კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამი ოცნება აისრულა კობა ხაბაზმა და ვის უქნევდა ის ხელს ჩინეთის კედლიდან


მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს შორის არის პარლამენტარი კობა ხაბაზიც. მას ისე უნდოდა ბევრი ემოგზაურა და სხვადასხვა ქვეყანა მოენახულებინა, რომ ბავშვობიდან ეს მიზნადაც დაისახა. წლების შემდეგ მიზანს მიაღწია და ოცნება მხოლოდ ოცნებად არ დარჩა. ყველა ქვეყნიდან განსაკუთრებული ემოციებით აღსავსე ბრუნდება თბილისში. ერთი უცნაური გატაცების გამო სახლში ბევრი ზანზალაკი აქვს. ზანზალაკების რაოდენობის მიხედვით კი, იმის დადგენაც შეიძლება, თუ რამდენ ქვეყანაშია ის ნამყოფი.


– მოგზაურობა სიამოვნებას თუ განიჭებს?

– კომუნისტების რეჟიმის დროს, მაშინ როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, სულ იმას ვამბობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, ბევრი მემოგზაურა და სხვადასხვა ქვეყანა მომენახულებინა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გეცხოვრა ისე, რომ რომი არ გქონოდა ნანახი, ისევე როგორც ლონდონი, ისრაელი, ბრაზილია, ამერიკა და კიდევ ბევრი ქვეყანა ჩინეთით დამთავრებული. სკოლის მერე, ჩემს ოცნებას კიდევ მეორე ოცნება დაემატა. მინდოდა, საქართველოს ისეთ კუთხეში, როგორიც აჭარაა ასლან აბაშიძის გარეშე მეცხოვრა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მესამე ოცნებაც დამემატა, მინდოდა ისეთ საქართველოში მეცხოვრა, სადაც შევარდნაძე არ იქნებოდა პრეზიდენტი. მოკლედ ჩემი სამივე ოცნება წარმატებით განხორციელდა. აბაშიძე აღარ არის აჭარაში, არც შევარდნაძეა საქართველოს პრეზიდენტი და მეც ხშირად მიწევს მივლინებით სხვადასხვა ქვეყანაში სიარული. მივლინების დროს თუ დღე ძალიან დაკავებული ვარ და უცხო ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვას ვერ ვახერხებ, ღამით დავდივარ. ძილს ნამდვილად გავლა და უცხო ქალაქის დათვალიერება მირჩევნია.

– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

– არ ვიცი, დაახლოებით 15-20 ქვეყანა მაინც იქნება, სადაც ნამყოფი ვარ. უფრო ზუსტ პასუხს გაგცემდით ზანზალაკები რომ მქონდეს თან. ყველა ქვეყნიდან, სადაც კი მივდივარ, სიმბოლურად ზანზალაკები ჩამომაქვს.

– რომელმა ქვეყანამ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იერუსალიმმა მოახდინა. როცა გოლგოთას მივუყვებოდი, საკმაოდ მძაფრი განცდა მქონდა. უცებ, ყველა ის ადამიანი გამახსენდა, რომელიც ჩემთან შედარებით გაცილებით მორწმუნეა. სინანულის გრძნობა გამიჩნდა და მაშინვე გავიფიქრე, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ იმწუთას იქ, ჩემს მაგივრად. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იერუსალიმმა. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის ამ ეტაპზე ჩემი ბოლო ვიზიტი ჩინეთში, თავისი აკრძალული ქალაქითა და ჩინეთის დიდი კედელით.

– კედელზე თუ ახვედით?

– ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. როცა კედლის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, გიდი გულდასმით გვიყვებოდა, რომ კედლის სიგრძე 6 000 კილომეტრია, რომ რაც ეს კედელი აშენდა, ჩინეთში მშვიდობამ დაისადგურა, მტერი ვეღარ შემოდიოდაო და ასე შემდეგ. ამ დროს ჯგუფს გამოვეყავი და ჩემთვის ვათვალიერებდი იქაურობას. რომ შევხედე, მივხვდი, კედელზე ავძვრებოდი. ჰოდა, სანამ გიდი გულდაგულ უხსნიდა ხალხს, მე კედელზე ასვლა დავასრულე. ავძვერი, ხელი დავუქნიე და იქიდან დავუძახე ჩვენი დელეგაციის წევრებს, როგორ ხართ-მეთქი. გიდს ლამის ცრემლი მოადგა თვალზე, ასეთ ნაქებ ჩინეთის კედელზე 2 წუთში რომ ავძვერი. რთული სულაც არ იყო. მასშტაბურობით კი ძალიან დიდია, მაგრამ სიმაღლე არ აქვს დიდი.

– კიდევ რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

– ასევე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამსტერდამმა. იქ საინტერესო ვიზიტით ვიყავი წასული – ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრებას ვეცნობოდი. თითქმის მთელი ჰოლანდია მომატარეს. ჰოლანდიაში ვინმეს თუ ფსიქიკური პრობლემა აქვს ყველასთვის ხელი მაქვს ჩამორთმეული. მაგ კატეგორიის ხალხში არჩევნები რომ ჩატარდეს, ალბათ, ყველა ხმას მომცემდა. ამსტერდამი მართლა განუმეორებელი ქალაქია, იქ ადამიანებში შინაგანი თავისუფლება ძალიან იგრძნობა. ყველა ადამიანი თავისუფალია, მაგრამ ამით არავინ შეგაწუხებს. ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო რომი. გაივლი და ნახავ ადგილს, სადაც იულიუს კეისარმა წყალი დალია და ასე შემდეგ. საოცარი განცდაა. შეიძლება თარჯიმანი გახლდეს და უცებ თავდახრილმა გაიაროს – აქ ცხოვრობდა ანა მანიანი და ამ ადგილზე ყველა იტალიელი თავდახრილი დადისო, გეტყვის. ისეთ მოწიწებას, რიდს და სიყვარულს გამოხატავდნენ იტალიელები ანა მანიანის მიმართ, რომ თმები ყალყზე დამიდგა. იმ ადგილას ყველა მართლა თავდახრილი დადიოდა. შთამბეჭდავი იყო ფინეთიც, რომელსაც 100 000 ტბის ქვეყანას ეძახიან. პოლონეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გულწრფელად ვაღიარებ, როცა კრაკოვსა და გდანსკში ვიყავი, მე ასეთი არქიტექტურა მსოფლიოში არსად მინახავს. თუმცა, ამ ტრაგედიის შემდეგ, ალბათ, იქ ჩასვლა უფრო სხვა ემოციებთან იქნება დაკავშირებული. ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ასეთი მეგობარი არ ჰყოლია. როცა ჩვენი ქვეყანა იბომბებოდა 5 ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩამოსული აქ და ხელიხელ ჩაკიდებული იდგნენ რუსთაველის ქუჩაზე. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი კაჩინსკი იყო.

– რომელ ქვეყანაში არ გაქვთ მეორედ ჩასვლის სურვილი?

– მეორედ ჩასვლაზე ყველგან შევიკავებ თავს იმდენი ქვეყანაა სანახავი, თუ არჩევანი მექნა, მირჩევნია იქ წავიდე, რომელიც ნანახი არ მაქვს. თუ გინდა ის გაჭირვებული ქვეყანა იყოს, მაინც სიახლე იქნება ჩემთვის. გინესის რეკორდების წიგნში უამრავი ადამიანია შესული, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ისეთი ადამიანი თუ არსებობს, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი. ამას სიამოვნებით ვინატრებდი.

– რომელ ქვეყანაში ოცნებობთ წასვლას?

– ნახევრად ხუმრობით ვამბობდი ასეთ ფრაზას, ისე არ მოვკვდები თუ ეგვიპტეში, ისრაელსა და ტიბეტში არ მოვხვდები-მეთქი. ისრაელში ვიყავი, ალბათ, წელს ეგვიპტეშიც მომიხდება ჩასვლა, რადგან ეგვიპტესთან მეგობრობის გუნდს ვხელმძღვანელობ. რადგან სიკვდილს არ ვჩქარობ, ჯერჯერობით ტიბეტს ავარიდებ თავს.

– უცხო ქალაქში არასდროს დაკარგულხართ?

– დაკარგვით არა, მაგრამ ჩემი მწირი ინგლისურიდან გამომდინარე, ლამის ხელებისა და ფეხების მოშველიება დამჭირდა, ჩვენს სასტუმრომდე რომ მივსულიყავი. ბოლოს გამახსენდა, რომ ამ სასტუმროს ბარათი მედო ჯიბეში და ტაქსის მძღოლს შევაჩეჩე. იმას ხომ გაუხარდა და გაუხარდა. მაგრამ, დამიჯერეთ, მე უფრო მეტად გამიხარდა მის სახეზე ღიმილი რომ დავინახე.

– რომელიმე ქვეყანაში თავი ისე თუ გიგრძნიათ როგორც თბილისში გრძნობთ?

– ტრადიციებით არა, მაგრამ რომში, ჩემი სასტუმროს მახლობლად ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი იყო. ერთ დილას რომ გამეღვიძა, ისეთი ჟრიამული შემომესმა, თბილისში მეგონა თავი.

– ზანზალაკების გარდა კიდევ თუ ჩამოგაქვთ რამე, სუვენირის სახით?

– არა, სხვა არაფერი, ამის ჩამოტანაც შემთხვევით დავიწყე, რაც მერე ჩვევაში გადამივიდა. აი, 100-მდე ზანზალაკს რომ დავაგროვებ, მერე ყველას ერთად ავაჟღარუნებ.

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ მოგზაურობა, მაგრამ სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში დროს მხოლოდ შოპინგში ხარჯავენ.

– სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, თუ მულტიმილიონერი არ ხართ და განსაკუთრებული ბრენდის ნაწარმს არ ყიდულობთ, დამიჯერეთ, ჩინური საქონელი თბილისშიც არის და არ ღირს იქიდან ჩამოტანა. ამიტომ, უმჯობესია, ძირითადი დრო სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების ნახვას მოანდომოთ. მაგალითად, ჩახვიდე ამსტერდამში, არ ნახო ვან გოგის მუზეუმი და წახვიდე საყიდლებზე, ან ვენაში ბელვერის მუზეუმში არ მიხვიდე და არ ნახო კლისტის ნახატები, დამიჯერეთ, ძალიან ბევრს დაკარგავთ. ისევე როგორც ჩინეთში ჩასულმა, ჩინეთის კედელი არ ნახო, რომში – კოლიზეუმი, ან მიქელანჯელოს ნამუშევრები.


скачать dle 11.3