ხილული სასწაულები ეშმაკთან საბრძოლველად
ერთხელ, ღამით, ეშმაკი ღირსი მაკარი ალექსანდრიელის (მეოთხე საუკუნე) სენაკში მივიდა: „ადექი, ამბა და წავიდეთ ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის“. საღვთო მადლით აღვსილი მაკარი მიხვდა მტრის მზაკვრობას: „ო, ფლიდო და სიკეთის მოძულევ! რანაირად შეიძლება, შენ მონაწილეობა მიიღო ღვთისმსახურებაში და რა საერთო გაქვს წმიდანთა კრებულთან?“ ეშმაკმა უთხრა: „ნუთუ არ იცი, მაკარი, რომ უჩვენოდ არც ერთი საეკლესიო მსახურება და მონაზონთა შეკრება არ ტარდება?! ბერმა უპასუხა: „დაე, ღმერთმა შეგკრას, უწმინდურო ავსულო!“ – და ლოცვას შეუდგა.
დადგა დრო შუაღამის მსახურებისა და მაკარი წავიდა ეკლესიაში, რათა ეთხოვა ღმერთისთვის – გაემხილა და ეჩვენებინა მისთვის, მართალს ამბობდა თუ არა ეშმაკი. ეკლესიაში შესულმა უცებ დაინახა, რომ იქაურობა სავსე იყო ეთიოპიელების მსგავსი შავი პატარა ბავშვებით, რომლებიც სწრაფად მიმორბოდნენ და დაფრინავდნენ ეკლესიაში.
მონასტერში იყო ასეთი წესი: ერთი ძმა ფსალმუნებს კითხულობდა, სხვები კი ისხდნენ და უსმენდნენ. და აი, ახლა ყოველი ძმის გვერდით ჩამომსხდარიყვნენ ის „ეთიოპიელები“ და დასცინოდნენ მათ: ვისაც თვალებზე თითებით შეეხებოდნენ, თვლემას იწყებდა, ვისაც პირზე მიადებდნენ თითს – უმალ ფხიზლდებოდა. ზოგის წინ დედაკაცებივით მიდი-მოდიოდნენ, სხვების წინ კი რაღაცას აგებდნენ, რაღაც დაჰქონდათ – ბევრ რამეს აკეთებდნენ. რასაც ავსულნი წარმოუდგენდნენ ძმებს, ისინიც მასზე იწყებდნენ ფიქრს. მაგრამ, მონასტრის ძმათაგან იყვნენ ისეთებიც, რომელთაგან რაღაც ძალა მაშინვე განაგდებდა და განაშორებდა ავსულებს, როგორც კი ისინი თავიანთ ოინებს იწყებდნენ. ხოლო უძლურ ძმებს, რომლებიც ლოცვას ყურს არ უგდებდნენ, დასცინოდნენ, კისერსა და მხრებზე ასხდებოდნენ.
ღირსმა მაკარიმ, იხილა თუ არა ეს ყოველივე, მთელი გულით ამოიოხრა: „იხილე, უფალო და ნუ დადუმდები, აღსდეგ, ღმერთო, რათა განიბნინენ მტერნი შენნი და ივლტოდნენ პირისაგან შენისა, რადგანაც სული ჩვენი სავსეა ბიწიერებით“:
მსახურების დასრულების შემდეგ ღირსმა მაკარიმ ცალ-ცალკე მოიხმო ძმები და ჰკითხა – ღვთისმსახურების დროს რაზე ფიქრობდნენ. მათაც გაუმხილეს თავიანთი გულისსიტყვები და აღმოჩნდა, რომ თითოეული ფიქრობდა იმაზე, რასაც ეშმაკი დამცინავად განასახიერებდა მათ წინაშე. სწორედ ეს იხილა ღირსმა მამამაც.
დემონები ებრძვიან ეკლესიას, ანგელოზები კი – იცავენ
ეს ამბავი შეემთხვა კვიპროსის ეპისკოპოსს – ღირს ნიფონტს (მეოთხე საუკუნე): ლოცვის შემდგომ იგი ატაცებულ იქნა და იხილა დიდი მინდორი – თანაბარი სიგრძე-სიგანისა, სავსე უამრავი ეშმაკით; ისინი, მძიმე ცოდვათა რაოდენობის მიხედვით, დაყოფილი იყვნენ 365 ლეგიონად.
ერთი შავტუხა ეთიოპიელი ითვლიდა მეომრებს, თითქოს საომრად ამზადებდა მათ: „მიყურეთ მე და ნურაფრის შეგეშინდებათ – ჩემი ძალა თქვენთან იქნება!“ ზოგიერთებს მოჰქონდა უამრავი სხვადასხვაგვარი იარაღი და ავსულებს ურიგებდა. უბოძა რა თითოეულ ლეგიონს ხიბლი და მომნუსხველობა, ეშმაკმა ისინი გაგზავნა მიწაზე – ქრისტეს ეკლესიასთან საბრძოლველად.
როცა ნეტარი ნიფონტი ამ სანახაობას შეჰყურებდა, ხმა მოესმა: „ნიფონტ, აღმოსავლეთისკენ მიბრუნდი!“ იგი მიტრიალდა და დაინახა სუფთა და ლამაზი მინდორი, სადაც ეშმაკებზე ორჯერ მეტი თეთრსამოსიანი იდგა – ისინიც საომრად გამზადებულნი. შემდეგ გამოჩნდა მამაკაცი – მზეზე უბრწყინვალესი, და თქვა: „ასე გვიბრძანებს უფალი საბაოთ: განეფინენით მთელ დედამიწას, დაეხმარეთ ქრისტიანებს და დაიცავით მათი სიცოცხლე!“
ღირსმა მამამ განადიდა ღმერთი – შემწე თავისი ეკლესიისა.
„სასწაულები და ხილვები“