კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლისაა იუზა ნაცვლიშვილის საგვარეულო გერბებისა და წიგნების კოლექცია


თბილისელი იუზა ნაცვლიშვილის კოლექციაში ძალიან საინტერესო ნიმუშებია თავმოყრილი. ეს არის საგვარეულო გერბებისა და საგვარეულო წიგნების კოლექცია. ამ საკითხებით ბატონი იუზა 10-15 წლის წინ დაინტერესებულა და დღეისთვის უამრავ საინტერესო ინფორმაციას ფლობს. როგორც წესი, მისი სალონის სტუმრები, ამ კოლექციის დათვალიერების შემდეგ უფრო ფართო შემადგენლობით ეწვევიან ხოლმე ჩვენს რესპონდენტს. როგორც თავად ამბობს, ეს მას სიამოვნებს და ახარებს. ამჟამად ბატონი იუზა „თბილისელებს“ მასპინძლობს.

– ბატონო იუზა, როდის მოვიდა იდეა, ასეთი იშვიათი და შეიძლება ითქვას, უჩვეულო კოლექციის შეგროვებისა?

– პირველი არ ვარ და ალბათ, არც უკანასკნელი, ვისაც ამგვარი კოლექციის შეგროვების სურვილი გაუჩნდა. მიტაცებდა ეს თემა და ვცდილობდი ბევრი ინფორმაცია მიმეღო. ამიტომ მივედი ლიტერატურის მუზეუმში, ვითხოვე და არქივიდან მოვიძიე ძველი გერბები, რომელთა ქსეროასლებიც გავაკეთე და სპეციალურ ჩარჩოებში მოვათავსე. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ამ არქივში, არ იყო ის რაოდენობა, რასაც მე ველოდი. ვიცოდი, რომ ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში ქართველ თავად-აზნაურებს დაუკანონეს გერბები – სულ სამოც გვარს და იმპერატორ ეკატერინე მეორის „ხავერდოვან წიგნში“ ეს ინფორმაცია შეტანილი და დადასტურებულია.

როგორც ჩანს, ამის შემდეგაც ბევრს გაუჩნდა სურვილი, ჰქონოდა, საგვარეულო გერბები. მათაც შექმნეს და დააკანონეს. რა გზით მოხდა დაკანონება, ჩემთვის უცნობია. თუმცა, ჰერალდიკურ ლიტერატურაში წერია, რომ ეკატერინეს მიერ დაკანონებული სამოცი გვარის გარდა, შემდგომში შექმნილი საგვარეულო გერბებიც დაკანონდა.

ამ ინფორმაციების გაცნობის მომენტში გამიჩნდა სურვილი, შემექმნა სალონი, რომელშიც განვათავსებდი ამ საგვარეულო გერბებს და თითოეული საგვარეულოს წარმომადგენლისთვის თვალსაჩინო გახდებოდა ყოველივე. იქ შეძლებდნენ მოსვლას, დათვალიერებას, ინფორმაციის მოძიებას, თუ გაცვლას და ასე შემდეგ.

– რამდენი გერბი გაქვთ ამჟამად კოლექციაში?

– უკვე სამოცი გერბი მაქვს. არსებობს ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც, წარსულში არსებული და დაკარგული გერბების აღდგენაა შესაძლებელი. საერთოდ, ჰერალდიკა ძალიან საინტერესო რამაა. მას თავის კანონები აქვს.

– როდის და როგორ შეიქმნა იგი?

– ჰერალდიკას სათავე დაედო ევროპაში შუა საუკუნეებში. მისი წარმოშობის აუცილებლობის შესახებ ერთ ამბავს მოგიყვებით: როდესაც რაინდული შეჯიბრებები ტარდებოდა, მოგეხსენებათ, შეჯიბრების ყველა მონაწილე ისე იყო აბჯარ-მუზარადში ჩამჯდარი, მათი ცნობა და სადაურობის გაგება, შეუძლებელი იყო. ამიტომ, მათი განსხვავება დაიწყეს ფარზე, ან მკერდზე გამოხატული საგვარეულო გერბებით. ნელ-ნელა ეს გერბები დაკანონდა. ის შთამომავლობით გადაეცემოდა ახალ თაობას და ამ თაობის რაღაც დამახასიათებელიც ჰპოვებდა ხოლმე წლებთან და საუკუნეებთან ერთად გერბზე ადგილს. ასე რომ, საგვარეულო გერბების წარმოშობა დაკავშირებულია ფართან. თუ დააკვირდებით გერბებს ფარისებრი მოხაზულობა აქვთ. ფარები სხვადასხვა ფორმის არსებობდა და გერბების კონტურებიც ამისდა მიხედვით განსხვავდება. გერბზე განთავსებულ გამოსახულებათა პირობითი ნიშნებიდან თითოეულს კონკრეტული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. მაგალითად: მარჯვენა ხელი, რომელსაც ბატის ფრთის კალამი უჭირავს, ნიშნავს, რომ ამ გერბის წარმომადგენელი გვარი განთქმული იყო მწერლობით, ან მდივნობით. სასწორი ნიშნავს – სიმართლის, სამართლის მოყვარულსა და მსახურს, ხმალი – მებრძოლს, ღუზა – მეზღვაურს და ასე შემდეგ.

საქართველოში გერბები ჰქონდათ ქალაქებსა და მხარეებსაც. ამ კოლექციის შეგროვებითა და მასზე ინფორმაციის მოძიებიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა საგვარეულო წიგნის შექმნისა.

– ამ წიგნის დატვირთვა რა არის?

– ეს არის შესავსები წიგნი. მისი მფლობელი წიგნის შევსებას წინაპრებით იწყებს. ამ მონაცემებს შეიტანენ და შემდეგ შვილს გადასცემს, წიგნში 10-12 თაობა ეტევა. თუ ამდენი ეცოდინება ყოველ ადამიანს თავისი წინაპრების შესახებ, ეს კარგია. რადგან ქართველთა უმრავლესობამ, სამწუხაროდ, ჩვენი წინაპრების საფლავი მეოთხე თაობიდან სად მდებარეობს, არც ვიცით. ადრე ალბომებს მოგვართმევდნენ ხოლმე, როდესაც ოჯახში მიხვიდოდით სტუმრად. ასეთივე დატვირთვა ექნება ამ წიგნსაც. შეიძლება, ჩვენი წინაპარი ერეკლე მეფის გვერდითაც იბრძოდა, მაგრამ დღეს ამის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით რა ყოფით ცხოვრობდნენ, რა იყო მათთვის დამახასიათებელი.

ადრე მხოლოდ მეფეებს ჰყავდათ მეისტორიე და ჩვენც მხოლოდ მათი ცხოვრების შესახებ ვიცით. თუმცა, მაშინ წერა-კითხვაც არ იცოდნენ, დღეს კი ამის პრობლემა აღარ არსებობს. ყოველ ჩვენგანს შეუძლია აწარმოოს საკუთარი საგვარეულო წიგნი.

ჩემი აზრით, ამ წიგნს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – მაპროვოცირებელია, იმისა, რომ ადამიანში თავისი გვარისა და გენის სიყვარული გააღვივოს და ინტერესი გაუჩნდეს, რაც შეიძლება, ბევრი რამ შეიტყოს თავისი გვარის წარსულზე. ყოველი ამ წიგნის შემვსები შეეცდება, კარგი საქმე აკეთოს და იმით შევიდეს საგვარეულო წიგნში. მე მომხრე ვარ, რომ ამის კულტურა შემოვიდეს და დამკვიდრდეს საზოგადოებაში. მშობლის გარდაცვალების შემდეგ, შვილი განაგრძობს შევსებას. გარდა ამისა, წიგნში გარდაცვალების დიაგნოზიც იწერება და ამას, დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს – თვალნათელი ხდება საგვარეულო ავადმყოფობები. თუ ეს გვეცოდინება, რა თქმა უნდა, დროულად მივიღებთ საჭირო ზომებს.

– რა პროფესიის ხართ?

– მხატვარი ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემიის ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი. პარალელურად, ვთამაშობდი რაგბის და რამდენიმე პრიზიც მაქვს. უკვე 10-15 წელია დაინტერესებული ვარ ამ საგვარეულო წიგნებითა და გერბებით.

– ამ წიგნების დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

– მათ დიზაინს, ჩემი პროფესიიდან დამომდინარე, მე ვქმნი. წიგნების ზედაპირი დამზადებულია წიფლით, კაკლით, გაფორმებულია ნახევრად ძვირფასი ქვებით. მიმაჩნია, რომ საგვარეულო წიგნის გარეკანზე დიდი დატვირთვა მის შიგთავსსა და მასში მოთავსებულ ინფორმაციას აქვს. გარეკანი ამ წიგნის მხატვრული მხარეა.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– რამდენიმე ათეული საგვარეულო წიგნი მაქვს გაჩუქებული და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი საქორწინო საჩუქარია.

– რა ემოციებს გამოხატავენ თქვენი კოლექციის დათვალიერებისას?

– როგორ გითხრათ, ბევრმა არ იცის ამ კოლექციის არსებობის შესახებ. რაც შეეხება იმათ, ვინც იცის და ამ სალონის ხშირი სტუმარია, ჩვენი საუბრები დიდხანს გრძელდება ხოლმე, განვიხილავთ ცნობილი საგვარეულოების ცხოვრებას და სასიამოვნოდ გაგვყავს დრო. ვინც კი ერთხელ მოვიდა და ნახა ეს კოლექცია, მეორედ აუცილებლად უფრო დიდი შემადგენლობით მეწვია, რაც მსიამოვნებს და მახარებს.

– ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ კოლექციის პარალელურად, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც ფასდაუდებელი და იშვიათია. გვიამბეთ მის შესახებ...

– როდესაც 2000 წელი მოდიოდა, გადავწყვიტე, სიმბოლურად აღგვენიშნა ათასწლეულიდან ათასწლეულში შებიჯება.

– ეს როგორ მოახერხეთ?

– ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს გავაკეთეთ თაბაშირის პატარა დაფა, შუშაში საზეიმო ზონარი გავავლეთ და დავაწერეთ ათასწლეულიდან-ათასწლეულში. სანამ 12 საათი შესრულდებოდა, 1999 წელს, ოჯახის წევრებმა მარცხენა ფეხი დავდგით ამ თაბაშირზე, 12 რომ შესრულდა და 2000 წელი დადგა, შემდეგ მარჯვენა ფეხიც გადავაბიჯეთ. ალბათ, ჯერ არავის გაუკეთებია ასეთი რამ. ახლა, რომ მოიფიქროს ვინმემ ათასწლეულია საჭირო მის განსახორციელებლად. მე ეს ყველაფერი ჩარჩოში მოვათავსე, გავაფორმე ჭედურობით, მოვვერცხლე და ახლა, ოჯახში კედელზე მაქვს ჩამოკიდული. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტ დატვირთვას იძენს იგი.

– ამ იდეის ავტორი ოჯახის რომელი წევრი იყავით?

– მე (იცინის).


скачать dle 11.3