რამდენ ხანს დაჰყო თემურ გრიგორაშვილმა ანტარქტიდის ექსპედიციაში და როგორ შეეგუა იქაურ ექსტრემალურ პირობებს
დედამიწის მეექვსე კონტინენტი მრავალი საიდუმლოებითაა მოცული, რომელთაგან ზოგი ამოხსნეს, ზოგი – ვერა. ამიტომ, ანტარქტიდა ყოველთვის მეცნიერული შესწავლის მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. ამ კონტინენტზე, სხვა მეცნიერებთან ერთად, თემურ გრიგორაშვილი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი იყო, ვინც კველევებს აწარმოებდა. სამწუხაროდ, 2 წლის წინ ბატონი თემური გარდაიცვალა. მის მიერ დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე გატარებულ დღეებსა და შთაბეჭდილებებზე, მეცნიერის მეუღლე, ქალბატონი დოდო ბაჯელიძე გვიამბობს.
დოდო ბაჯელიძე: 26 წლის ასაკში წავიდა ჩემი მეუღლე ანტარქტიდაზე სამეცნიერო ექსპედიციაში. ეს იყო 1969 წელს, 14 დეკემბერს. მეექვსე კონტინენტზე თემურმა წელიწადი და 3 თვე გაატარა. მისი მეუღლე რომ გავხდი, მას უკვე მოვლილი ჰქონდა ანტარქტიდა. მიუხედავად ამისა, თემური ბევრს მიამბობდა იქ გატარებულ დღეებზე, იქაურ საარსებო პირობებზე, დაკვირვებებზე. განსაკუთრებული სიყვარულით კი, ანტარქტიდის ცხოველთა სამყაროზე საუბრობდა.
– როგორ გახდა ბატონი თემური ამ საინტერესო ექსპედიციის წევრი?
– თემურმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა რადიო-ტელევიზიის განხრით. შემდეგ მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში, კოსმოსური სხივების განყოფილებაში, საიდანაც ძალიან მალე კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიავლინეს მოსკოვში. იქ თემურს უნდა დაემზადებინა კოსმოსური სხივების სარეგისტრაციო აპარატურა თბილისისთვის. როგორც იხსენებდა, მოსკოვში მას გაუცვნია პროფესორი დორმანი და გეოფიზიკის კანდიდატი კამინერი. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი თემურს, როგორც ჭკვიან ახალგაზრდას, რომ ანტარქტიდის ექსპედიციაში გამგზავრებულიყო სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად.
– სად ცხოვრობდნენ ექსპედიციის წევრები?
– თემური, ექსპედიციის 22 წევრთან ერთად, სადგურ „ვოსტოკზე“ დაბინავდა. მათგან 2 ექიმი იყო. იგი იხსენებდა, ამ ექიმებმა ნამდვილად აჩუქესო სიცოცხლე ორ პოლარელს, რომელთაც ფილტვები გაყინვიათ. ყველანი გემზე ცხოვრობდნენ, რომლის სიგრძე 125 მეტრი იყო. თემურის ოთახი 337 ნომერი ყოფილა.
– ანტარქტიდის კლიმატური პირობები საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის უდავოდ ექსტრემალურია. როგორ შეეგუა ამ მდგომარეობას, რას იხსენებდა ბატონი თემური?
– ანტარქტიდის კონტინენტზე არსებული სადგურებიდან, ყველაზე მკაცრი კლიმატური პირობები „ვოსტოკში“ ყოფილა. თემურის იქ ყოფნის პერიოდში ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინუს 86,7 გრადუსი დაფიქსირებულა, ყველაზე მაღალი, ანუ თბილი, კი – მინუს 40-45 გრადუსი. ასეთ პირობებში უხდებოდათ მათ ღია ცის ქვეშ დგომა და დაკვირვებების წარმოება. რა თქმა უნდა, ამ დროს სპეციალური ტანისამოსი ეცვათ, სახეზე – პირბადეები. ცხოვრების პირობებს ართულებდა ჰაერის დაბალი ტენიანობა, რომელიც 15 პროცენტს უდრიდა, მაშინ, როდესაც დედამიწაზე ჩვეულებრივ – 80 პროცენტის ტოლია. ჰაერის სიმშრალე აძნელებდა სუნთქვას, ჭირდა ძილი. ამიტომ, ძილის წინ, თურმე, ოთახში დგამდნენ წყლით სავსე ტევად ჭურჭელს, მაგრამ ორ დღეში წყალი ქრებოდაო, – მიამბობდა იგი.
რაც შეეხება წყალს, თემური იხსენებდა, რომ წყალი ანტარქტიდაში ძნელი მოსაპოვებელი ყოფილა. სანამ პოლარული ღამეები დადგებოდა, წინასწარ შერჩეულ სუფთა ადგილას ხერხავდნენ ყინულის ნაჭრებს, რომელსაც შემდეგ სპეციალურ რეზერვუარში ათავსებდნენ. ხერხვა ძალიან ძნელი ყოფილა, უჭირდათ. აღნიშნული პირობების გამო, მუშაობა დიდხანს არ შეგვეძლოო, მიყვებოდა. როგორც წესი, სამუშაოზე ჯგუფურად გადიოდნენ. „ჟანგბადის ნაკლებობის გამო, აღარ გყოფნის ჰაერი, საშინელი თავბრუსხვევა გეწყება, ისეთ სისუსტეს გრძნობ, რომ მუხლები გეკვეთება და ვარდები. დიდი სურვილი გაქვს იმ დროს თოვლზე დაწვე და იგორაო. პირბადე მოიხსნა და რაც შეიძლება ბევრი ჰაერი ჩაისუნთქო, რის გაკეთებაც სასტიკად აკრძალულია. საკმარისია ეს კანონი დაარღვიო, უმალვე ფილტვების მოყინვა გიწერია, ამის შედეგად, ადამიანი 3-4 საათში გამოემშვიდობები სიცოცხლეს“ – წერს თავის დღიურში თემური. ამიტომ, როცა გარეთ იყვნენ ბიჭები ერთმანეთს თვალყურს ადევნებდნენ ყოველთვის. რაც შეეხება ყინულის ნატეხებს, მისი დადნობის შედეგად მიღებული წყალი საცხოვრებელში ჩაედინებოდა. ასე იღებდნენ არასასმელი წყლის მარაგს. სასმელი წყლის მაგივრად კი, ექსპედიციის წევრები ხილის წვენებსა და ვიტამინებს მიირთმევდნენ.
– რაც შეეხება მუშაობას, როგორც ცნობილია, მკაცრად იყო განსაზღვრული, თუ ვინ რამდენ ხანს იმუშავებდა ხმელეთზე.
– ანტარქტიდაზე ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა აღწევს მინუს 35-40 გრადუსს, გარეთ მუშაობა შეიძლება 2-3 საათის განმავლობაში, ხოლო ზამთრის პერიოდში, როდესაც უკვე პოლარული ღამეები იწყება და ჰაერის ტემპერატურა მინუს 75-80 გრადუსს აღწევს, მუშაობა ძალიან ძნელი ხდება. ინსტრუქციის მიხედვით, ამ დროს მუშაობა მხოლოდ ნახევარი საათით ან ყველაზე დიდი – 45 წუთით ყოფილა დასაშვები, რის შემდეგაც 3 დღე გარეთ არავითარ სამუშაოს აღარ ასრულებდნენ.
– ძირითადად, რა სახის კვლევებით იყვნენ დაკავებული ექსპედიციის წევრები?
– მეექვსე კონტინენტის შესწავლის პროგრამა ფართო და მრავალფეროვანი იყო. სწავლობდნენ კონტინენტის მეტეოროლოგიურ პირობებს, მყინვარების მოძრაობის სისქეს, ჰაერის მასების შეცვლასა და გადაადგილებას, რადიოტალღების გავრცელებას და სხვა. ჩემი მეუღლე კოსმოსური სხივების რეგისტრაციაზე მუშაობდა. იმავდროულად, მეცნიერებს აინტერესებდათ, რა იყო 3 500 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ – წყალი, თუ ხმელეთი.
– რა გამოირკვა?
– თემური ანტარქტიდაში გატარებულ დღეებს დღიურში აღრიცხავდა, რომელსაც ადრე ერთად ვფურცლავდით ხოლმე. გამოკვლევის შედეგებზე იგი წერს: „გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ანტარქტიდა მრავალი კუნძულის არქიპელაგია“.
– რაც შეეხება ანტარქტიდის ბინადრებს, მათ შესახებ რას ყვებოდა ბატონი თემური?
– თურმე დიდი ყინვების გამო სადგურ „ვოსტოკზე“ ცხოველები არ ბინადრობდნენ. პინგვინები, სელაპები და ზღვის სპილოები მხოლოდ სანაპირო რაიონებში ცხოვრობდნენ. ეს ცხოველები სადგურ „მირნიში“ უნახავთ. თურმე, სამი სახეობის პინგვინია ანტარქტიდაზე. მათგან თემურს ყველაზე ძალიან იმპერატორი-პინგვინები მოსწონდა. ისინი 135 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდებოდნენ, მეორე სახეობის, ადელი-პინგვინები კი – 80 სანტიმეტრი სიმაღლის. პინგვინები თურმე, ძალიან ცნობისმოყვარენი ყოფილან. როგორც კი ნაპირთან მომდგარ გემს დაინახავდნენ, რაც არ უნდა შორს მდგარიყვნენ, მაინც მთელი სისწრაფით გამორბოდნენ გემისკენ. შეიკრიბებოდნენ ნაპირთან და თვალს ადევნებდნენ ადამიანებს. თემური ამბობდა, ფოტოაპარატით რომ მივუახლოვდებოდით კი არ გარბოდნენ, თავს იწონებდნენ ობიექტივის წინო. განსაკუთრებით თამამი და უტიფრები ადელი-პინგვინები ყოფილან, თურმე გვერდით დაგიდგებიან და მოგდევენ. ბურთის თამაშს თუ დაიწყებდნენ, აჰყვებოდნენ ხოლმე, თამაშს აღარ აცლიდნენ, ამბობდა, ხშირად თავსაც გვაბეზრებდნენ და ვაგდებდითო, რაც თურმე ძალიან სწყინდათ. წყენასაც თავისებურად გამოხატავდნენ პინგვინები, მიდიოდნენ და ფრთებს ურტყამდნენ ექპედიციის წევრებს. იმპერატორი-პინგვინები უფრო ამაყნი ყოფილან, – შორიდან აკვირდებოდნენ ადამიანებს, თითქოს არც აინტერესებდათ მათი საქმიანობა.
ხშირად იხსენებდა, თუ როგორ ჩხუბობდნენ პინგვინები ერთმანეთში ბუდისთვის განკუთვნილი ქვების ქურდობისთვის. პინგვინების ცხოვრების ამსახველი არაერთი ფოტო ჩამოიტანა ჩემმა მეუღლემ. გვქონდა პინგვინის კვერცხისგან თავისი ხელით გაკეთებული სუვენირიც, რომელიც გლობუსს ჰგავს.
– მომავალში თუ გამოთქვა ბატონმა თემურმა ანტარქტიდაზე მოხვედრის სურვილი?
– ბევრჯერ უთქვამს: ნეტავ ახლა, ის წლები დაბრუნდეს, ისევ ახალგაზრდა მამყოფა და ანტარქტიდაზე დამადგმევინა ფეხიო.