რა სანაძლეოს გამო გახდა პაატა ბურჭულაძე საოპერო მომღერალი და რატომ იყო მისი სატელეფონო ზარი ამერიკიდან დედისთვის შოკის მომგვრელი
პაატა ბურჭულაძის ცხოვრების პირველი პერიოდი ცოტა უცნაურად დაიწყო. მიუხედავად არაჩვეულებრივი მონაცემებისა, თბილისის ძველ უბანში გაზრდილი ბიჭისთვის კონსერვატორიაში სწავლა და დიდ საოპერო სცენაზე დგომა, არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მას ამაზე არასდროს უოცნებია. პაატას გატაცება ფეხბურთი, რაგბი, წყალბურთი და გიტარა იყო. მომღერლის შესაშური წარმატება ივანოვების გვარსა და ჩაიკოვსკის კონკურსს უკავშირდება, მაგრამ დღიურის რომელი გვერდი უკავია მის პირად ცხოვრებას?.. მოყვითალო, გაცრეცილ ფურცლებზე მხოლოდ ორი სახელი იკითხება – შუქრი და ლექსო. ისინი პაატა ბურჭულაძისთვის იმ მექანიზმებივითაა გულს რომ ამუშავებს. ბაბუის ამპლუაში ბატონი პაატა თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს მეტ სტიმულს აძლევს, რომ მსმენელი თავისი სასიამოვნო ხმით დიდხანს გაანებივროს. ბატონ პაატას შესახებ გვესაუბრება მისი და.
ნატო ბურჭულაძე (პაატას და): კინოკადრებივით მახსოვს ჩვენი ბავშვობის, ახალგაზრდობის წლები. პაატა საოცრად მოუსვენარი იყო. წყნარად რომ იჯდა, მის გარშემო მაინც თითქოს ყველაფერი ხმაურობდა და როხროხებდა. დედა რომ ვერაფრით ერეოდა და აწყნარებდა, ინსტრუმენტთან დაჯდებოდა და დაკვრას იწყებდა. პაატა მიუცუცქდებოდა და სულგანაბული უსმენდა. მერე დედა მუხლებზე დაისვამდა და ამღერებდა. ხან კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ხან ძველ საესტრადო სიმღერებს. მაგრამ, რამდენ ხანს შეიძლებოდა მჯდარიყო ინსტრუმენტთან?! როგორც კი მორჩებოდა დაკვრას, პაატა ისევ თავიდან იწყებდა ყველაფერს.
– როგორც ჩანს, როცა ცელქობდით, დედა არ გიჯავრდებოდათ.
– დედა ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ ჩვენთვის არასდროს უყვირია და არც ხელი დაუკარებია. მან იგრძნო პაატას მუსიკისადმი ინტერესი, სწრაფვა და ძალიან შეუწყო ხელი მისი მუსიკალური მონაცემების განვითარებას და მუსიკალურ სკოლაში მიიყვანა.
– წლების წინ თქვენ ძველ უბანში ცხოვრობდით, იქ დაამთავრეთ სკოლაც. მოახდინა თუ არა გავლენა ბატონ პაატაზე უბანმა, რომელიც მოზარდისთვის ყველა დროში თავისებურად მიმზიდველი და საინტერესოა?
– ჩვენ ვცხოვრობდით ვორონცოვზე, მსახიობთა სახლში. ჩვენი მეზობლები იყვნენ – ძმები კავსაძეები, თამარ ჭავჭავაძე, ანჯაფარიძეები, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ემანუელ აფხაიძე, ქურდიანები... ძალიან ლამაზი ბავშვობა გამოვიარეთ. როგორც ყველა ბიჭი, პაატასაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ხან რომელი მეზობლის ფანჯარას ჩატეხდნენ ბავშვები, ხან რომლის, მაგრამ ქუჩას აყოლილი ბიჭი არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა 24-ე სკოლამ. არაჩვეულებრივი კლასი შეიკრიბა. დღემდე ერთმანეთისთვის დიდი მეგობრები არიან.
სამი ოთახი გვქონდა. პატარა ოთახში ვმეცადინეობდით, სადაც ერთი საწოლი და საწერი მაგიდა იდგა. გაყოფილი გვქონდა თაროები. ნახევარ თაროზე ჩემი წიგნები ეწყო, ნახევარზე – პაატასი. ერთმანეთს ვეცილებოდით ამ ოთახს. რომელიც პირველი მოასწრებდა სკოლიდან მოსვლას, ის გამოყრიდა მეორის წიგნებს და იკეტებოდა. გამომეკიდებოდა ხოლმე და მთელ სახლში დავრბოდი. ვხმაურობდით, დედა დაგვდევდა უკან და გვაშველებდა. ამ კონფლიქტურ სიტუაციას ძალიან კარგად არეგულირებდა მამა. ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ მუშაობდა, ახალგაზრდა კაცს, არ ჰქონდა იმდენის საშუალება, ჩვენთვის ყველა სურვილი აესრულებინა. ორივეს ძალიან გვიყვარდა ტკბილეული და თითქმის ყოველდღე თითო კილო „მიშკას“ ყიდულობდა ჩვენთვის. ძალიან კარგად მახსოვს, ამ კანფეტის ფასი – 6 მანეთი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ფული იყო. მოვიდოდა, დაგვისვამდა გვერდით და გვინაწილებდა. სტუმრები რომ მოდიოდნენ, ხშირად შოკოლადის ნაკრები მოჰქონდათ. დედამ იცოდა ჩვენი ამბავი, მაშინვე რომ ბოლოს მოვუღებდით და საგულდაგულოდ ინახავდა. ერთხელაც, მე და პაატა ჩუმად გავყევით, დავინახეთ, სადაც შეინახა და სახლში რომ არ იყვნენ, გამოვიღეთ ეს უშველებელი კოლოფი და გემრიელად მივირთვით. იმ დროს გადიოდა ფილმი „ფანტომასი“. ავიღეთ ფურცელი, დიდი ასოებით დავაწერეთ ფანტომასი, ჩავდეთ კოლოფში და ისევ იმ ადგილას შევინახეთ. გავიდა რაღაც პერიოდი. მოვიდნენ სტუმრები. დედამ ყავა მოადუღა, გამოიღო, შოკოლადის კოლოფი, გახსნა და რას ხედავს, სად არის შოკოლადი? მე და პაატა ფარდის უკან დავიმალეთ, იქიდან ვუყურებდით და ვფიქრობდით – ნეტავ, ახლა რა მოგველისო. ისევ მამამ დაარეგულირა სიტუაცია. ერთხელაც პაატამ მამას გამოუცხადა, მე და ნატოს „მიშკა“ აღარ გვიყვარსო. მამას გაუხარდა, აღარ მომიწევს ყიდვაო, მაგრამ მაინც ჰკითხა, – აბა, რა გიყვართო? „ტრიუფელიო“. მამას ცივმა ოფლმა დაასხა, „ტრიუფელი“ სამჯერ უფრო ძვირი ღირდა.
– გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა უმაღლესში ჩაბარების დრო დადგა.
– მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ მე არ მინდოდა. მაშინ ინგლისურზე ჩააბარეო, – მითხრეს. არც ეს მინდა-მეთქი და კიბერნეტიკულზე ჩავაბარე. რაც შეეხება პაატას, მთელი ცხოვრება გიტარით ხელში მახსოვს. მეცხრე კლასს ამთავრებდა. სკოლის საღამოზე ორ მეგობარ ბიჭთან ერთად იმღერა. 24-ე სკოლასთან მუსიკალური სასწავლებელი არსებობდა და ამ სკოლის ვოკალის პედაგოგი – დიზი ხელაშვილი კონცერტს ესწრებოდა. პაატას რომ მოუსმინა, ძალიან მოეწონა. მეორე დღეს მოძებნა და უთხრა: ძალიან მინდა, ჩვენთან იმეცადინოო. ეს ადამიანი შემდგომში პაატას პედაგოგი გახდა, რომელიც პაატას ძალიან უყვარდა. სკოლა რომ დაამთავრა და ლაპარაკი იყო იმაზე, სად ჩაებარებინა, ბატონ დიზის უნდოდა, პაატას კონსერვატორიაში ესწავლა. ჩვენთან, სახლში მოვიდა და მშობლებს ამაზე სერიოზულად დაელაპარაკა. პაატა გადაირია, როგორ, ბაფთა გავიკეთო და სცენაზე დავდგეო. ერთი პლეხანოველი ბიჭი იყო და უბანში ეთაკილებოდა, თორემ შინაგანად ძალიანაც მოსწონდა ეს ყველაფერი. მამაჩემმა ასეთი გამოსავალი იპოვა, კონსერვატორიაში თუ ჩააბარებ, მანქანას გიყიდიო. ხელწერილიც დაუწერა. თუ ასეა საქმე, მაშინ ჩავაბარებო. იმავე წელს პაატამ „გეპეიშიც“ ჩააბარა გამოცდები. ცხადია, მამამ პირობა შეასრულა და „ჟიგული“ უყიდა. პაატა ძალიან სპორტული იყო. რაგბიზე და წყალბურთზე დადიოდა. სპორტს რომ გაჰყოლოდა, ალბათ, იქაც მიაღწევდა წარმატებებს.
– ამ დროს ყველაზე დიდი როლი ოჯახს ეკისრება – როგორ პირობებს შეგიქმნის პროფესიულ გზაზე. ალბათ, ბატონ პაატას სრული ხელშეწყობა ჰქონდა იმისთვის, ამ მხრივ.
– რა თქმა უნდა, ოჯახში ყოველთვის ჰქონდა პაატას ამის პირობები. ისე, დიდად ინსტრუმენტთან დამჯდარი პაატა არ მახსოვს. ძირითადად კონსერვატორიაში მეცადინეობდა. მისი პედაგოგი გახლდათ ასევე არაჩვეულებრივი ბანი – ევგენი ივანოვი, კონცერტმეისტერი კი – მისი მეუღლე ლუდმილა (მილაჩკა) ივანოვა. ამ ცოლ-ქმარმა ძალიან დიდი გავლენა იქონია პაატას მუსიკალურ კარიერაზე. პაატამ ჩაიკოვსკის კონკურსში გაიმარჯვა და ამის შემდეგ წავიდა წინ. ყველგან საქართველოს სახელით გამოდიოდა. პირველად იტალიაში, ლა სკალაში მღეროდა, შემდეგ ავსტრიაში. ახლა მისი ძირითადი ადგილსამყოფელი გერმანიაა. სადაც კი მიდიოდა, დედა და მამა თან დაჰყავდა. თვეობით ცხოვრობდნენ მასთან. ასევე, მეც მის უამრავ სპექტაკლს დავსწრებივარ. ენით აუწერელი სიხარულია, დარბაზში რომ ზიხარ და შენს საყვარელ ადამიანს უსმენ.
სხვათაშორის, – ვენაში „ხორ ვანშინის“ სპექტაკლში მღეროდა, რომელსაც უდიდესი წარმატება ჰქონდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პაატა ერთ ოთახში იჯდა, გვერდით თავისი კონცერტმეისტერი ეჯდა და ავტოგრაფებს არიგებდა. უშველებელი რიგი იყო. თავის დაღწევის საშუალებაც კი არ ჰქონდა. მეც მივედი, დავიჭირე ხელში მისი ფოტო და ჩავდექი რიგში. ფოტო ისე მივეცი და მომიწერა ზედ ხელი, რომ ზემოთ არც ამოუხედავს. დიდი მადლობა-მეთქი. ამომხედა და გაეცინა.
– როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ, ბატონ პაატას პარიზში უდიდესი ჯილდო – „სერვის ვაზა“ გადასცეს. გვიამბეთ ამის შესახებ.
– „დეკას“ ფირმამ პაატას ფირფიტა გამოუშვა. პარიზში ფირფიტების კონკურსი ჩატარდა, მაგრამ შემსრულებლები არ ესწრებოდნენ. პაატას შეატყობინეს, რომ მისმა ფირფიტამ გაიმარჯვა. რაღაც დროის შემდეგ ჩავიდა პარიზში, აიღო ეს პრიზი და მოფრინავს. ტელეფონში ვეხვეწები, მომიყევი როგორია-მეთქი ვგიჟდები, ისე მაინტერესებს. რომ ჩამოვალ, ხომ ნახავო, – მეუბნება. არა, არა, ახლა მითხარი-მეთქი. კარგი, მაშინ ცოტა ხანს მომიცადეო და ვუცდი – ერთი, ათი წუთი. პაატა, პაატა! – ვეძახი. მაცადე, ვათვალიერებო. ბოლოს მეუბნება: იცი, რა, ძალიან ბევრი ვათვალიერე აქედან, იქიდან, ზემოდან, ქვემოდან და ალბათ, ერთ ორ ლიტრამდე ჩავაო... გამაშაყირა.
– ბატონი პაატას პირად ცხოვრებაში ორი ქორწინება იყო. ათი წლის წინ, მესამედ, უკრაინელ ქალზე იქორწინა. ამაზე რას გვეტყვით?
– პირველად რომ დაქორწინდა, ძალიან პატარა, თვრამეტი წლის იყო. ამ ქორწინებიდან ჰყავს შუქრი, რომელიც ახლა ოცდათექვსმეტი წლისაა და დაოჯახებულია. მეორე ქორწინებიდან ოცდაექვსი წლის ლექსო ჰყავს.
– ბატონ პაატას მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავთა შორის უამრავი მეგობარი ჰყავს. მისი უახლოესი მეგობარი იყო ლუჩანო პავაროტი. როგორ გახსენდებათ მათი ურთიერთობა?
– პავაროტიმ, როგორც იტყვიან, პაატას ხელი ჰკრა დიდ სცენაზე გასასვლელად. ჩვენი ოჯახისთვის ის სათაყვანებელი პიროვნება იყო და ცხადია, ძალიან გვიხაროდა მისი და პაატას ურთიერთობა. ლუჩანოს პაატა ძალიან უყვარდა. ერთხელ, პაატა პავაროტისთან ერთად ამერიკაში მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლში მღეროდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ პაატამ დედას დაურეკა და უთხრა: იცი, ახლა ვინ უნდა დაგალაპარაკოო და ყურმილი ლუჩანოს გადასცა. დედამ ინგლისური კარგად იცის და რომ გაიგო, ლუჩანო ვარო, ნერვიულობისა და სიხარულისგან, ლამის ენა ჩაუვარდა, მხოლოდ მიყვარხარო, უთხრა.
– შვილები მაგალითს ყოველთვის ოჯახიდან იღებენ. აკვირდებიან მშობლების მოქმედებებს ცხოვრობას. როგორი იყო ეს ურთიერთობები თქვენს ოჯახში?
– მე და პაატას მამას სახით ძალიან დიდი მეგობარი გვყავდა. თავისთავად ასევე იყო დედაც, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეცვლის. თუ რაღაც პრობლემა გვქონდა, მამა ცდილობდა, ისე გაეკეთებინა ყველაფერი, რომ დედას არ გაეგო და არ ენერვიულა. ეს თვისება დღემდე გამოგვყვა. როცა რაიმე სახის პრობლემა გვაქვს, გვინდა, ისე მოვაგვაროთ, დედას არ გავაგებინოთ და ნერვიულობა ავარიდოთ. მამა ძალიან უფრთხილდებოდა ამ გრძნობას და ურთიერთობას. ბოლო წუთებამდე დედას თვალებში შესციცინებდა.
– თუ შეგიძლიათ, გვითხარით, როგორ შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“?
– დაახლოებით, შვიდი წლის წინ პაატა ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მიიწვიეს. ბავშვებმა პატარა კონცერტი მოუწყვეს. ზოგმაც თავისი ნახელავი აჩვენა და ამან პაატაზე ძალიან იმოქმედა. პაატა მიყვებოდა: იქიდან რომ გამოვბრუნდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, საოცარი განცდა დამენუფლა. ვერ მოვითმინე, უკან მივბრუნდი და დირექტორს ვუთხარი – თუ შეიძლება, მითხარით, რა არის საჭირო თქვენი ბავშვთა სახლისთვისო. ასე დაიბადა ამ ფონდის შექმნის იდეა, რომელმაც თანდათან დიდი მასშტაბები მიიღო. გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანები უდგანან.