კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-17(487)


გიზო და კეისი გაჩუმდნენ და ხუთიოდე წუთი უხმოდ აბოლებდნენ. შემდეგ ამერიკელმა ქართველს ჰკითხა:

– აქაურობის პატრონი ვინაა?

– კარლოა ერთი, პირატს ეძახიან. 65 წლის კაცია, 20 წელი ციხეში აქვს გატარებული და თავს თევზაობით ირჩენს.

– ახლა სადაა?

– სანადიროდაა წასული ტყეში.

– უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ?

– რა, მისტერ კეის? – გაოცდა გიზო.

– რა და ის, რომ ის კაცი სანადიროდ წავიდა. სხვა რამეში ხომ არაა საქმე.

„ეს ამერიკელი ნამდვილად უბერავს“, – გაიფიქრა გიზომ. რადგან პირატის სანადიროდ წასვლაში ვერაფერს ხედავდა საეჭვოს და უარყოფითი განწყობა სახეზე აღებეჭდა.

– არა, მისტერ კეის, ყველაფერი გადავამოწმეთ და ზუსტად ვიცით, რომ ეს კაცი ყოველ მესამე დღეს სანადიროდ დადის. ანუ, ეს მისი ჩვეულებრივი საქმიანობაა.

– გასაგებია, გიზო, მაგრამ, ნუ მინაწყენდებით, ეს თქვენ სახეზე გაწერიათ. მერწმუნეთ, რომ ის კაცი, ვისაც ვეძებთ, ძალიან საშიში ვინმეა თანაც, იმდენად კარგად მომზადებული, გამოცდილი, საზრიანი და, რაც მთავარია, ბედი სწყალობს. ასე რომ, ყველა საშუალება უნდა ამოვწუროთ და დავრწმუნდეთ მის სიკვდილში, ან, ცოცხალი აღმოვაჩინოთ.

– გასაგებია, მისტერ კეის, მაგრამ, რაც უნდა ბედი სწყალობდეს იმ კაცს, სალამანდრა ხომ არაა, რომ ცეცხლიდან გამოვიდეს? ასეც რომ იყოს, ისინი ხომ ვერტმფრენით შეეჯახნენ ნავთობტერმინალს, სხვა თუ არაფერი დარტყმის ძალა მოკლავდა.

– იქნებ, მანამდე, ვერტმფრენიდან გადმოვარდა – თავისას არ იშლიდა კეისი. ამერიკელის სიტყვებზე მუხის ფუღუროში დამალულ მათეს გააჟრჟოლა.

– გამორიცხული არაა, – გაეცინა გიზოს, – მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ვერტმფრენიდან გადმოვარდნილ ადამიანს კარგი დღე დაადგებოდა?

– არ ვიცი, მაგრამ, სანამ მის გვამს არ ვიპოვით, ან სხვა დამადასტურებელ საბუთს მისი სიკვდილის შესახებ, გარდაცვლილად ვერ ჩავთვლით. ასე რომ, წინ ჯერ კიდევ ტიტანური სამუშაო გველოდება.

„ეს კაცი მართლა ვერაა თავის მატორზე, – კვლავ გაიფიქრა გიზომ, – რაებს ბოდავს, თვითმფრინავიდან გადმოვარდაო. არა, თვითმფრინავიდან კი არა, ვერტმფრენიდანო. თანაც, ქანცი გაუწყვიტა თავის ხელქვეითებს იმ ვიღაც მითიური კაცის ძებნაში. თუმცა, მე რა, სულ არ მკიდია? მაგრამ, ერთი კია, რომ ძალიან მომშივდა და ამ ჩემისას ჭამა მაინც არ უნდა?“

სანამ გიზო ფიქრებში იყო გართული, კეისს ხელქვეითი მიუახლოვდა და უთხრა:

– აქაურობა სუფთაა, სერ. არანაირი კვალი არ ჩანს, ყველაფერი გულდასმით შევამოწმეთ.

– კარგი, გასაგებია. არ წახვიდე, სემ, – უთხრა კეისმა ხელქვეითს და გიზოს მიუბრუნდა, – მისტერ გიზო, იქნებ თქვენც გადაავლოთ თვალი ჩემი ხელქვეითების ნამუშევარს და ნახოთ, ხომ არაფერი გამოეპარათ.

გიზო მიხვდა, რომ კეისი მას თავიდან იშორებდა, რათა ის სემთან საუბარს არ დასწრებოდა. ამიტომ, გულში მწარედ შეაგინა ამერიკელს და გამხმარ მუხას გაეცალა. კეისი კი სემს მიუბრუნდა და უთხრა:

– ეს ქართველი პოლკოვნიკი საქმის აზრზე არ არის, საკმაოდ ზარმაცია და თავი მომაბეზრა. თანაც, აუცილებელი არაა, რომ ჩვენს საიდუმლოებებში ჩავახედოთ. ამიტომ, მხოლოდ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ და ყველა საშუალება ამოვწუროთ.

– ბრძანეთ, სერ, და ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად ვართ.

– ორი მიმართულებით უნდა იმუშაოთ, სემ, და ამ დავალების შესასრულებლად ექვსი აგენტია საჭირო, რომლებმაც ქართული ქართველებზე უკეთესად იციან.

– ჩვენ ყველა ასეთები ვართ, სერ.

– ვიცი, სემ, ეს ისე ვთქვი, როგორც იტყვიან, ფორმალობის გამო. ახლა კი დავალებების შინაარსი: ორი კაცი, რომელიც სათანადოდ იქნება ჩაცმული, პირატს უნდა დააჯდეს კუდზე, რომელიც, ამჟამად, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ტყეშია წასული სანადიროდ. ამ ორი აგენტის ამოცანაა პირატისთვის თვალყურის დევნება და იმის დადგენა, თუ რას გააკეთებს აქ დაბრუნებამდე. ცნობისთვის გეტყვი, რომ ეს კუნძული და სახლ-კარი მისია. ახლავე მოძებნეთ შესაბამისი პროგრამა, ლეპტოპი გაატანე აგენტებს და გაგზავნე. მეორე დავალება კი ასეთია, ოთხი აგენტი თბილისში უნდა გაემგზავროს და ჰამოსა და პეტიკოს უთვალთვალონ, რომლებთან ერთადაც მათე რუსეთიდან თბილისისკენ მიემგზავრებოდა. თუ მათე ცოცხალია, ის აუცილებლად შეეცდება მათთან კონტაქტის დამყარებას. ყველა მონაცემები ზემოხსენებულ პირებზე პროგრამაშია და ნახეთ, – უთხრა კეისმა თავის ხელქვეითს. სემი ბრძანების შესასრულებლად გაემართა.

პოლკოვნიკი კეისი, ამერიკის ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის – ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსანი იყო და თორმეტი სპეცაგენტი ახლდა თან, რომლებიც იმგვარად იყვნენ გამოწვრთნილები, რომ კონკრეტულად საქართველოში შეესრულებინათ სპეცდავალება. თითოეულმა მათგანმა ბრწყინვალედ იცოდა ქართული, იცნობდა ქვეყნის გეოგრაფიას და თავისუფლად შეეძლოთ ადგილობრივ მოსახლეობაში შერევა. კეისი და მისი ხელქვეითები ნიუ-იორკიდან სპეციალური ზებგერითი თვითმფრინავით ჩამოაფრინეს საქართველოში მათეს მოსაძებნად, ქართულ მხარეს კი ეფბეერელებად გაეცნენ და ნამდვილი ვიზიტის მიზანი არ გაამხილეს. მათ, უბრალოდ, თქვეს, რომ ძალიან სახიფათო კაცს ეძებდნენ, მაგრამ ვის არ გაამხილეს და ქართველმა მაღალჩინოსნებმა იფიქრეს, რომ ამერიკელები ვიღაც ტერორისტის ძებნით იყვნენ დაკავებულები.

მათემ რომ კეისისა და სემის საუბარი მოისმინა ფუღუროდან, არ გასჭირვებია იმის გააზრება, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და მიხვდა, რომ დაუყოვნებელი მოქმედება იყო საჭირო.

პირატი თბილისში არ უნდა ჩავიდეს და, მით უმეტეს, პეტიკოსთან ან ჰამოსთან არ უნდა მივიდეს, თორემ, კეისი და მისი აგენტები ადვილად მიხვდებიან, რომ ცოცხალი ვარ და ჩამავლებენ, – გაიფიქრა მათემ, თან ფუღუროდან ადევნებდა თვალყურს, როგორ ტოვებდნენ კუნძულს მაძებრები.

ზვიადმა იცოდა, რომ კარლო უნდა შეეჩერებინა, მაგრამ, რა საშუალებით გაეკეთებინა ეს, წარმოდგენა არ ჰქონდა. კარლო ჯერ ლანჩხუთში უნდა ჩასულიყო და თბილისში იქიდან გაემგზავრებოდა, მაგრამ, დიდი დრო იყო გასული, რაც მან კუნძული დატოვა, თანაც, მათემ არ იცოდა, სად ცხოვრობდა პირატის ლანჩხუთელი მეგობარი, რომ მასთან მისულიყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ პირატს ორი სპეცაგენტიც ეძებდა. მათეს ისღა აიმედებდა, რომ პირატი კუდის გარეშე მოახერხებდა თბილისამდე ჩასვლას. თუმცა, არც ეს იყო გამოსავალი, რადგან, ჰამოზე და პეტიკოზე მიჩენილი აგენტები ნახავდნენ პირატს და მაინც ყველაფერი ნათელი გახდებოდა.

ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მათე მიხვდა, რომ კვალის დასაფარავად ერთადერთი გზა ჰქონდა – პირატი უნდა მოეძებნა, რომ თბილისში აღარ გაეშვა. ამიტომ, ზვიადმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – თავად გაემართა კარლოს მოსაძებნად. მან მონადირის უნიფორმა ჩაიცვა, თავზე ქუდი ჩამოიფხატა და ბუნებრივი მაკიაჟი გაიკეთა სახეზე, რომ იერი ოდნავ მაინც შეეცვალა. მან ბუნკერში გადამალული კატერი მოამზადა და საღამოს 8 საათზე წყალში შეცურდა, შემდეგ ტყე-ტყე იარა და ღამის თერთმეტის ნახევარი სრულდებოდა, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში რომ ამოჰყო თავი. მათემ დაადგინა, რომ ოზურგეთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი თერთმეტ საათზე უნდა ჩამომდგარიყო ლანჩხუთის სადგურში და იმედი ჰქონდა, თუკი პირატი მანამდე არ გაემგზავრა თბილისში და ოზურგეთის მატარებლით გეგმავდა მგზავრობას, აუცილებლად შეხვდებოდა, მან ხალხით სავსე ბაქანს ნელი ნაბიჯით ჩაუარა და ორმოციოდე მეტრი რომ გაიარა, მატარებლის მომლოდინე ხალხში პირატი შენიშნა. კარლო, სოლიდურად იყო გამოწყობილი, შავი ფერის შარვალი და პიჯაკი ეცვა, სათვალე ეკეთა და თავისივე ასაკის მამაკაცს მშვიდად ესაუბრებოდა.

„მადლობა, შენ, ღმერთო“, – გულში თქვა მათემ და საათს დახედა, რომელზეც თერთმეტს ათი წუთი აკლდა. მატარებელი ათ წუთში უნდა ჩამომდგარიყო. ზვიადი ახლოსაც არ გაეკარა პირატს, რადგან, გამორიცხული არ იყო, რომ მას ამერიკელი სპეცაგენტები უთვალთვალებდნენ და, რომ მისულიყო, საკუთარ თავს გაამჟღავნებდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ კარლოსთან მატერებელში ჩაჯდომისას დაკონტაქტებოდა, ანუ მაშინ, როდესაც ხალხი ჩამომდგარ მატარებელს მიაწყდებოდა. მათე უკნიდან ამოუდგებოდა პირატს და სწრაფად უჩურჩულებდა ყურში, რომ მომდევნო სადგურზე შეუმჩნევლად ჩასულიყო. ეს საშუალება, მათეს აზრით, საუკეთესო გამოსავალი იყო შექმნილ სიტუაციაში. თუმცა, უკეთესის იმედიც მიეცა, რადგან, კარლოსთან მოსაუბრე მამაკაცი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მოფარებული ადგილისკენ და რთული მისახვედრი არ იყო, რომ ის ტუალეტში მიდიოდა. ამიტომ, სიბნელეში მდგარი მათე შეუმჩნევლად გაემართა მოფარებული ადგილისკენ, კარლოს მეგობარს დახვდა და სხაპასხუპით, ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ უთხრა:

– კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც გეტყვით და ზუსტად შეასრულეთ: მე პირატის მეგობარი ვარ და გადაეცით, რომ თბილისში არ გაემგზავროს და ხალხის დასანახავად ჩამორჩეს მატარებელს. შემდეგ ქვევით ჩადით და ავტობუსებისა და ტაქსების გაჩერებასთან მანამდე დამელოდეთ, სანამ არ მოვალ. გამორიცხული არაა, რომ გითვალთვალებდნენ. როგორც კი საწინააღმდეგოში დავრწმუნდები, მოვალ.

მათე ძველ ადგილზე დაბრუნდა. მალე კარლოს მეგობარიც დაბრუნდა. ღამის წყვდიადში სადგურზე შემომავალი მატარებელიც გამოჩნდა. უცებ პირატმა გულზე მიიდო ხელი და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ცუდად გახდა. მას რამდენიმე მგზავრი მიეხმარა და კუთხეში სკამზე დასვეს, მისმა მეგობარმა კი წყალი მიუტანა და დაალევინა. მგზავრები ჩამომდგარ მატარებელში შეცვივდნენ, და ხუთიოდე წუთში ბაქანი თითქმის დაცარიელდა. კიდევ ხუთი წუთიც რომ გავიდა, რამდენიმე გამცილებელმაც დატოვა იქაურობა. მათე ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, თან რწმუნდებოდა, რომ პირატს კუდი არ ეჯდა. თუმცა, საფარიდან არ გამოსულა და მხოლოდ ნახევარი საათის მერე მივიდა ავტობუსების გაჩერებასთან, სკამზე მსხდომ კარლოსთან და მის მეგობართან, დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდათ.

– რა მოხდა, ბონდო? – ჰკითხა მათეს კარლომ.

– ახლა ამის დრო არაა. აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ და სადმე საიმედო ადგილზე დავიმალოთ, – თქვა მათემ.

– ჩემთან წავიდეთ, ტყეში, – უთხრა მათეს პირატის მეგობარმა, – კარავი მაქვს იქ და იმხელა ნაგაზები მყავს გაშვებული, რომ მათი შიშით მგლებიც ვერ მოდიან.

– აქედან შორსაა?

– ათ კილომეტრში.

– ესე იგი, ტრანსპორტია საჭირო, მაგრამ, ტაქსით ან კერძო მანქანით წასვლა არ შეიძლება, რომ არ „დავიწვათ“.

– ტაქსი რად გვინდა, „ნივით“ ვარ და წავიდეთ.

მათე დათანხმდა, ისინი, პირატის მეგობრის „ნივაში“ ჩასხდნენ და ტყისკენ აიღეს გეზი.

– გაიცანი, ეს მიხაკოა, – უთხრა კარლომ მათეს და საჭესთან მჯდომი მეგობარი გააცნო.

ლანჩხუთელი მიხაკო, მეტსახელად „მუშტი“, პირატივით დაკვირვებული და სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. ერთმანეთი მათ ციხეში გაიცნეს, სადაც ბოლო ათი წელი გაატარეს და საპყრობილიდანაც ერთად გათავისუფლდნენ.

მუშტი ათწლიან სასჯელს ბოროტი, ცინიკური ხულიგნობის მუხლით იხდიდა და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ დაჩაგრულს გამოესარჩლა და მართლაც ხულიგნებსა და ცინიკოსებს საკადრისი მიუზღო. ერთხელ, სახლში მიმავალი მიხაკო რესტორნის წინ ჩხუბს შეესწრო. ექვსი მთვრალი ახალგაზრდა რესტორნის მიმტან მამაკაცს სასტიკად სცემდა. მიმტანი ეზოში ჰყავდათ გაყვანილი და უმოწყალოდ ურტყამდნენ, თან აგინებდნენ. ირგვლივ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მიმტანის გამოსარჩლებას ვერავინ ბედავდა, არც მილიცია ჩანდა შორიახლო. მთვრალი ახალგაზრდები მიმტანს საათის ქურდობას აბრალებდნენ და იმიტომ სცემდნენ. თუმცა, ის უდანაშაულო იყო, რადგან, გაირკვა, რომ ოქროს მაჯის საათი პატრონმა ტუალეტში ყოფნისას დაკარგა, მაგრამ ახალგაზრდები მაინც სცემდნენ. მიხაკომ მათ ჯერ სიტყვით მოუწოდა, რომ ცემა შეეწყვიტათ, შემდეგ ხელით გამოთრევა სცადა, მაგრამ მასაც რომ დაუპირეს ცემა და გინებაც დაუწყეს, მიხაკომ მუშტები აამუშავა... მან მოჩხუბრები თითო დარტყმით დაყარა ძირს, ცოცხალ-მკვდარი მიმტანი წამოაყენა, ონკანთან მიიყვანა, გონზე მოიყვანა და სისხლიანი სახე დაბანა. შემდეგ ნაცემი მიმტანი სახლში მიიყვანა, ბოლოს კი თავის სახლში დაბრუნდა და დაიძინა. შუაღამისას კი მუშტს მილიცია სახლში შეუვარდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს განყოფილებაში, მძიმე ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. მილიციის ასეთი ქმედება კი იმით იყო გამოწვეული, რომ ერთ-ერთი მთვრალი ახალგაზრდა, რომელსაც მიხაკოს მუშტი მოხვდა, რაიკომის მდივნის ვაჟი აღმოჩნდა. სწორედ მან დააბრალა მიმტანს საათის ქურდობა და მისი მეგობრებიც მისივე წაქეზებით მოქმედებდნენ. მიხაკოს მუშტი რაიკომის მდივნის ვაჟს ისე მოხვდა ყბაში, რომ ტვინის მძიმე ფორმის შერყევა მიიღო, ერთი თვე საავადმყოფოში იწვა და ეს არ აპატია რაიკომის მდივანმა. ნაცემი მიმტანი არა თუ არ გამოცხადდა სასამართლოზე, ის არც კი უხსენებიათ და ისე წარმოაჩინეს საქმე, თითქოს მიხაკო აუშარდა ახალგაზრდებს და ცემა დაუწყო... „ახია ჩემზე“, – თქვა მიხაკომ, როდესაც მას საბოლოო სიტყვა მისცეს და პროტესტიც კი არ გამოუთქვამს, რადგან იცოდა, რომ ამას, შეიძლება უარესი შედეგი მოჰყოლოდა და ხელი ჩაიქნია. თუმცა, ციხიდან რაიკომის მდივანს მაინც შეუთვალა: „ტყუილად დამჩაგრე და იმის მაგივრად, რომ შენი „ბესპრედელი“ შვილისთვის გესწავლებინა ჭკუა და მისი კაცად დაყენება გეცადა, ჯავრი ჩემზე იყარე. თუმცა, ღმერთი ზემოდან იყურება და შენივე თვალებით ნახავ, რა უბედურებასაც დაგატეხს შენი ნაბიჭვარი შვილი“. მუშტის სიტყვები ერთი-ერთზე აუსრულდა რაიკომის მდივანს – მისმა შვილმა შელაპარაკებისას დანით მძიმედ დაჭრა ერთ-ერთი პარტიული მაღალჩინოსნის ვაჟი... ეს კი უკვე აღარ აპატიეს, მართალია, დაჭრილი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ რაიკომის მდივნის ვაჟს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მამამისი კი, უღირსი შვილის აღზრდისთვის, პარტიიდან გარიცხეს, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ყოფილი რაიკომის მდივანი ისე გალოთდა, რომ ქუჩა-ქუჩა წანწალი დაიწყო და ერთ დღეს გუბეში ჩაიხრჩო... მისმა ვაჟმა კი თხუთმეტწლიანი სასჯელი მოიხადა და შემდეგ ბერად აღიკვეცა ერთ-ერთ მონასტერში.

სანამ „ნივა“ ტყისკენ მიდიოდა, მათე ყურადღებით იყურებოდა უკან, მდევარი ხომ არ მოჰყვებოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. ამასობაში ტყეს მიუახლოვდნენ კიდევ. კილომეტრ-ნახევარი რომ გაიარეს, „ნივა“ შემოღობილ ტერიტორიასთან შეჩერდა. მიხაკო მანქანიდან გადავიდა და თქვა:

– კარს გავაღებ, თან, ძაღლებს გავაფრთხილებ, რომ სტუმრები გვყავს.

მუშტი რომ წავიდა, მათემ პირატს უთხრა:

– უსერიოზულესადაა საქმე და, შემთხვევითობა რომ არა, ახლა უკვე ძალიან შორს ვიქნებოდი აქედან. შენ კი, შეიძლება, ცოცხალიც არ ყოფილიყავი.

– შემთხვევით არაფერი ხდება და, ესე იგი, ღვთის ნება იყო. მე კი იმდენჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში და მაინც ცოცხალი გადავრჩენილვარ, რომ აღარ მეშინია. ან, რა დროს შიშია ჩემს ასაკში. მაინც რა მოხდა?

– კარგა ხნის სალაპარაკოა და არ მინდა, მიხაკომ შეგვიშალოს ხელი.

– რა მიხაკოსთვის გითქვამს და რა – ჩემთვის, მაგრამ, შენი გადასაწყვეტია.

– მე მაინც თავს შევიკავებ, თუ არ გეწყინება და, როგორც კი შანსი მომეცემა, მარტო შენ მოგიყვები.

– შენი ნებაა, – თქვა პირატმა და საჭეს მიუჯდა, რადგან მიხაკომ ანიშნა ეზოში შემოდითო.

მიხაკომ და მისმა ნაგაზებმა მათე და კარლო ქოხამდე რომ მიაცილეს, მუშტმა სტუმრებს უთხრა:

– თქვენ აქ მოთავსდით და არ მოიწყინოთ. მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვალ და ვივახშმოთ, მერე კი შეგვიძლია, დავიძინოთ.

მიხაკომ სტუმრები შუა ცეცხლთან დატოვა, კარი გაიხურა და წავიდა.

– სად წავიდა? – ჰკითხა მათემ პირატს.

– მარტო დაგვტოვა, რომ საუბრისთვის ხელი არ შეეშალა, – გაიღიმა კარლომ, – თან, ვახშამს მოგვიმზადებს.

– შენ აგრძნობინე?

– რა თქმა უნდა, არა. თვითონ მიხვდა. გისმენ.

მათემ პირატს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:

– ისინი რომ ფუღუროსთან არ დამდგარიყვნენ და არ ესაუბრათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რას აპირებდნენ და ახლა ყველაფერი ცუდად იქნებოდა.

– მდა... – ჩაილაპარაკა პირატმა და გააბოლა, – მთავარია, რომ, როგორც მოხდა, ისე მოხდა. ახლა რას აპირებ?

– პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, საიმედოდ უნდა დავიმალოთ, თანაც, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკელებს შენზე და მიხაკოზე ეჭვი გაუქრეთ და ჩემი ძებნა სულ სხვა მიმართულებით განაგრძონ.

– მე კიდევ ჰო, მაგრამ მიხაკოზე როგორ უნდა გამოვიდნენ? ხომ არ ამეტებ, ბონდო, ძამია?

– არა, კარლო, არა! ვამეტებ კი არა, არ გამიკვირდება, რომ სპეცაგენტებმა აქაც რომ მოგაკითხონ და შეგამოწმონ, მართლა მიხაკოსთან ხარ თუ სხვაგან.

– კარგი რა, ძამია, – კეთილგანწყობილად ჩაეცინა პირატს, – მე მგონი, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

– არა, ვერ დაგეთანხმები. ისეთი ხალხი მეძებს, რომ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვლენ აქ შენს შესამოწმებლად და კარგი იქნება, თუ მიხაკოს წინასწარ გააფრთხილებ.

– უკვე საქმის კურსშია, მაგრამ, მაინც არ მგონია, – გაიმეორა პირატმა და ცეცხლს ფიჩხი მიუმატა.

ქოხში მიხაკო შემოვიდა და ტაბლით ვახშამი შემოიტანა. შუა ცეცხლის გვერდით დადგა და სტუმრებს უთხრა:

– აბა, მოდით, მიირთვით, სანამ ცხელია.

ის-ის იყო, პური გატეხეს და ჭამა დაიწყეს, რომ ხმა მოისმა:

– მასპინძელო! მასპინძელო!

ღამის ორის ნახევარი იყო და მიხაკოს გაუკვირდა:

– უცნაურია, ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?

– ვინ და, ჩემი მაძებრები, – თქვა მათემ.

– შენი მაძებრები? – გაიმეორა მუშტმა, მხრები აიჩეჩა და პირატს შეხედა, შემდეგ კი კვლავ მათეს მიუბრუნდა: – რატომ გგონია?

– დარწმუნებული ვარ. ამიტომ, უნდა დამმალო, შემდეგ კი ისინი შემოუშვა. რომ დარწმუნდებიან, კარლო შენთანაა, დილით წავლენ.

მიხაკოს ქოხს საიდუმლო ანტრესოლი ჰქონდა, სადაც რამდენიმე ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა და ის ისე ოსტატურად იყო შენიღბული, რომ მისი მიგნება არც ისე ადვილი იყო. ამიტომ მათე იქ დამალა. შემდეგ ტაბლაზე ისე დააწყო ვახშამი და ჭურჭელი, რომ დაკვირვებულ თვალს ვერ აღმოეჩინა იქ მესამე პირის ყოფნა და მხოლოდ ამის მერე გავიდა ეზოში და გასძახა:

– რომელი ხარ?

– მასპინძელო, მონადირეები ვართ. უფრო სწორად, თბილისიდან ვართ სანადიროდ ჩამოსულები და გზა აგვერია. ისიც კი არ ვიცით, სად ვიმყოფებით და, იქნებ ღამე გაგვათევინოთო, – უთხრა მიხაკოს ორმა ახალგაზრდამ, რომლებსაც ორლულიანი თოფები ჰქონდათ გადაკიდებული მხრებზე.

სინამდვილეში, თოფიანი ახალგაზრდები პოლკოვნიკ კეისის ხელქვეითები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ დღისით გაემართნენ პირატის მოსაძებნად და საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ საიმისოდ, რომ ჯერ მუშტის კვალზე გასულიყვნენ, მერე კი მისი ქოხისთვის მიეგნოთ.

– მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა, – შეიპატიჟა მიხაკომ ახალგაზრდები, – ამ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ნადირობიდან მე და ჩემი მეგობარი, ვახშამს ვიწყებდით და თქვენც გვეწვიეთ. შემოდით, ისეთ ჭაჭას დაგალევინებთ, როგორსაც ვერსად იშოვით. თანაც, კარგ მწვადებსაც გაჭმევთ და, მოკლედ, კარგ დროს გაგატარებინებთ.

– გმადლობთ, ბატონო ჩემო, – უთხრეს ახალგაზრდებმა მიხაკოს და ეზოში შევიდნენ, თან ნაგაზებს არ აცილებდნენ თვალს, რომლებიც მშვიდად ამოუდგნენ გვერდით.

– მადლობა – ბოლოს. ამ ძაღლების კი არ შეგეშინდეთ, სტუმრებს არ ერჩიან. ახლა კი შინ მობრძანდით, – თქვა მუშტმა და თოფიანი ახალგაზრდები ქოხში შეიყვანა.

– აქა მშვიდობა, – თქვეს ახალგაზრდებმა, როგორც კი ფეხი შედგეს ქოხში.

– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, – მიუგო ახალმოსულებს კარლომ, ფეხზე წამოდგა, სათითაოდ ჩამოართვა ხელი და გაეცნო, – კარლო.

– მე თემური ვარ, – თქვა დიდშუბლიანმა ახალგაზრდამ.

– მე – მალხაზი, – გაიღიმა მეორემ, რომელსაც პაჭუა ცხვირი ჰქონდა.

– მე კი მიხაკო ვარ, ამ კარ-მიდამოს პატრონი. კარლო კი ჩემი ფოთელი მეგობარია, ამ დილით მეწვია, რომ სანადიროდ წავსულიყავით და ახლახან დავბრუნდით, მაგრამ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ტაბლას შემოუსხედით და ვივახშმოთ, – უთხრა ახალგაზრდებს მიხაკომ, ჭიქებში ჭაჭა ჩამოასხა, თავისი სასმისი ასწია და თქვა: – მშვიდობას გაუმარჯოს! როგორც მშვიდობით დავიწყეთ ეს დღე, ისე მშვიდობიანად დაგვესრულებინოს.

ანტრესოლში დამალული მათე ყველაფერს მშვენივრად ხედავდა და თბილისელ მონადირეებში არც იმ სპეცაგენტების ამოცნობა გასჭირვებია, რომლებიც პოლკოვნიკმა კეისმა დილით პირატის მოსაძებნად გაგზავნა.

ამერიკელი სპეცაგენტები მჭამელებიც კარგი აღმოჩნდნენ და მსმელებიც, რაც სულაც არ იყო გასაკვირი, რადგან მათ სპეციალური მომზადება ჰქონდათ გავლილი, თანაც, თრობის საწინააღმდეგო სპეციალური აბები ჰქონდათ მიღებული.

– ახლა კი, ძამია, ჩვენს დროებით დაშლა-არ მოშლას გაუმარჯოს, – თქვა მიხაკომ საათ-ნახევრის მერე, როდესაც მეორე ბოთლი ჭაჭა გამოსცალეს და მიხვდა, რომ სტუმრები არ თვრებოდნენ, – ჩვენც დაღლილები ვართ, თქვენც მოქანცულები იქნებით და მოვისვენოთ. დილით კი საუზმეზე ვთქვათ, რაც ახლა გამოგვრჩა.

მიხაკომ ახალგაზრდები მეორე სახლში გადაიყვანა და იქ დააძინა, რომელიც ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით მდებარეობდა. უკან რომ დაბრუნდა, პირატს უთხრა:

– წყალივით არ სვამდნენ ამ ცეცხლივით ჭაჭას ეს ლაწირაკები?

– ლაწირაკები კი არა, ძალიან სერიოზული ხალხია, – ჩამოსძახა ანტრესოლიდან მიხაკოს მათემ, მე რომ ვამბობდი, ისინი არიან და არ უნდა „დავიწვათ“...

***

თემური და მალხაზი უთენია წამოდგნენ და მიხაკოს გამოსძახეს, რადგან ეზოში გამოსვლა ნაგაზების გამო ვერ გაბედეს. ამერიკელი სპეცაგენტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათეს პირატთან და მიხაკოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ამიტომ, ფოთში უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი დროულად მოეხსენებინათ პოლკოვნიკისთვის.

მიხაკო ეზოში ჩავიდა და ფანჯარაში თავგამოყოფილ სტუმრებს უთხრა:

– ასე ადრე რამ გაგაღვიძათ, ვერ დაიძინეთ?

– როგორ არა, დიდი მადლობა, მაგრამ, უნდა წავიდეთ.

– უნდა წახვიდეთ? – გაიმეორა მიხაკომ, – რას ამბობთ, საუზმის გარეშე როგორ გაგიშვებთ? ნახევარი საათიც და ზღაპრულ სუფრას გაგიშლით.

– არა. ძალიან გვეჩქარება, – თქვეს სპეცაგენტებმა, – სხვა დროს იყოს. ახლა კი, ნება მოგვეცით, წავიდეთ. მართლა ძალიან გვეჩქარება, მაგრამ ძაღლების გვეშინია და ვერ მივდივართ.

მიხაკომ ერთხელ კიდევ სთხოვა სტუმრებს დარჩენა და, რომ ვერ დაიყოლია, კარამდე მიაცილა, გამოემშვიდობა და გაისტუმრა. შემდეგ ქოხში დაბრუნდა და პირატსა და მათეს უთხრა:

– წავიდნენ. როგორ არ ვეპატიჟე, მაგრამ, არ გაჩერდნენ.

– დარწმუნდნენ, რომ აქ არ ვარ და იმიტომ აღარ გაჩერდნენ, – თქვა მათემ.

– ძალიან კარგი, თუ დარწმუნდნენ. ახლა რას აპირებ?

– თუ არ შეგაწუხებთ, ცოტა ხანს აქ გავჩერდები. თან, თქვენი დახმარება დამჭირდება და, თუ ძალიან არ შეწუხდებით, პატივისცემაზე არც მე დავიხევ უკან.

– რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი, ჭამა-სმა არ მოგაკლდება და დაცვა. მოგნებითაც ვერავინ მოგაგნებს და, თუ მაინც ვინმემ ცხვირი შემოყო და თვალები შემოანათა, დასამალავსაც მოვძებნით, – გაუღიმა მიხაკომ მათეს.

– მადლობელი ვარ.

– მადლობა ბოლოს თქვი, ძამია. ახლა კი, თქვით, რით უნდა გემსახუროთ და შენი ხმალი და ჩვენი კისერი.

– თქვენგან ერთადერთი რამ მინდა ამჟამად: კარლო ფოთში უნდა დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, ვერავინ აიღოს ეჭვი, რომ მე მიცნობს. ანუ, ისევე გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდა.

– მასე იყოს, ძამია, – თქვა პირატმა, – ახლავე დავბრუნდები უკან, მაგრამ, მეტი არაფერში გჭირდები?

– ჯერჯერობით არა და, თუ დამჭირდი, აუცილებლად დაგიკავშირდები.

– მე რით გემსახურო? – ჰკითხა მათეს მიხაკომ.

– შენ, ჩემო მიხაკო, აქ უნდა იყო ორი-სამი დღე და ყურადღებით ათვალიერო გარემო, ხომ არავინ გვყავს მოჩენილი მოთვალთვალედ. მერე კი აქედან უნდა გამიყვანო და, უსაფრთხო ადგილზე რომ ვიქნები, დანიშნულების ადგილამდე თვითონ ჩავაღწევ.

– როგორც იტყვი, – თქვა მიხაკომ და ტაბლაზე მიუთითა მათეს, – ახლა კი ისაუზმე. გუშინ ლუკმის ჩადებაც არ გაცალეს და მშიერი იქნები.

პირატი მათეს და მიხაკოს გამოემშვიდობა და ფოთში გაემგზავრა. მათემ კი ისაუზმა, მიხაკოს მადლობა გადაუხადა და უთხრა:

– ბოდიშს გიხდი, მიხაკო, მაგრამ, ძალიან სერიოზული ხალხი მეძებს და, რომ გაიგონ, მმალავდი, ძალიან დიდ უსიამოვნებას გადაეყრები.

– რას იზამ, ძამია, ასეთია ჩვენი ცხოვრება, უსიამოვნებებს ვერ ასცდები.

– ჩვენ კი უნდა ავცდეთ.

– სწორედ ამიტომ ვარ აქ, ჩემო ძმაო და ნურაფერში დამზოგავ. გიმეორებ: შენი ხმალი და ჩემი კისერი.

– მიხაკო, გრიმის შოვნა თუ შეგიძლია?

– მარტო გრიმის თუ პარიკიც გინდა?

– ორივე.

– ხვალვე მოგიტან.

– ოღონდ, ისე უნდა ქნა, რომ ვერავინ შეიტყოს.

– დარდი ნუ გაქვს. ჩემი და ძველი მსახიობია და მის გრიმსა და პარიკებს წამოგიღებ. ის ახლა აღარ მუშაობს, „ბუტკაში“ ვაჭრობს, ყველაფერი სკივრში აქვს ჩაკეტილი და ვერც მიხვდება.

– კარგი, წამომიღე.

მიხაკომ შეპირებული გრიმი და პარიკები მათეს მეორე დღესვე მიუტანა და თან ტანსაცმელიც მოაყოლა. ზვიადმა, რომელიც გრიმის გაკეთებაში საკმაოდ დახელოვნებული იყო, ოსტატურად მოირგო ყველაფერი და რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა, თან, ყველაფერ ამას კოჭლობაც დაუმატა. მიხაკომ რომ შეხედა გაეცინა:

– ისე ხარ შეცვლილი, შეგიძლია, ახლავე ეჩვენო შენს მეგობრებს. თავს დავდებ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ შენ ხარ.

– ჯერ არ შეიძლება. კიდევ რამდენიმე დღე უნდა მოვიცადო აქ და, რომ დავრწმუნდები, არავინ გვაზის კუდზე, აქედან წავალ, – უთხრა მათემ მიხაკოს.

– მაგიტომ არ მითქვამს, – შეწუხდა მიხაკო, – თუ გინდა, სამუდამოდ დარჩი აქ.

– მხოლოდ რამდენიმე დღე და მეტს აღარ შეგაწუხებ. დიდი ხნით აქ დარჩენა არც შეიძლება, ისევე, როგორც სხვაგან, – თქვა მათემ, – თორემ, რაც უნდა საიმედო ადგილზე იმალებოდე, მაინც „დაიწვები“, მით უმეტეს, თუ ისეთი ხალხი „გხვოსტავს“, როგორიც ჩემი მდევრები არიან.

მიხაკო შეწუხებული იყო, ეგონა, რომ მათეს ძალიან აწყენინა. ამიტომ, თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

– სიმართლე მითხარი, ბონდო, ძამია, მართლა არაფერი გეწყინა თუ მატყუებ?

– რა უნდა მწყენოდა, არ გრცხვენია? ამხელა შარში გაყავით ხალხმა თავი ჩემ გამო და რაზეა ბაზარი?!

– კარგი, მაშინ, – გაეღიმა მიხაკოს, – რადგან მასეა, გულზე მომეშვა და „რაზვედკაზე“ წავალ. შენ კი, როგორც გაგიხარდება, ისე იყავი აქ. ძაღლები არავის შემოუშვებენ და ვერავინ შემოიპარება. თუ მოგშივდეს, საჭმელი აქაა.

მიხაკო რომ წავიდა, შუადღე სრულდებოდა. ცა საწვიმრად იყო მოქუფრული. გავიდა თუ არა მიხაკო ტყეში და წვიმაც დაიწყო. მუშტი დინჯად ზვერავდა გარემოს. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ 500 მეტრის რადიუსში ყოველი კუთხე-კუნჭული შეემოწმებინა, რასაც, მისი ვარაუდით, 3-4 საათი დასჭირდებოდა. ნახევარი საათი რომ გავიდა, რაც მიხაკო ტყეში ტრიალებდა, წვიმა ისე გაძლიერდა, რომ ხშირ ხეებშიც ატანდა და მუშტი საშინლად გაილუმპა.

„ჯობია, დავბრუნდე და დაზვერვა წვიმის მერე გავაგრძელო“, – გაიფიქრა მიხაკომ და შეტრიალება დააპირა, მაგრამ, უცებ მეწყერი დაიძრა, მუშტი ქვევით წაიღო და მიწის უზარმაზარ მასაში დაიმარხა.

***

მათე საღამომდე ელოდა მასპინძელს და, 5 საათზეც რომ არ გამოჩნდა, ნერვიულობა დაიწყო. „წვიმამ დიდი ხანია, გადაიღო. ნამდვილად რაღაც მოხდა“, – ფიქრობდა მათე, თან ქოხში ბოლთას სცემდა და დროდადრო ეზოში იყურებოდა.

შებინდდა. საღამოს 10 საათი დაიწყო, მასპინძელი კი მაინც არ ჩანდა. მათემ ნერვიულობას უმატა და ამას ისიც დაერთო, რომ მიხაკოს ოთხივე უზარმაზარი ნაგაზი ერთდროულად აყმუვლდა.

„არა, ნამდვილად რაღაც უბედურება მოხდა, – ფიქრობდა ზვიადი და მოუსვენრად მიმოდიოდა აქეთ-იქით, – ნუთუ ეს პატიოსანი კაცი დაიღუპა?

მათემ მთელი დღე ბოლთისცემაში გაატარა. ძაღლებს წამითაც არ შეუწყვეტიათ ყმუილი. უთენია კი ზვიადმა გადაწყვიტა, იქაურობას გასცლოდა. მან ქოხის კარი გააღო, ზღურბლზე დადგა და აყმუვლებულ ძაღლებს დაუწყო ყურება, რომლებსაც მისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ. ამიტომ მათემ ამით ისარგებლა, გარეთ გავიდა და ტყეს გაუყვა.

მართალია, მათეს გრიმის და პარიკის წყალობით ძალიან ჰქონდა შეცვლილი გარეგნობა, რასაც კოჭლობა და სამოსიც უწყობდა ხელს, მაგრამ მისი ასე სიარული მაინც ძალიან სახიფათო იყო, რადგან, არც გზა იცოდა და, შესაძლოა, ამერიკელ სპეცაგენტებსაც გადაყროდა... ზვიადს ფოთში, პირატთან ჩასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ტყიდან გააღწია, ტრასაზე გავიდა, კვლავ კოჭლობით განაგრძო სიარული და ერთ-ერთი სამარშრუტო მანქანის მძღოლს, რომელიც საბარგულში ტომრებს ალაგებდა, ჰკითხა:

– საით მიდიხარ, მეგობარო, რომ ეს ინვალიდი კაცი თან გამიყოლო?

– ფოთში, ძამია, გაწყობს?

– თუ არ შეწუხდები და ფულს არ მომთხოვ...

– რის ფული, დაბრძანდი, – თქვა მძღოლმა და „ინვალიდს“ ჩაჯდომაში მიეხმარა. მანქანა, რომელშიც მხოლოდ ტომრები ელაგა, ადგილიდან დაძრა და ფოთისკენ გააქანა.

– ფოთში ცხოვრობთ თუ სტუმრად მიბრძანდებით? – ჰკითხა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მათეს.

– სტუმრად მივდივარ.

– ვისთან, თუ საიდუმლო არაა?

– ჯარის მეგობართან, – იცრუა მათემ.

– ვისთან? – გაიმეორა მძღოლმა, – ფოთელი ვარ, ყველას ვიცნობ და პირდაპირ სახლში მიგიყვანთ.

აბეზარი მძღოლის დაჟინებამ მათე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ტყუილს, შესაძლოა, მძღოლის ეჭვი გამოეწვია და საქმე დაეღუპა. ამიტომ, წამით დაფიქრდა, თავში ერთი აზრი მოუვიდა და მძღოლს უთხრა:

– ბოდიში, ძამია, მაგრამ, მოგატყუე. ჯარის ამხანაგთან არ მივდივარ. ციხის მეგობარი ცხოვრობს აქ ჩემი და მომერიდა თქმა.

– ა, გასაგებია, – თქვა მძღოლმა, – მაგრამ, მოსარიდებელი რა არის? ციხეში მეც კი ვარ ნაჯდომი. გააჩნია, რისთვის მოხვდი იქ კაცი. მე, მაგალითად, ხულიგნობისთვის ჩამსვეს ორი წლით. ერთ ახვარს თავ-პირი დავალეწე ქალის შეურაცხყოფის გამო. თქვენ?

– მეც დაახლოებით ასეთ საქმეზე მაქვს ნახეხი ხუთი წელი.

– თქვენს მეგობარს? – არ ეშვებოდა მათეს მძღოლი.

– ჩემს მეგობარსაც.

– ისიც ხულიგნობაზე იჯდა?

– დიახ.

– ნახევარი ფოთი ხულიგნობაზეა ნამყოფი სროკზე. მაინც, ვინაა?

მათემ მძღოლს გაუღიმა და რაც შეეძლო, რბილად უთხრა:

– არ გეწყინოს, ძამიკო, მაგრამ, მოდი, ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩეს. ჩემი მეგობარი ცოტა სხვანაირი კაცია და მისმა ცოლ-შვილმაც კი არ იცის, რომ ნაციხარია. არ უყვარს გაბაზრება და, რომ გაიგოს მისი საიდუმლო გავთქვი, ეწყინება.

– კარგი, ძამა, – თქვა მძღოლმა და სამარშრუტო მიკროავტობუსი ფოთის ცენტრში შეაჩერა, – აქედან ნებისმიერ ადგილამდე თხუთმეტი წუთის სავალია და მიგნება არ გაგიჭირდება. მიგიყვანდი ადგილამდე, მაგრამ, მასპინძელი გაიშიფრება და იმიტომ გიჩერებ აქ.

– რას ამბობ, ძამიკო, შენი ისედაც დიდი მადლობელი ვარ, მშვიდობით! – გაუღიმა მათემ მძღოლს, გამოემშვიდობა და მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა ადგილიდან, მიკროავტობუსი თვალს რომ მიეფარა.

მათე კოჭლობით გაუყვა ფოთის ქუჩას და ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს. თან, კუნძულისკენ მიმავალ გზას იხსენებდა.

„მე მგონი, ახლა მარცხნივ უნდა გავუხვიო“, – გაიფიქრა ზვიადმა და, ის იყო, ნაცნობ მოსახვევში შეაბიჯა, რომ მისკენ მომავალი პირატი შენიშნა.

კარლო, დინჯად, მისთვის ჩვეულ რიტმში მოაბიჯებდა და, მიუხედავად იმისა, რომ მათე დაინახა, მზერაც არ შეუჩერებია მასზე. ზვიადი მიხვდა, რომ პირატმა ის ვერ იცნო და როგორც კი გაუსწორდა, გადაუჩურჩულა:

– საით, კარლო?

პირატი შეჩერდა. მათეს შეხედა და ჯერ კოპები შეკრა, შემდეგ კი გაოცებულმა ჰკითხა;

– ბონდო, შენ?!

– მე ვარ, მაგრამ, ჩუმად. ისეთი სახე მიიღე, რომ თითქოს ძველ ნაცნობს ელაპარაკები უმნიშვნელო თემაზე.

– რა მოხდა, აქ როგორ მოხვდი?

– ახლახან ჩამოვედი მიკროავტობუსით და, მგონი, ცუდადაა საქმე.

– როგორ თუ, ცუდად! მაინც, რა მოხდა?

– მიხაკო დაიკარგა. გუშინ ტყეში წავიდა დაზვერვაზე და აღარ დაბრუნებულა.

– რას ამბობ?

– ჰო, ასეა.

– კარგი. მოდი, ასე ვქნათ: მე შენ ახლა ჩემს ძმისშვილთან მიგიყვან და დაგაბინავებ, რადგან, კუნძულზე რომ წაგიყვანო, შეიძლება, ზედმეტი ყურადღება მივიპყრო და „დავიწვათ“. შემდეგ კი მიხაკოსთან წავალ და მოვძებნი.

პირატმა მათე ხუთასიოდე მეტრი ატარა და ერთ ვიწრო ქუჩაზე რომ შეუხვიეს, თითი გაიშვირა და უთხრა:

– აი, იმ მარშრუტკას ხომ ხედავ?

– კი, – მიუგო მათემ და შეცბა, რადგან სამარშრუტო ტაქსის მძღოლში ის ახალგაზრდა შეიცნო, რომელმაც ფოთში ჩამოიყვანა და აინტერესებდა, ვისთან მიდიოდა სტუმრად მისი მგზავრი.

– ჰოდა, ჩემი ძმისშვილია. ჩემს მოსვლამდე თვალის ჩინივით გაგიფრთხილდება.

– ესაა შენი ძმისშვილი?

– რა, იცნობ?

– მაგან ჩამომიყვანა ფოთში და დაჟინებით მეკითხებოდა, ვისთან მიდიხარო. ძლივს მოვიშორე თავიდან და მასთან მტოვებ?

პირატმა გულიანად გადაიხარხარა:

– ჰო, კოტიკო ცოტა ცნობისმოყვარეა, მაგრამ, ოქროა – ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოს შენახვაც იცის, საქმეც ესმის. ასე რომ, შეგიძლია, ბოლომდე ენდო.

მათე და კარლო სამარშრუტო მიკროავტობუსს მიუახლოვდნენ. ტომრების ზიდვით გართულმა მძოლმა ისინი ვერც კი შეამჩნია. პირატმა კი მათეს თვალი ჩაუკრა, ძმისშვილს მიუბრუნდა და უთხრა:

– კოტიკო, არ გრცხვენია? სტუმარი კაცი ქუჩაში დამიტოვე და შემარცხვინე?

კოტიკომ ტომრებს თავი მიანება, მათესა და ბიძამისს მიაპყრო მზერა და გაოცებულმა თქვა:

– კარლო ბიძია, არ მიმიტოვებია. პირიქით, შევთავაზე, ადგილზე მიგიყვან-მეთქი, მაგრამ, არ მითხრა, სად მიდიოდა!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3