კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


გოგოებო, ფრთხილად იყავით!

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მე შემემთხვა. მართლაც, ამ ისტორიაში არაფერია უცხო და განსაკუთრებული, რადგან, ჩემს მდგომარეობაში, ალბათ, უამრავი გოგო აღმოჩენილა, მაგრამ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეული და ძნელად გადასატანია, რაც პირადად შენ გეხება და გგონია, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ შენ შეგხვდნენ ორგული, მოღალატე და მატყუარა ადამიანები; რომ ყველაფერი დამთავრდა; რომ წესიერი ადამიანები ბუნებაში აღარ არსებობენ და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში, ეს განწყობა, ალბათ, უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ, მანამდე ხომ გინდა გაძლება?!

ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ, ყველა გოგოს ვურჩევ, ყურადღებით და, რაც მთავარია, ფრთხილად იყვნენ ყველა იმ ბიჭის მიმართ, ვისაც ხვდებიან; ბოლომდე არ ენდონ მათ სიტყვებს, აუცილებლად ჩაუტარონ „ტესტი“ სიძუნწეზე და, უხეშად რომ ვთქვა, თავი არ გამოაყენებინონ. კიდევ ერთი აუცილებელი მომენტია – არ აპატიონ მათ ურთიერთობაში დაშვებული მცირე შეცდომაც კი. იმას კი არ ვამბობ, თუ ბიჭს რამე შეეშალა, ისტერიკა მოუწყოთ და თავ-პირი დაალეწოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითოთ და აგრძნობინოთ, რომ ჯერ ერთი, გეწყინათ და, მეორეც, მსგავს რამეს აღარ აპატიებთ, – უბრალოდ, ხელს დაუქნევთ. შეცდომა – შეცდომად, მაგრამ, ტყუილები თუ უყვარს თქვენს შეყვარებულს, თუნდაც, როგორც იტყვიან, უვნებელი და უმტკივნეულო, ჩათვალეთ, რომ მასთან, პოტენციურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოტყუებული დარჩებით, რაც სიცოცხლეს გაგიმწარებთ.

რაც შეეხება ბიჭის მხრიდან გოგონას გამოყენებას. ეს, თურმე, თითქმის არავისთვის უცხო არ ყოფილა. მე ჩემი შეყვარებულის ამ თვისებამ გამაგიჟა (თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცოტ-ცოტა არც დანარჩენი მინუსები აკლდა).

ახლა უკვე თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ მე ვარ ჩემი მიმნდობი ხასიათის მსხვერპლი.

გაცნობიდან რამდენიმე დღეში გოგამ დამარწმუნა, რომ უზომოდ ვუყვარვარ და ჩემ გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებს. ასეთ საკითხებში გამოუცდელმა მისი სიტყვები დავიჯერე. მალე მეც შემიყვარდა, მით უმეტეს, რომ კარგი გარეგნობა აქვს. თავიდან გოგა ძალიან ყურადღებიანი იყო: ლექციების მერე მხვდებოდა, სახლში მაცილებდა, ჩემს ყველა მეგობარსა და ახლობელს გაეცნო და დაუახლოვდა. მე ეს მიხაროდა და ვამაყობდი, რომ ასეთი კაცური თვისებების შეყვარებული მყავდა, მაგრამ მერე თანდათან მივხვდი, რომ ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდა, ახლოს არავის მაკარებდა, თავის გარეშე ფეხს არსად მადგმევინებდა. თუ თვითონ არ ეცალა (და უფრო ხშირად ასე იყო), მე სახლში უნდა ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი. ელემენტარულ რამეზე რომ დამჭირვებოდა სახლიდან გასვლა, უნდა დამერეკა და ნებართვა მეთხოვა. ეს მდგომარეობა თანდათან გაუსაძლისი გახდა, მაგრამ, სიყვარულის გამო მაინც ვითმენდი. მერე კი დაიწყო „მთავარი“. ერთხელ, გიჟივით მოვარდა ჩემთან სახლში და მითხრა, ვიღაცის მანქანას გვერდი გავკარი, დავუზიანე და, სასწრაფოდ თუ არ გავუკეთე, მიჩივლებს, რაც არანაირად არ მაწყობსო. მოკლედ, 150 ლარი „ისესხა“ ჩემგან ორი დღით, უკან დაბრუნება კი არც გახსენებია. მე ისედაც არ გამოვართმევდი, მაგრამ, თვითონ, სიტყვით, ერთხელ მაინც ხომ უნდა ეთქვა რამე, თუნდაც მობოდიშების ფორმით. გავიდა ცოტა ხანი და, სეირნობისას ერთ მაღაზიაში შევბოდიალდით. გოგამ ოცლარიანი აბრეშუმის შარფი მიყიდა და შარვლების სექციაში გავედით. კარგა ხნის თვალიერების შემდეგ თავისთვის ჯინსის შარვალი აირჩია, მოიზომა, პარკში ჩაადებინა და, სალაროსთან რომ მივედით გადასახდელად, „აღმოაჩინა“, რომ ფული სახლში დარჩენოდა და 80 ლარის დამატება მე მომიწია (რა თქმა უნდა, არც ამ თანხის დაბრუნება უფიქრია). დროთა განმავლობაში, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი გასდის, უფრო გათამამდა: ხან თავის მობილურზე გადაირიცხავდა ხოლმე თანხას ჩემი მობილურიდან, ხან, როცა სადმე ტაქსით მივდიოდით, ისე იქცეოდა, რომ ფული მე უნდა გადამეხადა, მაგრამ, ბოლო პერიოდის „გამორჩენითმა“ ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: მობილურზე ზარს გამოუშვებდა ხოლმე და მერე მე უნდა დამერეკა. თავიდან მეგონა, ალბათ, ანგარიში გაუთავდა-მეთქი, მაგრამ მერე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ათლარიანი „მონო“ ახალი ჩატვირთული ჰქონდა.

ერთი სიტყვით, თანდათან ამეხილა თვალი და მინდა, დავშორდე, მაგრამ, არ ვიცი, როგორ ვუთხრა. ვიცი, რომ ასე ადვილად არ დამთმობს – ჩემნაირ დებილს კიდევ სად იშოვის?!

ვერიკო, 20 წლის.



მეც მაქვს სიყვარულის უფლება

გადავწყვიტე, ჩემი ამბავი გიამბოთ. იმედი მაქვს, ამ წერილს დამიბეჭდავთ.

დავიბადე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. ბავშვობიდანვე ისეთი ლამაზი ვიყავი, ქუჩაში თვალს მაყოლებდნენ. რომ გავიზარდე, უამრავი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ბიჭები ლამის ერთმანეთს ხოცავდნენ ჩემ გამო, მე კი არავინ მომწონდა. ჩემს უახლოეს დაქალებსაც კი არ სჯეროდათ, რომ შეყვარებული არ მყავდა. მიუხედავად ჩემი პოპულარობისა, ატაცებული გოგო არ ვიყავი და ჩემი გარეგნობა, ასე ვთქვათ, თავში ავარდნილი არ მქონდა. ჩემი დაქალი მეუბნებოდა, შენ ადგილას, სხვა გოგო თავის სილამაზეს ისე გამოიყენებდა, ცხოვრებას აიწყობდაო. მე კი ნამდვილ სიყვარულზე, წყნარ, მშვიდ და ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი.

თემას ოდნავ უნდა გადავუხვიო და გითხრათ, რომ, ყოველთვის მიკვირდა, როცა გარეგნობით შეუფერებელ წყვილს ვხედავდი. ვერ ვიგებდი, როგორ უნდა შეჰყვარებოდა ლამაზ გოგოს შეუხედავი ბიჭი, ან – პირიქით. ასეთი წყვილის დანახვისას, სულ მეგონა, რომ მათ ურთიერთობას რაიმე ანგარიში ან იძულება ედო საფუძვლად, მაგრამ, როცა იმავე სიტუაციაში თვითონ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ გული ბრმაა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, გულს ვერ უბრძანებო.

უკვე სტუდენტი ვიყავი, ჩემი თანაკლასელის დაბადების დღეზე ლადო რომ გავიცანი. რით მიიქცია ჩემი ყურადღება, რით დამაინტერესა და მომხიბლა, ახლაც არ ვიცი. წესით, 18 წლის ლამაზ, ყურადღებას მიჩვეულ, პოპულარულ გოგონას, რომლის გამოც ბიჭები ლამის ვენებს იჭრიან, ასეთი გარეგნობის, მოუწესრიგებელი, აჩაჩულ-დაჩაჩული ტიპი არც კი უნდა შეემჩნია. მე კი დავინახე თუ არა, გული ამიჩქროლდა და, ჩემდა უნებურად, მთელი საღამო იმას ვცდილობდი, მისი ყურადღება დამემსახურებინა. ეტყობა, ჩემმა დაქალმა შეამჩნია ეს, ცალკე გამიყვანა და მითხრა, ალბათ, ასე იმიტომ ექცევი, რომ ლადო გებრალება, მაგრამ, არაფერი სჭირს შესაბრალებელი, ეგეთი მოუწესრიგებელი ტიპია და, საერთოდაც, ცოტა თავისებური ხასიათი აქვს, ამიტომ, ფრთხილად იყავი, შენი სიბრალული სხვანაირად არ გაიგოს, არ ეგონოს, მოგეწონა, თორემ მერე ვეღარ მოიშორებო. ჩემს დაქალს და, როგორც ჩანს, ყველა დანარჩენს, ვინც ამჩნევდა ჩემს საქციელს, ეგონათ, რომ ასე ლადოს სიბრალულით ვიქცეოდი, სინამდვილეში კი ჩემს გულში ისეთი ცეცხლი აინთო, ალბათ, ასი სახანძრო მანქანა ვერ ჩააქრობდა.

მთელმა საღამომ ისე ჩაიარა, ლადოს განსაკუთრებული ყურადღება ვერ დავიმსახურე. სახლში რომ მივედი, ისევ მასზე ვფიქრობდი. სიმართლე გითხრათ, მიკვირდა მისი საქციელი. იქ მყოფი ბიჭები ბუზებივით მეხვეოდნენ, მან კი მხოლოდ ერთხელ იცეკვა ჩემთან, მე გავიწვიე, და მთელი ცეკვის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მთელი კვირა ისევ ლადოზე ვფიქრობდი, ვცდილობდი, მისი საქციელი ამეხსნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისე ძალიან მინდოდა მისი ნახვა, კინაღამ ამ ჩემს თანაკლასელს დავურეკე, ვისთანაც ის გავიცანი, რომ ტელეფონის ნომერი გამომერთმია, მაგრამ, მომერიდა. ერთი კვირის შემდეგ კი, გაისმა ტელეფონის ზარი. ყურმილი ავიღე და მოულოდნელობისგან გავშეშდი – ლადო იყო. ერთადერთი წინადადება მითხრა, ორსიტყვიანი: ქვემოთ გელოდებიო – და ყურმილი დაკიდა. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და ჩავფრინდი. არც ის მახსოვს, რა ვუთხარით ერთმანეთს, მაგრამ ერთი საათის შემდეგ ჩემი პირადი ნივთებიანად მის მანქანაში ვიჯექი და სადღაც მივყვებოდი. ერთი სიტყვით, გავიპარეთ.

ჩემი მშობლების შემორიგება ძალიან გამიჭირდა. სანამ შვილი არ მეყოლა, ჩემკენ არ გამოუხედავთ. მართალია, შვილიშვილის გაჩენამ ცოტათი მოალბო მათი გულები, მაგრამ, სიძე რომ არ მოსწონდათ, მაინც არ მალავდნენ.

მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავმშვენდი. მის ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა და ჩაცმა-დახურვას არ მაკლებდნენ. ლადოს კი ვერაფერი მოვუხერხე – ისევ ისე მოუწესრიგებელი და აჩაჩულ-დაჩაჩული დადიოდა. ტანსაცმელიც ბევრი ჰქონდა და ფეხსაცმელიც, მაგრამ ასე გაბურძგნილი და „ბომჟივით“ სიარული მოსწონდა. სახლში ყოფნისას, კიდევ, მეტ-ნაკლებად, ასატანი იყო მისი ასეთი საქციელი, მაგრამ, გარეთ, მით უმეტეს, თუ სადმე ერთად მივდიოდით, ისეთი შეუფერებლები ვიყავით, მისი მშობლებიც კი გრძნობდნენ ამას და, ცხადია, არ სიამოვნებდათ. ამიტომ, სულ ეჩხუბებოდნენ, თავს მიხედეო, მაგრამ, ამაოდ. გარდა ამისა, მთელი უბანი ამაზე ლაპარაკობდა. რამდენიმე მეზობელმა პირდაპირ მითხრა, შვილო, პატრონი არ გყავს, ამასთან როგორ გაჩერებენო. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო. ჩემს იმედგაცრუებას ესეც ემატებოდა და ნელ-ნელა ისე გაუცხოვდა ლადო ჩემთვის, რომ, ელემენტარულად, სალაპარაკოც კი აღარაფერი გვქონდა.

რაც შეეხება ურთიერთობას, არ ვჩხუბობდით, მაგრამ, ქმრისგან არც დიდი სითბოთი და ყურადღებით ვიყავი განებივრებული. ვიყავით ნელთბილად, ყოველგვარი სასიყვარულო აფეთქებებისა და რომანტიკის გარეშე, რაც ნელ-ნელა მბეზრდებოდა, გულს მიცივებდა ქმრის მიმართ და თანდათან ვფხიზლდებოდი – ვხვდებოდი, რომ ჩემთვის შეუფერებელ და მიუღებელ (გარეგნობითაც და ხასიათითაც) ადამიანთან ვცხოვრობდი, მაგრამ, გაყრაზე ფიქრს ჯერჯერობით მაინც ვერ ვბედავდი. ამასობაში ორი შვილიც გავაჩინე. ვიჯექი სახლში (ლადომ მუშაობა ამიკრძალა), ვზრდიდი შვილებს, ვუვლიდი ოჯახს და ასე გადიოდა ცხოვრება. შეიძლება თქვათ, ქალის მოვალეობაც ეს არის და, თუ ქმარი გარჩენდა და შენი ხელის შემყურე არ იყო, სხვა რაღა ჯანდაბა გინდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ ყოფილა. ახალგაზრდა, ლამაზ ქალს რომ ცოტა მეტი ყურადღება უნდოდეს ქმრისგან, ცოტა მეტი სიყვარული და ცოტა მეტი სითბო, რა გასაკვირია. ბოლოს და ბოლოს, მეც მომბეზრდა ასეთი ცხოვრება და, ჩემდა უნებურად, სხვა რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი.

ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად, ჩემი დაქალის ოჯახში გავიცანი მამაკაცი, რომელმაც თავბრუ დამახვია თავისი დახვეწილი მანერებით, ყურადღებით, კომპლიმენტებით და ბოლოს საყვარლობაც შემომთავაზა. კარგა ხნის ორჭოფობის შემდეგ დავთანხმდი. მხოლოდ ირაკლისთან ვიგრძენი, რას ნიშნავს, იყო ქალი. რამდენადაც საოცრად სასიამოვნო იყო ამის შეგრძნება, იმდენად მტკივნეულად განვიცადე, რადგან მივხვდი, რომ მთელი ეს წლები ვცხოვრობდი კაცთან, რომელთანაც, თურმე, ვნებაც კი არ მაკავშირებდა.

ვიცი, რომ ჩემი საქციელი შეიძლება, ამორალობადაც კი ჩამითვალონ, მაგრამ, მხოლოდ ის მიმიხვდება, ვინც ჩემნაირ ცხოვრებას გამოივლის. თანაც, ირაკლიმ ხელი მთხოვა. უბრალოდ, ჯერ ცოლთან განქორწინების ოფიციალური მხარე უნდა მოაგვაროს (სხვათა შორის, ეს საკითხი მეც მოსაგვარებელი მაქვს). არ გეგონოთ, ჩემ გამო ეყრება ცოლს. ჩემს გაცნობამდეც გაყრილები იყვნენ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მხოლოდ ოფიციალურად არ იყვნენ განქორწინებულები.

ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, როგორც იქნა, გადავწყვიტე, მეც მივხედო ჩემს პირად ცხოვრებას. ირაკლისთან ურთიერთობა რომც არ ამეწყოს, მაინც არ ვინანებ. ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხანს მაინც ხომ ვიქნები ბედნიერი. ახალგაზრდა, სრულყოფილი ქალი ვარ და მეც მინდა სიყვარული.

ეთუნა, 29 წლის.



მშობლებს არ ვუყვარვარ

შეიძლება, ვინმემ არ დამიჯეროს და ეგონოს, რომ მეჩვენება, მაგრამ, ასე არაა. ჯერჯერობით მოლანდებები არ დამწყებია, არც ეჭვიანი ტიპი ვარ და არც ფსიქიკური პრობლემები მაწუხებს. ის კი, რასაც ამ წერილში გიამბობთ, სიმართლეა.

ბავშვობიდან უბედური ადამიანი ვარ. სანამ ძალიან პატარა ვიყავი, ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე და ავისა და კარგის გარჩევა დავიწყე, ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი, როგორ განსხვავებულად გვექცეოდნენ მე და ჩემს უფროს ძმას, რომელიც ჩემზე ორი წლითაა უფროსი. თავიდან, ვტიროდი ხოლმე, რადგან უსამართლოდ, დაჩაგრულად მიმაჩნდა თავი და გული მიჩუყდებოდა; მერე ვფიქრობდი, რადგან ყოველთვის მე მამტყუნებენ და მსჯიან, ალბათ, მართლა მე ვარ დამნაშავე-მეთქი და საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვცდილობდი, ნაკლებად შევსულიყავი კონტაქტში რომელიმესთან. ისე დავკომპლექსდი, ჩემი ელემენტარული სურვილი, სიტყვა ან ქმედება, თვითონვე მიმაჩნდა დანაშაულად და ყველაფერზე ბოდიშს ვიხდიდი. ამას, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც ხედავდა და გრძნობდა. ისე მიეჩვია მუდმივად გამართლებას, რომ ყველასთან მართალი ეგონა თავი და, საბოლოო ჯამში, საშინლად თავხედ, ამპარტავან და ცინიკოს ადამიანად ჩამოყალიბდა.

მშობლების ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი მერეც გაგრძელდა, როცა ჩვენ უკვე დიდი ბიჭები ვიყავით. ხშირად მიფიქრია, აყვანილი ან მიგდებული შვილი ხომ არ ვარ-მეთქი, მაგრამ, ისე ვგავდი ორივეს, ამაში ეჭვის შეტანა სისულელე იყო. დღემდე არ ვიცი, რატომ ვყავდი მთელი ცხოვრება ათვალწუნებული დედასაც და მამასაც. თუ მეტი შვილი არ უნდოდათ, რას მაჩენდნენ, ან მე რას მერჩოდნენ, ან საკუთარ თავს? ძმას კი, საბოლოოდ, ის დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რასაც მშობლებისგან ხედავდა და ჩემ მიმართ სასტიკი და დაუნდობელია. შეუძლია, ყველას თანდასწრებით დამცინოს, დამამციროს და მასხრად ამიგდოს. ყველაფერ ამის გამო, შეყვარებული არც მყოლია, არც მყავს და, ალბათ, არც მეყოლება. ჩემნაირი ბიჭი, როგორც წესი, არ მოსწონთ.

ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ვერ გავბედე. თანაც, დედაჩემი ისედაც სულ არანორმალურს მეძახდა და არ მინდოდა, ის მართალი აღმოჩენილიყო – თავი რომ მომეკლა, ყველგან იმას იტყოდა, ხომ ვამბობდი, არანორმალურიაო.

ახლა უკვე რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, მაგრამ, ისე გავიზარდე, ცოცხალი მშობლების ხელში, ერთხელაც არ უთქვამს არც ერთს, მამა გენაცვალოს ან დედა შემოგევლოსო.

თუ ოდესმე ოჯახს ვეღირსები, სულ სხვანაირი მამა ვიქნები. ჩემი შვილები უბედნიერესი ბავშვები იქნებიან, მაგრამ, ღმერთმა იცის, ეს როდის იქნება, ან, იქნება თუ არა საერთოდ.

16 წლიდან ვმუშაობ და ჩუმ-ჩუმად ფულს ვაგროვებ. როგორც კი რაღაც თანხას მოვუყრი თავს, წავალ სადმე, შორს, რომელიმე ქვეყანაში და საერთოდ დავივიწყებ, რომ ოდესმე მშობლები და ძმა მყავდა.

გურამი, 22 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3