ექიმის რჩევები
კითხვა: რა არის თვალის ევისცერაცია და თვალის ენუკლეაცია? რა შემთხვევაში კეთდება ერთი ოპერაცია და რა შემთხვევაში – მეორე?
პასუხი: თვალის კაკლის ენუკლეაცია ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც თვალის კაკალს თვალბუდიდან აცილებენ. მას მიმართავენ, მაგალითად, თვალის კაკლის ატროფიის, მძიმე ინფექციური და ოპერაციის შემდგომი ირიდოციკლიტის დროს. ევისცერაცია კი სკლერიდან თვალის შიგთავსის ამოღებაა. მას მაშინ მიმართავენ, როცა ენკულკაცია ჩირქოვანი გართულებების რისკფაქტორია.
კითხვა: ვარ 22 წლის, გათხოვილი. ხუთი თვის წინ გავიკეთე იძულებითი აბორტი. გამოკვლევამ მიზეზი ვერ დაადგინა. მართალია, ის მოსაზრება, რომ პირველი აბორტის შემდეგ დაორსულების ალბათობა მცირეა?
პასუხი: ყოველი აბორტის შემდეგ უფრო და უფრო თხელდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედა შრე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიწებებისას. ასე რომ, აბორტი, განსაკუთრებით პირველი ნაყოფის მოშორება, ნამდვილად ამცირებს შემდგომი დაორსულების ალბათობას. თუმცა იმის თქმა, რომ პირველი აბორტის შემდეგ დაორსულებას ვეღარ შეძლებთ, შეცდომა იქნება. ამ ეტაპზე გინეკოლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები და თუ პათოლოგია არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ, მორიგი ორსულობის დაგეგმვაზე იფიქროთ.
კითხვა: ვარ 23 წლის, გათხოვილი. მყავს 2 წლის შვილი. მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ საგრძნობლად დავიკელი წონაში. 45-დან 36 კილოგრამამდე ჩამოვედი. გავიკეთე ანალიზები და ნაწლავის ჩხირის ნაკლებობა აღმომაჩნდა. მკურნალობამ უმნიშვნელო შედეგი მომცა, მაგრამ წონას მაინც ვერ ვიმატებ. მაქვს კუჭის დაწევა და საყლაპავის შევიწროვება, რის გამოც ბევრს ვერ ვჭამ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რომ ცოტა მაინც მოვიმატო.
პასუხი: მუცლის ღრუს ორგანოთა დაწევა ამგვარი სიგამხდრის ფონზე ბუნებრივი მოვლენაა, ანუ კუჭის დაწევა წონის დაკლების შედეგია და არა მიზეზი. დისბაქტერიოზიც კახექსიის ერთ-ერთი მიზეზია. აუცილებლად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევები – სისხლის, შარდის საერთო ანალიზები, მუცლის ღრუს ექოსკოპია; გაესინჯეთ გამოცდილ თერაპევტს. თუ ყოველგვარი მძიმე ორგანული პათოლოგია გამოირიცხა, მაშინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი მდგომარეობა ორსულობის შემდგომი დისმეტაბოლიზმის ბრალია. ამ დარღვევის მიზეზი ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტებისგან ორგანიზმის გამოფიტვაა. ასეთ დროს კარგ შედეგს იძლევა ანაბოლური პრეპარატები, ვიტამინები.
კითხვა: რამდენიმე თვის წინ შემაწუხა ტერფებმა. სიგრილეში თავს კარგად ვგრძნობდი, სახლში, სითბოში კი ტერფები და მტევნები მიხურდა და მიწითლდებოდა. ფეხების სიმაღლეზე შეწყობისას თავს უკეთ ვგრძნობდი. გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ყველა მაჩვენებელი ნორმალური აღმოჩნდა. პროთრომბინი 100 მქონდა. ვიმკურნალე და 80 გამიხდა. ჩივილებმაც რამდენიმე დღეში გამიარა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იგივე სიმპტომებმა თავი ისევ იჩინა. რა ანალიზია კიდევ აუცილებელი და რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს ყველაფერი?
პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ვენური უკმარისობა გქონდეთ. გირჩევთ, გაესინჯოთ ანგიოლოგს, რომელიც დიაგნოზს დაგიზუსტებთ.
კითხვა: მითხრეს, რომ შეიძლება საავიაციო ნავთის გამოყენება კიბოს საწინააღმდეგოდ. მაქვს ღვიძლის კიბო. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და არის თუ არა სამკურნალო.
პასუხი: ხალხურ მედიცინაში მართლაც არის გაწმენდილი საავიაციო ნავთის სამკურნალოდ გამოყენების ფაქტები, მაგრამ, მეცნიერულ მედიცინას ნავთის ეფექტიანობის დამადასტურებელი მონაცემები არ მოეპოვება. ნავთი ნავთობპროდუქტებს მიეკუთვნება. ქსოვილებზე ზემოქმედებისას იგი მათ გამაგრებას იწვევს და ზოგიერთ შემთხვევაში, ზერელე ანთებით პროცესს აფერხებს, მაგრამ, მის გამოყენებას შეიძლება, უამრავი გართულებაც მოჰყვეს. თავს ნუ ჩაიგდებთ განსაცდელში, დროულად მიმართეთ ონკოლოგს და დაიწყეთ ინტენსიური მკურნალობა მისი დანიშნულების შესაბამისად. თვითმკურნალობა ონკოპროცესების დროს მხოლოდ ართულებს მდგომარეობას.
კითხვა: ვარ 43 წლის. დაახლოებით, 2 წელია, მარჯვენა მხრის უკან დამიგროვდა ცხიმი. არც მტკივა და არც იზრდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი გაქვთ. თუ იგი არც იზრდება და არც კოსმეტიკურ პრობლემებს გიქმნით, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – მოშორება აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ წარმონაქმნმა ზრდა დაიწყო, კონსულტაციისთვის მაშინვე მიმართეთ ექიმს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია