კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ცოლს რამე შანსი ქმრის სამუდამოდ „დასაბმელად“


არის თუ არა სიყვარული საკმარისი იმისთვის, რომ ცოლ-ქმარი ბოლომდე ერთმანეთის ერთგული დარჩეს? საუბარია სერიოზულ, დიდ გრძნობაზე, როცა ქალი და კაცი დარწმუნებულია იმაში, რომ მათ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ. ფსიქოლოგები ერთხმად პასუხობენ: არა! სიყვარული რომ მთავარი ფაქტორი იყოს ოჯახის ერთიანობისა და ჰარმონიული არსებობისთვის, მაშინ ამდენი ოჯახიც არ დაინგრეოდა. სხვათა შორის, სიყვარული ოჯახის კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. მთავარი ყოფილა, მეუღლეების თანამოაზრეობა, საერთო ინტერესები, ერთნაირი ღირებულებები და კავშირები; სოციალური თანასწორობა და ხასიათების შერწყმა-შეგუება. ისევ ფსიქოლოგებს თუ ვერწმუნებით, შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ მის გვერდით ერთი დღეც კი ვერ გაძლო. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თავისი ნიუანსები აქვს, რომლებიც განაპირობებს წყვილის ბედნიერ თანაარსებობას. ამიტომაც არის, რომ ზოგი ცოლ-ქმარი უმნიშვნელო გამოცდასაც ვერ უძლებს და მათ ოჯახს წვრილმანზე დაწყებული კამათიც ანგრევს. ზოგიერთი წყვილი კი, მედგრად უძლებს ცხოვრების ქარიშხალს. მათ ერთად ყოფნას ღალატიც ვერაფერს აკლებს.



ლიკა (29 წლის): საკუთარ თავს ჩამორჩენილს ვერ ვუწოდებ, საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ოჯახში გავიზარდე. ამის დასამტკიცებლად საკმარისია ვთქვა, რომ სანამ ცოლად გავყვებოდი, მე და ჩემი შეყვარებული ორი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით.

– ერთად ცხოვრებაში რას გულისხმობთ?

– ერთ სახლში ცხოვრებას. თითქმის, როგორც ცოლ-ქმარი, ისე ვიყავით. იმ განსხვავებით, რომ მე მივდიოდი მის ბინაში და კვირაში რამდენიმე დღე ვრჩებოდი.

– ანუ, ძირითადად მაინც მშობლებთან ცხოვრობდით.

– დიახ. მთელი გარდერობით არ გადავბარგებულვარ და არც საერთო ფინანსები გვქონია. ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებიც ისეთი გვქონდა, როგორც ცოლ-ქმარს – არ მიგულისხმია ის, რომ მე ალთას დავდიოდი, ის კი – ბალთას, მაგრამ ყველაფერს ნამდვილად არ ვუთანხმებდი და არც ჩემს თითოეულ ნაბიჯზე ვაბარებდი ანგარიშს.

– ცოლ-ქმარი ვალდებულია, ასე მოიქცეს?

– დიახ. მე მიმაჩნია, რომ ცოლმა ქმრის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს და პირიქით. თუ მათ შორის საიდუმლოებები არსებობს, თუ რაღაცას მალავენ, ბოლომდე არ ამბობენ და „საკუთარი პატარა ცხოვრება“ აქვთ ძირითადის მიღმა, მე ასეთი ოჯახის არ მწამს. სერიოზულად ვამბობ. ზუკას სულ იმაზე ველაპარაკებოდი და ვეუბნებოდი, შენი ცოლი რომ გავხდები, ყველაფერს მოგიყვები-მეთქი. ბუნებრივია, მისი მხრიდანაც ვითხოვდი გულახდილობას.

– მიგაჩნიათ, რომ ეს შესაძლებელია?

– რატომაც არა. ცოლ-ქმარი ხომ იმიტომ არის ერთად, რომ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. მე ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ვყოფილიყავი სხვანაირად. არასოდეს მესმოდა იმ ქალების, დაქალებთან ქმრებს რომ „ამუშავებენ“, დასცინიან, ლანძღავენ... მერე მიდიან და გვერდით უწვებიან. ამაზე ვგიჟდები. ვინ არის დაქალი, რომ მასთან საკუთარი ქმარი დაამცირო? მერე როგორღა უნდა მოეხვიო და აკოცო. არც ახლა ვაპირებ ჩემს ქმარზე რამე ცუდი ვთქვა. სანამ ერთად ვართ და სანამ მის მიმართ გრძნობა მაქვს არავითარ შემთხვევაში არ გავლანძღავ. უბრალოდ, სწორედაც რომ დაქალებთან არ მინდოდა ჩემი სიტუაციის განხილვა და მოვედი თქვენთან. შეიძლება, შეცდომას მე ვუშვებ ან, რაღაც ფუჭი წარმოდგენების გამო, ვითხოვ იმას, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ მართლა მაინტერესებს, არსებობენ კაცები, რომლებიც ბოლომდე ერთგულები რჩებიან?

– ძნელად პასუხგასაცემი კითხვაა.

– ვხვდები. იმიტომ, რომ ეს პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს. რაღაც აბსურდამდე მივდივართ. თითქოს, კანონზომიერებად გვიმკვიდრებენ, რომ ქმარმა აუცილებლად უნდა უღალატოს ცოლს. თითქოს, ეს ისეთი ბუნებრივი იყოს, როგორც დილით პირის დაბანა.

– ვინ ამკვიდრებს კანონზომიერებად?

– ვინ და მამაკაცები. ისინი ამტკიცებენ, რომ, რა მოხდა, მერე... რომ ღალატი არ არის ის, თუ ცოლიანი კაცი მარჯვნივ და მარცხნივ „აბამს“ ქალებს. ზოგიერთს რომ ჰკითხო, ეს გართობა და „მოთელვა“ ყოფილა. იცით, რა მინდა ვთქვა? რაღა მაშინ ემართებათ ასეთი „მოთელვები“, როცა მისი ცოლი ხდები. სანამ ოფიციალური ცოლ-ქმარი გავხდებოდით, იმ ორი წლის განმავლობაში, ზურა სანიმუშოდ იქცეოდა. მე არ შემინიშნავს, ერთხელ მაინც გვერდზე გაეხედოს. ისეთი გახარებული ვიყავი, ვფიქრობდი. აი, ხომ ვიპოვე ერთგული და სხვებისგან განსხვავებული მამაკაცი-მეთქი. თურმე, როგორ ვცდებოდი...

– გიღალატათ?

– ფაქტზე არ დამიჭერია, მაგრამ ეს ხომ არ არის აუცილებელი. მაინცდამაინც თავზე უნდა წამოადგე, რომ გული გეტკინოს და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო? პრინციპში, ეგ ტექნიკური მხარე უკვე აღარც არის საინტერესო. შეიძლება, ვინმემ მითხრას, რომ ღალატი სწორედ ფაქტიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ის საიდუმლოებები მაგიჟებს, რომელიც ამ დროს კაცს უჩნდება და ნერვიულობით კვდება, რომ შენ არ გაუგო. ანუ, მან უკვე იცის, რომ რაღაცას აშავებს, აფუჭებს და ამის გამო, შეიძლება, სინდისიც აწუხებს. განა რა სიამოვნებას იღებენ ამ ნერვიულობის ფასად. კიდევ იცით, რაზე ვგიჟდები, როგორც კი ცოლი დაგერქმევა, მაშინვე გადადიხარ მეორე პლანზე.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ აღარ არის ის აღფრთოვანება, რაც მანამდე ასაზრდოებს ურთიერთობას. ყურადღებასაც ნაკლებს გაქცევენ, კომპლიმენტის თქმა ეზარებათ, ფიქრობენ, რა აუცილებელია, მაინც ხომ უკვე ჩემი ცოლია. რატომღა ვილაპარაკო სისულელეებიო.

– კომპლიმენტი სისულელეა?

– მე არ ვამბობ, რომ სისულელეა. მამაკაცებს მიაჩნიათ ასე. ენას აღარ იღლიან. ცოლია, რა... ყოველთვის შენ გვერდით არის, ხელის გაწვდენაზე, შენი ერთგულია და საერთოდაც შენია, ასეც და ისეც, ყოველგვარი სიურპრიზების, კომპლიმენტების, საჩუქრებისა და რომანტიკული პაემნების გარეშე. მე არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მართლა არ ვიცი.

– შეიძლება, იმიტომ, რომ მამაკაცი ბუნებით ზარმაცია. მიაღწევს მიზანს და მშვიდდება, აზარტს კარგავს.

– კარგი რა, არაფერი ზარმაციც არ არის. კისრის აქეთ-იქით ტრიალი და მუსუსობა თუკი არ ეზარება? აზარტზე კი გეთანხმებით. ცოლთან ურთიერთობაში მათი აზარტი ნულს უტოლდება. მაშინ, როცა ცოლი ტყავიდან ძვრება, რომ სულ მიმზიდველი და სასურველი იყოს თავისი ქმრისთვის. თეორიულ დონეზე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ერთფეროვნებას ჩვენ შორის ლტოლვა არ მოეკლა, მაგრამ, პრაქტიკაში თეორია ნაკლებად ამართლებს. უკვე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცოლს არანაირი შანსი არ აქვს, ქმარი სამუდამოდ „დააბას“. არ არსებობს არანაირი საშუალება, რომ ქმარი სულ მოხიბლული გყავდეს. გამორიცხულია, ფეხები კისრიდანაც რომ გეწყებოდეს, ტოპ-მოდელის გარეგნობა და მაგარი ეშხი რომ გქონდეს, მაინც არაფერი გიშველის. ერთ დღესაც, ქმრისთვის როგორც ქალი საინტერესო აღარ იქნები. იმ ერთი მიზეზის გამო, რომ ცოლი ხარ! არც დიდი სიყვარულია საკმარისი ქმრის შესანარჩუნებლად.

– გამოსავალი არ ყოფილა.

– მაგას არ ვამბობ, რომ არ არის?! თუ გინდა, თანაც გადაჰყევი. რომ ამბობენ, ქალი რომ საშინაო ჩუსტებს ჩაიცვამს, ის კაცს უკვე აღარ აინტერესებსო, მართალი ყოფილა. მაგრამ, მე ამ სტერეოტიპის დანგრევა ვცადე. სახლშიც სულ ფორმაში ვიყავი, სპეციალურად ვიყიდე ისეთი ტანსაცმელი, რომ ზურას დიასახლისის როლშიც სექსუალურად ვენახე. არც თმაგაწეწილი დავდიოდი და არც ხალათგადაცმული. თმა სულ მოწესრიგებული მქონდა. როცა ოფიციალურად ცოლ-ქმარი დაგვერქვა, მაქსიმალურად ვზრუნავდი იმისთვის, რომ ჩემი ქმრისთვის ყველანაირი კომფორტი შემექმნა. თანაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვუმტკიცებდი, რომ მისგან არაფერი მქონდა დასამალი. მობილურს ყოველთვის მის ცხვირწინ ვტოვებდი, თუ სამსახურში რამე მოხდებოდა, ვუყვებოდი. საკმარისი იყო, სულ უმნიშვნელო კომპლიმენტი ეთქვა ვინმეს, რომ ერთად ვიცინოდით, მაგრამ, კაცების „კუდი არ გასწორდება“. თავიდან ისიც გახსნილი იყო. მობილურსაც ტოვებდა და რაღაც-რაღაცეებსაც მეუბნებოდა. მერე შევნიშნე, რომ ზოგჯერ დამნაშავის ღიმილით მარიდებდა თავს. ნამდვილად არ ვარ არც მიამიტი და არც გულუბრყვილო. ასეთი რაღაცეებიც არ მეშლება. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი, რაც ჩემს ბედნიერებას შეუქმნიდა საფრთხეს... სხვა ქალისთვის, შეიძლება, არაფერს ნიშნავს, როცა მისი ქმარი ვიღაცას ეფლირტავება.

– შეიძლება, ეს არაფერს ნიშნავდეს?

– ზოგისთვის შეიძლება. გეუბნებით, ბევრ ქალს აქვს ასეთი პოზიცია: „მე რაც უნდა ვქნა, ის მაინც გაიხედავს სხვა ქალისკენ. მაშ, რისთვის მოვიშალო ნერვები? გაერთოს, საღამოს ხომ მაინც სახლში მოვა“. მე ვგიჟდები ასეთ სიმშვიდეზე და ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ქმარმა ჩემს ცხვირწინ ქალები „აბას“.

– ხომ თქვით, რომ ამის თავიდან აცილების შანსი, ფაქტობრივად, ცოლებს არ აქვთ.

– რაღაც შანსი მაინც არსებობს. უნდა ითამაშო. დიახ, ოღონდ ნიჭიერად უნდა ითამაშო. ყველაზე წინ საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები დააყენო. შენი გულწრფელობა, შენი თავგანწირვა არავის სჭირდება. ამიტომ, იმავე წესებით უნდა ითამაშო, რომელსაც ის გთავაზობს. იცით, კაცი როდის ვერ იცლის სხვა ქალებისთვის? – როცა იძულებულია საკუთარი ცოლი აკონტროლოს.

– იმის თქმა გინდათ, რომ ცოლს არ უნდა ენდობოდეს?

– უნდა ეშინოდეს. ხვდებით, რას ვგულისხმობ? უნდა ეშინოდეს, რომ ცოლმაც შეიძლება, ვინმეს შეხედოს. სულ თვალებს უნდა ვუჟუჟუნებდეთ და ვანერვიულებდეთ. ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა გავიგე, ვის ეფლირტავებოდა და „ეთამაშებოდა“ ჩემი ძვირფასი მეუღლე – ჩემს თანამშრომელს. ისე გავცოფდი, ლამის გადავირიე. შემეძლო, მომეკლა!

– მოუწყვეთ ისტერიკა?

– დიახ. არ გამოდის ამის გარეშე. ყველა კაცს სჭირდება დროდადრო მაგრად შეჯანჯღარება. არ მინდოდა, სტანდარტული სცენები გამემართა ჩემი ქმრისთვის. სულ ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული ცოლი ვიქნებოდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა მაინც „გამიჩალიჩა“. მისი ბრალია, რომ დღეს იმის გაკეთება მიწევს, რაც არასოდეს მდომებია. ვგულისხმობ, თამაშს. ძალიან არასასიამოვნოა, როცა შენში არ „ზის“ ეს რაღაც, მაგრამ მაინც იძულებული ხარ, იფარისევლო. ჩემმა ქმარმა ვერ შეიფერა ის კომფორტი, რომელიც მას შევუქმენი. თავი დაიარხეინა და მოძებნა თავისთვის გასართობი. დაავიწყდა, რომ ასეთი გართობები ცუდად მთავრდება.

– ვისთვის – ცოლისთვის თუ ქმრისთვის?

– სამწუხაროდ, ორივესთვის. ამ შემთხვევაში, ორივე თანაბრად ზარალდება. ცოლს აღარ აქვს სურვილი, იზრუნოს ორგულ და მოღალატე ქმარზე. სულ ბუზღუნებს, წუწუნებს და ჩხუბობს. ქმარიც იძულებულია, ამ ყველაფერს უსმინოს. მშვიდობით, სიამტკბილობავ და მშვიდო ცხოვრებავ! როგორი მშვიდი ნერვებიც არ უნდა გქონდეს, როცა ხედავ, რომ შენი ერთგულება, შენი სიყვარული არ ფასდება, ბრაზდები. ვერ იქნები ალერსიანი ფისუნია. არ გამოგივა.

– გეთანხმებით, რომ მართლა რთულია, იყო მშვიდად, როცა ქმარი გღალატობს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში პროცესი ასე ღრმად არ წასულა.

– იმიტომ, რომ მე არ დავუშვი. დროზე ჩავერთე საქმეში. ჩემი ქმარი ისეთ დღეში მყავს, მეეჭვება, ფლირტისთვის და სხვების თვალთვალისთვის მოიცალოს. პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში გადავუხადე სამაგიერო. მისი მეგობრის დაბადების დღე იყო და ისე ვიმხიარულე, როგორც არასდროს. დავლიე, ვიმღერე და თითქმის ყველა მამაკაცთან ვიცეკვე. რა უნდა კაცის გამოშტერებას, მით უმეტეს, თუ თავზე ხელს აიღებ. ისე ვიკეკლუცე, ჩემი ქმარი გაშტერებული მიყურებდა.

– ანუ, აეჭვიანეთ.

– მე სხვანაირად ვიტყვი, დავანახე, რომ შემიძლია, სხვანაირიც ვიყო. ნახევარი საათი მეხვეწებოდა, სახლში წავიდეთო, სახეზე სულ წითელი იყო და ტუჩებს იკვნეტდა. სახლში რომ მივედით, მისაყვედურა. მე არ ავყევი. მარტო ვიცინოდი, ისე, ქარაფშუტულად.

– თქვენ რომ თქვით, ორი წელი ერთად ვცხოვრობდითო, მაშინ არ შეგინიშნავთ, რომ ფლირტი ჰქონოდა ვინმესთან?

– საქმეც ეგაა, რომ არა.

– არადა, მაშინ უფრო თავისუფალი არ იყო?

– ამას ისე გააკეთებდა, მე საერთოდ ვერაფერს გავიგებდი. პრინციპში, ალბათ, მაშინაც გავბრაზდებოდი. არ ვიცი, ტყუილს ვერ ვიტყვი. მთავარი კაცების ფსიქოლოგიაა, რაც ძალიან მაღიზიანებს. ცოლი რატომ არის მათთვის შინაური ძაღლივით, ეს არ მესმის. არაფრით არ მესმის. თუკი ჩვენ, ქალები, მაინც ვცდილობთ, მოვხიბლოთ ჩვენი ქმრები და ამას ყველა იმ საშუალებით ვაკეთებთ, რაზეც ხელი მიგვიწვდება, კაცები რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ცოლის მოხიბვლაც საჭიროა. გათხოვების შემდეგ ძალიან მალე გაქარწყლდება მითი, რომ სიყვარული სრულიად საკმარისია ოჯახის ბედნიერებისთვის. ყოველ შემთხვევაში, მე ნათლად დავინახე, რომ მარტო სიყვარულით „ვერ გაფრინდები“. ერთი თვეა, ჩემი ქმარი „ტონუსში“ მყავს იდუმალი სატელეფონო ზარებით, გაფანტული მზერით და უადგილო, უმიზეზო სიცილით. ვერც ვერაფერს მეუბნება და გაწამდა. სადღა სცალია სხვა ქალებისთვის. ზოგჯერ მოულოდნელად წამომადგება ხოლმე თავზე. გულის სიღრმეში, მეცოდება, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალოს. ცხოვრობდა სიყვარულში და ფუფუნებაში. ვერ შეიფერა და მდიოს ახლა უკან. სხვა შანსი, ქალებმა ქმრები თვალების ცეცებას გადავაჩვიოთ, არ არსებობს.


скачать dle 11.3