კრიმინალური საუბრები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-16(486)
ერთ დღეს ოსეთში უნდა გადავსულიყავით. გადასვლა – არაფერი, მაგრამ ფაქტებით გადმოსვლა არ გინდა? ნაბოზარი მლეთის ტეკი იყო გამოსავლელი. სხვა გზა არ იყო, რისკზე წავედით. ფისო იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც იცოდა ჩვენი მარშრუტი. რამე რომ მომხდარიყო, სად გავქრით ოთხი კაცი, ფისოს გარდა, არავის ეცოდინებოდა. სხვისი მანქანით უნდა წავსულიყავით, მაგრამ ფისომ აიტეხა, შენი მანქანით წადით, თუ გინდა, რომ მშვიდობიანად ჩამოხვიდეთო. ჩემი „პადელნიკები“, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოები დარჩნენ (ცოტას ვამბობ, თორემ... ზედმეტი ვეღარ გაბედეს), ქალს რატომ რევ საქმეში, თარსიაო; თარსი გემზეა!... ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ფისომ მითხრა. ფისომ დაამატა, დილის რვა საათზე თუ ნატახტრის ტეკი გამოვლილი არ გექნებათ, თუნდაც ერთი მეტრით აქეთ, მე ვიფიქრებ, რომ არც ერთი აღარ არსებობთო. ვერაფრით ვერ ვათქმევინე რას გულისხმობდა.
ჩვენ, ამ ხნის კაცებს, ასეთი რამ არ გვახსოვს!
იქით მიმავალ გზაზე, დიღმიდან დაწყებული, ყველა ტეკზე გაგვაჩერეს და, გზაზე ვინც იდგა, მშიერი თუ საშოვარზე გამოსული ინსპექტორი, ყველა გვიშტვენდა და გულმოდგინედ გვჩხრეკდა. ერთს ვკითხე კიდეც, რა ამბავია, ვინმეს ხომ არ ეძებთ-მეთქი? არაო, გეგმიური კვირეული გვაქვსო. ვაა, რას დაარეხვებენ ხოლმე! ორი წიგნი არ წაუკითხავს და რაღაც გაზეპირებულ ფრაზას ამბობს. ამათ, თურმე, გეგმიური კვირეული აქვთ, ჩვენ კიდევ 24 საათში უკანვე უნდა გამოვიაროთ. აშკარა რისკზე მივდივართ. სანამ ადგილზე ჩავედით, დავთვალეთ, თერთმეტჯერ გაგვაჩერეს თავის ტეკებიანად. უკვე ფეხებზე დავიკიდეთ ყველაფერი. რა აზრი ჰქონდა თავშეკავებას? ჩაუსვლელობა არ შეიძლებოდა, თუმცა ამ ნაბიჭვრებს რომ ვერ დავუძვრებოდით, ისიც წინასწარ ვიცოდით.
მაგარი გაბურულები წამოვედით. ჰო, მართლა, ფისომ მითხრა საჭესთან არავინ დასვაო და ამ მითითებასაც ვასრულებდი. ისე ჩამოვედით ნატახტრის ტეკამდე, ინსპექტორის ნაკვალევიც არ დაგვინახავს. ყველა ტეკი ცარიელი იყო. ტრასას ვინღა ჩივის, მლეთის დამპალ ტეკზეც კი არავინ იყო. საათს დავხედე. რვას ზუსტად რვა წუთი აკლდა. ფისოს სახე დამიდგა თვალწინ – იღიმოდა. ქვეცნობიერმა მითხრა, რომ, რაც უნდა გამეკეთებინა, როგორც მძღოლს, არაფერი მოხდებოდა. ოთხივე გაოგნებულები ვიყავით. თითქოს ყველა ინსპექტორი აორთქლებულიყო. თან – კაიფში, თან – რაღაც აღტაცებული და მივაჭირე გაზს ფეხი. დიღმის შემოსასვლელში უკვე იდგნენ, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავთ.
მერე, უკვე, დრო რომ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და ვერ მივხვდი, რატომ დაემთხვა ყველაფერი ასე უცნაურად.
– მე არ გაგონდებოდი? – მკითხა ფისომ.
– ფისო, მეგონა, რომ გვერდით მყავდი...
– ფიქრებით გვერდით ვიყავი, საერთოდ არ მიძინია...
ორი დღის მერეღა დავაკვირდი ფისოს და შევამჩნიე, რომ ერთ დღეში საგრძნობლად გამხდარიყო.
არ ვიცი, რას მივაწერო, მაგრამ ისეთ უცნაურ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ხანდახან ფისოსი მეშინია.
– ფისუნია, შენ კუდიანი ხომ არ ხარ? – ვეკითხები და გულში ვფიქრობ, ისეთი ხუმრობის დედა, სადაც ნახევარი სიმართლე არ არის...
– ჰო, რა, შენღა მაკლდი...
– რას ჰქვია – „შენღა”!
– ბიჭო, ადამიანს როცა გულითა და სულით რაღაც უნდა, ყოველთვის მიიღებს.
– მე რატომ ვერ ვიღებ? – ისე უმწეოდ ვგრძნობ თავს, რომ ნერვები მეშლება.
– კარგი რა, მე რა ვიცი...
– მეჩნიკოვზე რაღა იყო?
– იგივე.
– გამომიხვედი, რა, შენც კაშპიროვსკი...
– მერედა, ვინ ამბობს?
ისე, კონკრეტულ პირებსა და ოჯახებზე 2-3 წლით ადრე აქვს ნათქვამი რაღაცეები, თვითონ ის ადამიანიც რომ ვერ წარმოიდგენდა ამას. არადა, თუ ძალიან ახლოს არ იცნობ, ისეთი ქალური და ნაზი ჩანს, თან კამკამა თვალებიც თუ შემოგანათა, მისი დაცვის სურვილი გაგიჩნდება კაცს. რა დაცვა უნდა, იქით უნდა დაიცვა თავი, რომ ხელში არ ჩაუვარდე, თორემ როგორც ჩიტი ვეღარ აფრინდება კატის კლანჭებიდან, ისე ვეღარ აფრინდები მთელი ცხოვრება ფისოს კლანჭებიდან. არ ვიცი რატომ ვფიქრობ ასე, მაგრამ, შინაგანი ხმა ჩამძახის... შეიძლება, სიყვარულის გამო თავს დაჩაგრულად ვგრძნობ და საკუთარი სისუსტის დამალვას ფისოს არარსებული თვისებებით ვცდილობ. რა ვიცი, აბა!
ახალი გაცნობილი მყავდა და ერთ დღეს მეუბნება:
– როგორც ვატყობ, საკმაოდ გამჭრიახი გონება გაქვთ. მე ერთ გამოცანას გეტყვით, თუ გამოიცნობთ, ერთ სურვილს შეგისრულებთ.
– გისმენთ ყურადღებით.
მართლა დავიძაბე. რა უნდა მითხრას ამ გაპრანჭულმა თოჯინამ ისეთი, რომ ვერ გამოვიცნო? თავმოყვარეობა იქით იყოს და, სურვილი მაქვს მოფიქრებული.
– ის, რაც ადამს წინ აქვს, ის ევას უკან აქვს და, რაც ევას წინ აქვს, ის ადამს საერთოდ არ აქვს, – მითხრა ანგელოზმა და მაცდურად გამიღიმა.
აუ! პასუხი რომ ძალიან მარტივი იქნება, ცხადია, მაგრამ – რა? ათასი აზრი დამიტრიალდა ტვინში, მაგრამ ყველა უარვყავი.
– მე არ მითქვამს, რომ მთელი ცხოვრება დაველოდები პასუხს, – ფიქრებიდან გამომიყვანა ფისოს ხმამ. – თვალსაჩინოებისთვის თუ გინდა დაწერე.
დაწერეო? რაღაც გასაღების მაგვარი გადმომიგდო. მე თვითონ კარგად ვხვდები, რომ ფისოს უნდა გამოცანა გამოვიცნო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები.
ვერასდროს გავიგებ იმ კაცისას, რომელიც ქალს დააშინებს და ისე მოიწვენს გვერდით. ამ დროს ხომ მარტო ხორცი დევს, ქალის ფიტული და არა სიყვარულით სავსე არსება, რომელიც მოუთმენლად ელის როდის მიუალერსებ...
– ვაგებ, – გატეხილში შევხედე ფისოს.
– არა, რა?! – ლამის „შპარგალკა“ მესროლოს ფისომ.
ქალს თვითონ უნდა, რომ ერთი სურვილი შემისრულოს, ესე იგი, ძალიან მარტივია პასუხი. რამ დამალენჩა! დავწერე ორივე სიტყვა და დავაცქერდი...
– გამოვიცანი! – პირველი „ხუთიანივით“ მივახარე ფისოს.
– ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ! – დავიმსახურე პირველი შექება.
თითქმის მთელი ცხოვრება გავიდა და, მასწავლებლების გარდა არავის უთქვამს ასე. რაღაც მეტკინა გულის სიღრმეში, თითქოს სადღაც უკან, წარსულში გადამისროლა ამ ტკივილმა და ჩემდა უნებურად გავიფიქრე, მე რომ ფისო წლების წინ შემხვედროდა, ახლა ხომ ბაბუა ვიქნებოდი?!.
1968 წელი იყო. მაშინ ბებელზე იყო ქალაქის მილიციის სამმართველო და ეგრეთ წოდებული „კაპეზე“. ჩემს ძმაკაცთან ერთად იჯდა მასტი, რომელსაც ნახევარი „ლიმონი“ ჰქონდა წაღებული სეიფიანად, თანაც, მეორე სართულიდან. ჯერ ხომ სეიფი ოთხასი კილო მაინც იქნებოდა, თუ მეტი არა და ახლა ფული კიდევ. ფულს სუნი არ აქვსო, ისე კარგად აქვს და ისეთი მძიმეცაა – შენი მოწონებული. ჩემი ძმაკაცი და ის მასტი რამდენიმე დღე ისხდნენ ერთად. ამ ტიპს ყოველდღე „პრესავდნენ“, რომ დაესახელებინა თანამზრახველები და ეთქვა, სად ინახებოდა ფული. მასტი სასტიკი ნაწამები იყო, მაგრამ მაინც ვერ გამოტეხეს.
კაცი თუ ქვეშაფსია არაა, იმისი ცემა და წამება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა და ამ სირებს დღემდე ვერ გაუგიათ. დგება მომენტი, როცა ადამიანს ტვინში რაღაც გადაეკეტება თითქოს და რამდენიც გინდა აწამე, ტკივილსაც ვეღარ გრძნობს.
ფისო ხომ ქალია, ორჯერ მყავს „გადაკეტილი“ ნანახი და აღარ მინდა. სახე ისე წაეშალა, თითქოს აკვარელის საღებავით ჰქონდა ნაკვთები მიხატული. ერთხელ გაოცებული ამბობდა ერთ ტიპზე, ასე თქვა, ჩემი თანდასწრებით რამე სერიოზული არ უნდა თქვან, თორემ, „ძაღლებმა“ რომ ამაგდონ, ვერ გავუძლებ ზეწოლას და რასაც არ მკითხავენ შეიძლება, ისიც კი ვთქვაო. ძალიან ახლობელი ადამიანია ფისოსთვის, თორემ ზედ აღარ შეხედავდა. ისე, მის მიმართ ყოველგვარი ნდობა დაკარგა, აღარ ენდობა, სულ ჰგონია, რომ რაღაცას შპიონობს.
ერთ დღეს მასტი, თურმე, „ძაღლებს“ ეუბნება:
– პადელნიკები არ მყავს, მე თვითონ, მარტომ ვიჩალიჩე, მაგრამ რანაირად, მაგას არ გეტყვით – მარტო იმას მიგითითებთ, სეიფი სადაც არის.
– ჰო, გვჯერა, შენ სეიფი გვანახე და შეგეშვებით, – ვითომ სჯერათ იმათაც.
რომელი ჟაბოტინსკი ის იყო, ან რომელი არიფები „ძაღლები“ იყვნენ. ტიპი ამბობს:
– სანამ ლიახვი მტკვარს შეუერთდება გორთან, იმის ცოტა ზემოთ, დაახლოებით ორ კილომეტრში, მარჯვენა მხარეს მდინარეში ჩავაგდე, თუ კიდევ მაწამებთ, შემოგაკვდებით, ან მეხსიერება დამეკარგება და უჩემოდ ჩემს ფეხებსღა იპოვით.
„ძაღლები“ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ თუ სახელმწიფოსთვის იმ ფულის დასაბრუნებლად და საქმის გასახსნელად ჩალიჩობდნენ, ტიპი კარგად უნდა შეეფუთათ ბამბებში. აპრილის დასაწყისია. ბუნება იღვიძებს. ამ დროს ღელესავით კი არ მოდის ლიახვი, ისეა ადიდებული, სულო და გულო, ესე იგი, წყლის შემცირებამდე უნდა მოიცადონ. დაიკლო, როგორც იქნა, წყალმა. წაიყვანეს მასტი, ტრაქტორი და მივიდნენ მინიშნებულ ადგილზე. მდინარეში არაფერი აღმოჩნდა.
– სად არის სეიფი, შენი დედა!.. – ეცნენ პატიმარს.
– ცოტა ხანს ხომ მაინც დავისვენე წამებისგან, ჩემს ფეხებს გეტყვით სად არის, – მიუგო პატიმარმა და საწამებლად განეწყო.
მერე ჩემი ძმაკაცი უკვე ციხეზე გადაიყვანეს და იმის ამბავი აღარ გაუგია...
იწვიმოს მაინც, რა დამპალი ამინდია. რაც ხალხია, ისაა ამინდიც, მთავრობაც, ცხოვრებაც და საერთოდ ყველაფერი. წახვალ ფიქრებში და იქაც ვერაფერს პოულობ, მაინც რეალობა გძლევს და აქეთ მოდიხარ, ისევ ცუდისკენ.
კი, როგორ არა, ჩემი „სვაბოდის“ პატარა მონაკვეთზე უამრავი კარგი მოსაგონარი მაქვს, მაგრამ, ფაქტობრივად, რა ვნახე, რო?
მე ჩემი მრწამსი ისე მაქვს გამჯდარი მთელ არსებაში, რომ იმის წაშლა შეუძლებელია, თორემ, განა არ ვიცი, რომ ოჯახის სითბოს არაფერი ჯობია? ვიცოდე, რომ ჩემი ფისო ჩემი თანამეცხედრეა, სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს და სულ მცირე, ერთი შვილიც, რომელიც ჩვენს შესანდობარს დალევს, ეგაა, რა, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია ამოწურულია...
– ვა, გარიკ, საიდან გაიჩითე?!
– შემოგირბინე. რა, ცუდ დროს მოვედი?
– არა, პირიქით, მარტო ვარ ერთი თვეა, გავგიჟდი...
– ფისო სადაა, რო?
– რა ვიცი ამათი გამოტერმინება, სადღაცაა, რა, რაღაცას იმაღლებს...
– ფისოს კიდევ რამის ამაღლება უნდა? არ გეწყინოს ძმაო...
– არა, რა უნდა მეწყინოს, მაგრამ... რა ცუდი ყოფილა უქალობა.
– თუ უფისოობა?
– ჰო, რა!..
– ვიცი, გამომიცდია მარტოობა.
– მაგრად ტეხავს...
– ბიჭო, რა არის, არა? როცა გვერდით გყავს, ვერ ხვდები, რა ძვირფასია, ორი დღე ვეღარ ხედავ და რა ძნელი ასატანია.
– ეგრეა.
– რა ცუდი ამინდია, არადა, ზონაზე ვარ წასასვლელი.
– ვაჟა რას შვრება, რამდენი დარჩა?
– ორი წელი და თვეები. რა მარბენინეს, ბიჭო?!
– დაიცა, რა!
– არა, ტო! რამდენჯერ ჩავსულვარ, ეგეთი ხოხმა არ გინდა? არადა, „çჭ ðóë¸ì“ ქალი ზის. ვაჟას ცოლი ჩვეულებრივ შევიდა „პერედაჩით“ ხელში, მე გვერდიდან მოვუარე. ზაპრეტკის იქიდან სიძე მიყვირის, გრელკებს გადმოგიგდებთ, არაყი გვინდაო. რაზეა ბაზარი! ლიანდაგის იქით ხომ უკვე სოფელი იწყება და არაყს ყიდიან. ზონაზე კაცი ჰყავთ, რომელიც მაგრად ისვრის, შანსი არაა, ზაპრეტკაში ჩავარდეს. სამი გრელკა გადმოაგდეს თავის თოკიანად. წავედი სოფელში, ვიყიდე და ვდგავარ ლიანდაგებზე. ერთი ვისროლე და სახლშია, მეორე ვისროლე და ზაპრეტკაში ჩავარდა. ატყდა განგაში. გავიხედე ზონისკენ და ერთიც აღარაა არავინ. ბრახ! და მარცხენა მხრიდან რვა ავტომატიანი როჟა მოდის, თან მაფრთხილებენ გაჩერდიო. რისი გამჩერებელი ვიყავი, დავაწექი და გავიქეცი. ესენიც არ შემეშვნენ და შევცვივდით სოფელში. არადა, ხომ აზრზე ხარ, სოფელია, მაგრამ ისეთი, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს. ვარტყავ კრუგებს, მაგრამ სად შევეფარო? ვხედავ, ერთგან ეზოს კარი ღიაა და კაცი იქვე, სახლთან, ბოსტანს ბარავს, ოღონდ, ზურგით დგას და გაგებაში არაა რა ხდება. სახლის გვერდზე რაღაც შენობა იყო, გავექანე და შიგ შევვარდი. მივიყუჟე სადღაც კუთხეში და ვხედავ, კაი კამპოტებში და მწნილებში ვზივარ. ამ დროს მდევრის ხმაც გავიგე. ამ კაცს, რომელიც ბარავდა, სახელით მიმართეს, იცნობდნენ, მაგრამ არ დავუნახივარ და იქით დაადო ვალი, ვინმეს დავმალავო? პირველად მხედავ თუ რა, სულ რომ არაფერი გიკითხავს, ჩემით მოვსულვარ და მითქვამსო. მდევარი წავიდა. ე, გარიკ, მივხვდი მაგარი ნასედკის ფარდულში ვარ, მაგრამ ხომ არ გამოვალ, ველოდები მომენტს. ჩემი მანქანის ძრავას სპეციფიკური ხმა ჰქონდა, ჰოდა, მესმის, რომ ჩემი მანქანა სოფელში დადის, ჩემები მეძებენ. ხმა რომ მოახლოვდა, წყნარად გამოვედი და მაქსიმალურად ზრდილობიანად ვკითხე ამ კაცს, უკაცრავად, შეიძლება, თქვენი ჭიშკრიდან გავიდე-მეთქი? სანამ ტიპი აზრზე მოვიდოდა და ხიპიშს ატეხდა, ჩემმა მანქანამაც ჩამოიარა შარაზე და ვდურთე შიგ თავი. ორი დღე ფეხები მტკიოდა. ე, ამდენი ან როგორ ვირბინე სპრინტერივით...
– ბიჭო, სპრინტერი მოკლე დისტანციაზე დარბის.
– არა!
– რა, არა, სტაიერი ჰქვია იმას, რისი თქმაც შენ გინდა.
– ჰო? რა მაგარი რაღაცეები იცი ხოლმე.
– ფისო უგზო-უკვლოდ განათლებულს მეძახის..
– მე მეძახის მაგარ სახელს, საიდან დამარქვა „გარიბალდი“?!
– გარი-ბალდი, მაგრამ ბლეროს რა დაარქვა, იცი? დედა-სამშობლო, თინიკოს – გოგონი, ნინოს – ყოლო, ერიკას – ერიქსონი და კაიფობს, რაღაც პრიკოლს დაიჭერს და მორჩა. აუ, ერთი ტელევიზიონშიკი ტიპია, ეკრანზე რომ გამოჩნდება, ფისოს გული უღონდება, ამ მარცხენა ყვერის ლაპარაკი ნერვებს მიშლისო და ერთიც „მაგარი“ პოლიტიკოსია, იმაზე კიდევ ამბობს, მარჯვენა ყვერიაო. პირველად მაგრად გამიკვირდა, ფისოს უზრდელობა არ უყვარს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ორივე ძალიან უშლიდა ნერვებს. მერე მეც ვკაიფობდი, გოგო, როგორ არჩევ, რომელი მარჯვენაა და რომელი – მარცხენა-მეთქი? ფისომ მაგარმა გაოცებულმა შემომხედა, კარგი რა, კარგად შეხედე და მიხვდებიო.
– მერე, მიხვდი? – ახითხითდა გარი.
– რომ არიან – მივხვდი, მაგრამ მარჯვენა-მარცხენას ამბავი ვერა, – გამეცინა მეც და საოცრად მომინდა ფისოს სიახლოვე.
მაგარი სასწაული ტიპია გარი. ფისო ერთი ხანობა ჰარის ეძახდა, „გ“ რუსულიდანაა შემოვარდნილიო, მაგრამ მერე „გარიბალდი“ გამოებლანდა ენაზე და ჰარი გადაავიწყდა. ძალიან უყვარს ჩვენს გარის ქალები და რა ეშველება, არ ვიცი. 54 წლისაა და 24 წლის გეგონება, ვერ დაბერდა კაცი. პრინციპში, ადამიანი იმდენი წლისაა, როგორადაც უცემს გული და ექაჩება ტვინი.
– ბიჭო, ქალებზე გიჟდები და იმ ქალს რატომ კლავდი?
– კი არ ვკლავდი, ვაშინებდი. აბა, რა მექნა, ნერვები ამათხლიშა და... არა, ზოგი ქალი რა მაგრად აფრენს. თბილისიდან ადლერში წამიყვანია, ვერ უნდა მიხვდე, რანაირად გიყურებ? დამიწყო ეჭვიანობა! ვაფშე ამომივარდა გულიდან. ერთს რომ ვთხლიშავ ახლა ამ 12 მეტრი სიმაღლიდან წყალში ჩავარდება და შეეშინდება, მერე ჩავხტები და ამოვიყვან, იქნებ, ცოტა აზრზე მოვიდეს-მეთქი, მით უმეტეს, ცურვა არ იცის. აი, რომ ვთხლიშე, წამიერად გამიელვა თავში, ხომ შეიძლება გული გასკდომოდა შიშისგან და სარაფანის ბრეტელებში ვტაცე ხელი. აზრზე ხარ, რა სროკზე წავიდოდი? როგორც წინასწარ განზრახული მკვლელობა?
– ბიჭო, ქალმა რუსის ნაშებზე იეჭვიანა, მაგისთვის ღირდა?
– რუსის ნაშები რომ იქნებოდნენ ადლერში, მე რა, არ ვიცოდი? არა, რა, მე დასასვენებლად წავედი პატიოსნად, იმიტომაც ავკრიფე.
– ისე, გარიკ, თუ დაკვირვებიხარ, როგორაა, იცი? ქალი რომ ეჭვიანობს, მაგრად გვეშლება ნერვები, აი, ჩვენ თუ ვეჭვიანობთ, ლამის ცუციკებად ვიქცეთ, არადა, რუსული ანდაზა სულ სხვანაირად ამბობს.
– რაო, რომ ქალისგან როცა მიდიხარ, ჩრდილივით უკან მოგყვებაო?
– ჰო, რა!
– ე, შენ არ იცი, თორემ ეგრეცაა. რამდენიც ქალს დავადე, იმდენი ვეღარ მოვიშორე. ხომ აზრზე ხარ!.. ყველანაირი ქალი გამიჟიმავს, ზანგის გარდა. ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ეგ სურვილი ვერ ავიხდინო? კი, ძმებმა მითხრეს, რაზეა ბაზარი, რა პრობლემააო, მაგრამ ახლა, ამხელა კაცი ავდგე, ჩავეგდო თვითმფრინავში და ერთი ცალი ზანგის გამო იმდენი ფული გადავყარო? დილიხორის ამბავია, თორემ, რა, ზანგი ოქროსას მოიბამს?
– მაგარი ხარ გარიკ, ბედნიერი კაცი, სხვა სადარდებელი რომ არა გაქვს!..
– ვინ თქვა, რომ არა მაქვს? რამდენიც გინდა, მაგრამ ქალი ეს ისეთი „ვეშჩია“, რა, რომ, თუ მაგაზე არ იფიქრე, აბა, რაზე უნდა იფიქრო ცოცხალმა კაცმა?
ერთი ამბავი გამახსენდა. ფისოს დეიდაშვილი, თინიკოს და, გაანაწილეს კახეთის ერთ-ერთ ძალიან მწარედ მიყრუებულ სოფელში კბილის ექიმად. მაშინ ეგრე ერქვა, რა, სტომატოლოგი, რის დანტისტი. აკვესებს თვალებს ვიტრინაში გამოდებული თოჯინასავით ეს ფარცქვალა, გასათხოვარი გოგო სოფლის ცენტრში მდებარე პოლიკლინიკაში. ვა, ბირჟა ყველგან არის და ამ სოფლის ბირჟაზეც გაიჩითა იქაური ყოჩი. ევასა გოიმს ახალგაზრდა ექიმი. შევიდა, დაუჯდა ბორმანქანის წინ და დაუფჩინა პირი. ნინიკომ ჩახედა და ისეთი პირის ღრუ აქვს, კაი ოცი წელი არ ასტკივდება კბილი. ვირგლა კახური წაკაიფება ძვირად დაუჯდა ყოჩს, რომელ კბილზეც უთხრა, რომ ეს მტკივაო, თვალის დახამხამებაში ხელში დააჭერინა ნინიკომ. რომანი არ შედგა, მაგრამ გამიჯნურებულმა ტიპმა საღი კბილი ხომ დაკარგა?
კბილი, ეტყობა, მაგარი პონტია...
ამ ჩემს ფისოს სულ რომელიღაც კბილი უჩმახებს, მაგრამ ისეთი ამტანია, რაც ძალი და დრო აქვს უძლებს. ახალგაზრდობაში ფისოს ერთ-ერთი სატრფო ძალიან შეჰხაროდა და როგორც კი ამან წიკვინი დაიწყო, შუაღამისას გააქანა პლეხანოვზე მორიგე ექიმთან. ე, ორჯერ მე წავიყვანე კრილოვზე! ფისოს – ნემსის, ექიმის და თეთრი ხალათის დანახვაზე, ისეთი „წიკი“ ემართება, რომ ჭკვიანი ნევროპათოლოგი ეგრევე ასათიანზე გააქანებს, მამალი გიჟივით არის ხოლმე! ჰოდა, ფისომ ექიმი რომ დაინახა, სულ დაივიწყა კბილის ტკივილი და გამობრუნდა უკან ხუთკაციანი ჯაზ-ბანდა. გამოხდა მცირე ხანი და ისევ ასტკივდა. იმავე ჯაზ-ბანდის თანხლებით წავიდა, ისევ შუაღამისას და ისევ ის ბიჭი დახვდათ მორიგე. მეორედ გაუკეთა ტიპმა გასაბუჟებლად, იმ დროს ახლად შემოსული, „ლიდოკაინი“ და ისევ გამოიქცა ფისო. მესამედ რომ იგივე გამეორდა და მორიგეც ისევ ის ტიპი აღმოჩნდა, სატრფოს შერცხვა ექიმის, მაგრამ ფისო თავკერძას რომ ვერაფერს შეასმენინებდა, იცოდა, ამიტომ იფიქრა, კარგ გამოსავალს ვიპოვიო, დაუჯდა ექიმს წინ, გაუღო პირი და აჩქარებით მიმართა:
– ამომიღე!
– თქვენ ყველა კბილი საღი გაქვთ – ეს ერთი, მეორე – ძმურად, რა, ვინმე გაგზავნით ჩემს მორიგეობაზე, ეკაიფეთო?
მოდი და დააჯერე უცნობი ექიმი, რომ არავინ ეკაიფება.
– რა? მიდი, კაცო, ამოიღე, რომ გეუბნებიან, საღ კბილს გაღებინებ, მეტი რა გინდა? – აიჯაგრა ფისოს სატრფო.
– მე მინდა? მე რა მინდა, ძმაო?! – გადაირია ექიმი.
– ჰოდა, ამოიღე! – თვალი ჩაუკრა სატრფომ ფისოს.
– რომ გეუბნებიან, ამოუღეთ! – დაასვა ბეჭედი ფისომაც.
– წამალი თქვენ გაგიკეთეთ გოგონი, მართლა ამოსაღები გაქვთ კბილი, ეს ბიჭი რა შუაშია ან როგორ ამოვუღო საღი მეექვსე კბილი?
– გაუშვი, მეცხრე იყოს, ამაატრიალე, რა! – რატომღაც ხარობს სატრფო.
– კი ბატონო!
ფინალში ის იყო, რომ სატრფომ საღი მეექვსე კბილი დაკარგა ფისოს გასამხნევებლად, მაგრამ ფისომ მაინც არ ამოიღო ის კბილი. დღემდე აქვს იმ კბილის ნაშთი, რომელსაც, ალბათ, აღარც ნერვი აქვს და აღარც ექსპლუატაციის ვადის მოწმობა. იმის შემდეგ ის კბილი აღარ ასტკივებია...
აჰა, ეგეც შენი ქალი და კაცები!
ერთი ჩემი უბნელი იყო, თემურა. დაჩემებული ჰქონდა, ცოლს ან საერთოდ არ მოვიყვან, ან სულ წვრილ-წვრილად გამოვკითხავ, ბაღიდან დაწყებული, ვინმეს ნაკოცნი არ ჰქონდესო. რამდენი გოგოც გამოკითხა, ყველას აღმოაჩნდა „გრეხი“ – სკოლაში შეყვარებული ჰყოლია. კოცნის ფაქტები არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვარაუდობდა. ერთი ხანობა დაგვეკარგა უბნიდან. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თავის კურსელთან ერთად ვიღაც ნაშები გაუჩითიათ და გულაობენ. ე, ერთი წლის თავზე ცოლად მოიყვანა. ბიჭო, ზეპირად ვიცით, როდის და რა ვითარებაში გაიცანი, რამდენი გადაუხადე და... ღმერთმა გაბედნიეროთ, მაგრამ... არ მესმის და ვერ გავიგებ, რაღა გალაპარაკებს?
ერთი გავარვარებული მინეტშიცა იყო, ნონა, ისეთი ბიჭი მოჩანგლა, ფისოს პირი დარჩა ღია. მე განათხოვრობის გამო დამიწუნა და ამ ცნობილი მინეტშიცას ქმრობა უფრო სამარცხვინო არააო? რეზიუმე: კაცები ვერა ვართ, რა, საკუთარ „რამაზე“. რამდენი ეგეთი ამბავი გამიგია და ფინალში ერთი და იგივე ხდება – ტიპები თავის საცხოვრებელი ადგილებიდან იყრებიან და სხვაგან მიდიან დასაფუძნებლად, სადაც არ იცნობენ.
***
– სად ხარ, ბაჯაჯღანა, ამდენ ხანს?.. – ვეხვევი ფისოს და აღარ ვიცი რა ვუთხრა.
ჩემი მწვანეთვალება ჯალათი, ჩემი ნატვრისთვალი, ჩემი ბაჯაჯღლო!
სიდაში ერთი პატიოსანი კაცი იჯდა, ამ მთავრობის გაგებით, დასასჯელი, მაგრამ სინამდვილეში ერთი დიდი დაწესებულების დირექტორის მსხვერპლი. რამდენიც ცოლი „სვიდანიაზე“ გაიჩითებოდა, იმდენი ეს კაცი კაცს აღარ ჰგავდა. ცოლის სახელი არასდროს უხსენებია, ჩემი კუდრაჭაო, ამბობდა. მაშინ მიკვირდა, კაცი დაბერებულა, რა კუდრაჭა აუტყდა-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები იმ კაცის სულის მოძრაობას.
– როდის მოხვედი ბაჯაჯღუნა ფისუნია?
– დილასვე მოვედი, მაგრამ ცალი ბაჩი ვერ ვიპოვე და ამიტომ დავდივარ შენი ბაჩებით, – პატარა ბავშვივით ატატყანდა ფისო, – იცი, როგორ მომენატრე?
– ფისო აფერისტობს... – ვეღარ ვალაგებ აზრებს.
ასეთი რამე გაგონილა? ქალი სიყვარულს მიჩვენებს და იმის ნაცვლად, რომ მივუალერსო, სულ სხვა რაღაცას ვპასუხობ.
– მაგ სიტყვის მნიშვნელობა, იცი? – ამრეზილმა ფისომ ცალი თვალი მოჭუტა და იმხელა ნაფაზი დაარტყა, ლამის ფილტრამდე ჩაიყვანა სიგარეტი.
ნამაშევში ერთი ხოხმა ტიპი იჯდა აფერისტობაზე, კაი კაცი, ხუმარა, სულ კარგ გუნებაზე იყო. ამას წინათ მოვხვდით ერთად და გაიხსენეს ბიჭებმა ძველი ამბები.
– ერთი შენი აფერისტობის ამბავი მოყევი, როგორ იყო? – გაუხსენა ვახომ.
– აბა?! – გაეცინა ტიპს, – კაცო, გენეტიკურად მომდევს დარმაედობა და რა ვქნა? ახალგაზრდობაშიც ეგრე იყო, მაგრამ ვერ შევასმენინე ჩემს ცოლს. დედის მხრიდან სულ თავადები და აზნაურები მყავდნენ... ამ რევოლუციონერების ჭკუა რომ ვატირე, თორემ ვიჯდებოდი ახლა ფეხი ფეხზე გადადებული არხეინად, კაის შევჭამდი და კაის დავლევდი... ჰოდა, ამ ჩემმა ცოლმა გამიჭირა საქმე, გინდა თუ არა, იმუშავეო. ვეუბნები, ქალო, რა უბნის ინსპექტორივით გადამეკიდე, რა გინდა, რამე გაკლია თუ რა, რატომ ვიმუშაო-მეთქი. ძველი დროა, გაქანებული კომუნისტობა, ეს ჩემი ცოლი კიდევ ტვინმოწამლული კომკავშირელია. დაიჩემა – კაცმა უნდა იმუშაოსო. დედაჩემიც ვერ იგებდა, რატომ უნდა მემუშავა, როცა შეიძლებოდა, რომ გულარხეინად ვყოფილიყავი. მოკლედ, დედაჩემს შევეკარი. ყოველ დილას ცხრა საათისთვის გავდიოდი სახლიდან და ექვსისთვის ვბრუნდებოდი, ვითომ სადღაც წისქვილკომბინატში ვმუშაობდი. სინამდვილეში ლუდხანაში ვიჯექი ბიჭებთან ერთად და ვუბერავდით. თვის ბოლოს დედაჩემი მაძლევდა ფულს და მეც პატიოსნად მიმქონდა „ხელფასი”. ამასობაში უკვე აცივდა და სიცივეში „პივა“ რა დასალევია, არაყი კიდევ ჩემმა მტერმა სვას ყოველდღე დილიდან საღამომდე, „სეკაც“ ამოვიდა ყელში და ვარ ეგრე ტანჯვაში, სად მოვკლა დრო, აღარ ვიცი, არადა, ისეთი დროა, ყველა სამსახურში დადის.
ერთ დღეს გამოვედი სახლიდან და საშინელი ყინვაა. მივყიალობ ქუჩაში და ერთი ფიქრი მაქვს – სად შევძვრე თბილ ადგილას. რა ვიცი, საიდან მომივიდა აზრად და ვაკის სასამართლოს შენობაში შევედი. გავიხედე და ვიღაცის პროცესი იწყება. არასდროს ვყოფილვარ ეგეთ რამეებზე, და რატომღაც დავინტერესდი, თან დროც ხომ უნდა გამეყვანა. დავჯექი დარბაზში და ვათვალიერებ ხალხს. მოსამართლის ნაბოდვარიდან ბევრი არაფერი მესმოდა და მომწყინდა. გვერდზე ვიღაც კაცი მეჯდა, რაღაც ხიხო ტიპი, რომელიც მაგარი გულისყურით უსმენდა ყველას. ვიფიქრე, მოდი გავერთობი, ამ ტეტიას გავაშაყირებ-მეთქი და, ვითომ ჩემთვის, მაგრამ, სინამდვილეში, იმის გასაგონად ჩავილაპარაკე, ერთი, პატიმრის პატრონმა იცოდეს, მოსამართლის ძმა რომ ვარ, რას ჩამომეკიდებოდნენ კისერზე-მეთქი. ხიხომ ერთი კი შემომხედა ხბოს თვალებით და ისევ სმენად გადაიქცა. რაღაც მიზეზით პროცესი გადაიდო. ავიშალეთ მთელი დარბაზი და გამოვლაგდით. ვდგავარ სასამართლოს კართან და ვფიქრობ, ახლა სადღა წავიდე. ამ დროს კარგად ჩაფუთვნილი ტიპი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:
– ვახტანგი!
– შალვა! – ინსტინქტურად ჩამოვართვი ხელი და მეც გავეცანი.
– ჩემო შალვა, ძმას ხომ არ ელოდები? – კაშნედან მეუბნება ტიპი.
ვაჰ, ამან ხომ არ გააფრინა, ჩემი ძმა რაჭაშია და, მგონი, ორმოცი წელია, თბილისში ფეხი არ ჩამოუდგამს, ნამდვილად ვიღაცაში ვეშლები.
– რომელ ძმას? – დავუბრუნე კითხვა.
– პატივცემულ ნიკოს.
ე, ჩემს ძმას ნიკოლოზი ჰქვია, ეს, ალბათ, ჩემი ძმის ნაცნობია, მაგრამ მე საიდან უნდა ვეცნე, თან რომელი პატივცემული ისა მყავს?
– ნიკოლოზი რაჭაშია, – გავუღიმე და სახეზე დავაცქერდი.
მარტო თვალები უჩანს, მაგრამ თითქოს მეცნო.
– ხუმრობა გყვარებია, ჩემო შალვა, – მოუქცია ტიპმა იმერულად.
– ხუმრობას რა ჯობია, აბა, გლოვაა კარგი? – დავდექი ხუმრობის გუნებაზე, თან, მაინტერესებს ვინაა, ეს თავგზააბნეული კაცი ან რატომ მეცნობა.
– წავიდეთ, დავსხდეთ სადმე, თითო ჭიქა დავლიოთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, – ხელი მხარზე მომითათუნა ტიპმა.
– ვიღაცაში გეშლები, ძმაო! – მომერიდა ნაგლობა.
– არავისში მეშლები, კარგად ვიცი, ვინც ხარ და ნუ მიკრავ პატარა პურმარილზე ხელს, – ლამის ატირდა კაცი.
რა მენაღვლებოდა, საქმე მაინც არაფერი მქონდა. გამოვედით. კაი გასისინებული „ვოლგა“ ჰყავდა და კაი პერსტენიც ეკეთა. ვფიქრობ და ვერ ვხვდები, ვინაა, რას მეპატიჟება ასე თავგადაკლული. დავსხედით რესტორანში ერთმანეთის პირისპირ და ბიჭოს! სასამართლოს დარბაზში რომ ხიხო მეჯდა გვერდზე, ის არაა?! სუფრაზე გავიგე, რომ მოსამართლეს ნიკოლოზი რქმევია, ეს კიდევ განსასჯელის ძმა ყოფილა, რომელსაც თავის მხრივ, მე მოსამართლის უმცროსი ძმა ვგონივარ. დამცეცხლა! კაცი პატიმარი ძმისთვის მეჩალიჩება, მე ესე უსინდისოდ როგორ ვიჯდე პატიმრის პურმარილზე, მაგრამ უცბად ხომ ვერ ვაჯახებ. ცოტა რომ შევქეიფიანდით, გავბედე და ნელ-ნელა შეპარება დავუწყე, რაღაც გაუგებრობაში მოვხვდით ორივე-მეთქი. ვინ გიჯერებს? დაიჩემა, პატივცემული ნიკოლოზის ძმა ხარ და უარს ნუ მეტყვი დახმარებაზეო. იმისთვისაც მიუქცევია ყურადღება, რომ დედმამიშვილების სადღეგრძელოში ნიკო ვახსენე ჩემი მხრიდან. რა ვქნა, კაცო, ეგრე ჰქვია! ბოლოს, რომ ვერაფრით გადავარწმუნე, ხელი ჩავიქნიე, ჯანდაბას, ღმერთი მაპატიებს, მე ხომ სიმართლეს ვეუბნები და მეტი რაღა ვქნა-მეთქი. კარგად გამოვთვერით. ახლა აიჩემა, ერთი წამით ჩემთან შევირბინოთო. გადავირიე. ვიფიქრე, იმერეთში მივყავარ-მეთქი. თურმე, თბილისელი ცოლი ჰყოლია და ცოლეურებში მეპატიჟება. რადგან ერთი შევტოპე, ბარემ გავყევი. ახლა იქ აიჩემა დამეხმარეო. კარგა შეღამებული იყო, იქიდან რომ გამოვედით. ერთი ვუთხარი, ჩემთან წავიდეთ-მეთქი და სულ კუნტრუშით გამომყვა. სიდედრმა რომ ვერ გადაათქმევინა უმანქანოდ წამოსვლა, მე ერთი ვუთხარი და მაშინვე დამიჯერა. მოვიყვანე სახლში. დედაჩემი და ჩემი ცოლი ვერ იგებენ, რა სასამართლოზეა ლაპარაკი ან ნიკო რა შუაშია, მაგრამ ნიკო რომ ნამდვილად ჩემი ძმაა, დაუდასტურეს. წავიდა, როგორც იქნა, თავის გზაზე და ამოვისუნთქე. გავიდა ერთი კვირა, აღარც მახსოვს ეს შენი ვახტანგი და დედაჩემი მეუბნება, შენს ფულს მოვაკელი ცოტა და რომ დაგჭირდეს, არ გაიკვირვო, რომ ეკლდებაო. რა ფულს, ქალო-მეთქი. იმ დღეს რომ ამოდე თეფშის ქვეშო. მივხვდი, ქრთამი ამიღია. იმ დღეს რაღა იქნებოდა და მეორე დღიდან იმ სახლის ძებნა დავიწყე, სადაც მიმიყვანა ცოლეურებში, მაგრამ ტყუილად, ვერ მივაგენი. იმ სიბნელეში და კაი გამობრუჟულს რა დამამახსოვრდებოდა, მთაწმინდა-სოლოლაკის რომელ შარაშუკაში ვიყავით, მარტო უბნის ცოდნა რას მიშველიდა, გვარიც არ ვიცოდი. ვიფიქრე თვითონ მომაკითხავდა. წელიწადზე მეტი გავიდა, ალბათ, და ის კაცი არ გამოჩენილა. ნელ-ნელა იმ ფულმაც დნობა დაიწყო, გამოვხარი. ერთ დღეს, ცაპ... და მტაცეს ხელი. ეს ახვარი ვახტანგი იმას კი არ ამბობდა, როგორც იყო, ისე გამოიყვანა, თითქოს მე დავუსახელე რაღაც თანხა და ამან ვითომ ნაწილი მომცა და ნაწილს საქმის ჩაწყობის მერე მომცემდა. ყველაზე სასეირო ის იყო, რომ ნიკომ გამასამართლა. ჩემი პროცესი ჩემების ტირილისა და უცხო ხალხის სიცილის ფონზე მომდინარეობდა! თვითონ იყო აფერისტი, მე კი არა. მეთქი, როდის იყო, აფერისტებს სახლში მიჰყავდათ გასაწეწი ადამიანი, სახლს ვაჩვენებდი-მეთქი? ვინ მოგისმინა! იმის მერე სახელი ვახტანგი შემძულდა, – დააბოლოვა შალვამ.
– რას გაისუსე? – გამაწყვეტინა ფისომ ფიქრები.
– შენზე ვფიქრობ, ფისუნია. იმაზე ფიქრმა, რატომ ვერ გამოვხატავ რასაც შენ მიმართ ვგრძნობ, მოგონებებში წამიყვანა.
– იმიტომ, რომ არაფერსაც არ გრძნობ, – ყასიდად თქვა ფისომ და ახალ ღერს მოუკიდა.
– რა იყო, გოგო, რამდენს ეწევი, გემი ჩაგეძირა?
– გემი კი არა, რაღაც ვერ ვარ.
– მოდი, ჩამეხუტე და გაგივლის.
როგორ ველოდი ფისოს, როგორ მენატრებოდა და როცა გვერდით მყავს, ვეღარ ვქაჩავ. ფისუნია კალთაში მიჯდება და ჩვეულ პოზაში იგორგლება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში