ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-17(487)
სჭირდებათ, თუ არა ადამიანებს ერთმანეთი? ყველა დაუფიქრებლად, გიპასუხებთ რა თქმა უნდაო. მაგრამ, ცოტა დაფიქრებაც საკმარისია რომ თემა სადავო გახდეს. პრობლემა ისაა, რომ სწორედ ადამიანები უქმნიან ერთმანეთს ყველაზე დიდ და სერიოზულ პრობლემებს, თანაც ისე, დარწმუნებულნი არიან, ამას ბედისწერა აკეთებს ჩვენს ნაცვლადო. რა ქნან, არ სჯერათ. იმიტომ, რომ ფიქრი ეზარებათ?! ნურას უკაცრავად! მიზეზი სხვაა – სხვაზე გადაბრალება ურჩევნიათ. ამ შემთხვევაში, ბედზე წუწუნი უფრო ადვილია და უსაფრთხო – შეგეკამათება თუ რა! თუმცა, გაბრაზება მაინც იცის და, როცა ბედი ბრაზობს, ის დაგვცინის კიდეც. ყველაზე მწარე და ძნელად მოსათმენი კი სწორედ ბედის დაცინვაა.
***
სადილმა, ფაქტობრივად, ჩუმად ჩაიარა. ყველა ერიდებოდა, რამე ზედმეტი ეთქვა, თითქოს პირი ჰქონდათ შეკრული. თუმცა სიმშვიდე არც ერთს არ ეტყობოდა. ცალ-ცალკე ყველა წრიალებდა და სახეც შეწუხებული ჰქონდათ. ია ვახოსაც არიდებდა მზერას და ნიკუშასაც; თინიკო ცდილობდა, ქმრისკენ არ გაეხედა; ჟანი ხმადაბლა ელაპარაკებოდა ექიმს, მაგრამ მის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია დიდ სასადილო ოთახში შექმნილი გარემო. ჰაერიც თითქოს უარყოფითად დაიმუხტა და დაიძაბა. როცა დესერტი და ყავა მოიტანეს და სუფრის წევრებმა აივანზე, მოწნულ სავარძლებში გადაინაცვლეს, ლევანმა დრო იხელთა და ცოლს წასჩურჩულა:
– ახლა კარგი დროა. მომენტი ხელიდან არ გაუშვა, თორემ, ამ შანსს დაკარგავ. ისე, ვატყობ, იაც რაღაცის თქმას აპირებს. შეხედე, როგორ იყურება. აშკარად ჩანს, რომ, უნდა, ნიკუშა დაიმარტოხელოს. იცოდე, ამის საშუალება არ მისცე!
– ლევან, მომეშვი. ხომ ხედავ, რომ ისედაც ვნერვიულობ? არ შემიძლია, ახლა ვერ ვეტყვი!
– აბა, როდის ეტყვი?
– როცა ელენე კარგად იქნება. ახლა არ შემიძლია და რა ვუყო! ენა დამებმება და ვერც გავაგებინებ, რა მინდა.
– თინიკო, ნუ ბავშვობ! ელენე როდის იქნება კარგად, ჯერ არავინ იცის. ძვირფას დროს კარგავ. გეუბნები, იას შეხედე-მეთქი, – ლევანმა ცოლი აიძულა, იასკენ გაეხედა.
– რას გადამეკიდე, იამ რა უნდა უთხრას ისეთი? დარწმუნებული ვარ, მაგან მაინც იცის, რომ ნიკუშასთან ნათესაური არაფერი აკავშირებს.
– ასე დარწმუნებული ნუ იქნები, – ლევანმა ცოლს ყავის ფინჯანი გამოართვა, – გეუბნები, დროა-მეთქი!
– ლევან, თავი დამანებე, ძალიან გთხოვ!
– არავითარ შემთხვევაში! ახლა ადგები და მიხვალ. გელოდები!
თინიკომ უკმაყოფილოდ შეხედა ქმარს და მერე ნიკუშასკენ გაექცა მზერა. ნიკუშა იას უყურებდა და თითქოს უღიმოდა კიდეც. თინიკო შეყოყმანდა, მხრიდან ქმრის ხელი მოიშორა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– მირჩევნია, ცოტა დავიცადო.
– კარგი. მაშინ მე ვეტყვი.
– არა, ძალიან გთხოვ!
– რა სისულელეა. გატყობ, სიტყვის მთქმელი არ ხარ... ნიკუშა! შეიძლება ერთი წუთით?..
თინიკომ პროტესტის გამოხატვაც ვეღარ მოასწრო, ლევანმა ისე დააყენა თავზე ნიკუშა და ცოლს გამაფრთხილებლად გაუღიმა.
ნიკუშამ თინიკოს გვერდით მდგარი სავარძელი გამოსწია და დაჯდა:
– მიხარია, რომ ჩამოხვედი. რომ იტყვიან, სულზე მომისწარი.
– ჰო, ეტყობა, თინიკოს გული უგრძნობდა.
ნიკუშას მზერაში გაოცება გაკრთა. ლევანმა მაშინვე დაიჭირა ეს მომენტი და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა,
– აბა, რა! ხომ იცი, ქალებს როგორი ინტუიცია აქვთ, მით უმეტეს, როცა ახლობელ ადამიანს უჭირს.
– ლევან, თინიკოს ხმაში მუდარა გაისმა, მაგრამ მისი ქმარი გაჩუმებას არ აპირებდა.
– ნიკუშ, მოკლედ გეტყვი: ჩვენ აქ შემთხვევით არ ჩამოვსულვართ. იცი შენ ჩემი ამბავი. დროს ვგულისხმობ, რომელიც, ფაქტობრივად, არ მაქვს. მაგრამ, თინიკოს მარტო ვერ გამოვუშვებდი. მის მდგომარეობაში, ჯობდა, ფრენაზე საერთოდაც უარი ეთქვა, მაგრამ, წამოსვლაც ვერ დავუშალე.
– ლევან, საკმარისია! – ვეღარ მოითმინა თინიკომ.
ნიკუშამ დაბნეულმა შეათვალიერა ორივე:
– არაფერი მესმის...
– ჰო, დაგაბნიეთ. ვიცი, მეტის თქმის უფლება არ მაქვს, დანარჩენს თიკა მოგიყვება. თინი, ნუღარ ალოდინებ, ცოდოა, ისედაც ნერვიულობს.
ლევანმა ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა და უკვე გაცივებული ყავა მოსვა. თინიკოს სხვა გამოსავალი აღარ ქონდა – ახლა უკვე ნიკუშა არ დაანებებდა თავს, მაგრამ ქალი მაინც ყოყმანობდა.
– ნიკუშ, იქნებ პარკში გაისეირნოთ, აქ ცოტა უჭირს, – წააშველა ლევანმა და მისი ეს სიტყვები გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნიკუშა გამოერკვა:
– ჰო, რა თქმა უნდა! წამოდი, თიკა.
ლევანმა პარკისკენ მიმავალ წყვილს თავდაჯერებული, გამარჯვებული კაცის ღიმილით გახედა, სავარძელში უფრო მოხერხებულად მოეწყო და სიგარეტს მოუკიდა.
– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა ვახომ და საავდროდ მოიქუფრა.
– ვერ გავიგე?! – ჩაიცინა ლევანმა.
– რა ვერ გაიგე, ბიჭო! – ვახომ ხმას აუწია, მაგრამ იამ მაშინვე მკლავში სტაცა ხელი:
– შენ შემოგევლე, ოღონდ არ იჩხუბოთ. სირცხვილია, ექიმი და ჟანი აქეთ იხედებიან. რას იფიქრებს ეს ხალხი!
– ამდენი რომ არ ესმის შენს ძვირფას ძმაკაცს, იაკო, საყვარელო?! ჯერ იყო და, თბილისშივე გადაირია. მერე მთელი გზა მიბღვერდა ბუღასავით. გავიგე, რომ ცოფდები, აქ რომ მხედავ, მაგრამ, სიტუაციასთან შეგუება მოგიწევს. ნიკუშა ისეთივე ძმაკაცია ჩემი, როგორიც შენი.
აი, მაგის გამოა, ცხვირპირს რომ არ გილურჯებ ცემით. ვიცი, რაც ჩაიფიქრე, მაგრამ, არაფერი გამოგივა. აქ შენი გეგმების ჩასაშლელად ჩამოვედი. იას არ დაგაჩაგვრინებ, არც შენ და არც არავის სხვას.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– მერე, ვინ აპირებს ჩვენი საყვარელი იაკოს დაჩაგვრას. მე?! რანაირად? ვახო, შენ სერიოზული პრობლემები გაქვს. იფიქრე ამაზე.
– მე ვიცი, პრობლემები ვისაც აქვს. მაგრამ, უკვე გითხარი – არ გაგაკეთებინებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა, არ გამოვა ეგ თამაში. თინიკოსაც რომ სვრი ამ სიბინძურეში, ეგ კიდევ უფრო მაცოფებს. ასე როგორ დაკარგე სინდისი?
– რას ბოდავ, შენ მართლა ხომ არ აურიე, თინიკოსგან რაღა გინდა?
– ის მინდა, რომ მაგასაც ატყუებ. საკუთარ კეთილდღეობას ყველას და ყველაფერს სწირავ. შენი ჩასვრილი საქმე, ნიკუშას გინდა, შეტენო, თანაც, ცოლის ხელით, ეს უზნეობის საზღვარსაც სცილდება. მე თინიკოს ინტერესებსაც დავიცავ, მეცოდება ეგ გოგო შენს ხელში. ნამდვილად მეტს იმსახურებს!
– ეი, ზნეობის დამცველო, ერთი მეც მომისმინე! ხომ ხედავ, არ გაგაწყვეტინე – მაინტერესებდა, რას იტყოდი. რა ჩასვრილი საქმეო, ან ვის რას „ვტენი“, არ შეგიძლია გასაგებად ილაპარაკო? რას ბჟუტურებ და ბოდავ. რას მერჩი. ერთი შემთხვევა შემახსენე ისეთი, შენთვის მეწყენინებინოს. გაგიჟდი, თუ რა დაგემართა?
– სრულ ჭკუაზე ვარ. შემთხვევას კი რამდენსაც გინდა, იმდენს გავიხსენებ, მაგრამ, აზრი არა აქვს და, რადგან არ გესმის, პირდაპირ გეტყვი: ის გოგო, ნატუკა, შენგან არის ფეხმძიმედ! – ვახომ თვალებში შეხედა ლევანს და ისიც წამოხტა.
იამ ხელები გაასავსავა:
– გეყოფათ, არ გამაგიჟოთ! ვახო, ახლავე გაჩუმდი! ლევან, შენც დაჯექი! ჩემი ბრალია. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, არ ვუნდივარ ამ კაცს და რას ვეძალები!
– ია, შენ ნუ ერევი! – წარბი შეიკრა ვახომ.
– რას ნიშნავს ნუ ვერევი! რისთვის წამომიყვანე? – იას თვალები აუცრემლდა.
– რისთვის წამოგიყვანა? – დაინტერესდა ლევანი.
– ნიკუშასთან უნდა შეგარიგო, ვიცი, რომ ჩუმად ისევ უყვარხარ და ამ კახპას არ მოვატყუებინებ. დაწმუნებული ვარ, ლევანისაგან არის ფეხმძიმედ და არა ნიკუშასგანო.
– ია, არ გინდა, ანგარიშს ნუ აბარებ!
– რატომ? განაგრძე ია. ძალიან საინტერესოა! – ლევანმა ნაძალადევი ღიმილით აათამაშა ხელში ძვირფასი სანთებელა.
– ისე ნუ იქცევი, თითქოს პირველად ისმენდე საკუთარი გეგმის ამბავს, მიამიტი კაცის როლი არ გიხდება. მე მაინც ვერ მომატყუებ, იმდენი წელია, გიცნობ. თუმცა, შენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოახერხე და გამაოცე. თინიკოსაც ყველაფერს ვეტყვი, დარწმუნებული ბრძანდებოდე.
– ჩემს ცოლს თავი დაანებე და ჩემი ოჯახის საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ, მით უმეტეს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება. თვალებს ნუ მიბრიალებ! დაჯექი და გეტყვი, რატომაც ჩამოვედით მე და თიკო. ჯერ არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, ვატყობ, სხვანაირად შენგან თავს ვერ დავიხსნი. მე ჯანდაბას, მაგრამ, ვერ დავუშვებ, თინიკო ანერვიულო და გამიგიჟო.
– მე უნდა გაგიგიჟო?
– დიახ. ია რომ უკვე გადარიე, ვხედავ.
– ბიჭებო, გეყოფათ, სირცხვილია, – იამ ჯერ ვახოს შეხედა მუდარით და მერე ლევანისკენ გაიწოდა ხელები.
– ია, შენ ნუ ერევი-მეთქი! ვახომ ძალიან შორს შეტოპა და ჭკუა უნდა ვასწავლო!
– წესიერად მელაპარაკე, თორემ, გაგახსენებ, ვის ასწავლიდნენ ხოლმე ჭკუას არცთუ შორეულ წარსულში. ხომ არ გგონია, შენი მინისტრობა შემაშინებს? არც ბატონი გრაფის მომერიდება და ერთი კარგად დაგნაყავ.
– შენ ყოველთვის მუშტებზე იყურებოდი. პრობლემა რომ სხვა გზით მოაგვარო, ამისთვის გონება არ გყოფნის.
– რას მელაპარაკები? შენ ხომ გყოფნის გონება, ობობასავით ქსელი რომ გააბა. ახლა რაღა მოიგონე? შენ ხომ ინტრიგების დიდოსტატი ხარ. მთავრობაშიც, ეტყობა, მაგისთვის გაჩერებენ.
– რა უნდა გითხრა. სულ გააფრინე. გეუბნები, ჩვენს აქ ჩამოსვლას, არანაირი კავშირი არა აქვს ნატუკას ორსულობასთან.
– როგორ არა, შენ თუ დაგიჯერე! – ირონიულად ჩაიცინა ვახომ.
– გირჩევნია, დამიჯერო, თორემ, მერე შეგრცხვება.
– გადავიტან როგორმე.
– როგორ არ გრცხვენიათ! არ შეგიძლიათ, ერთმანეთი არ გალანძღოთ და ისე ილაპარაკოთ? მაგრამ, ყველანი ერთნაირები ხართ. მე არ ვიცი, რას ელაპარაკება თიკა ნიკუშას, მაგრამ, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ მე აქ არ უნდა ჩამოვსულიყავი, არ არის აქ ჩემი ადგილი. თქვენ რაც გინდათ ის ქენით, მე კი აეროპორტში წამიყვანეთ, ან ტაქსი გამომიძახეთ და გზას თავად გავიგნებ.
– ია, არ გინდა, ცოტა ხნით ეზოში გაისეირნო? ათი წუთიც არ დამჭირდება, რომ ამ ვაჟბატონთან ურთიერთობა გავარკვიო. რადგან მე წამოგიყვანე, შენზე პასუხისმგებლობაც მე ავიღე და ამიტომ ფეხს ვერ მოიცვლი აქედან! – შეუბღვირა ვახომ გაწიწმატებულ ქალს.
– ათი წუთი ბევრია, – დასცინა ლევანმა, – ჩვენი ურთიერთობა უკვე გარკვეულია. ამ ბოლო დროს ცუდად დაგჩემდა, სულ სხვის საქმეში ეჩრები.
– აბა, შენსავით სხვისი მილიონების მითვისებაზე ხომ არ ვიჩალიჩებ!
– იდიოტი ხარ! – გამოსცრა ლევანმა.
– მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? „იდიოტო“ და, მორჩა?! რატომ არ მეუბნები რომ არ გინდა, მოწმე გყავდეს, ვინმე ნახოს, ამ საწყალ ნიკუშას როგორ გაასულელებ? იმ გოგოსთან რომანიც ხომ შენ გაუჩალიჩე?
– ვახო, ახლა მოკეტე, თორემ ჩემი მოთმინების ფიალა უკვე აივსო. აივსო და გადმოვიდა კიდეც. გეუბნები, შეგრცხვება შენი სიტყვების. ცოტა ხანს მაცადე, და გეტყვი, ვინ არის ჩემთვის ნიკუშა.
ვახომ წაუსტვინა:
– არ მითხრა, ერთი დედის შვილები ვართო, თორემ, მაშინ კი ზუსტად ვიტყვი, რომ საბოლოოდ გაუბერე.
– მე არა, მაგრამ... – ლევანმა სიგარეტს მოუკიდა.
– ხომ გეუბნები, ახალ-ახალ ინტრიგებს ხლართავ-მეთქი. ია, ახლა მოისმენ ნიკუშასა და ლევანის შესაძლო სისხლით ნათესაობის უახლეს ვერსიას.
– მოკეტე, რა, თორემ არაფერს ვიტყვი.
– ვერ იტყვი. იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი გაქვს, აბსოლუტურად არაფერი. რამდენი წელია, ვმეგობრობთ? ძალიან, ძალიან ბევრი, ხომ? და, ამდენ ხანს მალავდი, არა?! ეგ ზღაპრები, შენს მოადგილეებს მოუყევი. ხომ გყავს? – მე ნუ მაბოლებ!..
ლევანმა ხელი ჩაიქნია და იას მიუბრუნდა:
– ამას ვერაფერს ვაგებინებ და, შენ მაინც მომისმინე.
იამ თავი გააქნია:
– არაფრის მოსმენა არ მინდა, მარტო ერთი სურვილი მაქვს როგორმე ტაქსი გამოვიძახო და აეროპორტამდე მივაღწიო. აღარ მაინტერესებს არც თქვენი და არც ნიკუშას ამბავი. მირჩევნია, საერთოდ აღარფერი ვიცოდე თქვენ შესახებ. წავალ და, შევეცდები, სამუდამოდ დაგივიწყოთ. იმ დღეს ვწყევლი, როცა პირველად გაგიცანით. შიზოფრენიით დაავადებული ოთხი მამრი და მათზე ჩამოკიდებული მაზოხისტი მდედრი... საშინელებაა!
– ია, გეყოფა! აქ ისტერიკას ნუ მოაწყობ, შენ მაინც ხომ შეგიძლია, გაჩუმდე და მომისმინო? – ლევანმა იას მაჯაში მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეაჯანჯღარა.
– თავი დამანებე! – მისგან თავის დახსნა სცადა იამ. ვახოც მაშინვე გაიქაჩა მის საშველად, მაგრამ ლევანმა თავადვე გაუშვა ხელი და სინანულით ჩაილაპარაკა: ასეთი რა დაგვემართა, რომ ერთმანეთის ნდობა დავკარგეთ? ნუ გეშინია, არ შეგჭამ!..
– საკუთარ თავს ჰკითხე. – ვახომ მხარზე მოხვია იას ხელი – შენ დაგემართა რაღაც და მე გეტყვი, რაც.
– ორი მილიონი აღარ ახსენო, თორემ, ეგ იქნება ის ბოლო წვეთი, ჩემი მოთმინების ფიალას რომ აკლია...
– ნუ მაშინებ. არც სულელი არ ვარ და არც ბრმა. კარგად ვხედავ, რაც იმ ნახატის ამბავი გაიგე, იმის მერე შეიცვალე. იმასაც კი ვეჭვობ, რომ შენ ნიკუშაზე გაცილებით ადრე იცოდი, დედამისს მილიონებად ღირებული ნახატი რომ ჰქონდა.
ლევანმა ამოიოხრა:
– სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. გავჩუმდები და დაველოდები, პარკიდან როდის დაბრუნდებიან. არ მინდა, ისეთი შეცდომა დავუშვა, რომელსაც მერე ვეღარ გამოვასწორებ.
– შენ უკვე იმდენი შეცდომა დაუშვი, რომ ამ ერთსაც გადაიტან როგორმე, – ვახო გაჩუმებას არ აპირებდა, მაგრამ ლევანმა უპასუხოდ დატოვა მისი გამოწვევა. სიგარეტს მოუკიდა და ნელი ნაბიჯით გრაფისკენ გაემართა, რომელმაც ექიმი გააცილა და უკან ბრუნდებოდა. ვახომ იას გამამხნევებლად გაუღიმა:
– შენ არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება!
– ჰმ, შენ თავადაც არ გჯერა მაგ სიტყვების.
– რატომაც არა, მჯერა! – იხტიბარი არ გაიტეხა ვახომ, – ლევანს რას უსმენ, დაბოღმილია და აღარ იცის, ვისზე გადმოანთხიოს თავისი ბოღმა. ხუმრობა ხომ არ არის, ორი მილიონი ეცლება ბიჭს ხელიდან!
იამ თავი გადააქნია:
– რაღაც არ მჯერა მაგის. რა შუაშია ლევანი მაგ ფულთან? ისე, ლევანმა მართალი თქვა. რაღაც დაგვემართა, რაღაც ძალიან ცუდი. მეგონა, ჩვენ ეს საშინელება არასოდეს დაგვემართებოდა.
– რას გულისხმობ?
– იცი, რასაც ვგულისხმობ – ჩვენს მეგობრობას. ცოტაღა გვაკლია, რომ ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ვიქცეთ.
– ამას ნუ ამბობ. ვეჩხუბები ლევანს, მაგრამ, არ მძულს, პირქუშად ჩაილაპარაკა ვახომ.
– გეტყობა! ლამის დახოცეთ ერთმანეთი. მე რომ არ ვყოფილიყავი და გრაფის არ მოგრიდებოდათ, ყელში სწვდებოდით ერთმანეთს.
– არც ასეა საქმე. უბრალოდ, ურთიერთობა უნდა გაგვერკვია.
– მერე, გაარკვიეთ? ვახო, თავს ნუ იტყუებ, რა, მეც ნუ მატყუებ. სანამ დროა, აეროპორტში წავიდეთ და თბილისში დავბრუნდეთ.
– სანამ შენ ნიკუშას არ დაელაპარაკები, აქედან არსად წავალთ.
– ნიკუშას მე არ ვჭირდები. უკვე ელაპარაკება თიკა.
– რა შუაშია თიკა? ფეხებზე მკიდია, რაზე ლაპარაკობენ. შენ სხვა რამე გაქვს სათქმელი და მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
იამ წყენით შეხედა მეგობარს.
– რა გინდა ჩემგან? – ჰკითხა საცოდავად, იცი, როგორ დავიღალე? თან, დავიტანჯე კიდეც. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს. წამიყვანე, რა, აქედან, ძალიან გთხოვ!
– არა! – მკაცრად მოუჭრა ვახომ.
– რა გინდა ჩემგან? – წაისლუკუნა იამ.
– შენი ბედნიერება, სხვა რა უნდა მინდოდეს! – გაუღიმა ვახომ და ლოყაზე აკოცა.
ლევანი ცდილობდა ხმისთვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა. იცოდა, გრაფი არ იყო ის ადამიანი, ვისთან თამაშიც შეიძლებოდა ან ადვილად გამოუვიდოდა. ამიტომ, ყველა სიტყვას წონიდა:
– რა საშინელებაა! კიდევ ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო! დარწმუნებული ვარ, პირველად არ იჯდა ცხენზე.
გრაფმა თავი დაუქნია:
– არა, რა თქმა უნდა! ელენე არაჩვეულებრივი მხედარია, არასდროს მეშინოდა მისი ცხენით სეირნობის, მაგრამ, გაუხედნავ ცხენზე შეჯდა.
ლევანმა გაოცებით გაშალა ხელები:
– შეეშალა?
– არა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ელენე ფეხზე არ ადგება.
ლევანი შეყოყმანდა:
– რა შანსები აქვს?
– ამას დანამდვილებით ექიმიც ვერ ამბობს, უნდა დაველოდოთ.
– ჰო, მესმის... წარმომიდგენია, როგორ განიცდით. ელენე ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი ადამიანია, იმაზე მეტად ძვირფასიც კი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მალე მიხვდებით, ამას რატომაც ვამბობ.
გრაფმა ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო და ლევანმა სწრაფად დაუმატა:
– მე ახლა ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ნიკუშა ყველაფერს აგიხსნით. რაღაც ისეთი გაირკვა, რომ ბევრი რამე შეიცვლება. მაგრამ, მე არ მაქვს უფლება, სხვისი საიდუმლო გავამხილო. – მერე ცოტა შეყოყმანდა და მორიდებით განაგრძო, – ალბათ, ახლა ამისთვის შეუფერებელი დროა, მაგრამ, არ შემიძლია, არ გკითხოთ: თქვენს ბინაში მომხდარ ძარცვას ელენეს დამტვრევასთან ხომ არ აქვს კავშირი?
გრაფს სახეზე ჩრდილმა გადაუარა:
– რა კავშირი უნდა ჰქონდეს? თანაც, „ძარცვა“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მხოლოდ ერთი ნახატი დაიკარგა.
– ნახატი, რომელიც ორი მილიონი დოლარი ღირს...
– სიმართლე გითხრათ, მე მისი ღირებულება არასოდეს მაინტერესებდა.
– მჯერა, მაგრამ, ამით ხომ თავად ფაქტი არ იცვლება. ალბათ, გამოძიებას უკვე აქვს რაღაც ვერსია.
– ლევან, ძალიან დიდ პატივს გცემთ, როგორც ნიკუშას მეგობარს, მაგრამ, ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე საერთოდ არ მაინტერესებს იმ ნახატის ბედი და გამომძიებელსაც სწორედ ეს ვუთხარი. ჩემი ცოლი იმ მილიონებზე გაცილებით მეტი მიღირს და, სანამ ის კარგად არ იქნება, კიდევ ერთი ძარცვაც რომ მოხდეს, მაინც არ ვინაღვლებ. თქვენი მეუღლე ნიკუშას გაჰყვა?
– დიახ. ხომ გითხარით, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაილაპარაკონ, – წყენით თქვა ლევანმა.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა გრაფმა, – მე მაშინვე მივხვდი, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი ამბის გამო ჩამოხვედით. თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. ელენესთან უნდა ავიდე და ვნახო, როგორ არის. დროდადრო გონზე მოდის და, უმჯობესია, თუ ასეთ წუთებში მის გვერდით მე ვიქნები. ჩემი მსახურთუფროსი თქვენს განკარგულებაშია. თუ რამე დაგჭირდებათ, მას უთხარით. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, – გრაფმა თავაზიანად დაუკრა თავი ლევანს და ჩქარი ნაბიჯით გაშორდა.
ლევანი ერთხანს თავდახრილი იდგა და რაღაცას ფიქრობდა, მერე ჩაეცინა:
– კარგი ამბავია... ეს რა საინტერესო რაღაც გავიგე... ქალბატონი ელენე არც ისეთი სულელია, გაუხედნავ ცხენზე შემჯდარიყო. თავსაც არ მოიკლავდა. ასეთ ქალებს აშკარად არ აქვთ სუიციდისკენ მიდრეკილება. მით უმეტეს ახლა, როცა შვილიც გვერდით ჰყავდა, თვითმკვლელობაზე რატომ უნდა ეფიქრა? აქ რაღაც ისე არ არის. ბატონი გრაფიც ძალიან საეჭვოდ აფორიაქდა, როცა დაკარგულ ნახატზე დავუწყე ლაპარაკი. იქნებ, სწორედ ის ხდება, რაც ერთხელ ვახოს შემთხვევით წამოსცდა – გვარიშვილობისა და დახვეწილი მანერების მიღმა, შეიძლება, მკვლელი იმალებოდეს. რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ბატონი ჟანის თავაზიანობა მხოლოდ ნიღაბია და მეტი არაფერი?! ახალგაზრდა მამინაცვალი და თითქმის მისი ასაკის გერი, თანაც – ერთადერთი მემკვიდრე... სასახლე ბევრს არაფერს ნიშნავს. უნდა გავიგო, ბატონი გრაფი აზარტული თამაშებით ხომ არ არის გატაცებული... არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გამომძიებლის ნახვასაც რომ შევძლებდე, კარგი იქნებოდა. ექიმთან დალაპარაკების საშუალება კი კიდევ მექნება... ისიც საინტერესოა, საავადმყოფოში რატომ არ გადაიყვანეს და ასეთ სერიოზულ პაციენტს სახლში რატომ მკურნალობენ. მგონი, ნიკუშას მეც სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო.
ნიკუშა ხელისგულებში თავჩარგული იჯდა:
– არ მჯერა, ვერაფრით დავიჯერებ... ეს, ეს... შეუძლებელია!..
– მე ვიცი, რას განიცდი ახლა. იმიტომ, რომ მეც დიდხანს ვერ გამოვედი შოკიდან. დამიჯერე, იმაზეც ბევრი ვიფიქრე, საერთოდ უნდა მეთქვა თუ არა შენთვის ეს ამბავი... მერე ლევანმა დამარწმუნა, რომ უფლება არ მქონდა, დამემალა და წამოვედით... – თიკამ გაუბედავად შეახო მხარზე ხელი.
– ნიკუშ, იცი? შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ, შენ მიმართ ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული გრძნობა, რომელსაც ახსნას ვერ ვუძებნიდი... გახსოვს, ერთხელ მოვედი კიდეც შენთან.
– მახსოვს. სიმართლე გითხრა, მაშინ მაგრად დამაბნიე და დამაფიქრე. უკვე იცოდი?
– არა, მაგრამ ვიცოდი მამაჩემისა და დედაშენის ურთიერთობის ამბავი. მაპატიე, რა. ვიცი, რომ შენთვის ამის მოსმენა ძალიან ძნელია, მაგრამ, არც ჩემთვის არის ადვილი, მით უმეტეს – ახლა.
ნიკუშამ ორივე ხელი თმაში იტაცა და დაიგმინა.
– თიკა, გემუდარები, ცოტა ხანს გაჩუმდი! ეს ყველაფერი როგორმე უნდა გადავხარშო. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რამდენი ხანია, მინდა იმ ადამიანის ვინაობის გაგება, ვინც ჩემი ოჯახი დაანგრია – ჩემი ცხოვრებაც ხომ ამის მერე დადგა თავდაყირა.
– ამას ნუ ამბობ. ჩვენი მშობლების წარსულმა ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
ნიკუშას მწარედ გაეცინა:
– გჯერა იმის, რასაც ამბობ? სწორედ ეგ წარსული განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელობას. ვერ ხვდები თუ არ გინდა, მიხვდე? წარსულისგან გათავისუფლება ან გაქცევა შეუძლებელია. მე ეს ვცადე, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ, ჩემი მცდელობა ყოველ ჯერზე მარცხით დასრულდა. როცა ოდნავ დავმშვიდდი და ვთქვი, რომ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებდი, ბედმა ისევ დამცინა: ახლა გავიგე, რომ და მყოლია, რომ ჩემი საუკეთესო ძმაკაცი ჩემი სიძეა... მისი სიმამრი კი, დედაჩემის საყვარელი... ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს და ვერც მე გავუძლებ...
თინიკო გვერდით მიუჯდა ნიკუშას და თავი მხარზე დაადო:
– ყოველთვის მინდოდა, ძმა მყოლოდა...
– თიკა, არ გინდა! ხომ გითხარი, ეს ყველაფერი ჯერ უნდა გადავხარშო-მეთქი!..
– შენ ჩემზე გაცილებით უკეთ გაქვს საქმე. ის მაინც იცი, რომ მამაშენი ნამდვილად მამაშენი იყო, დედაშენი კი – ნამდვილად დედაშენი. მე კი მამაჩემის გაცნობაც ვერ მოვასწარი. სამწუხაროდ, ვერც ვერასოდეს გავიცნობ. მომიყევი, როგორი იყო...
– არ შემიძლია. არც მინდა. ბატონი ზურაბი, რომელთან ერთადაც ჭიქა ამიწევია, რომელსაც პატივს ვცემდი, როგორც ჩემი ძმაკაცის სიმამრს... ეს ბატონი ზურაბი, ყოველთვის მეგობრულად რომ მიღიმოდა... მან ხომ ყოველთვის იცოდა, ვინ იყო მამაჩემის ინფარქტის მიზეზი?! რომ იცოდე, როგორ მძულს... დედაჩემი კი... დედაჩემი... – ნიკუშამ სიტყვა ვეღარ დაასრულა.
თიკა ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე ხამადაბლა ჩაილაპარაკა:
– შენ რომ დედაშენზე ხარ გაბრაზებული და იმ სიყვარულს ვერ პატიობ, რაც მას გათხოვებამდე ჰქონდა, მაშინ, მე რაღა უნდა ვთქვა დედაჩემზე, ცხოვრების თითქმის ნახევარი ტყუილში რომ გამატარებინა?! წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა. სიყვარულით ჩადენილი ცოდვის პატიება კიდევ შეიძლება, მაგრამ, დედაჩემის შემთხვევაში, მე ამის თქმაც არ შემიძლია. ვერაფრით გავამართლებ, თუმცა, მაინც არ შემიძლია, განვიკითხო. ყველა ადამიანს აქვს არჩევნის უფლება, ყველა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე.
– მათმა არჩევანმა მე ცხოვრება დამინგრია. – ნიკუშამ სახე ორივე ხელით მოისრისა და თინიკოს შეხედა, – შენი ნაამბობი ბოლო წვეთი იყო. აქამდე მხოლოდ დედაჩემზე ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ, ახლა ისიც არ ვიცი, ის უფროა დამნაშავე თუ მამაჩემი!
– მამაჩვენი ნიკუშა, მამაჩვენი და, ნუ დავუწყებთ ძებნას დამნაშავეს, დამიჯერე, არ ღირს. მათმა „დანაშაულმა“ ჩვენ ერთმანეთი გვაპოვნინა და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიო.
– მე რომ იგივეს თქმა არ შემიძლია?! ბოღმა მიპყრობს და ვერაფრით ვთავისუფლდები მისგან. ვერც ჩვენი დაძმობა წარმომიდგენია.
– რატომ? რატომ ვერ წარმოგიდგენია? – თინიკოს ხმა აუთრთოლდა. .
ნიკუშამ თავი გააქნია:
– არ ვიცი, შეიძლება, ძალიან ეგოისტი ვარ. შეიძლება – სულელი, მაგრამ, რასაც ამწუთში ვგრძნობ, ის არის, რომ მთელ სამყაროზე ვარ გაბრაზებული.
– ჩემზეც? – თიკამ ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლით სველი ღაწვები.
ნიკუშამ არ უპასუხა.
– გასაგებია... არ უნდა მომეყოლა. ჩემს ინტუიციას არ უღალატია. ბოღმით ცხოვრება ძალიან ძნელია, გაგიჭირდება, მით უმეტეს – მარტოს. მე შენგან არაფერს ვითხოვ, აბსოლუტურად არაფერს.
– ეგ რა შუაშია? ნიკუშამ უხერხულობა იგრძნო.
– ალბათ, შუაშია. დედაჩემმა გამაფრთხილა, რომ შენ შენებურ ახსნას მოუძებნიდი ამ ამბავს. ის ნახატი ხომ მამაჩემმა აჩუქა დედაშენს.
ნიკუშამ თავი ასწია.
– ჰო, ზურაბმა აჩუქა, დედაჩემმა მითხრა. ალბათ, ერთად გატარებული დღეების მოსაგონრად.
– თინიკო, ძალიან გთხოვ, გაჩუმდი, თავი მისკდება! ღმერთო, რა დავაშავე, ეს ჯოჯოხეთი აღარ უნდა დამთავრდეს?
– ჩვენ შეგვიძლია, დავამთავროთ.
– რანაირად?
– ამ ტრაგიკომედიის მთავარი გმირებიდან სამი ჯერ ისევ ცოცხალია და მათ ყველაფერი ახსოვთ.
– დედაჩემი ამ ეტაპზე გამონაკლისია, თუმცა, ამით ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე დაუბრუნდება საღად აზროვნების უნარი და ისიც გაიგებს, რომ ქმარმა უღალატა. ბატონმა ზურაბმა იცის?
– არ ვიცი, არ მგონია. ვეჭვობ, დედაჩემს გამბედაობა ჰყოფნოდა სიმართლის მოსაყოლად. ყოველთვის ძალიან ჩუმი და მორიდებული იყო.
– ჰმ, რა უცნაური კდემამოსილებაა! იმისთვის ხომ ეყო გამბედაობა, უცხო კაცს ლოგინში ჩასწოლოდა და მისგან შვილი გაეჩინა?
– დედაჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ! გაამწარა და სამაგიერო გადაუხადა. მითხრა, მთელი ცხოვრება ის ქალი უყვარდა და მე ამას ყოველთვის ვგრძნობდიო.
– შურისძიების სურვილი დაღუპავს კაცობრიობას. ერთი მსხვერპლი მე ვარ.
– ნუ მაფიქრებინებ, რომ მართლა ეგოისტი ხარ. მე კი, რაც ეს ამბავი გავიგე, მას შემდეგ ბედნიერი დავდივარ. შენგან მართლა არაფერს ვითხოვ და არც არაფერს მოვითხოვ. ის ნახატიც არაფერში მჭირდება.
– თიკა, რას ამბობ, რა შუაშია ნახატი? ის მეც არაფერში მჭირდება. მით უმეტეს, რომ მოიპარეს და არავინ იცის, იპოვიან თუ არა. მაგრამ, გულახდილად გეტყვი, ეს ამბავი ფეხებზე მკიდია. არც ის მაინტერესებს, ვინ მოიპარა.
– სამაგიეროდ, მე მაინტერესებს და რაღაც ვერსიაც მაქვს! – ამ სიტყვების გაგონებაზე ნიკუშა შემოტრიალდა და ლევანი დაინახა, – ჰო, მაქვს ვერსია და ვერ მოვითმენდი, შენთვის რომ არ მეთქვა. შეიძლება, ამაზე დედაშენის სიცოცხლეც იყოს დამოკიდებული, – თქვა ლევანმა და მათ გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში