კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულთან ურთიერთობა და მისი სწორად გამოყენება


ნებისმიერი მშობლის ოცნებაა, აღზარდოს ღირსეული შვილი. ამისთვის მთავარია, სწორად იყოს წარმართული აღზრდის პროცესი, რადგან, ბავშვის დაკვირვების ობიექტი, პირველ ყოვლისა, არის მშობელი და ის ოჯახი, რომელშიც ბავშვი იზრდება. მშობელმა შვილისგან უნდა ჩამოაყალიბოს პიროვნება, რაც, ხშირ შემთხვევაში, პრობლემა ხდება ახალგაზრდა დედ-მამისთვის. აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გვესაუბრა ფსიქოლოგი მარინე გოგოხია.


– ქალბატონო მარინე, როგორ მიმდინარეობს ბავშვში პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი და რა როლს ასრულებს ამ დროს მშობელი?

– ბავშვის განვითარება მისი ჩასახვიდან იწყება – დედისა და შვილის ურთიერთობა აქედანვე სრულფასოვანი უნდა იყოს. 5 წლიდან ბავშვი უკვე იწყებს პიროვნებად ჩამოყალიბებას. ის ამ დროს ძალიან მგრძნობიარეა, შეუძლია ემოციების გამოხატვა. ბავშვის აღზრდა მის ზრდასრულობამდე მიმდინარეობს და ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესი. ამ პროცესში კი, მთავარ როლს მშობელი თამაშობს. დღეს საქართველოში ძალიან მოიკიდა ფეხი ძიძის ინსტიტუტმა. ეს ინსტიტუტი ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ ძიძა უნდა ყოფილიყო განათლებული, ჰქონოდა უამრავი რეკომენდაცია, გამოცდილება. დღეს კი სულ სხვა ვითარებაა: ხშირ შემთხვევაში, ძიძად მხოლოდ იმიტომ იწყებენ მუშაობას, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი აზრით, შვილი დედამ უნდა აღზარდოს. დედა-შვილის ურთიერთობა არის შეუცვლელი საუნჯე, ამოუხსნელი პროცესი, რომლის მოშლაც შეუძლებელია. ნორმალურმა მშობელმა შვილთან უნდა დაამყაროს თავისუფალი ურთიერთობა. მას არ უნდა ჰქონდეს მიჯაჭვულობის, ძალადობის სახე. ახალგაზრდა დედამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ნამდვილად უღირს, თუნდაც რამდენიმე წლით, უარი თქვას თავის კარიერაზე და აღზარდოს შვილი. მე არ ვამბობ, რომ ყველა მშობელი განათლებული უნდა იყოს. ძალიან კარგად ზრდიან შვილებს მშობლები სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა დიდად განსწავლულები არ იყვნენ. ბავშვს აქვს ადაპტაციის უნარი, ეგუება იმ გარემოს, რომელშიც იზრდება. პატარა საოცრად ემოციური და იმპულსურია, მშობლებთან ურთიერთობის შედეგად, ის სწავლობს, როგორ მოახერხოს თავის ფლობა, საკუთარი ემოციების მართვა. სხვათა შორის, ფიზიკური შრომა ძალიან კარგად ავითარებს ბავშვის ინტელექტუალურ გონიერებას – ეს არის მარტივი თეორიების გამოყენება პრაქტიკაში.

– როგორ ხდება შემდეგ პიროვნების ჩამოყალიბება?

– პიროვნება ყალიბდება ადამიანის ცნობიერი მოღვაწეობისა და სოციალური ურთიერთობების შედეგად. მისი უმთავრესი მახასიათებელია სხვა ადამიანების მიერ ინდივიდის შეფასება და, პირიქით, თუ როგორ აფასებს ინდივიდი სხვებს. ყოველი პიროვნება განუმეორებელია გარკვეული თვისებების ერთობლიობით. პიროვნებას აქვს მკაცრად განსაზღვრული ქცევისა და ურთიერთობის ფორმები, ოღონდ, მისაღები. რა თქმა უნდა, პიროვნება მისთვის მისაღებ ფორმებს, მორალურ ღირებულებებს არ გადაუხვევს. მორალურ ღირებულებათა ერთობლიობის გარეშე ადამიანი პიროვნებად არ ჩამოყალიბდება. უბრალოდ, ის რჩება ადამიანად, რომელსაც აქვს თავისი სურვილები, შეხედულებები და ასე შემდეგ. ბავშვი გარდატეხის ასაკში სწორედ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოცნებობს. როდესაც იდენტიფიკაციას ახდენს სხვა ადამიანთან, უკვე მეტ თავისუფლებას ითხოვს იმ სამყაროსგან, იმ სოციუმისგან, რომელშიც ის არსებობს. პიროვნება უნდა იყოს ასევე თვითრეალიზებული. ოჯახი-მშობელი-ბავშვი – არის ერთი ტრიადა. მშობელმა შვილი უნდა აღზარდოს, ასწავლოს, ატაროს ცეკვაზე, მუსიკაზე, სპორტზე, დააკავოს ხელოვნებით, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვს ამის ნიჭი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი იზრდება დამოუკიდებელი, განათლებული, თვითრეალიზებული. ამისთვის აუცილებელია, მშობელი შვილს იცნობდეს. ამას ძიძა ვერ გააკეთებს.

– არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი იზრდება ოჯახში, მშობლების გვერდით, მაგრამ აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი და უპირისპირდება მშობლებს. რა შემთხვევაში ხდება ეს?

– ეს პრობლემა მოზარდს უფრო აქსელერაციის ასაკში აქვს. ამ პერიოდში იწყება ძვალსახსროვანი სისტემის ინტენსიური ზრდა და სქესობრივი განვითარება. ფსიქოლოგიურად, მოზარდობის პერიოდში ნიშანდობლივია გონებრივი შესაძლებლობების ზრდა და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის დაწყება. მოზარდობის ხანა დაახლოებით სამი წელი გრძელდება და მთავრდება მაშინ, როცა ახალგაზრდა ადამიანი სრულფასოვანი კავშირების დამყარებას იწყებს. უმეტეს შემთხვევაში, ამ პერიოდში ვითარდება მორალური და ეთიკური გრძნობები და ქცევის კონტროლი. გვიანი მოზარდობისას ვლინდება ნეგატივიზმი – მოზარდი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს მშობლებთან დაპირისპირებით. იგი თანდათან გადის რთულ პროცესს – მრავალი ფასეულობიდან აირჩიოს მისთვის მისაღები და მისდიოს მას. როცა მოზარდი ოჯახისგან პიროვნულ დამოუკიდებლობას მიაღწევს, კვლავ აქტიური ხდება საკუთარი თავისთვის დასმული კითხვა: „ვინ ვარ მე?“ იდენტობა არის „მე“-ს, როგორც უნიკალური და შეკავშირებული ორგანიზმის განცდა, რომელიც სტაბილურია გარემო ცვლილებების მიუხედავად. ჩვეულებრივ, გვიანი მოზარდობის პერიოდში, ადგილი აქვს იდენტობის კრიზისს. თუ ის არ გადაილახა, მოზარდი პიროვნულად ძლიერი ვერ გახდება, დაკარგავს ინდივიდუალობას და განუვითარდება დაბნეულობის განცდა. ასეთ შემთხვევაში უკვე აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა, თუ ამ პრობლემების გადაჭრას მშობელი ვერ ახერხებს, რათა მოზარდმა საკუთარი იდენტიფიკაცია არ მოახდინოს, თუნდაც, კრიმინალურ სამყაროსთან. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არსებობს განსხვავება ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის. ინტელექტი ახერხებს სწორად ინტეგრაციას და ასეთი ბავშვი აქტიურად არ უპირისპირდება გარემოს.

– როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევთ მშობლებს, როგორ შეიძლება, ბავშვს ვასწავლოთ ფულთან ურთიერთობა?

– ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. არანაირი ფსიქოლოგი არ გახდება საჭირო, თუ ბავშვს დედა თავის რძესთან ერთად მიაწვდის ათ მცნებას. ათი მცნება თავს კი არ უნდა მოვახვიოთ მას, ის ნელ-ნელა, დოზირებით უნდა ჩადოს მშობელმა შვილში. ბავშვის დაკვირვების ობიექტი არის მშობელი. ამიტომ, ჯერ მან უნდა მოახერხოს ამ ათი მცნების დაცვით ცხოვრება და შემდეგ შვილს ასწავლოს. როდესაც ადამიანი უშურველია, სწორად არის აღზრდილი, როდესაც მასში შემოქმედებითი უნარები კარგად არის განვითარებული, მაშინ მათთვის ფული უკანა პლანზე დგება. მთავარია, ბავშვი იყოს სწორად აღზრდილი და ფულთან ურთიერთობაც სწორად ეცოდინება. დღევანდელ ცხოვრებაში ფული გახდა ფეტიში. გარკვეული ფენის ადამიანებისთვის ის იდენტიფიცირდება რაღაცაზე ბუნებრივ ძალად. ეს ტრაგიკომიკურია, ამ თემაზე საერთოდ არ უნდა იწერებოდეს. ფულთან ურთიერთობას ბავშვს ვერ ვასწავლით, მას ფულის სწორად გამოყენება უნდა ვასწავლოთ. ფული მოზარდის თვალში უნდა იყოს მხოლოდ მიმოქცევის, საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი სისტემა. იცოდეს, რა არის ღირებული და რა – ნაკლებად ღირებული. ეს ყველაფერი შვილს უნდა ვასწავლოთ საკუთარ მაგალითზე.

– რას ურჩევთ ახალგაზრდა მშობლებს, როგორ მიაღწიონ ამ ყველაფერს ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღონ?

– პირველ ყოვლისა, შვილი უნდა აღზარდოს მშობელმა, მისცეს ნორმალური განათლება, ააღორძინოს მასში შემოქმედებითი უნარები და უჩვენოს საკუთარი მაგალითი. მე აღვნიშნე, რომ შვილი უნდა აღვზარდოთ ათი მცნების დაცვით. ყველა ფილოსოფია ბიბლიიდან იღებს სათავეს, რადგან ამაზე კარგი ჯერ არ დაწერილა. ათი მცნება, იცით, როგორი რამეა? აბსოლუტურად ყველაფერი მასში მოთავსებულია ლაკონურად, ლამაზად. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ახალგაზრდა მშობელი, შვილს გაზრდის რწმენით, მისცემს საკუთარ მაგალითს, დამიჯერეთ შედეგი საუკეთესო იქნება.


скачать dle 11.3