კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „გაპრესა“ ბექა ელბაქიძემ და რას დაანება თავი სამუდამოდ გვანცა დარასელიამ


„ჟურნალისტის დღიურების“ წამყვანი ბექა ელბაქიძე მსახიობობაზე სერიოზულად ფიქრობს, „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანი გვანცა დარასელია კი კინოროლების რაოდენობას სულ უფრო მეტად ზრდის. თუმცა, ამას გარდა, კიდევ ბევრი გატაცების სფერო აქვთ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გვანცა დარასელია

– ბექა, თავიდან დავიწყოთ: როგორ შედგი პირველად ფეხი ტელევიზიაში? „202-დან“ უკვე მახსოვხარ.

– მანამდე ბევრი არც არაფერი ყოფილა. რადიო „საქართველოს ხმაში“ ვმუშაობდი და პირველი ტელედებიუტი „მაესტროში“, გადაცემა „პრეს-პრესში“ შედგა – ბესო ჩუბინიძე „გავპრესეთ“. ამასთან დაკავშირებით 15 აპრილი გამახსენდა. სიყვარულის დღეს, ვალენტინობას და ასეთ დღეებს საერთოდ არ ვაღიარებ. რას ნიშნავს სიყვარულის დღე, თუ შეყვარებული ხარ – არ მესმის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გოიმობაა. ისევ თემას დავუბრუნდეთ. მახსოვს პირველი კითხვა, რომელიც მე დავსვი. მაშინ 16-17 წლის ვიყავი, საშინლად გაღიზიანებული გახლდით იმდროინდელი შოუ-ბიზნესით და პროტესტის ბევრი მიზეზი მქონდა. ცინიკურად ვსვამდი კითხვებს. ბავშვი ვიყავი, ჩამოუყალიბებელი, უფრო მეტად ცინიკური და თავხედი.

– ნერვიულობდი?

– პირდაპირი გამოსვლა არ მქონია, ბევრი ჟურნალისტი ვიყავით და ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ არ მინერვიულია, ყველანი ერთზე ვიყავით ძაღლებივით მიშვებული. პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, კინომცოდნე ვარ და ასეთ გადაცემებში ჩემი მოღვაწეობა არ გამიგრძელებია. რადიოშიც რომ მიმყავდა გადაცემა, უკავშირდებოდა, კინოს, თეატრს იმას, რაც მომწონდა და მესმოდა. ჟურნალისტური „ძაღლობანა“ ნაკლებად მხიბლავდა, რაც მაშინაც და ახლაც ყველაზე მეტად იყო და არის პოპულარული. შემდეგ იყო „202“, სადაც პირველად გაკეთდა საინფორმაციო და თეატრალურიდან ბავშვები „წავეყარეთ“. არც მაშინ მიფიქრია ტელეკარიერაზე, უბრალოდ, ქასთინგი გამოცხადდა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა. თეატრალურში ძალიან პოპულარული იყო ქასთინგებზე სიარული, ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით. უცებ, მითხრეს, კარგი ბიჭი ხარ საინფორმაციოსთვისო და გადაწყდა, რომ ეთერში უნდა დავმჯდარიყავი. გამიკეთეს სათვალე, დამაპუტეს წარბები... საინფორმაციოს მთავარი გამოშვების წამყვანი 18 წლის ძალიან სასაცილოა. მაშინაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი – როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იცი?! რომ ვერ ხვდები, რა ხდება და, თან, ძალიან მოგწონს: „ტელევიზორში გამოვჩნდები, „პაპულარნი“ გავხდები“... (იცინიან). წარბებს ახლაც მპუტავენ, მაგრამ, იმდენი აღარ მჭირდება, მაშინ კი ამაზე ძალიან ვინერვიულე. ხშირი და სქელი თმა მაქვს და, როდესაც მიხვდნენ, „პრაბელს“ ვერაფრით გამიკეთებდნენ, სამართებლით ამომჭრეს (იცინიან). ეთერზე არ მინერვიულია იმდენი, რამდენიც საკუთარ გარეგნობაზე. პირველი ეთერიც ძალიან სასაცილო იყო: ტექსტები გიჟივით ჩავარიხინე – ისე, რომ ვერ ვხვდებოდი, რაზე იყო ლაპარაკი. გამოვედი და სულ სველი ვიყავი.

– როგორც კინომცოდნე, თანამედროვე ქართულ კინოზე რას ფიქრობ?

– ვრცელი სიუჟეტი გავაკეთე ქართულ კინოში ცენზურაზე და სულ მახსენდება მერაბ კოკოჩაშვილის სიტყვები. მას ვკითხე: „დიდი მწვანე ველი“ ცენზურის დროს გაქვთ გადაღებული, ცენზურის შემდეგ კი – „ნუცას სკოლა“, ანუ, თავისუფლება მიიღეთ და ამის შემდეგ იღებთ ასეთ ფილმს და ეს ცუდია.

მან მითხრა: როდესაც ჩარჩოებში ხარ მოქცეული, ცდილობ, შეფარული კინოხერხებით აჩვენო ის, რასაც განიცდი, რისი თქმაც გინდა, თავისუფლების მიღების შემდეგ კი, ვერავინ ვეღარაფერი გააკეთაო. ელდარ შენგელაიაც ამბობდა, რომ ტატო კოტეტიშვილის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კინო აღარ არის. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ბოლო დროს გადაღებული ფილმებიდან მომეწონა „სამი სახლი“. ორი თემაა თითქოს: გავიჩხიროთ, დავიჭიროთ, მოვკლათ, ან – ანეკდოტების კინოვერსიები. ომისგან ისედაც დამძიმებულ ხალხს კიდევ უფრო დიდ საშინელებებს აჩვენებ. ქართულ ფილმებში ძალიან სერიოზულად დგას „ნაიგრიშების“ პრობლემაც. ბევრი ძალიან მარტივი ფილმია ჰოლივუდშიც, რომელსაც მხოლოდ მერილ სტრიპის გამო მაინც უყურებ. ბევრი ცუდი ვთქვი, მაგრამ, ასეა.

– ისევ ტელევიზიას დავუბრუნდეთ: რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური თემა?

– ძალიან დიდხანს შემიძლია, ვილაპარაკო იმაზეც, თუ რა ხდება დღეს ტელევიზიაში. სულ ვამბობ: არ მინდა, არ არის ჩემი საქმე ტელევიზია – ძალიან ბევრ დათმობაზე უნდა წავიდე, რაღაცეებს შევეგუო... ძალიან რთულია, ტელევიზიაში ადამიანად დარჩე. ჟურნალისტიკაში მხოლოდ ამ გადაცემის გამო ვჩერდები, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია და იმას ვაკეთებ, რაც მომწონს. პლუს ამას, ვჩერდები იმიტომ, რომ სამი საოცნებო ინტერვიუ მაქვს ჩასაწერი – ტონინო გუერასთან, გაბრიელ გარსია მარკესთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან. ამ სამი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ვიტყვი, ხელებიც დამიბანია-მეთქი და ამ საქმიდან წავალ. აქედან ერთი ოცნება უკვე ამიხდა – გადავიღე და ჩავწერე ტონინო გუერა, რომლის 50 წლის იუბილესაც დავესწარი იტალიაში. საოცარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი, ცოცხალ ლეგენდას შევხვდი, გენიოსს, რომელიც ფელინის, ანტონიონის, ტარკოვსკისა და სხვა გენიალური რეჟისორების ფილმების სცენარების ავტორია, აღარაფერს ვამბობ მის ნახატებზე, პოეზიაზე და სხვა. საქართველოსთან მას დიდი მოგონებები აკავშირებს. მეგობრობდა ფარაჯანოვთან, რეზო გაბრიაძესთან. რეზო თაბუკაშვილი რაღაც პერიოდი მასთან ცხოვრობდა სოფელში. იქ ვნახე ვიმ ვენდერსი, თეო ანგელოპულოსი.

– როგორი მაგარია!..

– ვიყავი „რომეო და ჯულიეტას“ სახლში. ვერონაში ტონინო გუერას „მსოფლიო პოეზიის პრემია“ გადასცეს. რაც შეეხება დანარჩენ ორ გენიალურ პიროვნებას, სამწუხაროდ, ორივე – მარკესიც და ბერტოლუჩიც, ძალიან ცუდად არიან. იმედია, მოვასწრებ მარკესთან შეხვედრას. ძალიან რთულია კოლუმბიაში გადაფრენა, მერე შეხვედრის ორგანიზება და სხვა. რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი, როდესაც ძალიან გინდა.

– რადიოშიც მუშაობდი...

– გახსოვს ხომ, ჩემთან რომ იყავი გადაცემაში?!

– ვაიმე, არა!

– მე მახსოვს. თემა იყო – „თინეიჯერები და ძალადობა“. რაც შეეხება რადიოს, ჩემი გზა რადიოდან დავიწყე და, უკვე ორი წელია, იქ აღარ მიმუშავია. ძალიან მენატრება ის სივრცე.

– ყოველთვის უფრო უკეთ ვიხსნები რადიოში, ინტიმური გარემოა, ვერ აღიქვამ იმ ათასობით მსმენელს, რომელიც გისმენს. თითქოს მარტო ხარ.

– აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემი ხმა გაცილებით უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ჩემი ფიზიონომია (იცინიან). რადიოს თითქოს მეტი ზემოქმედების საშუალება აქვს. ნაკლებად ფიქრობ ვიზუალზე, იმაზე, რომ რამე არ გაგეპაროს. თითქოს გავიწყდება, სად ხარ და საუბრობ საინტერესო თემებზე. „პირველ რადიოში“ ჩამომიყალიბდა სერიოზული მუსიკალური გემოვნება. ამ რადიოდან წამოვიდა ძალიან ბევრი, ვინც დღეს ტელევიზიაშია: ნატა ამაღლობელი, ბასა ჯანიკაშვილი, გიორგი ქორქია, გიორგი ლაფერაშვილი, გეგა ფალავანდიშვილი, მაკა ცინცაძე, ნატუკა ასათიანი და სხვები. საოცარი რადიო იყო.

– ვთქვათ, ჩაწერე ეს ინტერვიუები, წახვედი ჟურნალისტიკიდან. მერე?

– სწორედ აქ იწყება საინტერესო. იყო დრო, სამსახიობოზე ვაბარებდი. რაც ხანი გადის, სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, სულ უფრო ხშირად მიტრიალებს თავში: ეს რომ გამეკეთებინა, იქნებ, ბევრად უკეთ ვყოფილიყავი-მეთქი. თითქოს იქ უფრო მეტად მოვახდენდი საკუთარი თავის რეალიზებას. ერთი სიტყვით, ბევრს აღარ ვისაუბრებ, ვეცდები, აქ კი არა, იქ, „სადაც ჯერ არს“, ჩავაბარო. ორი ვარიანტი მაქვს: ერთი ლოს-ანჯელესში და, მეორე სკოლა ახლა აღმოვაჩინე იტალიაში. ვნახოთ, რა იქნება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ბექა ელბაქიძე

– მაშინ, როდესაც შენ ჩააბარე ჟურნალისტიკაზე, ძალიან პოპულარული იყო გრიგოლიას თოქ-შოუები. ყველა ამბობდა: – „უნდა ჩავაბარო ჟურნალისტიკაზე და გრიგოლია უნდა გამოვიდე...“ (იცინიან).

– ამ ტალღაში არ მოვყოლილვარ, რადგან ჟურნალისტობის იდეა გაცილებით ადრე დამებადა. მშობლებმა და მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ კარგად ვწერ, უკვე მეუბნებოდნენ, ალბათ, ჟურნალისტი იქნებიო და ამის სურვილი მეც მქონდა. ჩემს ოჯახში ყველა ექიმია და სასტიკად არ უნდოდათ, მეც ექიმი გამოვსულიყავი. მოზარდთა სახლში 12 წლის ასაკში ამის გამო მივედი. 16 წლის ვიყავი, როდესაც „დუბლიორში“ მოვხვდი. პირველად იყო, რომ ტელევიზიაში შევედი, საოცრად დაბნეული ვიყავი. რამდენიმე კანდიდატი შეგვარჩიეს, რომლებიც ჩემზე უფროსები და გამოცდილები იყვნენ. საშინელი შიში მქონდა. ნახევარფინალში გადასვლა ჩემთვის რამხელა ბედნიერება იყო, ვერ აგიწერ. ზარებით იყო შეფასებები და პირველად ვიგრძენი მაყურებლის მხარდაჭერა. ანუ, ჩემი პირველი ნაბიჯები „იმედში“ გადაიდგა. სრული თავისუფლება გვქონდა. ყველაზე მძიმედ პირველი გადაცემა მახსოვს, სადაც წამყვანობის სურვილი გამოვთქვი და, რა მინდოდა, არ ვიცი (იცინიან). ხუთი წამიო, რომ მითხრეს, ამაზე დიდი ღელვა არ მქონია. მაგრამ, როგორც კი ეთერში გავედი, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა. პირდაპირ ეთერში მუშაობა ჩემთვის ყველაზე სასურველი რამაა. მერე მოვხვდი „რუსთავი 2-ში“, ნინო არაზაშვილი იყო ჩემი ლექტორი და, როდესაც ეკა სამხარაძეს დეკრეტულმა მოუწია, საშინელი ამბავი დაიწყო – ქასთინგის გამოცხადებასაც ვერ ასწრებდნენ და ნინომ შემომთავაზა სინჯების ჩაწერა. ჩავწერეთ ერთადერთი სინჯი, რომელიც ხელმძღვანელობამ ნახა და ორ კვირაში ეთერში დამსვეს.

– ძალიან გაგიმართლა, ხომ?

– ძალიან, მართლა. თუმცა, თავიდან საშინელ სტრესულ ვითარებაში ვიყავი.

– ამ ორი წლის განმავლობაში სურვილები არ შეგეცვალა?

– ძალიან კარგად, კომფორტულად ვგრძნობ თავს იმ გარემოში; ვიცი, რომ ბევრი კარგის გაკეთება შემიძლია. ჯერ არ ვგრძნობ, რომ ან პოლიტიკაზე ან სხვა სფეროზე გადართვის დრო მოვიდა. ისევ ამ კუთხით ჯობია, მოღვაწეობა გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ტელევიზიას ვჭირდები, რაღაც იმედებს ჩემზე ამყარებენ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

– იყო კინოროლები, პოდიუმი... არ გადაწონა ამ ყველაფერმა ტელევიზია?

– არა, პირიქით. მოდელობას საერთოდ შევეშვი. აბსოლუტური სისულელე იყო ჩემთვის ამ სფეროში ყოფნა, არ გაქვს შესაბამისი ანაზღაურება. როდესაც ერთ ჩვენებაში ორმოცდაათ ან ას ლარს მთავაზობენ ეს ჩემთვის არანაირ დაინტერესებას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ ტელევიზიიდან გარკვეული შეზღუდვები მაქვს, იგივე სარეკლამო რგოლებში მონაწილეობაზე. ამიტომ, ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე ვამბობ უარს. საერთოდ, „მის საქართველოს“ შემდეგ ბევრი რაღაცის დამტკიცება მომიწია, თუნდაც იმის, რომ მე არ ვარ უბრალოდ მოდელი...

– მოდელების მიმართ სულ არის, რომ ეს არის თოჯინა, რომელსაც თავში არაფერი უყრია, ჟურნალისტისთვის კი ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა.

– მართლა საშინელი ტრაგედიაა და ამას მერე მივხვდი. მსგავსი დამოკიდებულება ჩემ მიმართ მიგრძნია. ამ კონკურსზე „მის ტელეგენურობისა“ და „მის ინტელექტის“ ნომინაცია მომცეს. ინტელექტის კატეგორიაში ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა დააწესა პრიზი, რომ მოგებულს მის კომპანიაში უნდა გაევლო სტაჟირება. ეს ორგანიზაცია „მილენიუმის ფონდი“ იყო. ვარ 17 წლის, მივედი სამსახურში ქუსლებზე, მაკიაჟით და იქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა: ხორციელდება აგრობიზნესის, გზების პროექტები... სწორედ იქ ვიგრძენი ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება – „ამ გოგოს აქ რა უნდა?!“ გადავწყვიტე, იქვე დამემტკიცებინა, რომ თოჯინა არ ვარ. ისე გამოვიდა, რომ ეს სტაჟირება ჩემი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გამიგრძელეს და მივხვდი, რომ იქაც ვჭირდებოდი რაღაცაში. გარეგნობა არაფერ შუაში იყო, ჩემი ინტელექტითა და საქმისადმი დამოკიდებულებით მოვიპოვე მათი ნდობა.

ძალიან სასიამოვნოა, ამის დამტკიცებას რომ შეძლებ. ამ სამსახურიდან ორი არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დავნათესავდი. ამის შემდეგ „მის სამყაროზეც“ წავედი და, მიუხედავად ამდენი ამბისა, სილამაზის კონკურსების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

– რაც შეეხება კინოს. ხომ ხარ იმ აზრზე, რომ მდარე ხარისხის ფილმებს იღებენ. რატომ დათანხმდი შემოთავაზებას?

– კარგი შეკითხვაა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სიახლე იყო. ზოგადად, კინო ჩემთვის ძალიან სერიოზული ინტერესის სფეროა. ახლა უკვე ბევრი რაღაც გავიგე, რაც შიდა სამზარეულოს ეხება, თორემ, შემოქმედებითად დიდად არ დავტვირთულვარ. მეორე იყო „ოცნების ქალაქი“ და ამ შემოთავაზებას ძალიან იოლად დავთანხმდი, რადგან ის „რუსთავი 2-დან“ მოდიოდა. დათოს ვიცნობდი როგორც პროფესიონალს და ვენდობოდი. ჩემი იმედები ამ ფილმმა აბსოლუტურად გაამართლა გადაღებების დაწყების დღიდან.

– პოპულარობაზეც მინდა ვისაუბროთ. ლამაზი გოგო ხარ, ეკრანზეც ჩანხარ, კინოშიც, ჭკვიანი ხარ... გაღიზიანებს პოპულარობა, მოგწონს თუ, რა ხდება ამ მხრივ?

– ამ თემაზე საუბრის დროს სულ მახსენდება ვიეტნამი, „მის სამყაროს“ კონკურსი, სადაც ამ თემაზე ვსაუბრობდი კონკურსის ორგანიზატორებთან. როდესაც მკითხეს, ხარ თუ არა შენს ქვეყანაში პოპულარულიო, ვუპასუხე, რომ უფრო ცნობილი სახე ვარ, ვიდრე პოპულარული-მეთქი. პოპულარობა სულ სხვანაირად მესმის. სასიამოვნო კომპლიმენტების გარდა, ჩემ მიმართ სხვა დამოკიდებულება არ მიგრძნია. არც სკანდალისტი ვარ, ვინმე რომ ჩამისაფრდეს და ჩემზე ჭორები ავრცელოს ან უხერხული კითხვა დამისვას, არც ისეთი ცხოვრება მაქვს, რომ საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანი იყოს, ამიტომ, ის ფაქტი, რომ ცნობილი ვარ, დისკომფორტს არ მიქმნის. პოპულარულია, მაგალითად, ლედი გაგა, რომელიც ორეულებს ქირაობს იმისთვის, რომ პაპარაცებს თავგზა აუბნიოს.

– მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ. თუმცა, საქართველოშიც ყოფილან ისეთი მომღერლები, ვისაც დაცვით სიარული დასჭირვებიათ და მის გამო ქალები ისტერიკაში ვარდებოდნენ. თუმცა, ეს გემოვნების საკითხია.


скачать dle 11.3