რატომ დამარხა ესტატე კერესელიძემ ქართული საგალობლები და რის შემდეგ შეიცვალა მეცხრამეტე საუკუნის ლა სკალას მომღერლის ფილიმონ ქორიძის ცხოვრება
„გალობის რაინდები“ – ასე ჰქვია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმს, რომელშიც ასახულია ქართული საგალობლების თავგადასავალი. ეს საგალობლები საგულდაგულოდ ჰქონდა დამარხული ზედაზენის ტერიტორიაზე ექვთიმე კერესელიძეს, რომელმაც 1935 წელს გადასცა მეტეხის (დღევანდელ სახელმწიფო) მუზეუმს. პროფესიონალები ამბობენ, რომ, გარდა ისტორიისა, სცენარისა, საგალობლებისა და მსახიობთა ჯგუფისა, საინტერესოა თვითონ ფილმის რეჟისორული ხელწერაც. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ამ ფილმის რეჟისორი ნანა ჯანელიძეა.
ნანა ჯანელიძე: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თემურ ჭკუასელმა სცენარი მომიტანა. მასში საუბარი იყო ქართულ საგალობელზე, ფილიმონ ქორიძესა და ესტატე კერესელიძეზე, რომელიც შემდგომ, ბერობაში, ექვთიმე კერესელიძე, გახდა, 2003 წელს კი წმიდანად შერაცხეს და უწოდეს წმიდა ექვთიმე აღმსარებელი. სცენარში ასახული იყო საგალობლების არაჩვეულებრივი თავგადასავალი, თუ რა გზა განვლო დასაღუპავად განწირულმა ქართულმა საგალობლებმა.
– რა ჟანრისაა ფილმი და რა ფორმით შეიკრა სცენარი?
– სცენარიც და მასში ასახული ისტორიაც ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, თუმცა, წმინდად დოკუმენტური მასალა იყო. მე არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ფილმი, რა ფორმის. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ კი დავასკვენით, რომ მხოლოდ მშრალი თხრობით მივიღებდით უინტერესო ფილმს, წმინდა მხატვრული ფილმის გადაღებას კი სხვანაირი ფინანსები და დრამატურგია სჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გადაგვეღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. საერთოდ, დოკუმენტური ფილმები არის მკაცრად შემეცნებითი, ძალიან რაციონალურად აგებული, საიდანაც მხოლოდ დიდი დოზით ინფორმაცია მოდის. არადა, ისტორია, რომელიც ფილმის გმირებს გადახდათ, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო და, ამიტომ, გარდა ინფორმაციულობისა, მინდოდა, ამ ფილმს მხატვრული ფილმისთვის დამახასიათებელი ემოციურობაც ჰქონოდა. საბოლოოდ, რაღაც უცნაური სტილი გამოგვივიდა. უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის სტილი, რომელმაც გაამართლა. ჩვენ შევძელით, გარკვეული ინფორმაცია მხატვრულ-ემოციურად მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის.
ჩვენ მიერ შემუშავებული და გათვლილი ფილმის რეჟისორული ფორმა ნელ-ნელა იძერწებოდა მუშაობის პროცესში. ძველი ფოტოები ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და ეს ყველაფერი უცებ ხდება რეალური. ასევე, მიზნად დავისახეთ და შევქმენით განცდა, თითქოს შორიდან ვუთვალთვალებთ იმას, რაც თამაშდებოდა მეცხრამეტე საუკუნის რეალობაში. ფილმს ჰყავს მთხრობელი.
– ვინ არის ფილმის მთხრობელი?
– ფილმის მთხრობელია რატი ამაღლობელი. მე ვფიქრობ, რომ მან ამ მოვალეობას არაჩვეულებრივად გაართვა თავი. სხვათა შორის, რატი არის ადამიანი, რომელიც ვერაფერს ვერ იზეპირებს, იმიტომ რომ, სულ აზროვნებს და ყოველი ახალი დუბლი მისთვის იყო აზროვნების ახალი ხვეული. ეს სირთულეს ქმნიდა, იმ მხრივ, რომ დუბლს ვერ ვიმეორებდით. თავის სათქმელს მართლაც მოგვითხრობდა, ყოველ დუბლზე სხვადასხვაგვარად. ამ მხრივ, საინტერესოც კი იყო რატისთან ერთად მუშაობა.
– როგორც ცნობილია, თქვენი და თემურ ჭკუასელის შეთანხმებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაიწყო გადაღებები. რა იყო ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარი არ ვიცოდით, ვინ დააფინანსებდა გადაღებებს. საბოლოოდ, სცენარით დაინტერესდა ფონდი „ქართუ“ და მათი დახმარებით ჩვენ 10 თვეში გადავიღეთ ფილმი.
საინტერესოა, რომ ამ ფილმისთვის საგალობლები ჩაწერა „ანჩისხატმა“, „ბასიანმა“ და ტრიომ „შალვა ჩემო“. საგუნდო სიმღერა, რომელსაც მე „თანამედროვე საგალობელს“ ვუწოდებ, სპეციალურად დაწერა მიშა მდინარაძემ. სიმღერის ფინალს ფილმის ბოლოს ბიჭუნების გუნდი „მძლევარი“ ასრულებს. გალობდნენ აგრეთვე მარიამ როინიშვილი და მიშა ჯავახიშვილი. მარიამს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, მიშა მომღერალი-მგალობელია და ჩვენს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს – ის ესტატე კერესელიძეს ასახიერებს.
– კიდევ ვინ არიან ფილმ „გალობის რაინდებში“ დაკავებულნი?
– ფილმში ფილიმონ ქორიძეს ასახიერებს ზურა გეწაძე, ფილიმონის მეუღლეს – ნინო გაჩეჩილაძე, ლევან ხვიჩია თამაშობს მაქსიმე შარაძეს. მაქსიმე ქართული საგალობლის, ერთ-ერთი დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საგალობლების გადარჩენის საქმეში.
ფილმში თამაშობენ აგრეთვე ირაკლი ჩოლოყაშვილი, დიმა ტატიშვილი, გოგი თურქიაშვილი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე და სხვა. ბევრი მსახიობია დაკავებული ეპიზოდებში, რომლებიც ანჩისხატის ტაძარშია გადაღებული. ეს სცენა რეალურ ცხოვრებაში 1878 წელს გათამაშებულა, მაშინ, როდესაც ამ ტაძარში დასავლური და აღმოსავლური მგალობლების მოსმენა მოეწყო. მთელი საზოგადოება იქ იყო შეყრილი. ჩამოვიდნენ გურშლები, რომ დასავლური კილო გაეჟღერებინათ და კარბელაშვილები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლებს მღეროდნენ. სწორედ აქ შეიკრა კვანძი და აქედან განვითარდა მოვლენები: საგალობლებს გაქრობა ემუქრებოდათ, რადგან არავინ იცოდა მათი ნოტებზე გადატანა.
– ფილმის ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია ფილიმონ ქორიძეც, გვიამბეთ მის შესახებაც.
– გეთანხმებით. გურული კაცი, ფილიმონ ქორიძე, პროფესიონალი მუსიკოსი იყო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ლა სკალაში მღეროდა. მას ბავშვობიდან კარგად ჰქონდა გამჯდარი ყურში ეს საგალობლები. ქორიძე 12 წლის განმავლობაში მღეროდა ლა სკალაში, რიო-დე-ჟანეიროში, პეტერბურგში და, საქართველოში გასტროლებზე რომ ჩამოვიდა, სთხოვეს, იქნებ, სცადო და ჩაწერო საგალობლები, როგორც მაშინ გურულები უძახდნენ – „იტალიურ ნოტებზეო“. ფილიმონ ქორიძემ ეს მოახერხა და შედეგით მთელი მგალობლები აღტაცებაში მოიყვანა. ამის შემდეგ, ფილიმონ ქორიძე, რომელიც მშვენივრად ცხოვრობდა იტალიაში და ჰქონდა კომფორტული პირობები, მიხვდა, რომ საგალობლების ჩაწერა მისი საქმეა, დაანება თავი საოპერო კარიერას და 28 წელი მოანდომა ქართული საგალობლების ჩაწერას. იტალიიდან ის ჯერ ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ – ოზურგეთში. მან 5 532 საგალობელი ჩაწერა. საბოლოოდ კი ცხოვრება სიღატაკესა და მარტოობაში დაასრულა.
მომავალში მისი საქმე ესტატე კერესელიძემ განაგრძო – მან მოაწესრიგა და გადაწერა ქორიძის ნაწერები. დრო გადიოდა, მგალობლებიც ნელ-ნელა იხოცებოდნენ და ესტატე კერესელიძე კარდაკარ დადიოდა მოხუცი მგალობლების ძიებაში, რადგან, საგალობლების ნაწილის სამ ხმაში გაწყობა ფილიმონმა ვერ მოასწრო და ეს ხარვეზი შესავსები იყო. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ფათერაკი გადახდა ესტატე კერესელიძეს, რომელმაც ფილიმონ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 24-25 წელი მოანდომა ამ საქმეს.
1921 წელს, მოგეხსენებათ, მოხდა საქართველოს გასაბჭოება, შემოვიდა ბოლშევიზმი, „წითელი ტერორი“. საგალობლები რომ როგორმე გადაერჩინა, ესტატე კერესელიძე ბერად აღიკვეცა და გახდა ბერი ექვთიმე. შემდეგ კომუნისტებმა დაკეტეს გელათის მონასტერი, სადაც მას შენახული ჰქონდა ეს საგანძური და ამიტომ ყველაფერი სვეტიცხოველში გადაიტანა, მოგვიანებით კი ზედაზენზე, მიწაში ჩამარხა.
– საბოლოოდ, რით დასრულდა მისი მცდელობა საგალობლების გადარჩენისა?
– 1935 წელს, მაშინ, როდესაც დიმიტრი შევარდნაძე მეტეხის მუზეუმის დირექტორი იყო, მისმა თანამშრომელმა, დავით დავითაშვილმა, კითხვა-კითხვით მიაგნო საგალობლებს და სთხოვა ბერ კერესელიძეს, რომ მუზეუმისთვის ჩაებარებინა საგალობლები. მართლაც, ესტატე კერესელიძემ 5 081 საგალობელი ჩააბარა მუზეუმს, დანარჩენი კი დაიკარგა. ასე გადაარჩინეს ამ ადამიანებმა ქართული საგალობლების უდიდესი ნაწილი.
შემდეგ, 1988 წელს, კონსერვატორიის სტუდენტებმა ხელნაწერთა ინსტიტუტში მიაგნეს ამ საგალობლებს. ისწავლეს, გაიმღერეს და აღდგომის დღეს შეასრულეს წირვა ამ საგალობლებით. ეს ის გუნდი იყო, რომელიც შემდეგ ანჩისხატის გუნდად ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, მათ მეორე სიცოცხლე ჩაჰბერეს ამ საგალობლებს. ახლა რომ ჟღერს სხვადასხვა ეკლესიაში ძველი ქართული საგალობლები, ეს სწორედ ფილიმონ ქორიძისა და ესტატე კერესელიძის მიერ ჩაწერილი და კონსერვატორიის სტუდენტების მიერ გაცოცხლებული საგალობლებია. ამ ყველაფერზე მოგვითხრობს ფილმიც.
იმის გამო, რომ საგალობელთან გვაქვს საქმე თუ ვინმე სერიოზული მგალობელია საქართველოში, ყველა მონაწილეობდა ფილმის შექმნაში. მათ შორის უხუცესი მგალობლები – ტრისტან სიხარულიძე და გური სიხარულიძე, რომელიც 81 წლისაა. ისინი ჩამობრძანდნენ თბილისში და ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდშიც ითამაშეს. არაჩვეულებრივი მგალობელი იყო ანტონ დუმბაძე, რომელსაც გური სიხარულიძე განასახიერებს.
მინდა გითხრათ, რომ უზარმაზარ მასალას გავეცანი ფილმზე მუშაობისას. მოხიბლული ვიყავი ანტონ დუმბაძით.
– გვიამბეთ ამ ადამიანზე...
– ანტონ დუმბაძეს ჰყავდა 8 ვაჟი და ყველანი გენერალ-მაიორი, ერთ-ერთი კი იალტის გენერალ-გუბერნატორი და ნიკოლოზ მეორის მეგობარი იყო. რომ ნახოთ ამ ყმაწვილების სურათები, გაოცდებით ისეთი ჯიშიანები არიან, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეშურდებოდა ასეთი იარაღასხმული, გურული მგალობლების ნახვა. ანტონ დუმბაძის რვავე ვაჟი გალობდა. თვითონ ანტონი მილიციის „პორუჩიკი“ ყოფილა. როგორც ამბობენ, 6 ათასამდე საგალობელი იცოდა.
ასე რომ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ამ ადამიანების ცხოვრება გავაცოცხლეთ 47 წუთში, ფილმში „გალობის რაინდები“.