როგორ გამოააშკარავა „კაგებემ“ თბილისში მოქმედი ექიმთა დანაშაულებრივი ჯგუფი
ოცდახუთიოდე წლის ქერათმიანმა გოგონამ ჩვეული მოძრაობით გახადა ხალათი შუახნის, მელოტ მამაკაცს, რომელსაც უკიდურესი დაღლილობა აღბეჭდვოდა წითურ სახეზე. ხელთათმანები თავადვე გაიძრო და პირსაბანისკენ გაემართა.
– დაიღალა ჩემი რიჟიკი, – კეკლუცად ჩაილაპარაკა ქერათმიანმა გოგონამ და მამაკაცს მარჯვენა ხელი ჩამოუსვა შიშველ ზურგზე.
– ტიტიკო, როდის წავალთ „ჩერნამორსკი“ კრუიზში? – უფრო მეტი სიკეკლუცით წარმოთქვა ქერათმიანმა და ბეჭებშუა დახატულ ტატუზე აკოცა. მამაკაცს იალქნიანი ნავი ეხატა ზურგზე და ბეჭების მოძრაობით ისეთი ილუზია იქმნებოდა, თითქოს ეს ნავი წყალზე მისრიალებდა.
– ბიჭებს უთხარი, მაყალი აანთონ და ხორცი შეწვან, შენ კი აქ ყველაფერი მორეცხე და დაასუფთავე. მე მანამდე დავისვენებ და, როცა ყველაფერი მზად იქნება, „მუხამბაზში“ წაგიყვან, – საკმაოდ მკაფიო და მკაცრი განკარგულება გასცა წითურმა და პირსახოცს დასწვდა.
– მართლა ოქროს ხელები გაქვს, შენს საქმეში ვერავინ შეგედრება, მაგრამ, გულქვა ხარ და ცივსისხლიანი, – ჩაილაპარაკა ქალმა და კარისკენ გაემართა.
– შენ ხომ, რას ამბობ – ციდან მოწყვეტილი ანგელოზი ხარ და ჯერ ჭიანჭველაც არ გაგისრესია, – არ დააყოვნა პასუხი წითურმა.
***
ორმა კუნთმაგარმა კაცმა გორგოლაჭიანი საკაციდან თავმოკრული ჯვალოს ტომარა ჩამოიღო და უზარმაზარ ელექტროღუმელში შეჩურთა. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ღუმელის მასიური კარი ჩაკეტა, მეორემ კი ის მაქსიმალურ ტემპერატურაზე დააყენა და ჩამრთავ ღილაკს თითი დააჭირა.
– ათიოდე წუთში, სანამ ამას ჩავკლავ, მზად იქნება, – ჩაილაპარაკა მან და სიგარეტი გააბოლა.
მათხოვარი
შებინდდა. ქაშუეთის ეკლესიის კარი დაკეტეს, იქ მსხდომი მათხოვრები კი წავიდ-წამოვიდნენ.
ხუთი დღის წინათ, მათ რიგებს ორმოცდაათიოდე წლის მაღალი, წვერგაბურძგნილი, ხუჭუჭთმიანი მამაკაცი შეემატა. მას ფეხებზე მოწითალო ფერის, ლაკგადასმული „ინსპექტორები“ ეცვა, ტანზე – ნაცრისფერი „ბუტილკა“ შარვალი და ამოკემსილი, ოდესღაც შავი, გახუნებული პერანგი ემოსა, თავზე კი თვალებამდე ჩამოფხატული ჭრელი ქუდი ეხურა. ის ოდნავ მოშორებით დადგა, ავტობუსების გაჩერების კუთხეში და იქ მათხოვრობდა.
– როგორც კი გაგვისწორდება, დავითრევთ, – გააფრთხილა „ვილისის“ მძღოლმა თავისი ორი თანამგზავრი, რომლებიც უკანა სავარძელზე ისხდნენ. მანქანა ალექსანდროვის ქვედა ბაღის ზემოთა, მარჯვენა კუთხეში იყო გაჩერებული.
ახალბედა მათხოვარმა სამანქანო გზა გადაკვეთა და ქვედა ბაღის კიბეებისკენ გაემართა. როდესაც ის „ვილისს“ გაუსწორდა, კისრის არეში უძლიერესი დარტყმა იგრძნო და სანამ გონებას დაკარგავდა, მანამდე შეაგდეს მანქანაში.
– ტიტე ბატონო, მოვიყვანეთ, – ჩურჩულით მოახსენა პროფესორ სოტკილავას ულვაშიანმა მამაკაცმა, რომელიც „ვილისის“ გასაღებს ატრიალებდა ხელში.
– ხომ არავინ დაგინახათ? – იკითხა პროფესორმა და შიშველი, სვირინგიანი ზურგი მოიფხანა. შემდეგ მაისური გადაიცვა და ულვაშიანთან ერთად ოთახიდან გავიდა.
– სწორედ ისაა. მაგას მე მაშინვე დავადგი თვალი. გავსინჯავ. ეტყობა, რომ ჯანმრთელია და, თუ ანალიზებიც სუფთა ექნება, სამ-ოთხ დღეში საქმეს მივხედავთ, – პროფესორი ყურადღებით ათვალიერებდა პირდახშობილ და ხელფეხგაკოჭილ მამაკაცს, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, სად იმყოფებოდა, ან რა უნდოდათ მისგან.
– სტაციონარში ჩაიყვანეთ, დააწვინეთ და გამოსაკვლევად მოამზადეთ. ოღონდ, ფრთხილად, არაფერი დაუზიანოთ! არჯევან, უპირველესად, შენ გეხება ეს, – მიუბრუნდა სოტკილავა ვერცხლისკბილებიან მამაკაცს, რომელსაც თავის სიმაღლესთან შედარებით უსაშველოდ გრძელი ხელები ჰქონდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ძველი მოკრივე იყო, – ამის წინის წინას ორი ნეკნი ჰქონდა გატეხილი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. ცოტა ფაქიზად მოეპყარით ამ ხალხს. კიტრები ხომ არ არიან, რომ ბოსტანში ვკრიფოთ!
– იმან ცხვირზე მიკბინა და კინაღამ მომაჭამა, ტიტე ბატონო, – მიუგო დარცხვენილმა არჯევანმა პროფესორს და ცხვირზე მოისვა ხელი.
– ანჟელას უთხარით, რომ ამას ანალიზები აუღოს და მუშაობას შეუდგეს. პასუხი დაუყოვნებლივ მჭირდება. აბა, ჰე, მიდით, დრო არ ითმენს! – ბოლო განკარგულება გასცა პროფესორმა და ოთახიდან გავიდა. არჯევანმა და ულვაშამ კი დატყვევებული მამაკაცი გორგოლაჭიან საკაცეზე დააწვინეს და გაიყვანეს...
***
– ამხანაგო მაიორო, კაპიტანი კონცელიძე გაქრა, – მოახსენა უფროსს ლეიტენანტმა.
– როგორ თუ გაქრა? თოვლი ხომ არ არის, რომ ჯერ დადნეს და შემდეგ კი ჰაერში აორთქლდეს? – მშვიდად იკითხა მაიორმა და განაგრძო, – უშიშროების კაპიტანი ბავშვი ხომ არ არის, კარგად მოძებნეთ? ცუდად ხომ არ გახდა, ან, შემთხვევით, ხიფათს ხომ არ გადაეყარა?
– სამწუხაროდ, არა. ყველგან მოვიძიეთ. ეტყობა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. მთელი განყოფილება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, – ამ დროს მაიორის ტელეფონმა დარეკა. მან ყურმილი აიღო და ათიოდე წამის მერე ჩაფიქრებულმა დაკიდა.
– „პაპა“ მიბარებს, როგორც ეტყობა, კონცელიძის ამბავი აინტერესებს, – ამცნო მაიორმა ლეიტენანტს და, სანამ კაბინეტიდან გაისტუმრებდა, უთხრა, – ყველა ვერსია კარგად დაამუშავეთ, მოქმედების გეგმა შუადღისთვის აქ მქონდეს!
საქართველოს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები თავიანთ შეფს „პაპად“ მოიხსენიებდნენ და სწორედ ალექსი ინაურთან იყო დაბარებული მაიორი ხუციშვილი.
– ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო, – მოახსენა ინაურს ხუციშვილმა, – კაპიტან პეტრე კონცელიძეს თვე-ნახევრის განმავლობაში ვამზადებდით ამ ოპერაციისთვის. ბათუმიდან ჩამოვიყვანეთ, გამოცდილი ჩეკისტია, მრავალ ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა და, რა მოხდა, ჯერჯერობით არ ვიცით. მას მხოლოდ თვალთვალი ევალებოდა და არა აქტიურ მოქმედებებში ჩაბმა. 8 საათზე ის „დარაჯმა“ შეცვალა და წინასწარ დამუშავებული მარშრუტით წავიდა შინ. სადღაც ქაშუეთის ეკლესიასა და კოლმეურნეობის მოედანს შორის გაქრა. ვეძებთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად მივაგენით.
– სასწრაფოდ იპოვეთ! – სიტყვა გააწყვეტინა „კაგებეს“ მრისხანე შეფმა მაიორს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
ოპერაცია
ანჟელამ საოპერაციოში შუქი აანთო და ხელსაწყოების მომზადებას შეუდგა. როდესაც ყველაფერი წესისამებრ დაალაგა და აპარატურაც გადაამოწმა, ოთახიდან გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ, არჯევანმა და ულვაშამ გორგოლაჭიანი საკაცე შემოაგორეს და ახალბედა მათხოვარი შემოიყვანეს. შემდეგ ფრთხილად დააწვინეს საოპერაციო მაგიდაზე, მძინარეს მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი და საოპერაციოდან გავიდნენ. ცოტა ხანში საოპერაციოში ტიტე სოტკილავა, მისი ახალგაზრდა ასისტენტი, ექიმი ბუხუტი კეკენაძე და საოპერაციოს ექთანი ანჟელა ქენქაია შემოვიდნენ.
– დავიწყოთ! – ბრძანა სოტკილავამ, სკალპელი აიღო და საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე მამაკაცს მიუახლოვდა, შემდეგ თირკმელი ამოკვეთა, ჯანმრთელი ორგანო ვიტამინიზებულ ხსნარში ჩადო და ასისტენტს უთხრა, – ბუხუტი, დონორი აღარ გვჭირდება, გააქრეთ, – პროფესორმა მეორე მაგიდასთან გადაინაცვლა, სადაც ავადმყოფი პაციენტი იწვა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა. მანამდე კი, ბუხუტიმ აცეტონით სავსე შპრიცი გაუკეთა თირკმელამოკვეთილ კონცელიძეს და სული გააფრთხობინა...
ოპერაცია რომ დასრულდა, სოტკილავამ ბუხუტი შეაქო:
– ყოჩაღ, ბუხუტი! თუ ასე გააგრძელე, ორ-სამ წელიწადში დიდად დახელოვნებული დასტაქარი დადგება შენგან და მთელი ქვეყანა გაგიცნობს.
ბუხუტიმ არაფერი უპასუხა პროფესორს. ხელთათმანები და ხალათი გაიძრო, იატაკზე დაყარა და საოპერაციოდან გავიდა.
– ნაბიჭვარი... – ჩაილაპარაკა სოტკილავამ და იმანაც ჯერ ხელთათმანები გაიძრო და იატაკზე დაყარა, შემდეგ ხალათი მოიდღლიზა და მოისროლა, რომელიც თირკმელამოკვეთილ, აცეტონით მოკლულ კაპიტანს დაეცა ჭრილობაზე. ამან სოტკილავა კიდევ უფრო გააღიზიანა და დაიღრიალა, – ჟანა! ანჟელა! შენი დედაც!.. – და პირსაბანისკენ გაემართა.
ქერათმიანი გოგონა სწრაფი ნაბიჯებით შევიდა საოპერაციოში და პირსაბანთან მდგომ პროფესორს მიუახლოვდა.
– ტიტიკო, ნუ ბრაზობ. ტუალეტში ვიყავი, – თქვა გოგონამ და ზურგზე აკოცა პროფესორს.
– აქაურობას მიხედე და ბიჭებს უთხარი, რომ მაყალი აანთონ და ხორც... – აღარ დაასრულა სოტკილავამ ჩვეული ფრაზა და საოპერაციოდან გამოვიდა.
– გიული, ეს აქ არ მოთავსდება, გრძელია, – გადაულაპარაკა არჯევანმა ულვაშას და დასძინა, – შენ „მეშოკი“ მოიტა, მე კი მალე მოვალ.
ერთი საათის შემდეგ, გიულიმ და არჯევანმა ფეხებმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ჯვალოს ორ ტომარაში მოათავსეს, შემდეგ ეს ტომრები გორგოლაჭიან საკაცეზე დაალაგეს და საოპერაციოდან გამოვიდნენ.
– მაგრად მიაწექი! ჰო, ეგრე, კარგია... – შეაქო არჯევანმა მეგობარი. შემდეგ ელექტროღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართო, რომელშიც კონცელიძის ცხედარი იწვოდა და სიგარეტი გააბოლა...
მძიმე პაციენტი
მაიორმა ხუციშვილმა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, იმ ექიმთა სია შეადგინა, რომლებსაც ადამიანის სხვადასხვა ორგანოების გადანერგვის ოპერაციის ჩატარება შეეძლოთ. ამ სიაში ტიტე სოტკილავაც მოხვდა.
„კაგებემ“, რომელიც თავის გამქრალ თანამშრომელს ინტენსიურად ეძებდა, სხვადასხვა ვერსია შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო ვერსიად, სწორედ, ტრანსპლანტაციის მიზნით მისი გატაცება განიხილებოდა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, ოპერაცია „პაციენტი“ თბილისის რამდენიმე კლინიკაში ერთდროულად ჩატარდა.
დიდუბის ეკლესიიდან წამოსულ „მათხოვარს“, „ვილისი“ მარცხენა სანაპიროსთან გაშენებულ სკვერთან წამოეწია.
– ასანთი ხომ არ გაქვს, ძმობილო? – ჰკითხა „ვილისის“ მძღოლმა „მათხოვარს“ და სანამ ის პასუხის გაცემას მოასწრებდა, ჯერ კისერში ჩარტყმით გააბრუეს, შემდეგ კი „ვილისის“ უკანა სავარძელზე შეაგდეს და კარი მიუხურეს.
– ყველაფერი რიგზეა, „პაციენტი“ მოიტაცეს, – ჩაილაპარაკა რადიოტელეფონში „ვოლგის“ ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელსაც „ვილისზე“ თვალთვალი ჰქონდა დავალებული.
– ფრთხილად მივყვებით უკან. „გეპეისთან“ თქვენ მიიღეთ, რომ არ „დავიწვათ“, – ისმოდა რადიოტელეფონში იგივე ხმა და თვალს არ აშორებდა წინ მიმავალ „ვილისს“, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევიდა. მდევარი „ვოლგა“ სამოციოდე მეტრში გაჩერდა და თვალთვალი განაგრძო...
– ტიტე კალისტრატოვიჩ, თანხა მოვიტანე, – ხელკავი გაუყარა პროფესორ სოტკილავას ოცდაათიოდე წლის ქალმა და ხმადაბლა დასძინა, – ბარემ თქვენს კაბინეტში შევიდეთ და ფულს გადმოგცემთ, – გაუღიმა ქალმა ტიტეს და ორივე კაბინეტში გაუჩინარდა.
– ზუსტად 100 ათასი მანეთია, როგორც თქვენ მითხარით, ასი და ორმოცდაათმანეთიანი კუპიურებია მხოლოდ და, თუ გნებავთ, დაითვალეთ.
– არაა საჭირო, – გაიღიმა პროფესორმა, – დონორი უკვე ნაპოვნია და, თუ კარგი ანალიზები ექნება, ზეგ დილით ოპერაციას გავაკეთებ. ოღონდ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, კრინტი არსად დაძრათ. ხომ იცით, რომ ჩვენთან აკრძალულია მსგავსი რამ და, თუ გაგვიგეს, ყველას ცუდ დღეში ჩაგვყრიან. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზე იქნება და ნუ გეშინიათ, მამათქვენი ას წლამდე იცოცხლებს, ამის გარანტიას პირადად მე ვიძლევი, – თქვა პროფესორმა. შემდეგ ფული თავისი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა და ქალი კაბინეტიდან გაისტუმრა.
– ამხანაგო მაიორო, – მოახსენა ხუციშვილს ფულის მიმტანმა ქალმა, – ოპერაცია სავარაუდოდ ზეგ დილას გაკეთდება და, თუკი დონორს ყველაფერი წესრიგში ექნება, მაშინ „მამაჩემს“ ხვალ ღამით გადაიყვანს საავადმყოფოდან თავის არალეგალურ საოპერაციოში.
– ღმერთმა დაიფაროს, რომ სოტკილავამ ოპერაცია ჩაატაროს. გააძლიერეთ უსაფრთხოების ზომები, ეგ ნაძირლები „სუფთად“ უნდა ავიყვანოთ! – ბრძანა ხუციშვილმა...
უშიშროების ოპერმუშაკები ისე ჩუმად შევიდნენ ტიტე სოტკილავას საიდუმლო საოპერაციოში, რომ, არც მას, არც ანჟელას და არც ბუხუტის, არაფერი გაუგიათ. „ვილისის“ მძღოლი ქალაქში აიყვანეს, არჯევანი და გიული კი – ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში, ხოლო მედპერსონალი – საოპერაციოდან გამოათრიეს.
პროფესორი სოტკილავა თავის მდიდარ პაციენტებს, რომლებიც თირკმელების მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულნი, 100 ათას მანეთად ჯანსაღ თირკმელს უნერგავდა. დონორებს ის, ძირითადად, ეკლესიასთან მსხდომი მათხოვრებისგან არჩევდა, ამ მიზნით, სოტკილავამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ჯგუფში ასევე შედიოდნენ: ახალგაზრდა ექიმი ბუხუტი კეკენიძე, საოპერაციო ექთანი ანჟელა ქენქაია, სანიტრები არჯევან მოსიძე, გიული მიტლაშვილი და მძღოლი სერგო მარშანია.
– სოტკილავას გასამართლება არ შეიძლება, ეს პრობლემა სხვაგვარად უნდა გადაწყდეს, დანარჩენები კი დახურულ სასამართლო პროცესზე გასამართლდებიან და დახვრეტამდე უმკაცრეს იზოლაციაში მოაქციეთ, – ასეთი ვერდიქტი გამოუტანა ალექსი ინაურმა დაპატიმრებულებს და ისინი „კაგებეს“ ციხეში გამოამწყვდიეს.
ხუთი ბრალდებულის საქმე მალევე განიხილა საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ. ყველა მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი სამ დღეში მოიყვანეს სისრულეში.
მანამდე კი, საქვეყნოდ ცნობილმა პროფესორმა სოტკილავამ საკუთარ კაბინეტში პისტოლეტიდან გასროლით მოიკლა თავი.
სამთავრობო ნეკროლოგს ყველა პარტიული მაღალჩინოსანი და, მათ შორის, ინაურიც, აწერდა ხელს...
P. S. ამ ისტორიის გმირთა უმრავლესობის ვინაობები შეცვლილია. მათი, ვინმესთან მსგავსება მხოლოდ შემთხვევითი შეიძლება იყოს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.