რომელი კერძით დავატკბოთ დედამთილის ენა, როგორ „დავათროთ“ ქათამი და რისგან მოვამზადოთ ფრანგებისა და იტალიელების საყვარელი უგემრიელესი კერძი „ფორდიუ“
ყველა ქალი ცდილობს, იყოს განსხვავებული, ორიგინალური, ცოტა პიკანტური და ამოუცნობი. ამას ადვილად მოახერხებთ, თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვართ და სტუმრებს ისეთი კერძებით გაუმასპინძლდებით, რომლებსაც სომელიე თეიმურაზ ბენიძე შემოგთავაზებთ, როგორც ბატონი თემური გირჩევთ, თუ გსურთ, დედამთილის გული მოიგოთ და თან მეოჯახე ქალის სტატუსიც ერთიორად აიმაღლოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დროს რომელი კერძი მოამზადოთ და რომელი სასმელი მიიტანოთ სუფრაზე ამ კერძთან მისაყოლებლად.
თეიმურაზ ბენიძე: ცნობილია გამონათქვამი: გემოვნებაზე არ დავობენ... რამდენი კაციც არსებობს ქვეყნად, გემოვნებაც იმდენნაირია. იმაზე, თუ რომელ კერძს რომელი ღვინო უხდება, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა, არსებობს საყოველთაოდ ცნობილი, საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი „წყვილები“. სწორი შეხამება, ძირითადად, თქვენი გემოვნების მიხედვით ხდება. უმეტესწილად, ეს ღვინისა და საკვების თქვენეული არჩევანია, რომელიც ერთმანეთს უხდება და, თუ ამის გამო, ზოგჯერ დადგენილი წესების დარღვევა გიწევთ, ესე იგი, საამისო მიზეზიც არსებობს.
– კონკრეტულად, რომელ კერძს რომელი ალკოჰოლური სასმელი შეესაბამება?
– მაგალითად, მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა და თეთრი ფერის ხორცს უხდება, წითელი – წითელს, ტრადიციული ადგილობრივი ღვინოები კი მშვენივრად ეხამება ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებს. წითელი ღვინო არ უხდება თევზეულს, რადგან, ეს უკანასკნელი სასმელს ლითონის მომწარო გემოს აძლევს. უხეში ტექსტურის ხორცს, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს, მაგალითად, საქონლის ბიფშტექსს, მშვენივრად არბილებს ტანინის გემო. ანუ, ვიმეორებ წითელი ღვინო სუფრაზე წითელი ფერის ხორცეულთან უნდა მიიტანოთ, თეთრი კი – თევზსა და ხორცის თეთრ სახეობებთან ერთად. ასევე, გეტყვით, რომ თევზეულსა და ღია ფერის ხორცს კუჭი გაცილებით იოლად ითვისებს, ვიდრე ნანადირევსა და წითელი ფერის ხორცეულს. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები უფრო დელიკატური მეთოდით უნდა მოამზადონ დიასახლისებმა, რათა მათ გემოვნებით თვისებებს გაესვას ხაზი. მაგალითად, ისინი უნდა მოხარშოთ დაბალ ცეცხლზე ან, სულაც, ორთქლზე.
– ბევრს უყვარს ქათმის ხორცით მომზადებული კერძები. იქნებ, ისეთი რეცეპტი შემოგვთავაზოთ, რომელიც ღვინით მზადდება და თან ამ სასმელის მიყოლებაც მოუხდება?
– კი ბატონო, გასწავლით. თან, ისეთი პიკანტური და გემრიელი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომ, დამიჯერეთ, მისი დაგემოვნება ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც მოგინდებათ (იცინის). მას ჰქვია „მთვრალი ქათამი“. ესაა უგემრიელესი ტაილანდური კერძი. აქვე გეტყვით, რომ მას წითელი მშრალი, 9-11 გრადუსზე ჩაციებული, ღვინო უხდება. მის მოსამზადებლად კი საჭიროა: ქათმის 8 ცალი ბარკალი, 1 წითელი და 1 ტკბილი წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 ღერი პრასი, 225 გრამი მოხარშული ლორი, 1 ჩაის კოვზი პაპრიკა, 300 მილილიტრი წითელი ღვინო, ერთი ქილა, ანუ 400 გრამი დაჭრილი პომიდვრის ტომატი, 2 ჩაის კოვზი დაჭრილი ოხრახუში. გაახურეთ ჰაერღუმელი 160 გრადუსზე. ზეთი დაასხით ტაფაზე და გააცხელეთ, მასში შეწვით ქათამი, ძლიერ ცეცხლზე კარგად დაბრაწეთ. გადაიღეთ ცალკე, ჩაუწიეთ ცეცხლს და ტაფაზე თესლებისგან გაწმენდილი და ოთხად დაჭრილი წიწაკა მოშუშეთ შეწითლებამდე, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ, რომ არ დაგეწვათ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი და პრასის თეთრი ბოლო, შუშეთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ლორი, მოაყარეთ პაპრიკა, დაასხით ღვინო, 3-4 წუთის შემდეგ კი – ტომატი და კარგად ამოურიეთ. მომზადებულ მასაში ჩააწყვეთ ქათამი, დაამატეთ წყალი, ისე, რომ ბარკლები დაიფაროს, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ოდნავ წამოადუღეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ტაფა თავდახურული უნდა იყოს. ამის შემდეგ გადაიტანეთ ჰაერღუმელში, სანამ სოუსი შესქელდება და ქათმის ხორცი დარბილდება. სუფრასთან მიტანამდე, გამზადებულ „მთვრალ ქათამს“ მოაყარეთ ოხრახუში და პიურესთან ერთად მიართვით სტუმრებს. შეგიძლიათ, გარნირად და გასალამაზებლად, ასევე, ლიმონის ნაჭრები და სალათის ფოთლები შემოულაგოთ. ამ კერძს, რა თქმა უნდა, წითელი ღვინო უნდა მიაყოლოთ, მაგრამ, მცირე რაოდენობით და ისე არ უნდა დათვრეთ, როგორც თქვენი ქათამი დათვრა. (იცინის).
– გურმანებისგან გამიგია, ქათმის ხორცს, ციტრუსით მომზადებული გარნირიც უხდებაო. ასეთი კერძი როგორ მოვამზადოთ?
– მართალია, ქათმის ხორცი ფორთოხლის სოუსით შეუდარებელი რამაა და მას ფრანგები და იტალიელები ხშირად მიირთმევენ, განსაკუთრებით – გამოსასვლელ დღეებში, პიკნიკებზე და მეგობრების წრეში. ამ კერძს „ფორდიუ“ ჰქვია და ის ნამდვილად არ მზადდება მთვრალი ქათმისგან (იცინის), ეს უფრო, „სვეტსკი“ ქათმით მოსამზადებელი კერძია. მოკლედ, ამ კერძისთვის დაგჭირდებათ: 2 ცალი ქათმის მკერდის ფილე, 1 ცალი ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 1 თავი ხახვი, 3 სუფრის კოვზი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი შავი ჩაი, მარილი, დაფქული წითელი წიწაკა, ნიორი, ფორთოხლის კანი და კარაქი. კერძი ასე უნდა მოამზადოთ: აურიეთ ერთმანეთში ლიმონისა და ფორთოხლის წვენი, ჩაის ნაყენი. ერთი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, 1,5 ჩაის კოვზი მარილი, 1,5 ჩაის კოვზი გახეხილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი. მიღებული მასა მოასხით ქათმის ფილეს და შედგით მაცივარში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, დადეთ თუშფალანგზე და დაელოდეთ, სანამ კარგად დაიწურება (ეს წვენი უნდა შეინახოთ) და შეწვით კარაქში ორივე მხრიდან, ისე, რომ ოქროსფრად დაიბრაწოს. დაასხით ხორცს თუშფალანგიდან დაწურული წვენი და 20 წუთის განმავლობაში შუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ 2 სადილის კოვზი გახეხილი ფორთოხლის კანი და 1 წუთში გადმოიღეთ ცეცხლიდან. სუფრაზე მიტანამდე მოასხით სოუსი, რომელშიც ითუშებოდა, გარნირად კი ზაფრანით შეზავებული მოხარშული ბრინჯი, მოხარშული კომბოსტო, სტაფილო და ლობიო შემოუწყვეთ გარშემო. ალბათ, უკვე მიხვდით, როგორი გემრიელი კერძის რეცეპტი გაგანდეთ და, გირჩევთ, წაკითხვისთანავე მოიმარაგოთ ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები, აიფაროთ წინსაფარი და მის მომზადებას მეუღლის სამსახურიდან დაბრუნებამდე შეუდგეთ.
– ესე იგი, ამ კერძით საყვარელი მამაკაცის აღფრთოვანებას დავიმსახურებთ, მაგრამ, დედამთილის გული როგორღა მოვიგოთ?
– ო, ამისთვის განსხვავებულ, ტაილანდური სალათის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ამ სალათს „დედამთილის ენა“ ჰქვია და სულ ვხუმრობ ხოლმე, ალბათ, რძლის მომზადებულ ამ სალათს რომ დააგემოვნებენ დედამთილები, ენა ან დაუტკბებათ, ან საერთოდ ჩაუვარდებათ-მეთქი (იცინის). მოკლედ, მოხარშეთ 6 ცალი კვერცხი, გააცივეთ და გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან, ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას ჩხირით და შეწვით ტაფაზე 4 სადილის კოვზ მზესუმზირის ზეთში ისე, რომ ოქროსფერი გახდეს. გაჭერით შუაში სიგრძეზე და დააწყვეთ ლანგარზე, ან, სულაც, დედამთილის საყვარელ თეფშზე (იცინის) – ეს ხუმრობით, უფრო მეტი ეფექტისთვის. შემდეგ, ტაფაში ჩატოვეთ 1 სადილის კოვზი ზეთი, (დანარჩენი გადაასხით) და მოხრაკეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 ცალი დაჭრილი წიწაკა „ჩილი“. ტაფაზე გააცხელეთ 2 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სადილის კოვზი წყალი და 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ურიეთ შესქელებამდე. შემდეგ ეს სოუსი მოასხით კვერცხს, შემოაწყვეთ ზემოდან წიწაკა „ჩილი“, ხახვი და ბრინჯთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან. ამ კერძით დედამთილის გულსაც მოიგებთ და მის ენასაც დაატკბობთ (იცინის).
– რადგან ახალი ბოსტნეულის სეზონი დადგა, ისეთი კერძიც გვასწავლეთ, რომელიც ადვილი მოსამზადებელიც არის, მსუბუქად მოსანელებელიც და ორგანიზმისთვის სასარგებლოც.
– სწორედ ასეთია ბადრიჯანი ყველითა და მაწვნით: აიღეთ, 300 გრამი ბადრიჯანი, 100 გრამი ყველი, 1 ცალი კვერცხი, 100 გრამი ერბო, 300 გრამი მაწონი და მარილი გემოვნებით. ეს სასიამოვნო, სასარგებლო და ამ სეზონის კერძია. უნდა მოამზადოთ ასე: ქორფა ბადრიჯანს მოაჭერით ბოლოები, გარეცხეთ, წვრილი დანით გამოაცალეთ თესლები, დააწყვეთ ფოლგაზე და შეწვით ჰაერღუმელში. როცა ნახევრად შეიწვება, გადმოიღეთ ლამაზ, სამკუთხედის ფორმის, უმჯობესია, მწვანე ან ყვითელ ლანგარზე. მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით წვრილად, აურიეთ გახეხილ ყველში და ერბოში. ამ მასით გამოტენეთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დააწყვეთ ერბოწასმულ ტაფაზე და შედგით ჰაერღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან გადაასხით გაწურული, მიქსერით გათქვეფილი მაწონი. ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი მისართმევია.