კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს მილიარდერ ლეონარდ ბლავატნიკს მელ გიბსონის ფილმებთან და რაში აჯობა მან რომან აბრამოვიჩს


საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებული, ამჟამად ამერიკელი ბიზნესმენი, 1986 წელს დაარსებული კომპანია „აქსეს ინდასთრისის“ მფლობელი, ნავთობკომპანია THK-BP-ის და მრავალი რუსული მეტალურგიული და ქიმიური სამრეწევლო კონცერნისა და სატელეკომუნიკაციო ფირმების აქციონერი ლეონარდ, იგივე ლეონიდ ბლავატნიკი, წარმოშობით საბჭოთა ებრაელი, დღესდღეობით ცნობილი მილიარდერია და „ფორბსის“ 2010 წლის მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 7,5 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალით 93-ე ადგილი უკავია.

ლეონიდ ვალენტინის ძე ბლავატნიკი, ამერიკაში ლეონარდ (ლენ) ბლავატნიკად ცნობილი ბიზნესმენი, 1957 წელს უკრაინაში, ხოლო სხვა მონაცემებზე დაყრდნობით – მოსკოვში დაიბადა შეძლებულ ებრაელთა ოჯახში. ბლავატნიკი მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწორედ იქ გაიცნო ვიქტორ ვექსელბერგი, მომავალი ოლიგარქი და თავისი ბიზნესპარტნიორი. 1978 წელს, ინსტიტუტის მე-4 კურსზე მყოფმა ბლავატნიკმა, მიატოვა სწავლა და მშობლებთან ერთად შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მან უცებ აუღო ალღო ახალ პირობებს და სწავლა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო, რომლის დამთავრების შემდეგ კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1981 წელს ბლავატნიკმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და სახელი „ლეონიდი“ „ლეონარდით“ შეცვალა. მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა სუპერმარკეტების ქსელ „მეისიში“ მუშაობის დაწყებამ. კომპანიის საინფორმაციო სამსახურის სისტემების წარმატებული მოდერნიზებისთვის, ერთ-ერთმა დირექტორმა ბლავატნიკს რეკომენდაცია გაუწია ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მომავალმა მილიარდერმა 1989 წელს დაამთავრა და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი აიღო.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ბლავატნიკი სააუდიტორო კომპანია „არტურ ანდერსონში“ მუშაობდა და კერძო ბიზნესითაც იყო დაკავებული. მის მიერ დაარსებული კომპანია „აქსეს ინდასთრისი“ ამერიკის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვებით იყო დაკავებული, თვითონ კი კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯომარე იყო. 1987 წელს ერთ-ერთ სანავთობო გამოფენაზე ბლავატნიკი ვიქტორ ვექსელბერგს შეხვდა და ისინი ერთობლივი ბიზნესის კეთებაზე შეთანხმდნენ. ორი წლის შემდეგ კი მათ ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს კომპიუტერული ტექნიკის იმპორტი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. შემდეგ დააფუძნეს კომპანია „რენოვო“, რომელიც რუსული ნედლეულის ექსპორტით იყო დაკავებული. ვექსელბერგი იხსენებდა, რომ ბლავატნიკი დიდხანს ფიქრობდა, ჩაედო თუ არა ინვესტიციები რუსეთში.

1994 წელს „აქსეს ინდასთრისმა“ ქალაქ ვლადიმირის სატრაქტორო ქარხნის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. 1996 წელს ბლავატნიკმა მონაწილეობა მიიღო ციმბირ-ურალის ალუმინის კომპანიის შექმნაში. 1997 წელს „აქსეს ინდასთრისმა“ ვექსელბერგის „რენოვოსთან“ და მიხაილ ფრიდმანის „ალფა-გრუპთან“ ერთად, სახელმწიფოსგან ტიუმენის სანავთობო კომპანია THK-ის აქციების 40 პროცენტი შეიძინა. 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს აქციონერებმა კომპანიის აქციების კიდევ 50 პროცენტი შეიძინეს. ლეონარდ ბლავატნიკი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და ეს თანამდებობა მან 2003 წელს ბრიტანულ BP-სთან გაერთიანების შემდეგაც შეინარჩუნა. ტიუმენის სანავთობო კომპანიის ყიდვა ბლავატნიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტიციად ითვლება.

„აქსეს ინდასთრისის“ აქტივებში შედიოდა: ნახშირის მომპოვებელი კომპანია „ბოგატირი“ ყაზახეთში, ქიმიკატების მწარმოებელი საწარმო „ლიონდელბაზელ ინდასთრისი“, ბრიტანული კომპანია „ტოპ-აპ ტვ“, კომპანია „ამედია“ (რუსეთში ტელესერიალების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მწარმოებელი), ებრაული კომპანია „როჩესტერ გაზ ენდ ელექტრიკი“ და წილი „უორნერ მიუზიქ გრუპიდან“. გარდა ამისა, ლეონარდ ბლავატნიკი ცნობილია ინვესტიციებით უძრავ-მოძრავ ქონებაში. 2004 წელს 41 მილიონ ფუნტსტერლინგად მან აუქციონზე გამოტანილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასახლე შეიძინა ლონდონში, კენსინგტონ-პალას გარდენში და, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახლის ყიდვას კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი – რომან აბრამოვიჩი ცდილობდა, მაგრამ ბლავატნიკმა აჯობა ამ უკანასკნელს აუქციონზე. მანჰეტენის კუნძულზე იგი 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტერიტორიას ფლობს. 2007 წელს მან 627 მილიონ დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა ჰოლივუდში და იმავე წელს განთქმული ფრანგული სასტუმროები – „ჰოტელ ვენდომი“ და „გრანდ-ჰოტელ დუ კაპ-ფერატი“ შეიძინა. უცხოელი ექსპერტების აზრით, თავისი ძირითადი კაპიტალი ბლავატნიკმა რუსეთში, კერძოდ, ვექსელბერგთან ერთად მუშაობით დააგროვა.

ბიზნესის გარდა, ლეონარდი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. თავისი საოჯახო ფონდის – „ბლავატნიკ ფემილი ფაუნდეიშენის“ მეშვეობით, იგი სოლიდურ თანხებს რიცხავს ამერიკის სასწავლებლებში და ებრაელების სათვისტომოებში.

ბლავატნიკი დაქორწინებულია, მის მეუღლეს ემილი ჰქვია. ლეონიდის ძმა, ალექსი, საოჯახო ბიზნესშია ჩართული და „აქსეს ინდასთრისში“ მას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია. ბლავატნიკს ასევე საკმაოდ თბილი ურთიერთობა აკავშირებს რუსეთის პოლიტელიტის წევრებთან, კერძოდ ანატოლი ჩუბაისთან და სერგეი სტეპაშინთან. დასავლური პრესის მტკიცებით ბლავატნიკის მთავარი გართობა ჰოლივუდური ფილმების ყურებაა და მის უსაყვარლეს ფილმად 1983 წელს ეკრანებზე გამოსული ედი მერფის კომედია – „ადგილების შეცვლა“ ითვლება. სხვათა შორის, კინოს უკავშირდება ბლავატნიკზე გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციებიც. 2009 წლის ოქტომბერში მან მელ გიბსონის კინოგაქირავების კომპანია „აიკონის“ ბრიტანული ქვედანაყოფი და გიბსონის პირადი კინოთეკა შეიძინა, რომელშიც შესულია 500 ფილმი, მათ შორის ყველაზე ცნობილებია: „მამაცი გული“, „მგლებთან ცეკვა“ და „ქრისტეს ვნებანი“. კონტრაქტის თანხა არ აფიშირდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეონარდ ბლავატნიკი ცდილობს, შეიძინოს კინოკომპანია „მეტრო გოლდუინ მაიერი“, რომლის აქტივში 4 ათასამდე პოტენციური ბლოკბასტერია და რომელსაც მისი ამჟამინდელი შეფები გრანდიოზული ვალების გამო (სხვადასხვა მონაცემებით – 3,7 მილიარდი დოლარი) ყიდიან.


скачать dle 11.3