რატომ იყო ვერიკოსა და გიორგის მიმართ აგრესია მათ მშობლიურ ქალაქში და რის გამო კიცხავდნენ მათ
ვერიკო ჯაჯანიძეს და გიორგი სუთიძეს „ნიჭიერში“ გამარჯვების იმედი უკვე დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ ბედმა, ჟიურიმ, პროექტის ხელმძღვანელებმა მათ ახალი შანსი მისცეს და დღეს, ენერგიული, ცეცხლოვანი და საოცრად ტემპერამენტიანი წყვილი ფინალისთვის ემზადება. რეალობაში ეს ადამიანები მშვიდები, გაწონასწორებულები და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულები არიან. ვერკას და გიორგის, როგორც წყვილის ისტორია, ჭიათურიდან დაიწყო.
გიორგი სუთიძე: უბედნიერესები ვიყავით, როდესაც პროექტის ხელმძღვანელებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, კიდევ ერთი შანსი გაქვთო. გვეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, თურმე, ახლა იწყება ყველაფერი. გახარებასთან ერთად, საშინლად დავიძაბეთ კიდეც, რადგან ფინალისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ – ორმაგი პასუხისმგებლობაა, როდესაც ხალხი გაძლევს შანსს იმისთვის, რომ დაამტკიცო, როგორი მაგარი ხარ.
ვერიკო ჯაჯანიძე: მართლა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომ ასეთი შანსი მოგვცა. როგორც ჩანს, დაინახეს, რა შეგვიძლია. გეგამაც აღნიშნა, რომ ჩვენ ჟანრში ამ პროექტში ყველაზე მაგრები ვართ. ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. როგორც ჩანს, ხალხიც ასე ფიქრობდა და ჩვენც ვენდობით მათ.
– თქვენ როგორ შეხვდით ერთმანეთს?
გიორგი: მეც და ვერიკოც ჭიათურიდან ვართ, მეზობლები ვიყავით.
ვერკა: ქალაქიდან, რომელიც ნაცრისფერია, ყველა მარგანეცზე ფიქრობს და სამეჯლისო ცეკვები ნაკლებად აინტერესებთ.
გიორგი: ცეკვაზე ნაკლებად ფიქრობენ, მით უმეტეს – ბიჭები. უბრალოდ, ჩემი და დადიოდა სამეჯლისო ცეკვებზე, მას გავყევი რამდენჯერმე, მომეწონა და დავრჩი. ვერკა ცოტა გვიან შემოგვიერთდა. ის თავიდან ქართულ ცეკვებზე დადიოდა, შემდეგ მასწავლებელმა მასში ჩამალული ნიჭი და ტემპერამენტი შეამჩნია და ჩვენსკენ გადმოიბირა. თავიდან ორივეს სხვა მეწყვილეები გვყავდა. მერე უკვე თბილისში ჩამოვედით, მე ერთი წლით ადრე, შემდეგ – ვერკა. ერთმანეთთან წყვილში დავდექით და უკვე მესამე წელია, ერთად ვცეკვავთ. ამავდროულად, ვართ საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის ეროვნული საბჭოს წევრები, ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ვართ მომავალი სამეჯლისო და სპორტული ცეკვების მწვრთნელები.
– რამე სხვა კონკურსშიც ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა?
ვერკა: საქართველოს მასშტაბით საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა მიღებული გვაქვს, ოქროს მედალიც გვაქვს აღებული. ვმონაწილეობდით კოლხეთის, დადიანის თასზე, სულ საპრიზო ადგილებზე გავდიოდით.
– ვერკა, რა პოტენციალი დაინახეს შენში ასეთი, რომ სამეჯლისო ცეკვებზე გადაგიყვანეს? ცეცხლებს აფრქვევდი?
– (იცინიან) ალბათ. ამ ცეკვებს განსაკუთრებული ტემპერამენტი სჭირდება, ხასიათი. ჭარბად უნდა გქონდეს მსახიობური ნიჭი და უდიდეს ენერგიას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ცეკვის დროს ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავ, მას თავიდან ბოლომდე უნდა გრძნობდე.
გიორგი: ყველა ცეკვას თავისი განსაკუთრებული ხასიათი აქვს. თუ, ვთქვათ, „ჩაჩაჩას“ ღიმილიანი სახე და მხიარულება სჭირდება, „პასადობლეზე“ ისეთი სახე უნდა მიიღო, ხალხი შეაშინო, „რუმბაზე“ კი სევდა და ტკივილი უნდა გამოსახო. მსახიობური მონაცემები არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. იგივე „რუმბა“ ხან იმედგაცრუებული სიყვარულით მთავრდება, ხან – არა, გააჩნია, რა შინაარსი გაქვს ჩადებული. როდესაც ჩვენით ვდგამთ ცეკვას, რაღაცეების ნარევს ვაკეთებთ და, მგონი, კარგი გამოდის. გარდა ამისა, კოსტიუმებსაც კი საკუთარი ხელით ვამზადებთ.
ვერკა: მე ვაკეთებ აქსესუარებს, ლამაზ დეტალებს ვუხამებ. ცეკვისთვის მუსიკასაც თავად ვარჩევთ. ფორმა, იდეა – ყველაფერი ჩვენია.
– ძალიან მშვიდები ხართ ცხოვრებაში, ძნელად ვიჯერებ, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, სცენაზე რომ ანთებთ ცეცხლს.
გიორგი: ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ. სცენაზე რომ ვდგამთ ფეხს, თითქოს ჩვენში სხვა ადამიანი იღვიძებს.
ვერკა: რა თქმა უნდა, ყველას აქვს პრობლემები, ხან ცუდ ხასიათზე ხარ, ხან კიდევ რამე სხვა მიზეზია, მაგრამ, არ არსებობს, ცეკვა დავიწყოთ და იქ ყველა პრობლემა არ მოიხსნას. ბოლომდე ვიხსნებით, თამამები ვხდებით.
გიორგი: მაყურებელზე, მაყურებლისთვის ვმუშაობთ. არის შემთხვევები, როდესაც წმინდა სპორტულ დეტალებსა და ტექნიკას არ მივდევთ და უფრო ვცდილობთ, მაყურებელს სანახაობა ვუჩვენოთ, ვიდრე ისეთი ტექნიკა, რომლის ელემენტებსაც უმეტესწილად ვერ გაიგებენ, ანუ, შოუს ვდგამთ და ეს ნამდვილად ამართლებს.
– როდესაც ორი ადამიანი ერთად ცეკვავს და ამხელა იმპულსებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, შეუძლებელია, მათ შორის რამე არაფერი ხდებოდეს. თქვენ შორისაც ხომ არ ხდება?
– მე და ვერიკოს იმდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ, ჩვენ შორის რაიმე მსგავსი გრძნობების გაჩენა ვერ წარმომიდგენია. ვიყავით მეზობლები, ერთ სტუდიაში დავდიოდით, სტუდენტობის წლებს ერთად გავდივართ, სამი წელია მეწყვილეები ვართ...
– მით უმეტეს!
– (იცინიან) არა, ასე არ არის. იმდენად ახლოს ვართ, ისე ვართ ერთმანეთთან შერწყმულები, ვერც კი წარმოგვიდგენია ჩვენი ურთიერთობა სხვანაირად რომ წარიმართოს. ძალიან კარგი მეგობრები ვართ: თუ მე მჭირდება რამე, ის ჩემ გვერდითაა და პირიქით. ვერიკო რომ გათხოვდეს ან მე მოვიყვანო ცოლი, შესაძლოა, მერე მივხვდეთ, რომ საჭირო იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენს ურთიერთობაში რაღაცის შეცვლა. ვხვდები, რომ მერე ეს ყველაფერი შეიძლება, გვიან იყოს, მაგრამ, ახლა სულ სხვა მდგომარეობაში ვართ. შეყვარებულები და ცოლ-ქმარიც კი არ ატარებენ იმდენ დროს ერთად, რამდენსაც ჩვენ.
– არ ფიქრობთ, რომ ცოლის მოყვანა ან გათხოვება თქვენს წყვილს დაშლის? რომელი ქმარი აიტანს ცოლის სხვასთან ასე ცეკვას?
– ან რომელი ცოლი? ვინ აიტანს, რომ მისი ქმარი მთელი დღე წასული იყოს სახლიდან და სხვა გოგოსთან ასე ცეკვავდეს?! ალბათ, ვერ აიტანს ვერკას, საშინლად იეჭვიანებს (იცინიან).
ვერკა: ჯერ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. კი, „ნიჭიერმა“ ბევრი რამ მოგვცა, მაგრამ კარიერის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი რაღაც დაგვრჩა გასაკეთებელი. როდის უნდა მოვიცალოთ პირადი ცხოვრებისთვის, როცა საერთოდ არ გვაქვს დრო?!
გიორგი: დილით ლექციები გვაქვს, შუადღეზე – რეპეტიციები, საღამოს კი ვცეკვავთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ, ერთი საღამოს განმავლობაში, ორ-სამ, ხანდახან ოთხ ადგილასაც კი გამოვდივართ. გუშინ, მაგალითად, პირველი საათი იყო, სახლში რომ შევძვერი.
– ამიტომ, ერთად უნდა ცხოვრობდეთ და პირადი ცხოვრებაც მოგვარდება.
– (იცინიან) ყველა ამას გვეუბნება, ყველას აქვს სურვილი, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, კარგი წყვილი ხართო, გვეუბნებიან. თვითონ მაიამაც კი გვკითხა პირველივე ტურში, თქვენ შორის რა ხდებაო და ჩვენ იქვე ვუპასუხეთ: არაფერი დიდი მეგობრობის გარდა. სადაც მივედით ყველგან ეგ გვკითხეს. ალბათ, ხალხს ჩვენი ცეკვა რომანტიკულ ხასიათზე აყენებს. ჭიათურაშიც კი ყველას გაახარებს ეს ამბავი.
– ამ პატარა ქალაქიდან თბილისში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?
– ჭიათურაზე ორივე საოცრად ვართ შეყვარებული. ყველაფერს დავთმობთ, ყველაფერს გადავდებთ, თუ იქ კონცერტზე გვეპატიჟებიან ცეკვის შესასრულებლად. ჭიათურელები იმდენად შეყვარებულები არიან ჩვენზე, ისე თბილად გვიღებენ, რომ იქ ჩასვლა ძალიან გვიხარია. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, როდესაც მონდომებული ხარ, ენერგიული, არ გეზარება შრომა, ყველაფერი გამოვა. ჭიათურაში ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანეთ. ვერკა პირველი გოგო იყო, ვინც ჭიათურაში მოკლე კაბა ჩაიცვა, მე კი პირველი ბიჭი, რომელმაც ტანზე მომდგარი ჭრელი პერანგი მოირგო და, საბოლოოდ, ჩვენ ვიყავით პირველი წყვილი, რომელმაც ასეთი ცეკვების ერთად შესრულება გაბედა. ეს ჩვენი ქალაქისთვის შოკის მომგვრელი იყო. თავიდან საშინელი აგრესია მოდიოდა ჩვენ მიმართ, რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც თავის დანებება, იმდენად საშინელ გარემოს გვიქმნიდნენ, მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ ყველაფერი ასე რთულად არ იყო, მოეწონათ და ყველაფერს სხვანაირად შეხედეს.
ვერკა: კარგი თვალით არავინ მიყურებდა. სცენაზე გამოვდიოდი, ბიჭთან ვცეკვავდი და, მათი აზრით, პატიოსანი არ ვიყავი. კაბა თუ ამიფრიალდებოდა, ყველას სალაპარაკო ხდებოდა. ეს ხალხისთვის ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ, მერე უკვე კარგად მიგვიღეს და ახლა ჭიათურაში რამე კონცერტი თუ ტარდება, მაყურებელთა უმრავლესობა ჩვენ გამო მოდის. სხვათა შორის, მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩამოსული ჩვენთან გასტროლებზე, საღამოს მათთვის უნდა გვეცეკვა და, ერთ-ერთმა მსახიობმა ცოტა აგდებულად თქვა, ახლა ამათ ცეკვას რა უყურებსო, მაგრამ, ისე მოხდა, რომ იმ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოგვიშვეს.
გიორგი: თუ რამე ვიცით, ყველაფერი ჭიათურაში ვისწავლეთ, ამ ქალაქის უზომოდ მადლობლები ვართ. მარტო ჭიათურაში კი არა, აქაც კი უკვირთ ჩვენი ცეკვა და აღფრთოვანებას იწვევს.
– რამდენი გაქვთ ანაზღაურება?
– პირველი ანაზღაურება ნორმალური გვქონდა – ჭიათურაში ბავშვებს ვასწავლიდით და ას ლარს ვიღებდით.
– აქ ერთ ცეკვაში რამდენს იღებთ?
– ოცდახუთ-ოცდახუთ ლარს, ისიც, ერთში კი არა, ოთხ ცეკვაში. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ ორივე, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი გემრიელი ლუკმა გვქონდეს და არავისზე არ ვიყოთ დამოკიდებული. იმედია, „ნიჭიერის“ შემდეგ ჰონორარებს ცოტათი მაინც გავზრდით. თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა თბილისში ყოფნა, ერთი წელი სულ მარტო ვიყავი, მაგრამ მერე ვერიკო ჩამოვიდა და ამოვისუნთქე. ვიცი, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს და თავს იოლად გავიტანთ. ახლა უკვე ფინალისტები გვქვია, ხალხის სიყვარული და პოპულარობა მოვიპოვეთ და გამარჯვებას იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს.