კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა დავაკვირდეთ ხორცის ყიდვისას და როგორი თევზის ყიდვა არ არის რეკომენდებული


სხვა ბევრ ყოფით პრობლემასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, რომელიც, ბუნებრივია, საკვებზეა დამოკიდებული. სავალალოა ის ფაქტი, რომ მისი სრული კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ ხდება, რითაც სერიოზული ზიანი ადგება ჩვენს ჯანმრთელობას. მაინც, როგორ უნდა დავიცვათ თავი უხარისხო პროდუქტის მიღებისგან და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ საკვების ყიდვისას, ამის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსს, მაია მეტრეველს.


მაია მეტრეველი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ სურსათზე სრული კონტროლი ვაწარმოოთ. სახელმწიფოს მხრიდან სურსათის 100-პროცენტიანი კონტროლი საერთოდ შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან ფართო სპექტრია. სურსათის მომხმარებელი ყველა ადამიანია, სარეალიზაციო ობიექტები და სურსათის მწარმოებელი კომპანიები კი – უამრავი. სურსათის უვნებლობის სამსახურს ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი უფლებები შეზღუდულია.

– კერძოდ, რა შეზღუდვაზეა საუბარი?

– მოქმედი კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ პროდუქტი დახლზე დადებამდე შევამოწმოთ. ამის შემოწმების უფლება ჩვენ არ გვაქვს, თუ არაა განსაკუთრებული შემთხვევა, ვთქვათ, თუ მოხდა რომელიმე პროდუქტის მიერ მასობრივი მოწამვლა, ან, თუ ძალიან მავნებელ პროდუქტზეა საუბარი. გასული წლების მონიტორინგით, რომელიც საქართველოში დამზადებულ პროდუქტებს შეეხო, დამტკიცდა, რომ ქართული პროდუქტი არის უვნებელი იმ მხრივ, რომ მასში არ არის ის საკვები დანამატები ჰერბიციდების, პესტიციდების, ნიტრატების ნარჩენები, რაც იმპორტულ პროდუქტში ჭარბობს. მალფუჭებადი პროდუქტის, როგორიცაა ხორცი, ყველი, რძის ნაწარმი, ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივი ავტომანქანით. როცა ეს პროდუქტები „ჟიგულის“ საბარგულშია განთავსებული, არანაირად არაა დაცული ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესი. დიდი პრობლემაა ისიც, რომ მაღაზიები არ იცავენ იმ ტემპერატურულ რეჟიმს, რაც პროდუქტისთვისაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის ვადაგასულობა მწარმოებლის კი არა, უშუალოდ მარეალიზებელი ობიექტის ბრალია. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, რომ მოერიდონ გარე ვაჭრობის ადგილებში ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების შეძენას, როგორიცაა თევზი, ხორცი, ყველი და რძის ნაწარმი, ვინაიდან ეს პროდუქტები არ არის დაცული ინფექციური დაავადებებისგან. გარდა ამისა, გარეთ ჰიგიენური და სანიტარული ნორმები არაა დაცული. ბაზარს ჰყავს ვეტერინარი, რომელიც აკონტროლებს ხორცში ინფექციური დაავადებების ალბათობას, მასში ზოგჯერ აღმოჩნდება ტრიქონელოზის დაავადება, რომელიც მიკროსკოპულად მოწმდება ბაზრის ლაბორატორიაში, რაც, ბუნებრივია, არ კეთდება ქუჩაში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებელი პირადად აკონტროლებს სურსათის უვნებლობას და ამის დიდი გამოცდილება აქვს, ევროპელი მომხმარებლისგან განსხვავებით. ეს უკანასკნელნი ვადასაც კი არ უყურებენ, ისე ყიდულობენ პროდუქტს, რადგან ისინი დაზღვეულნი არიან უხარისხო პროდუქტის შეძენისგან. ყოველთვის ვეცადოთ, ეტიკეტზე წავიკითხოთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი შევიძინოთ.

– თუ თავად ვერ გავაკონტროლეთ სურსათის უვნებლობა და შევიძინეთ უხარისხო პროდუქტი, რა საფრთხე შეიძლება შეგვექმნას მისი მიღებით?

– დაავადება უამრავია. თუნდაც, ის ფაქტი, როცა ცხოველი იყო დაკვლამდე ავადმყოფი ან აგონიაში მყოფი, მისი ხორცის მოხმარება არანაირად არ შეიძლება. ბრუცელოზის შემთხვევები ვრცელდება ყველიდან, მხოლოდ სულგუნია დაცული, რომელიც მაღალ ტემპერატურულ გადამუშავებას ექვემდებარება, რაც შეეხება ჭყინტ ყველს, მისი მოხმარება დიდი რისკია. ყველაზე მეტად ეს დაავადება გადადის აუდუღარი რძით. ბრუცელოზი ემართებათ მწველავებს, როცა ძროხა დაავადებულია. ჩვენ გვინდა, ისეთი რაღაცეები გამოვამჟღავნოთ, რასაც მომხმარებელი თავისი თვალით ვერ აღიქვამს, ანუ ის, რაც პროდუქტზე გარეგნულ ცვლილებებს არ ახდენს. როცა პროდუქტს უკეთებენ საკვებ დანამატებს, ხდება კანცეროგენული საღებავების დამატება, ზოგჯერ კი უკეთდება ჰორმონებიც. როცა ფრინველს უკეთებ ჰორმონებს და ერთ თვეში წიწილა ხდება ქათამი, ასეთი ჰორმონებითაა გაჯერებული იმპორტირებული ქათმის ბარკლები, რომლის ჭამას არ ვურჩევ არავის, განსაკუთრებით კი – ბავშვებს.

– ვინც გათვითცნობიერებული არაა საკვების ხარისხიანობის დადგენაში, იქნებ, მისცეთ პრაქტიკული რჩევები, როგორ განასხვავოს ხარისხიანი და უხარისხო პროდუქცია ერთმანეთისგან?

– კაცი იმ მიზნით ყიდულობს ძეხვს ან სოსისს, რომ ორგანიზმმა მიიღოს ხორცი და არა სოია და ქათმის ფარში. ხორცი მასში მხოლოდ 30 პროცენტია, დანარჩენი არის სოიის დანამატი. ამ პროდუქტებში იმდენი არასასურველი მინარევია, რომ ნამდვილად არ გირჩევთ მის მირთმევას, ანუ, ის შემადგენლობა, რაც სოსისსა და ძეხვს აქვს, არ არის დამაკმაყოფილებელი. არც ბაზრობაზე გამოტანილ კამეჩის ხორცის სურსათის მიღებაა რეკომენდებული, რადგან ეს პროდუქტები დიდი დოზითაა ფალსიფიცირებული. რაც შეეხება სალმონელოზის ჩხირებს, ის მოდის ფრინველისგან, როცა კვერცხია დაბინძურებული. იმ შემთხვევაში, თუ არასწორადაა დაცული ცხობის ტექნოლოგია, სალმონელა გვხვდება პროდუქტშიც. ესაა საკმაოდ პათოგენური მიკრობი, რომელიც იწვევს მოწამვლის სიმპტომებსა და ინტოქსიკაციას. გასულ წელს ტორტით მასობრივად მოიწამლნენ ბავშვები. ჩავატარეთ გამოძიება, მივედით იმ საწარმოში, სადაც ტორტი დამზადდა. სხვათა შორის, საწარმოში საკმაოდ კარგად იყო დაცული ჰიგიენური ნორმები და მივაკვლიეთ იმას, რომ სალმონელოზის მიზეზი გახდა მელანჟი. ცნობისთვის, გეტყვით, რომ მელანჟი არის გატეხილი კვერცხები, რომელსაც ყიდულობდა ხსენებული საწარმო, რითაც ცხობის ტექნოლოგია დარღვეული იყო. რა თქმა უნდა, ავუკრძალეთ მას მელანჟის ყიდვა.

– უბრალო მომხმარებელმა პროდუქტის ხარისხიანობა მხოლოდ ფასის მიხედვით უნდა განსაზღვროს?

– როცა, მაგალითად, 200 გრამი ძეხვი ღირს ლარი, იქ უნდა მიხვდე, რომ მასში ძალიან ნაკლებია სასურველი ინგრედიენტები. ფასი მეტ-ნაკლებად მიჰყვება მის თვითღირებულებას. თუ კომპანიას აქვს სხვადასხვა ასორტიმენტის სარდელი და ერთი ძვირია, ეს ნიშნავს იმას, რომ შედარებით უკეთესია მისი ხარისხი, ვიდრე იაფიანის. უხარისხო საკვებს თუ მიირთმევ, იმაზე ნაკლებ კალორიას და სარგებლიანობას მიიღებ, ვიდრე ხარისხიანის მიღებისას. უფრო ცუდი ვარიანტია, როცა იღებ სხვადასხვა ქიმიურ დანამატებს, კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც არ აკუმულირდება ორგანიზმში და გამოვლინდება სხვადასხვა პათოლოგიაში, როგორიცაა სიმსივნე, კუჭ-ნაწლავის დაავადება, ჰორმონალური დარღვევები. სიმსივნის გაჩენა, შესაძლოა, სხვა ფაქტორებთანაც იყოს დაკავშირებული და უხარისხო საკვებმაც გამოიწვიოს.

– რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, საზიანოა მისი მიღება ორგანიზმისთვის?

– სურსათის დიდი ნაწილი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. სოიას, ლობიოს, ხორბლის, შაქრის ძირითადი ნაწილი გენმოდიფიცირებულია. მისი უარყოფითი გავლენა ამერიკისა და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა დღემდე ვერ დაამტკიცეს, ამიტომ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ამბობს უარს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღებაზე, მაგრამ, ის ითხოვს ეტიკეტირებას, უპრიანია, მითითებული იყოს, გენმოდიფიცირებულია თუ არა, ესა თუ ის პროდუქტი და შემდეგ უკვე მყიდველი გადაწყვეტს, რომელი აირჩიოს საკვებად.

– ალბათ, დამეთანხმებით, რომ გარკვეულ პროდუქტებს ვარგისიანობის ვადა საერთოდ არ აწერია. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

– თუ ვადა არ აწერია, ნუ ვიყიდით. რძის პროდუქტებზე ხშირად არაა მითითებული, რძის ფხვნილისგანაა დამზადებული ის, თუ რძისგან და ამის მოგვარებაც კი ძალიან გვიჭირს. ყველაზე დიდი კომპანიები, რომელთა შემოსავლები 70-80 პროცენტია და თავად უნდა იყვნენ ვექტორის მიმცემი სხვებისთვის, ამის მიუხედავად, თავს არიდებენ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მათი პროდუქტი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული და მოსახლეობას ინფორმაციას თუ არ მიაწვდიან, ჰგონიათ, ბაზარს შეინარჩუნებენ. ეტიკეტირება არის მინიმალური მოთხოვნა, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენ მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად, მთლიანად გამოვითხოვეთ დაწუნებული პროდუქტი სარეალიზაციო ქსელიდან, რომელიც მთლიანად განადგურდა. კონკრეტულ დარღვევას კონკრეტული სანქცია ახლავს.

– ხშირად გაგვიგია, თუ გინდათ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეულიო. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი კვების რაციონი მხოლოდ ამით ვერ შემოიფარგლება. ამიტომ, იქნებ გვირჩიოთ, კიდევ რა პროდუქტების მიღებაა შედარებით უსაფრთხო?

– მე რეკომენდაციას ვუწევ ქართულ პროდუქტს, რადგან ის იმდენი ნიტრატებითა და პესტიციდებით არაა გაჯერებული, როგორც თურქული პროდუქცია. თურქებს მოჰყავთ პომიდორი დახურულ გრუნტში, ყოველგვარი მიწის გარეშე და ხდება წვეთოვანით საკვები ნივთიერების მიწოდება. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პომიდორი მიწის ნაცვლად პემზის ქვაზეა ამოსული და მინერალებით იზრდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხორცი შეიძინოთ სანდო სარეალიზაციო ადგილას და არავითარ შემთხვევაში – ქუჩაში. მალე ზაფხული მოვა და, კარგი იქნება, ვიცოდეთ, რომ განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6-72 საათი (პროდუქტის სახეობის მიხედვით), არა უმეტეს, ცელსიუსის 6 გრადუსი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში. უკრემო, ცილის კრემით ან ხილით გაწყობილი ტორტებისა და ნამცხვრების შენახვის მაქსიმალური ვადა 72 საათია, ნაღების კრემით გაწყობილის – 36 საათი, ხოლო მოხარშული და ათქვეფილი ნაღების კრემით გაწყობილის – 6 საათი. ყველა მათგანი უნდა ინახებოდეს პლუს 2-დან პლუს 6 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში. ხორცის შეძენისას დააკვირდით მის ფერს – ის უნდა იყოს ღია ვარდისფერი ან ღია წითელი, მკვრივი და მის ზედაპირზე თითის დაწოლისას წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გაქრეს. არ შეიძინოთ თევზი, რომლის თვალები ჩავარდნილია ფოსოებში, რქოვანი გარსი ამღვრეულია, მუცელი – გამობერილი და კუნთები არ არის მკვრივი. მოვერიდოთ კუსტარულად დამზადებული შებოლილი და დამარილებული თევზის ყიდვას. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებია ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. ასევე, საკონდიტრო ნაწარმი, რომლებიც შეიცავენ ბოსტნეულსა და კვერცხს. ამ სურსათის სიცივის გარეშე შენახვა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ყველა ნიუანსის ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ ელემენტარულ რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, თავს დავიცავთ უხარისხო პროდუქტის მავნე ზემოქმედებისგან.


скачать dle 11.3