რა არის ადამიანის ცოდვების წარმოშობის წყარო
ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლა გვიწევს, რომლებიც, თავის მხრივ, ბევრ ცოდვას წარმოშობს და მათთან განშორება ნელ-ნელა კიდევ უფრო რთული ხდება. როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებებს, როგორ შემოდიან ისინი ჩვენში, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– წმიდა მამები, მრავალსაუკუნოვანი ასკეტური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვნებებს ცოდვების წარმოშობის წყაროდ მიიჩნევდნენ. მათ ყოველთვის აინტერესებდათ ამა თუ იმ ცოდვის პირველწყარო და არა უკვე აღსრულებული ბოროტი საქმე, რომელიც მხოლოდ ნაყოფია ჩვენში ღრმად ფესვებგადგმული ცოდვითი ჩვეულების ან ვნებებისა. მათ ასკეტები ზოგჯერ „ბოროტ ზრახვად“ ან „ბოროტ ცოდვად“ ასახელებდნენ. ცოდვით ჩვეულებებზე, ვნებებსა და სიბილწეზე ამგვარი დაკვირვებით წმიდა მამები მივიდნენ სხვადასხვა დასკვნამდე, რომლებიც ნელ-ნელა, საფუძვლიანად დაამუშავეს.
– როგორია ეს დასკვნები?
– სიბილწე და ცოდვითი მდგომარეობა მრავალსახოვანია. ღირსი ივსუქი იერუსალიმელის სწავლებით, „ბევრი ვნებაა დამალული ჩვენს სულებში, მაგრამ ისინი გამოვლინდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც საამისო პირობები ჩნდება“. ვნებებთან ბრძოლითა და ამ გზით შეძენილი გამოცდილებით, წმიდა მამებმა შექმნეს სულიერი ბრძოლის სქემა. ყველაზე გავრცელებული სქემა ეკუთვნით: ღირს იოანე კასიანე რომაელს, ნილოს სინელს, ეფრემ ასურს, იოანე კიბისაღმწერელსა და გრიგოლ პალამას. ამ წმიდანების თანახმად, ყველა ცოდვითი განწყობა ადამიანის სულისა, მომდინარეობს რვა მთავარი ვნებისგან. ესენია: 1. ნაყროვანება, 2. სიძვა, 3. ვერცხლისმოყვარეობა, 4. მრისხანება, 5. მწუხარება (მოწყინება), 6. სასოწარკვეთილება, 7. ამპარტავნება, 8. სიამაყე. სწორედ ესენი გვევლინება ჩვენს სულში ცოდვების მთავარ აღმძვრელად. რაც მთავარია, მათ შორის არსებობს კავშირი და ხშირად ერთი მეორის წარმოშობის მიზეზი ხდება. „ბოროტი ვნება და უწმიდურება არა მარტო შედის ადამიანის სულში ერთი-მეორის მიყოლებით, არამედ არსობრივად ის ერთია“, – ამტკიცებს წმიდა გრიგოლ პალამა. ამგვარი კავშირი შემოწმებულია ყველა ასკეტური მოღვაწის მიერ და მათაც სწორედ ასეთი თანმიმდევრობით აქვთ ვნებები დაწერილი, რადგან გენეტიკურ ვნებას აქვს მემკვიდრეობითი საწყისი. ასკეტი მამები დამაჯერებლად გვიყვებიან იმას, თუ როგორ შეუმჩნევლად წარმოიქმნება ერთი ცოდვისგან მეორე.
ვნებათა შორის ყველაზე ბუნებრივი არის ნაყროვანება, რადგან ის წარმოიშობა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან. შიმშილსა და წყურვილს გრძნობს ყველა ნორმალური ადამიანი, მაგრამ, არანორმალურად მიღება საკვებისა, სასმლისა, ნორმალურ მოთხოვნილებას გადააქცევს უნორმოდ, ბუნებრივის საწინააღმდეგოდ. ბიწიერად ნაყროვანება, ესე იგი, უნორმო კვება, ბუნებრივად აღძრავს ხორციელ სურვილს, სექსუალურ მისწრაფებებს, რომელსაც, თუ არ მოვიკვეთთ, მივყავართ სიძვის ვნებამდე. ამ გზით იშვება ყოველგვარი ბილწი აზრი, სურვილი, ოცნება და ასე შემდეგ. ამ სამარცხვინო ვნების დასაკმაყოფილებლად ადამიანს სჭირდება მატერიალური საშუალება, რაც, თავის მხრივ, შობს ვერცხლისმოყვარეობის ვნებას, რომლისგანაც იღებს სათავეს ყველა ის ცოდვა, რაც ფულთან არის დაკავშირებული: ფლანგვა, ფუფუნება, სიძუნწე, ნივთმოყვარეობა, სიხარბე, შური. ჩვენი ცხოვრების მატერიალური წარუმატებლობა გვაგდებს მრისხანებაში, გვეუფლება მწუხარება და სასოწარკვეთილება. მრისხანებისგან წარმოიშობა ყველა ცხოვრებისეული ცოდვა, რომელიც ვლინდება ნერვიულობით, თავშეუკავებლობით, შფოთვით, ჩხუბით, გაბოროტებით.
– მამაო, გარდა ხორციელი ვნებებისა, არსებობს სულიერი ვნებებიც. როგორია ისინი?
– დიახ, ამ ვნებათა სქემაში არის მეორე ქვეგანყოფილება. ვნებები, რომლებიც დავასახელეთ, დაკავშირებულია სხეულთან ან ბუნებრივ მოთხოვნილებებთან: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ან – სულიერთან, რომელთა წარმომავლობაც უნდა ვეძიოთ არა უშუალოდ სხეულსა და ბუნებაში, არამედ ადამიანის სულიერ სფეროში. მათ განეკუთვნება: სიამაყე, მწუხარება, სასოწარკვეთილება, ამპარტავნება. ზოგიერთი ღვთისმეტყველი ხორციელ ვნებებს უფრო ბუნებრივად მიიჩნევს, თუმცა, არანაკლებ საშიშად, ვიდრე სულიერ ვნებებს.
მოცემულ სქემაში ასკეტი მამები განასხვავებენ ვნებებს, რომლებიც სიბილწიდან, უშუალოდ კი ბოროტებიდან იშვებიან და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მათი საწყისი სათნოებაა. ამგვარი მიდგომა კი განსაკუთრებულად საშიშია.
ფსიქოლოგებმა, ასკეტმა მამებმა საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ ვნების საშიშროება მარტო ის კი არ არის, რომ ის შევიდა ადამიანის სულში, არამედ ისიც, რომ შემდეგ ის ბატონობს ადამიანზე ჩვევებით, მოგონებებით, ამა თუ იმ ცოდვით, გაუთვითცნობიერებელი გატაცებით. „ვნება, – ამბობს წმიდა მარკოზი განშორებული, – თვითნებურად ბრუნდება სულში საქმით, შემდეგ მის მოყვარულში აღდგება ძალით, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ უნდოდა“. ევაგრე მონაზონი კი ასე გვასწავლის: „რაზეც ჩვენ გვაქვს ვნებითი მეხსიერება, ის, რაც ადრე საქმით მიგვიღია ვნებითად, მასზე შემდგომში გვექნება ვნებითი მეხსიერება“, იგივე მოღვაწე გვასწავლის, რომ ყველა ვნება ერთნაირად ვერ ფლობს ადამიანს, ხორციელ ვნებათა ეშმაკები უფრო მალე ტოვებენ მას, რადგან, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი ბერდება და მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მცირდება. სულიერ ვნებათა ეშმაკები კი „სიკვდილამდე მტკიცედ დგანან და აფორიაქებენ სულს“. „ვნების ნიშანწყალი, რომელიც სულში მოქმედებს, შეიძლება იყოს ან რომელიმე გამოთქმული სიტყვა, ან სხეულით აღსრულებული მოძრაობა, ამ გზით მტერი იგებს, მკვიდრობს ჩვენში მისი აზრები, თუ განვაგდეთ ისინი“.
– მამაო, როგორ უნდა განვიკურნოთ ამ მომაკვდინებელი ვნებებისგან?
– როგორც სულიერი, ისე ხორციელი ვნების აღმძვრელი მიზეზები სხვადასხვაა, ასევე, სხვადასხვა უნდა იყოს საშუალება ამ სიბილწეთა განკურნებისა. „ხორციელი ვნებების მოძრაობას სპობს თავშეკავებულობა, ხოლო სულიერისას – სულიერი სიყვარული“. ღირსი იოანე კასიანე რომაელი წერს: „სულიერ ვნებებს უნდა ვუშველოთ გულის უბრალო მკურნალობით, მაშინ, როდესაც ხორციელი ვნებები ორნაირად იკურნება: გარეგნული საშუალებებით (თავშეკავებულობით) და შინაგანით (სათნოებათმოყვარეობით). „სასოწარკვეთილებას რომ მოერიო, ჯერ მწუხარება უნდა განაგდო, მწუხარება რომ განაგდო, ჯერ მრისხანება უნდა მოიშთო, მრისხანება რომ ჩააქრო, ჯერ ვერცხლისმოყვარეობა უნდა მოსპო, უნდა მოარჯულო სიძვის ვნება. ეს ბილწი გულისთქმა რომ მოაშთო, საჭიროა, აღვირი ამოსდო ნაყროვანებას“.
ასე რომ, უნდა ვისწავლოთ ბრძოლა არა ბოროტ ქმედებებთან, არამედ ამ ბოროტების დამბადებელ ავ სულებთან ან ბოროტ ზრახვებთან. უშედეგოა უკვე მომხდართან ბრძოლა, იმიტომ, რომ ცოდვა ჩადენილია, საქმე აღსრულებულია, მომხდარის შეცვლა კი არავის ძალუძს, მაგრამ, აიცილოს მომავალში მსგავსი ცოდვები ადამიანს ყოველთვის შეუძლია. ამიტომ ყურადღებით უნდა გააანალიზოთ, საიდან მოდის ესა თუ ის ცოდვა და უნდა შეებრძოლოთ მის მშობელ ვნებას.