ბენდტნერი ბარონესას არ ეშვება
ლონდონის „არსენალის“ დანიელი ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი მიმდინარე სეზონში ურიგოდ არ გამოიყურება, გოლებიც გააქვს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ბრიტანელ ჟურნალისტებს 21 წლის ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ და ამის მიზეზიც აქვთ. ნიკლასი 34 წლის კაროლინ ფლემინგს ყვარობს.
კაროლინი სამეფო ოჯახის წევრია და 22 წლის იყო, როცა დიდი ზარ-ზეიმით ცნობილ ბანკირს, ბონდიანას ავტორის, იან ფლემინგის ძმას, რორი ფლემინგს გაჰყვა. ორი შვილიც გააჩინა, მაგრამ მეუღლეს ორი წლის წინ დაშორდა. დაშორებიდან რამდენიმე თვეში, ბარონესამ დანიის ერთ-ერთ ტელევიზიაში ბენდტნერი გაიცნო და მას შემდეგ წყვილი ერთად არის.
„ასაკში განსხვავებას ვერ ვამჩნევ. ნიკლასი ზრდასრული მამაკაცია, ზუსტად იცის, რა უნდა და მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ“, – აცხადებს ბარონესა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან 400-მილიონიანი ქონებაც ერგო, ბენდტნერის შემოსავალი კი წლიურად სულ რაღაც ორი მილიონი ევროა.