ვინ იყო ედუარდ შევარდნაძისთვის შეუცვლელი თამადა და რის მოყოლას სთხოვდა იგი ავთანდილ მარგიანს
ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარი გახლავთ, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ამჟამად კი პოლიტიკური კავშირის, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ბატონი ავთანდილ მარგიანი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, იტრაბახოს კიდეც ხალასი იუმორის გამო. ამიტომ, ამჯერად იგი გამოცდას იუმორში ჩაგვაბარებს.
ავთანდილ მარგიანი: პოლიტიკა გახლავთ შესაძლებლობათა გამოყენების ხელოვნება, ამიტომ ვცდილობ, გამოვიყენო ის შესაძლებლობა თუ უნარი, რაც გამაჩნია. მე გავლილი მაქვს სახელმწიფო სტრუქტურის ყველა გზა. ბევრ ადამიანთან მქონია შეხება და დავრწმუნდი, რომ იუმორი ქართველი კაცის ბუნებაში დევს, იგი მარტო შაყირი და დაცინვა არაა, იმ სიბრძნის ნაწილია, რომელიც ახალისებს ადამიანს და კარგ განწყობას სძენს. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იუმორი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვარ. მით უმეტეს, რომ სვანები ხშირად ანეკდოტების უცვლელი მონაწილენი არიან, რაზეც კარგი რეაქცია მაქვს და არ გეგონოთ, ვბრაზდებოდე, პირიქით. სვანებში ყველაზე დიდ დანაშაულად ითვლება სამი რამ, თუ მას ბავშვთან, ქალთან ან მოხუცთან აქვს გაუგებრობა. არ შეიძლება კონფლიქტური იყო მათთან. სვანებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ადათ-წესები აქვთ.
– ადრე, ჩხუბის დროს ქალის მანდილი სიტუაციას ანეიტრალებდა, სვანეთში ახლაც იგივე წესებია ძალაში?
– დიახ. ეგ მთის კანონია, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ამას გარდა, სვანეთში დღესაცაა ასეთი კანონი – თუ გვარში მეძავი ქალი ან ქურდია, იმ გვარიდან ქალის თხოვა სირცხვილია. ახლა კი, ადათ-წესებს თავი დავანებოთ და საქმეს მივხედოთ. ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: სოსო ჯაჭვლიანი მეგობრებთან ერთად მოდის მატარებლით თბილისში. თან ახლავს პეტრე, გვარად პირველი. სალაროში ბილეთი უნდა აიღონ, მივიდნენ მოლარესთან. მეგრელი კაცი ზის და არ აძლევს ბილეთს: რას მასხარაობთ თქვენ, პეტრე პირველი ერთი იყოო. სოსო მივიდა მასთან და უთხრა, რა ვქნათ, აბა, იმ პეტრე პირველს ვერ გაგიცოცხლებთ, ბილეთი რომ მოგვცეო. მეგრელმა იცნო სოსო. შენ ის არ ხარ, „ნატვრის ხეში“ რომ მონაწილეობო? მკვდრეთით ამდგარ კაცზე ბილეთი როგორ გავცე, მაგრამ ჯანდაბას მაგის თავი, შენი ხათრით მივცემ ბილეთსო, – უპასუხა მეგრელმა.
სვანი და მეგრელი შეთანხმდნენ, გამთენიისას, მზის ამოსვლის მერე შევხვდეთ ერთმანეთსო. სამი დღე არ მოვიდა სვანი. მეგრელმა შეუბღვირა, სად იყავი ამდენ ხანსო. სვანმა თავი იმართლა, არ ჩანდა მზე და აბა, რა მექნაო. სვანს ჰკითხეს, ვინა ხართ თქვენო და გაველურებული მეგრელებიო, რაჭველები ვინ არიანო და დაწყნარებული სვანებიო, ლეჩხუმელები კი დაცურებული არიან, ზვავმა ჩამოიტანა სვანეთშიო, თვითონ მეგრელები ვინ არიანო და ცოტა შეფერთხილი სვანებიო, ჩამოარაკრაკა სვანმა. ახლა მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი რომაა, როინ ლიპარტელიანი იმის „გონებამახვილობაზე“ მოგახსენებთ. მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შენ იცნობ „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს და სთხოვე ჩემზე, კრედიტი მომცეს ბანკიდანო. მამუკა ხაზარაძემ ეს საქმე მიანდო მოადგილეს და როინს ეკითხება ბანკირი, კრედიტის სანაცვლოდ რომ ჩადო ბანკში ქონება, სახლი ან მიწა გაქვსო? კი, მიწის მეტი რა მაქვსო, უპასუხა როინმა. წამოვიდა, დაიქირავა სატვირთო მანქანა, წაიყვანა ვერის ხეობაში, დატვირთა კაი შავი მიწით ის მანქანა და მიაყენა „თიბისი ბანკის“ შენობას. ხალხმა ატეხა სიცილი ამაზე, მაგრამ უარი ვეღარ უთხრეს, რადგან 3 000 ლარი ქორწინებისთვის სჭირდებოდა თურმე. კიდევ ერთ ანეკდოტს გეტყვით სვანსა და მეგრელზე. ორივენი ერთად წარმოებაში მუშაობენ და შეთანხმდნენ, რომ რასაც მიიღებდნენ, ყველაფერი შუაზე გაეყოთ. რა თქმა უნდა, საუბარი იყო პროდუქტებზე. ერთს მიუტანია იტალიური ფეხსაცმელი, ადგა სვანი და პატიოსნად ესეც გაყო შუაზე – ერთი ფეხსაცმელი მეგრელს უწილადა.
ჩემი სიმამრის ძმას, რომელიც კახელია, თუთიყუში ჰყავდა. გადაეკიდა მეზობელი, გინდა თუ არა, მომყიდეო. რადგან არ მოასვენა – დაუთმო, თვითონ კი მართლა წავიდა ახალი თუთიყუშის საყიდლად. უყიდია ბარტყები, რომელიც თუთიყუში ეგონა. გავიდა სამი თვე და ბარტყი ხმას არ იღებს, მეზობელმა გამოსძახა, რას შვრება შენი თუთიყუშიო. მიხომ უპასუხა, კი არ ლაპარაკობს, მაგრამ გულდასმით მოსმენაში ვერავინ შეედრებაო. თურმე, მიხოს ბუ უყიდია თუთიყუშის მაგივრად და მხოლოდ სამი თვის მერე გაუგია მისი ნამდვილი წარმომავლობა.
– როგორც ვიცი, კახელების სიძე ხართ. თუმცა, არც მათ ინდობთ და სვანებთან ერთად ხშირად იხსენიებთ ანეკდოტებში...
– დიახ. კახელები საუცხოო იუმორის ხალხია და იქ ჩასვლა ყოველთვის მიყვარს. თან სიძეკაცი ვარ და მანებივრებენ, როგორც შეუძლიათ. სვანი აიყვანა მძღოლად კახელმა და უთხრა, პირდაპირ, წინ იარეო. მიდიან სახლისკენ, ხიდთან მოსახვევია და პირდაპირ გადახტა სვანი. შეუბღვირა კახელმა, რას შვრებიო. ამანაც უპასუხა, რა მექნა, შენ არ მითხარი, სულ პირდაპირ იარეო (იცინის). ჩამოდის სვანი ზუგდიდში და თაფლს ყიდის. მიდის მასთან მეგრელი პერიოდულად და ორ თითს ამოუსვამს ხოლმე თაფლს. დაიმახსოვრა სვანმა ეს უტიფარი კაცი და ერთ დღესაც, იგივე რომ გაიმეორა, უსაყვედურა, რას შვრები? თუ ყიდულობ, იყიდეო. მეგრელმა უპასუხა, რად მინდა ფუტკრის ქაქიო. სვანმა კი დაამატა, ფუტკრის უნდა იყიდო, თორემ ჩემი ნასაქმი თუ გინდა, „პოდნოსით“ მიირთვიო.
მეგრელი და სვანი ჩამოდიან ქუთაისში, ანკეტას ავსებენ. სვანს, ეტყობა, დააკლდა რომელიღაც გრაფის შევსება და ეკითხებიან, განათლება, რა გაქვსო. ის პასუხობს, იმერეთში ვარ ნამყოფიო, რომ გავიდნენ გარეთ, მეგრელმა უთხრა, შენ რა, სანამ იმერეთში ჩახვიდოდი, სამეგრელოში არაფერი ისწავლე და პირდაპირ გადმოფრინდიო? სვანმა უთხრა, რა მექნა, აბა, სამეგრელოში „პახმელიაზე“ ვიყავიო.
– საყოველთაოდ ცნობილია ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის იუმორი, რომელთანაც ბევრი სახალისო ამბავი გაკავშირებთ. ხომ ვერ გაიხსენებდით რამეს?
– თავად შევარდნაძეს ისეთი იუმორი ჰქონდა, იშვიათად ვინმე თუ გაეჯიბრებოდა. ამის მიუხედავად, ხშირად მე მთხოვდა ახალი ანეკდოტების მოყოლას. ერთხელ ვაცილებთ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილს, ვართ წინანდალში დიდ ბანკეტზე. ედუარდმა ვაჟა ლორთქიფანიძეს ჰკითხა, თამადა ხომ შეარჩიეთ უკვეო. „მოქალაქეთა კავშირმა“ რეზო ამაშუკელი შეარჩიაო, უპასუხეს. ჰო, კარგია, ბოლოს მაინც ავთო მარგიანი იქნება თამადაო, დაამატა ედუარდმა და ჩაიხითხითა. ერთ დღესაც მთავრობა ვიხილავთ საშემოდგომო ხვნის საკითხს. ოთხი სახელმწიფო პირი არაა თანახმა, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ საკითხზე. ბატონო ედუარდ, გადავდოთ ეს საკითხი ერთი კვირითო, – წარმოთქვა ვიღაცამ ხუმრობით. მან კი ასე უპასუხა, ერთი კვირა რას მიქვია, ხუთი წლით გადავდოთ ეს საკითხი და რომ დაამთავრებთ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს, მერე გადავჭრით ხვნის საქმესო.
– ახსენეთ რომ, შევარდნაძე თქვენ გთხოვთდათ ხოლმე ახალი ანეკდოტების მოყოლას...
– კი, იყო ხოლმე ასეთი შემთხვევები. ედუარდი მეუბნება ერთხელ, მეგრელზე მოყევი რამე ანეკდოტიო. ცხადია, გული არ დავწყვიტე. ტურისტული ჯგუფი მიდის უცხოეთში. მათ შორის იყო სოციალისტური შრომის გმირი, სვანი ქალი ლუბა ნიჟარაძე, რომელიც მოეწონა წალენჯიხის კოლმეურნეობის თავმჯდომარე დომენტის. ეს კაცი გალიფე შარვალში და ჩექმებშია გამოწკეპილი და ლუბას უტრიალებს წინ და უკან. ქალს ჰყავს ციყვი და უნდა მისი სამოგზაუროდ წაყვანა. ამ დროს გამოაცხადეს, რომ ცხოველების გადაყვანა აკრძალულიაო. რა ქნას დომენტიმ, ქალის გული როგორ მოიგოს და მკვირცხლად გამოსტაცა მას ციყვი და ჩაიგდო გალიფე შარვალში. რა ექნა, ქალის გულის მოგება ამ მსხვერპლად უღირდა, ამასობაში ციყვმა დაიწყო წრიალი დომენტის შარვალში. დომენტიმ ჯერ მოკრძალებით ამოიკვნესა, მერე ხმას მოუმატა, რადგან ციყვი მაღლა და მაღლა ადიოდა, ბოლოს იმხელა შეჰყვირა, რომ ყველას ყურადღება მიიქცია და დაუწყეს გასინჯვა, რაში იყო საქმე. როცა გამწარებულმა დომენტიმ ციყვი გამოაგდო შარვლიდან, მისი ჯგუფი დააჯარიმეს და გაფრენის უფლება აღარ მისცეს. ამის გამო ხალხი მიაწყდა მას და პასუხი მოსთხოვეს. დომენტიმ უპასუხა, როცა ციყვმა ერთხელ მიბწკინა, მოვითმინე, მეორედ კიდევ გავუძელი, მესამედ რომ მიკბინა, კიდევ გავირინდე, ერთი ადგილი კაკლებად რომ მიიჩნია, კიდევ გავჩუმდი, მაგრამ მთავარ ფუღუროში რომ დაიწყო შეღწევა, აბა თავს ხომ არ მოვაკვლევინებდიო. ედუარდმა კარგად იხალისა და მთხოვა, ახლა კახური ანეკდოტი მომიყევიო. მიხო და მარო წვანან ტახტზე. უყურებენ ტელევიზორში ფიგურულ სრიალს და გამოდის ცნობილი, იუგოსლავიელი ლამაზი მოციგურავე ქალი ხანა მაშკოვა. მიხოს დაევსო თვალები მისი ყურებით, მარო ჩაძინებული ეგონა და აღტაცებით შესძახა, ნეტავ, ამის თავი მომცა „პრაიზვოლნიშიო“. ამ დროს მარომ დაცქვიტა ყურები, წაუთაქა თავში მიხოს და უსაყვედურა, „მეხიც კი დაგაყარე მაგ გასიებულ თავზე, ისე ნატრულობ მაგ ქალთან ყოფნას, ვითომ „აბეზატელნი“ უკვე შესრულებული გქონდესო. მერე სვანებზე მოვყევი. ორმა ძმამ გაყო ქონება, ერთი თხა შეხვდათ მხოლოდ, ცუდად გაუხდათ და მიიყვანეს ვეტექიმთან, რომელმაც ურჩია მათ, სასწრაფოდ დაკალით, ხორცი მაინც შეგრჩებათო. ძმებმა უპასუხეს, ჩვენ ხორცი კი არა, რძე გვინდაო. მაშინ, წადით და დედალი იყიდეთო, – ურჩია ექიმმა. თურმე მამალს წველიდნენ სვანი ძმები. ბოლოს კი გურულებზე შევაპარე ანეკდოტი. ბატონო ედუარდ, როცა თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, ავადმყოფი გაქცეულა საგიჟეთიდან და თქვენ ბრძანება გაეცით, რადაც არ უნდა დაჯდეს, იმ კაცმა გურიაში არ უნდა შეაღწიოსო. რომ გკითხეს, რატომო, უპასუხეთ, რომ გურიაში რომ შევიდეს, ჩვეულებრივი გურულებისგან ვერ განვასხვავებთო (იცინის).