ბალტიისპირეთში უძრავი ქონება გაიაფდა
ბალტიის სამივე ქვეყანა უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნის რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდა. პირველი ადგილი ამ სიაში ლატვიას ერგო, სადაც უძრავ ქონებაზე ფასები მაქსიმალურად, 49,8 პროცენტით დაეცა – ეს 2009 წლისთვის ფასების რეკორდული ვარდნაა. ეს მონაცემები საერთაშორისო კონსალტინგურმა სააგენტო „ნაიტ ფრანკმა“ გაავრცელა. რამდენად მოულოდნელიც უნდა იყოს, მეორე ადგილი ამ რეიტინგში დუბაის ერგო, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ სამართლიანად ამაყობდა უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასებით. ამ ქვეყანაში ფასების ვარდნის მაჩვენებელმა 42,1 პროცენტს მიაღწია. საინტერესოა, რომ ფასების ვარდნის მიხედვით მესამე ადგილიც ბალტიის სახელმწიფომ – ესტონეთმა დაიკავა. ბალტიის ყველაზე პატარა ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი 40,3 პროცენტით დაეცა. მეოთხე ადგილი „ნაიტ ფრანკის“ რეიტინგში უკრაინამ დაიკავა, სადაც 2009 წლის განმავლობაში უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ფასი 35,7 პროცენტით შემცირდა. მეხუთე ადგილზე ლიტვა გავიდა, სადაც უძრავი ქონება 32,1 პროცენტით გაიაფდა. რუსეთმა ამ რეიტინგში, შარშანდელის მსგავსად, მე-11 ადგილი შეინარჩუნა – აქ უძრავ ქონებაზე ფასი 2009 წელს 9,1 პროცენტით დაეცა. რაც შეეხება უძრავი ქონების ფასის ზრდას, ამ მხრივ ჰონკონგი და ჩინეთი ლიდერობენ, ჰონკონგში უძრავი ქონების ღირებულება 27,6 პროცენტით გაიზარდა, ჩინეთში კი – 25 პროცენტით.