და სიცხე გაქვთ, ნუ გეწყინებათ. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ თქვენ გაგეჯიბროთ ან რაღაც დაგიმტკიცოთ. ეს მისი ბუნებაა ასეთი და სამუშაოს ვერ ღალატობს. თუკი არც თქვენ გიყვართ უსაქმოდ ყოფნა და გულხელდაკრეფილს დივანზე კოტრიალი, უნდა გიხაროდეთ კიდეც, ასეთი მეუღლე რომ გყავთ. ნუ აჰყვებით რაღაც სულიერ სტერეოტიპებს და ნუ გამოიჩენთ პრინციპულობას იქ, სადაც ეს საჭირო არ არის. ამით მხოლოდ მოიგებთ. მიეცით ცოლს საშუალება, აკეთოს საყვარელი საქმე. შეიძლება, ზოგჯერ მართლაც გაქვთ განცდა, რომ ის სამუშაოზეა „გათხოვილი“, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ნამდვილად არ გღალატობთ!