ვინ ეძებს ყაზახეთიდან ურეკში მშობელ მამას და დეიდაშვილებს, რატომ დაკარგა ყაზახეთში მცხოვრებმა ქალმა თავისი ფესვები
30 წლის სოფიო გივის ასული ზახარენკოვა ეძებს 64 წლის გივი კონსტანტინეს ძე კვირკველიას.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს (დაბადების თარიღი 1946 წელი), 64 წლის გივი კონსტანტინეს ძე კვირკველიას. მამაჩემი არასდროს მინახავს. ამჟამად მე უკვე 30 წლის ვარ და ვცხოვრობ ყაზახეთში. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი დაახლოებით 1977-1978 წლებში გაიცნეს, ამ დროისთვის მამას უკვე ჰქონდა ოჯახი და ჰყავდა ორი შვილი. ვიცი, რომ მამაჩემი ბათუმში ცხოვრობდა. მისი მისამართი დედას ჩაწერილიც კი ჰქონდა. არ ვიცი, სწორად გვიწერია თუ არა მისი ბოლო, ჩვენთვის ცნობილი მისამართი: საქართველო, მახარაძის რაიონი, ურეკის დასახლება. შესაძლოა, ეს მისამართი ჩვენ არასწორად გვაქვს ჩანიშნული ან სახელწოდებები შეიცვალა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მამაჩემის პოვნაში. ზრდასრული ადამიანი ვარ და, არ მინდა, მამაჩემს ცხოვრება ავურიო, უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო მამა, ჩემი ნახევარდა და ნახევარძმა.
– როდის და როგორ გადაწყვიტეთ მამის მოძებნა და რა ხერხებით ეძებდით მამათქვენს? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– მე დავიბადე 1979 წლის 23 ივნისს. დედისგან მამაჩემის ამბავი შევიტყვე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი. მანამდე ყველა ჩემი შეკითხვა მამის შესახებ უპასუხოდ რჩებოდა – დედას არ უნდოდა, რომ, ან მე, ან ჩემს ძმას, გული გვტკენოდა. მამა მისი პირველი სიყვარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ მამას ჰქონდა ოჯახი და ჰყავდა ორი შვილი, მას ისე შეუყვარდა მამაჩემი, რომ მისგან ორი შვილი გააჩინა: მე და, ერთი წლის შემდეგ, ანუ 1980 წელს – ჩემი ძმა. ჩემი მშობლები 1977-1978 წლებში ყაზახეთში, ჟიტიკარში ცხოვრობდნენ, მაგრამ 1981 წელს მამა თავის სამშობლოში დაბრუნდა, ანუ, უკვე, 29 წელია, რაც ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. დედა, რა თქმა უნდა, არც ცდილობდა მის პოვნას, რადგან იცოდა, რომ მას ოჯახი ჰქონდა და მისი გამოჩენით, შეიძლება, პრობლემები გასჩენოდა. მე და ჩემმა ძმამ კი ჩვენი მშობლის ისტორია მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გავიგეთ და ამიტომ, ამ დრომდე მისი აქტიური მოძებნის მცდელობა არ გვქონია. დაახლოებით 5-6 წელია, რაც მე მამას უშედეგოდ ვეძებ. თავდაპირველად „ჟდი მენიას“ მივმართე – სამძებრო საიტზე განვათავსე ჩემი ისტორია, დავრეგისტრირდი, შემდეგ თვითონ ვგზავნიდი სხვადასხვა საიტზე მამის მოგვარეებთან ჩემს ისტორიას. სამწუხაროდ, ვერც ნათესავი და ვერც ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება, რამე სცოდნოდა მამას შესახებ, ვერ ვიპოვე.
– გამოდის, თქვენც და თქვენი ძმაც უმამოდ გაიზარდეთ. მაინც, რა მიზნით ეძებთ მამას, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მისი ოჯახის წევრებს, თუკი მათ თქვენი არსებობის შესახებ არაფერი იციან?
– დედაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მოხდა ისე, რომ, არც მამის მხრიდან და არც, თქვენ წარმოიდგინეთ, დედის მხრიდან, ნათესავები არ გვყავს, მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით, ორივეს ძალიან გვინდა ნათესავების პოვნა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოჩენით მამას პრობლემებს არ შევუქმნით. მამაჩვენზე გაბრაზებულები არასდროს ვყოფილვართ. იმაში, რაც მოხდა, ვერც მამას და ვერც დედას ვერ დავადანაშაულებთ, რადგან დედასთვის ეს პირველი სიყვარული იყო, მამა კი, რა თქმა უნდა, ოჯახს ვერ მიატოვებდა. თავიდან, თურმე, ის ფულსაც უგზავნიდა დედას. შემდეგ კი, ალბათ, ვეღარ ახერხებდა ამის გაკეთებას. ალბათ, მამას ოჯახი არ აღფრთოვანდება ჩვენი გამოჩენით (იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ), მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ გაგებით შეხვდებიან ჩვენს სურვილს. ელემენტარულად, ძალიან მინდა ჩემი ფესვების მონახვა და მამისა და მისი შვილების გაცნობა. თუკი ეს მოხდება, მართლაც ბედნიერი ვიქნები.
– დედის მხრიდან ნათესავები რა მიზეზით დაკარგეთ?
– ვიცი, რომ დედაჩემს კიდევ სამი დედ-მამიშვილი ჰყავდა – სულ ოთხნი იყვნენ. ისინი, ყველა, ყაზახეთში, ქალაქ ასტანას ინტერნატში იზრდებოდნენ. მათ შესახებ მხოლოდ ეს ვიცი და, კიდევ, მათი სახელები. ძალიან მინდა დეიდაჩემის პოვნა. ის ამჟამად, დაახლოებით 53 წლის უნდა იყოს. სახელად ალა ჰქვია – ალა სტეფანეს ასული ზახარენკოვა. დეიდა ქალაქ პავლოდარში დაიბადა, მაგრამ 1970-იან წლებში საქართველოში, ურეკის დასახლებაში ცხოვრობდა. დეიდას შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს: ვიცი, რომ მას ჰყავს ორი შვილი – 39 წლის ალეკო ხომერიკი და ანჟელა ხომერიკი. დეიდასა და დედაჩემს შორის მიმოწერა 1980 წელს შეწყდა. ძალიან მაინტერესებს მისი ბედი. ჩემი ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ დედაჩემის ნათესავებზეც არაფერი ვიცი. დედას კიდევ ორი ძმა ჰყავდა, მაგრამ მათზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მინდა, დეიდას პოვნაც, რადგან ის დედაჩემის ერთადერთი დაა, და ჩემი ერთადერთი დეიდა.
– გამოდის, დეიდასაც და მამასაც, ორივეს საქართველოში ეძებთ.
– ასე გამოდის. დეიდაც საქართველოში, ურეკში ცხოვრობდა 1970-იან წლებში. არ არის გამორიცხული, რომ ამჟამადაც იქ არიან ისიც და მამაჩემიც. მამას ფოტო, სამწუხაროდ, არ გამაჩნია, არც დედას ჰქონია. მაქვს მხოლოდ დეიდაჩემის ადრინდელი ფოტოები (სანამ მას და დედას მიმოწერა ჰქონდათ). ეს ფოტო 1978 წელსაა გადაღებული. ასევე, მაქვს ჩემი დეიდაშვილების ფოტოსურათიც, რომელზეც ისინი ძალიან პატარები არიან. იმედი მაქვს, რომ ამ ფოტოების წყალობით მაინც ვიპოვი ვინმეს. დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენს აკეთებთ ადამიანებისთვის. ეს ფასდაუდებელი შრომაა.