როდის სცემს ზინაიდა კვერენჩხილაძე გურამ საღარაძესა და ჯემალ ღაღანიძეს და რატომ მოსტეხა მან ფეხი კახი კავსაძეს
ქართული თეატრის ისტორიას ახსოვს ბუმბერაზი მსახიობები, რომლებიც ასაკის გამო თეატრიდან გაუშვეს და სიცოცხლის ბოლომდე ოცნებობდნენ, რომ, ერთხელ მაინც გაახსენდებოდა რომელიმე რეჟისორს და თუნდაც უმნიშვნელო როლს (თუმცა, უმნიშვნელო როლი არ არსებობს) კიდევ ათამაშებდნენ მშობლიურ სცენაზე. მაგრამ, ამაოდ. დღეს კი რუსთაველის თეატრს ასეთ რეჟისორად გოჩა კაპანაძე მოევლინა, რომელმაც „ტრადიციული“ შეცდომები აღარ დაუშვა და ქართული თეატრის კორიფეებს, უკვე მეორედ „მოხუცი ჯამბაზების“ შემდეგ, თავი მოუყარა სპექტაკლში – „მზის დაბნელება საქართველოში“, სადაც ქალბატონ მედეა ჩახავას უნდა ეთამაშა. სიკვდილამდე სამი დღით ადრე, როლზე დამტკიცებული მსახიობი ძალას იკრებდა კიდევ ერთი ტრიუმფალური წარმატების მისაღწევად.
– გამარჯობა, ბატონო გოჩა, გილოცავთ პრემიერის წარმატებას! თქვენთან სულ სხვა თემაზე ვაპირებდი ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ, იმდენად დადებითი ემოციით დამუხტული გამოვედი დარბაზიდან, რომ გადავწყვიტე, მოხუც ვარსკვლავებზე ვისაუბროთ.
– გმადლობთ, ჩემო კარგო! რაც შეეხება მოხუც ვარსკვლავებს, ძალიან ბავშვურები არიან: ადვილად იბუტებიან, სწყინთ და უხარიათ. ძალიან უყვართ ტკბილეული, განსაკუთრებით – ნამცხვრები და შოკოლადები. სულ სუსნაობენ, ძალიან დიდი ვნებათაღელვები აქვს გამოვლილი თითოეულ მათგანს საკუთარ თეატრალურ ცხოვრებაში და ამიტომაც არიან ასეთი დიდები.
– მახსოვს, გეშინოდათ, „მოხუცი ჯამბაზების“ გაკეთების და ამდენ დიდ მსახიობთან ერთად მუშაობის.
– მეშინოდა კი არა, ეს უფრო მორიდება იყო, რადგან ისინი ძალიან დიდი მსახიობები არიან. თითოეული მთაგანი არის ცალკე თეატრი და მორიდებულ-მოკრძალებული ვარ ყოველი მათგანის მიმართ, თუმცა, მუშაობისას არ გაგრძნობინებენ, რომ, დავუშვათ, ხარ მათზე ბევრად ახალგაზრდა და რაღაცეებს ჯერ კიდევ სწავლობ. არიან ძალიან კეთილები, იუმორით სავსენი, პატარა ბავშვებივით ჩხუბობენ, კინკლაობენ და იბუტებიან.
– ძირითადად რა მიზეზით ჩხუბობენ?
– ძირითადად, ტკბილეულზე. ზოგჯერ მე, ზოგჯერ მათ, შოკოლადები მოგვაქვს და მერე დასწრებაზეა, ვინ აიღებს კარგ შოკოლადს და ამაზე სულ ჩხუბობენ. გურამ საღარაძისთვის არ შეიძლება ტკბილეული და, მიუხედავად ამისა, დღესაც კი ითხოვდა, მომეცით შოკოლადიო. ზინა კვერენჩხილაძე ეუბნებოდა, არ შეიძლებაო. ამასობაში ჯემალ ღაღანიძემ შეჭამა და ორივე დარჩა უშოკოლადოდ. ოღონდ, მერე ძალიან იჩხუბეს და იძულებული გავხდით, მაღაზიიდან ამოგვეტანა შოკოლადის ახალი პარტია (იცინის). ძალიან მსუნაგები არიან, სულ ისმუსნებიან.
– კიდევ რაზე აქვთ მსგავსი გართულება?
– მაგალითად, ქალბატონი ზინა ვერ იტანს ცუდ სიტყვებსა და ბილწსიტყვაობას. ბატონი გურამი, სულ აბრაზებს. გურამს, ბატონ ჯემალსა და კახის დაჭერილი აქვთ ეს მომენტი და ყოველთვის ხმამაღლა საუბრობენ უწმაწური სიტყვებით ზინას გასაგონად. ქალბატონ ზინას საშინელი რეაქცია აქვს ამაზე და გაუთავებლად ჩხუბობენ. ეუბნება, რომ არიან აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანები და იუდა ისკარიოტელები, მერე ებუტება იმათ და ისინიც დასდევენ ზინას, რომ შეირიგონ. მერე ისევ დაუძახებენ, რაღაც საშინელებას ეტყვიან და ქალბატონი ზინა ისევ თავიდან იწყებს. მოკლედ, გიჟს ჰგავს ხოლმე და მერე ცემა იცის მათი. სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი.
– როგორ და რითი სცემს ხოლმე?
– ჩვეულებრივად, აი, როგორც პატარა ბავშვებს სცემენ ისე. ხელი აქვს ძალიან მაგარი და სამივეს ძალიან ეშინია ზინას ხელის, რადგან თავის დროზე კახი კავსაძეს მოსტეხა ფეხი ამ უწმაწური სიტყვების გამო. ქალბატონი ზინა ყოფილი სპორტსმენია. საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში და მტერს მოხვდა მისი ხელი. კახი უწმაწურ ანეკდოტს ყვებოდა და ზინამ უთხრა: ხომ გაგაფრთხილე, ჩემი თანდასწრებით არ ახსენო ცუდი სიტყვებიო. ჰოდა, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა ბატონი კახი, გაეკიდა ქალბატონი ზინა, ამ დროს წაიქცა კახი და მოიტეხა ფეხი. ამას კახი ყვება კარგად: რომ წავიქეცი, ისეთი თვალებით მადგა ზემოდან ზინა, რომ, ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა-მეთქი. მერე მთელი ორი თვე დადიოდა კახისთან სახლში ქალბატონი ზინა ხაშითა და არყით. კახიმაც ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მშვენივრად შეიფერა.
– ბატონო გოჩა, ქალბატონ მედეა ჩახავაზე რას გაიხსენებთ?
– მედეა ჩახავამ, შესანიშნავმა, უნიჭიერესმა ქალბატონმა, „ჯამბაზების“ რეპეტიციების პირველ დღეს, როგორც ყოველთვის, დაიგვიანა და, ისეთი ლამაზი მოვიდა, აციმციმებული, მიამიტური თვალებით, რომ საყვედური ვეღარ შევკადრე. არ ყოფილა ქართულ თეატრში რეჟისორი, რომლის რეპეტიციაზე მას არ დაეგვიანოს. ბატონი გოგი გეგეჭკორისგან ვიცი, ადრე, როცა შიდა გასტროლები იყო საქართველოს მასშტაბით, ქალბატონ მედეას, თურმე მატარებელიც კი ელოდებოდა, იმიტომ რომ ცნობილი დამგვიანებელი იყო. ერთხელ ასეთი ისტორიაც მოხდა: მისი ვაჟის, ბატონ თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მონაწილეობდა და, იქაც, რა თქმა უნდა, დაიგვიანა. თემური ეკითხება, რატომ დააგვიანეო და მედიკო პასუხობს: იცით, რა არის? თემური დილით ადგა, საჭმელი უნდა გამეკეთებინა, მერე მაკა გავუშვი თეატრში, რაღაცა, რაღაცა, რაღაცა... – და არ ჩერდება, მიზეზებს იგონებს. უცებ თემური ეუბნება: დედა, დღეს როდის გააკეთე საჭმელი და როდის მაჭამე? მაშინ მიხვდა მედეა, რომ ამას თავის შვილს უყვებოდა და არა სხვა რეჟისორს (იცინის).
– რამე განსაკუთრებული ჩვევა ხომ არ ჰქონდა, რასაც სცენაზე გასვლამდე აკეთებდა?
– არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ, გასვლამდე კოლეგებს წარმატებას უსურვებდა და ოჯახური ფოტო დაჰქონდა, რომელსაც საგრიმიორო ოთახში თავის სარკესთან დებდა, საიდანაც, ვფიქრობ, ძალას გრძნობდა. ერთადერთი, რაც ძალიან აღიზიანებდა, ხმაური იყო, რადგან ყურადღების კონცენტრირებას ახდენდა და შინაგანად ემზადებოდა სცენაზე გასასვლელად. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრა, რომ სანამ „მზის დაბნელების“ პრემიერა გვექნებოდა, ჩვენს თანამშრომელს, ეკა პალაგაშვილს, რომელსაც გარდერობი აბარია, დაესიზმრა, რომ ქალბატონი მედეა ეუბნებოდა, ახალი სპექტაკლი მაქვს და „ჯამბაზების“ ფეხსაცმელი ჩამომიტანეო. ამ სპექტაკლში ქალბატონ მედეასაც ჰქონდა როლი მიცემული. ეკამ ისე გააკეთა, რომ „ჯამბაზების“ კოსტიუმი და ფეხსაცმელი სპექტაკლის მსვლელობის დროს ყოველთვის დევს ქალბატონი მედეას საგრიმიორო მაგიდასთან და ისიც ჩვენთან ერთად თამაშობს, განიცდის და ეხმარება კოლეგებს ამ ახალ პრემიერაში. საერთოდ, ეს მისტიკა არსებობს თეატრში.
– ესე იგი, სპექტაკლი მის გარდაცვალებამდე გქონდათ დაგეგმილი და როლზე გყავდათ დამტკიცებული?
– დიახ. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე დავურეკე, ვესაუბრე და ვუთხარი: ქალბატონო მედეა, ხომ იცით, მალე ახალი სპექტაკლი იქნება, დავანებოთ თავი ამ ავადმყოფობას და შევუდგეთ მზადებას-მეთქი. მკითხა, მართლა მეც დამაკავე და შევძლებ თამაშსო? მერე მაკამ მითხრა, ამბობდა ხომ ხედავ, ახალ სპექტაკლშიც დამაკავეს, ესე იგი, არ ვარ ცუდადო და ემზადებოდა როლის წასაკითხად. მერე კახი კავსაძისა და მანანა გამცემლიძისთვის დაურეკავს, მე მალე გამოვალ და საქმეს შევუდგეთო. საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
– ამ სპექტაკლში ბატონი კახი კავსაძეც თამაშობს?
– დიახ, მაგრამ ახლა ბატონი კახი გერმანიაშია წასული ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ბოლო სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის. მალე ჩამოვა და ითამაშებს. ბატონი კახის „დუბლი“ ლევან ბერიკაშვილია და ახლა ის თამაშობს.
– როგორ ემზადებიან სპექტაკლის წინ მსახიობები?
– ყველა თავისებურად: ბატონი გურამი ყოველთვის ლოცულობს და მხატვრული კითხვის ეს დიდოსტატი სამეტყველოდ პირის აპარატს ავარჯიშებს; ბატონ ჯემალზე აღარაფერს ვამბობ; ზინაიდა კვერენჩხილაძე ხომ, საერთოდ, სულ პიესის კითხვაშია, ბოლო მომენტამდე წერს, კითხულობს, ბლოკნოტით დადის და ტექსტებს იმეორებს; ქალბატონი ზაზაც სულ მეკითხება, აბა, ერთი, ბოლო მიზანსცენა როგორ იყო, ახლა ის გამახსენე, ახლა ესო და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველას სჭირდება რამდენიმე წუთი საკუთარ თავთან მარტოდ დასარჩენად.
– ყველაფერთან ერთად, თეატრს ახასიათებს ინტრიგები, ზოგჯერ ჯერ არნახულიც. ძირითადად, რა „ინტრიგნობებს“ აქვს ადგილი რუსთაველის თეატრში?
– გეთანხმები. ყველა თეატრს ახასიათებს ინტრიგები, მაგრამ რუსთაველის თეატრი ყოველთვის გამოირჩეოდა „მაღალი კლასის“ ინტრიგებით – აქ არ ჩანდნენ ინტრიგების არც დამწყებები და არც შემსრულებლები. როგორც თეატრია მაღალი კლასისა და რანგის, ასეთივე რანგის იყო ინტრიგებიც. თუ მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში დაახლოებით 60 მთავარი რეჟისორი შეიწირა ინტრიგამ, „რუსთაველში“ ასეთი მხოლოდ 5-6 იყო. სუფთა არტისტული ინტრიგები ძალიან ნაკლებად ხდებოდა, ყველამ იცოდა თავისი ადგილი, თავისი რანგი. მაგრამ, შოუ-ბიზნესში რომ ხდება, ვიღაცამ, ამაზე „ფიარი“ ააგოს, მსახიობები ამას არ კადრულობდნენ.
– თავად თუ ყოფილხართ ამ ინტრიგების მსხვერპლი?
– ძალიან ხშირად. თუმცა, მე ამაზე არასდროს გამიმახვილებია ყურადღება და არ ავყოლივარ, რადგან, როცა თეატრში მიდიხარ, ეს თამაშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და კარგად უნდა იცოდე მსახიობმა თუ რეჟისორმა. ჰამლეტს როცა ვთამაშობდი, ეს ინტრიგა კი არა, უფრო ცუდი საქციელი იყო კოლეგის მიმართ. ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან მივიდა ერთი მსახიობი და უთხრა: რატომ ის უნიჭო და ამ როლისთვის შეუფერებელი? დროა, ახლავე უთხრა უარი და მე დამამტკიცო ჰამლეტის როლზეო. მეორე მსახიობი პრემიერის დღეს რეკავს ტელეფონზე, ჰგონია, რომ ავთოს ელაპარაკება. ამ დროს მე ვუპასუხე და იწყებს ჩემს ლანძღვა-გინებას; ზოგჯერ, შეიძლება, კოსტიუმი აღარ დაგხვდეს იქ, სადაც იმ წუთში დადე და ასეთი უამრავი მახსოვს. კიდევ, მახსოვს, ვთამაშობდი ბატონ გიზო ჟორდანიას სპექტაკლში ვასილიევის „ამაღამ, მგონი, იქნება ქარი“, სადაც სტალინის დიდი სურათი შემოდიოდა სცენაზე და უცებ, რომ უნდა შევიტანოთ, აღარ არის სტალინი. ვეძებთ, გადავანგრიეთ იქაურობა, მაგრამ, ვერსად ვნახეთ, მეორე დღეს კი ნაკუწებად ქცეული ვიპოვეთ ამხელა სურათი.