რატომ არ დათანხმდა უცხოეთში ფოტომოდელობას ქეთი მერკვილაძე და ვინ არის მამაკაცი, რომლის აკრძალვებსაც ის ემორჩილება
უკვე კარგა ხანია, მომღერალი ქეთი მერკვილაძე საზოგადოებაში აღარ ჩანს. ჭორიც გავრცელდა, თითქოს უცხოეთში წავიდა და იქ დასახლდაო. ზოგი იმასაც ამბობს, ქეთი ისე გაანაწყენეს, სურვილი აღარ აქვს სცენაზე გამოჩნდესო. ამ ჭორების გადამოწმება თავად ქეთისთან გადავწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ ის არც უცხოეთში ცხოვრობს და არც სცენის მიტოვებას აპირებს. თუ რა გეგმები აქვს მას, ვინ არის მამაკაცი, რომელთანაც ცხოვრობს და ვისგან მიიღო მან საჩუქრად უცხოური ავტომანქანა დაბადების დღეზე, ამაზე თავად ქეთი გიამბობთ.
– ქეთი, დიდი ხანია, აღარ ჩანხარ საზოგადოებაში. სად დაიკარგე და რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში?
– მართალია, დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ სცენაზე და ბევრი ჭორიც გავიგე ჩემზე – თითქოს უცხოეთში გადავედი საცხოვრებლად, მივატოვე ჩემი კარიერა და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი აქტიურად განვაგრძობ სასიმღერო კარიერას, გამოვუშვი მორიგი ალბომი, გადავიღე კლიპი, გავთხოვდი და უკვე შვილსაც ველოდები. ასე რომ, უქმად არ ვზივარ (იცინის). მართალია, შემოქმედებითი პაუზა ძალიან გამეწელა, მაგრამ, სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა საკუთარი ბენდი შევქმნა და კონცერტებზე გამოვიდე ცოცხალი შესრულებით.
– საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა შენი ერთ-ერთი სიმღერა. იმასაც ამბობენ, თითქოს სწორედ ეს იყო შენი სცენიდან გაუჩინარების მიზეზი.
– გეთანხმებით, ათასი წვრილმანი დაგროვდა და თითქოს შავი ღრუბლები ჩამოწვა ჩემს სასიმღერო კარიერაში. ჩემს ნამღერ სიმღერაზე ატყდა სკანდალი. ვისაც ვენდობოდი, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჩემი სცენიდან ჩამოშორებას, იყო ათასი ჭორი, მითქმა-მოთქმა და, ერთი სიტყვით, ნელ-ნელა და დროებით ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ საქმეს. ახლა მივხვდი, რომ ისეთი მიამიტი აღარ უნდა ვიყო. უფრო ფრთხილი გავხდი ადამიანებთან ურთიერთობაში. აქტიურად ვემზადები, გეგმები დასახული მაქვს და მომავალში აუცილებლად, საკუთარი ბენდით დავდგები სცენაზე.
– ოჯახი შეგიქმნია, ვინ არის შენი რჩეული და რატომ ჩაიარა შენმა გათხოვებამ ხმაურიანი ქორწილის გარეშე?
– ჩემი რჩეული ყოფილი ფეხბურთელია – გიგა გადელია. არაჩვეულებრივი ადამიანია, სოხუმელი. სოხუმის „ცხუმში“, თბილისის „დინამოსა“, და ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. შემდეგ, რუსეთში ცხოვრობდა და თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში. ახლაც ამ სფეროში მოღვაწეობს, დიდი გეგმებიც აქვს. გამოცდა ჩააბარა და ახლა „ფიფას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება საქართველოში. გიგას და მე საერთო მეგობრები გვყავდა, მაგრამ არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს. მე ცოტა მკაცრად მზრდიდნენ მშობლები, თერთმეტ საათზე აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ, მე რომ მოვდიოდი მეგობრისგან, გიგა მაშინ მიდიოდა მათთან და შესაბამისად, ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით. ერთ დღესაც, შეგვახვედრეს და ერთი შეხედვით გადაწყდა ჩვენი მომავალი. არადა, როცა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, კარგი ბიჭი უნდა გაგაცნოო, უარზე ვიყავი, არავის გაცნობას და გათხოვებას არ ვაპირებ-მეთქი (იცინის). მთელი ორი წელიწადი შეყვარებულები ვიყავით. კარგად შევეჩვიეთ და გავიცანით ერთმანეთი, მარტო გრძნობით კი არა, გონებითაც ავწონ-დავწონეთ ყველაფერი და მივხვდით, ერთად ყოფნა გვინდოდა. გიგას დედა უცხოეთში იყო, მის ჩამოსვლასაც დაველოდეთ და ამიტომ გაგვეწელა დრო. ბოლოს, მაინც ერთად აღმოვჩნდით და დღეს ბედნიერები ვართ. სხვათა შორის, თავიდან რომ გამაცნო მეგობარმა, გიგას ჩემი სიმღერა არ ჰქონდა მოსმენილი. არ იცოდა მომღერალი თუ ვიყავი. რაც შეეხება ქორწილს, გიგას ბიძა გარდაიცვალა და ამის გამო ვერ შევძელით გადახდა. ახლა ვგეგმავთ ქორწილს და შემდეგ სამოგზაუროდ წასვლას. ვნახოთ, ამას როგორ მოვახერხებ ჩემი მდგომარეობის გამო. გიგა, სულ ცდილობს, გამანებივროს, გამახაროს, დამეხმაროს. დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა. არაჩვეულებრივი ოჯახი და წრე ჰყავს.
– რა მდგომარეობას გულისხმობ?
– სამი თვის ორსული ვარ და თუ რამე გართულება არ იქნება, ალბათ ესპანეთში წავალთ სამოგზაუროდ. იქ გიგას და ცხოვრობს და ძალიან გვინდა ჩავიდეთ. სხვათა შორის, ორივე დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. ცალკე ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვეკითხებით წვრილმანებს, ვუზიარებთ სამომავლო გეგმებს. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ და ჩემს მშობლებს უნდოდათ, მათთან ერთად გვეცხოვრა, მაინც ქირით გავედით. თავიდან გამიჭირდა დამოუკიდებლად ოჯახის გაძღოლა. სახლში დედა არ მტვირთავდა, ყველაფერი გაკეთებული მხვდებოდა. თავიდან სულ ვურეკავდი, ეს როგორ გავაკეთო, დე, ის როგორ გავაკეთო-მეთქი. ახლა კარგად გავერკვიე და კარგად ვართმევ სახლის საქმეს თავს. ყოველ შემთხვევაში გიგას მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები, გარეცხილიც და დალაგებულიც. ბინას ვიშენებთ. იმედია, სულ მალე დასრულდება მშენებლობა და მერე იქ გადავალთ. მარტო რომ ვართ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს (იცინის).
– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვები თუ გქონდა და როგორ შეეგუე?
– სულ ვამბობ, გიგა ზომიერად ეჭვიანია, მე უფრო ვარ ეჭვიანი-მეთქი. არადა, სულ ვფიქრობ, ნეტავ, მამაკაცი უნდა ეჭვიანობდეს თუ არა საყვარელ ქალზე-მეთქი (იცინის). ჯერ პასუხს ვერ მივაგენი. ნამდვილად არ გვაქვს მე და გიგას საეჭვიანო და ალბათ, ამიტომ არ ვართ ეჭვიანები. რაც შეეხება აკრძალვებს, გიგას არ უყვარს ძალიან მოკლე ქვედაბოლოები და ამიტომ, გარდერობის გადახალისება მომიწია. მის აკრძალვას დავემორჩილე და ბევრი კაბა გავაჩუქე, ზოგიც შევინახე. როცა გიყვარს ადამიანი, კაბის გამო კონფლიქტს ხომ არ შექმნი? მე წარმოშობით იმერელი ვარ, გიგა – მეგრელი. ამბობენ, ამ ორი კუთხის ხალხი კარგად უგებს ერთმანეთსო და ჩვენ ამის კარგი მაგალითი ვართ.
– ქეთი, ჭორი დადიოდა, თითქოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აპირებდა შენთან ოჯახის შექმნას და შვილიც გყავდა. ამაზე რას იტყვი?
– ასეთი უამრავი ჭორი მსმენია. ერთხელ კი არა, ოცჯერ გამათხოვეს და გამომათხოვეს. თითქოს, შვილიც მყავდა და ვმალავდი, მაგრამ რატომ უნდა დამემალა ეს, ამას ვერ მივხვდი. მოკლედ, უამრავი რამ თქვეს. ასე რომ, ოცდამეერთედ გავთხოვდი, ოღონდ ახლა მართლა და თან საყვარელ მამაკაცზე. ისიც გავიგე, თითქოს იმიტომ არ ვჩანვარ სცენაზე, რომ უცხოეთში ვცხოვრობ. არადა, უცხოეთში მართლაც ვიყავი, კონცერტები მქონდა. ისრაელში დარჩენა და ფოტომოდელობაც შემომთავაზეს, მაგრამ იმ პერიოდში ტერაქტი მოხდა და დედაჩემმა გადარეულმა დარეკა, არ მინდა შენი მოდელობა, სასწრაფოდ საქართველოში ჩამოდი ცოცხალიო. (იცინის). არადა, სერიოზულად ვფიქრობდი იქ კარიერის გაგრძელებაზე. ჩამოვედი, ვიფიქრე, სიტუაცია დაწყნარდება და მერე წავალ-მეთქი. მერე გავთხოვდი კიდეც და ახლა რომ მეხვეწონ, აღარ დავთანხმდები (იცინის). ისე კარგად ვგრძნობ თავს საყვარელი მეუღლის გვერდით, ისე ვემზადები დედობისთვის, ისე აქტიურად ვრეპეტიციობ, ისე ვფიქრობ საკუთარ ბენდსა და ქართულ სცენაზე დაბრუნებაზე, რომ არსად წამსვლელი აღარ ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. სულ ვხუმრობ ხოლმე, ახლა ქართული შოუ-ბიზნესი რეანიმაციაშია და სანამ მდგომარეობიდან გამოვა, მე ჩემს ბენდთან ერთად უკვე მზად ვიქნები მასთან შესახვედრად-მეთქი (იცინის).
– მეუღლე სცენაზე დაბრუნებას არ გიშლის?
– სხვათა შორის, გიგა თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა შოუ-ბიზნესის გაგონება. ამბობდა, სულ დაკავებული იქნები, ოჯახს დააკლდება შენი ხელი, გვიანობამდე ვერ შემოხვალ სახლში, სულ სტუდიაში იქნებიო. მოკლედ, ნამდვილი კავკასიური ხასიათი გამოიჩინა თავიდან, მაგრამ, მერე ნელ-ნელა შევაპარე, შემოვუარე და შეიცვალა აზრი. ახლა პირიქით, ხელს მიწყობს რომ სცენაზე დავბრუნდე და ვიმღერო. მართლა მენატრება სცენაზე სიმღერა და მაყურებლის ტაში. ვიცი, ყველაფერს მოვასწრებ. თან ორმაგად მომეცა სტიმული, რადგან გვერდით საყვარელი მამაკაცი მიდგას და მის მხარდაჭერასაც ვგრძნობ. გიგა კარგად ერკვევა მუსიკაში, კარგი სმენაც აქვს და გემოვნებაც. იმედი მაქვს, კარგ მუსიკალურ რჩევებსაც მომცემს.