კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამარტივდა ნოტარიული მომსახურება და პრაქტიკულია თუ არა ბიომეტრიული პასპორტი


გადაუდებელი საქმისთვის საბუთების მოძიება და მისი შეკრება ყოველთვის დამღლელი პროცედურა იყო. თუმცა, ეს უსიამოვნება უკვე წარსულს ჩაბარდა და სანოტარო მომსახურების სფეროში უამრავი ნოვაცია დაინერგა. პასტა და ფურცელი ვიდეოთვალმა და ონლაინრეჟიმმა ჩაანაცვლა. ხსენებული ნოვაციების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ხოფერიას.


– როგორც მოგეხსენებათ, სანოტარო პრაქტიკაში მრავალი სიახლე დაინერგა, რომლის შესახებაც შევეცდები, თქვენი ჟურნალის მრავალათასიანი მკითხველი უკეთ გავარკვიო. აქამდე თუ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ექმნებოდათ პრობლემები სანოტარო მომსახურების სფეროში, ახლა ეს მომსახურება ონლაინრეჟიმში ხდება. თუ პირი უცხოეთში იმყოფება, თან აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სურს რაიმე ტიპის თანხმობის გაცემა, ეს შეუძლია, ვიდეოთვალის მეშვეობით, დაამოწმოს საქართველოში ნოტარიუსთან. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივად ხდება. უკავშირდება ქართული ნოტარიუსი ვიდეოთვალის მეშვეობით უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს, პროცედურას ესწრება მოწმე, რომელიც დაადასტურებს ამ პიროვნების პირადობას. ონლაინ-რეჟიმში შესრულებულ განცხადებას ნოტარიუსი ჩაიწერს, შეადგენს ამ დოკუმენტს და შემდგომ გასცემს მას. განსაკუთრებით ხშირია თანხმობის მოთხოვნა ბავშვის პასპორტის აღებასა და მის უცხოეთში გაყვანაზე. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დაფიქსირდა უარი სამემკვიდრეო წილზე, სხვადასხვა ტიპის განცხადებებსა და ფაქტებზე...

– რამდენი ხანია, რაც სანოტარო საქმიანობაში ვიდეოთვალის გამოყენება დანერგეთ?

– უკვე 3 თვეა და ამ ხნის განმავლობაში 240 სანოტარი მოქმედებაა შესრულებული. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ეს პროცესი პოპულარული გახდა, იმის მიუხედავად, რომ ყველამ არ იცის ამ მომსახურების არსებობის შესახებ – პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით ფაქტების დამოწმება ხდება. გახსოვთ, ალბათ, ადრე ეს პროცედურა გაცილებით პრობლემატური იყო. მას დიდი დრო მიჰქონდა. თუ მოქალაქე უცხოეთში იმყოფებოდა, მას უნდა მიემართა იქაური ნოტარიუსისთვის, შემდეგ დაემოწმებინა ნოტარიული თანხმობა, გაეგზავნა ზემდგომი ორგანოსთვის, სადაც მოახდენდნენ იმ საბუთის ლეგალიზაციას. მერე ის საბუთი უკან უნდა წამოეღო და გამოეგზავნა ჩვენთვის ორიგინალის სახით. საკმაო გარჯა უხდებოდა მოქალაქეს, რომელიც ასევე თანხებთან და დროსთან იყო დაკავშირებული, დღეს კი ასეთი პროცედურა 10-15 წუთში გვარდება. თავდაპირველად, ნოტარიუსი იწერს მის პირად ნომერს, შედის სამოქალაქო რეესტრის ბაზაში, ამოწმებს სურათიანი ბაზით ნამდვილად ის პიროვნებაა შემოსული თუ არა სკაიპში ვიდეოთვალით. ამ პროცესს, ცხადია, მოწმეც ესწრება, რომელიც იცნობს მოქალაქეს და დაადასტურებს მის პიროვნებას.

– ქალბატონო ნინო, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ დადასტურებულა კონკრეტული ადამიანის ვინაობა?

– კი. მსგავსი შემთხვევა მქონდა. როცა ადამიანი იტყუება, ასეთი შემთხვევის გამოვლენა რთულია. პირადად მე ორჯერ პიროვნების იდენტიფიკაცია ვერ მოვახდინე. ერთ შემთხვევაში არგუმენტად მოიყვანეს, რომ ის ავადმყოფი გახლდათ და სერიოზული ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა უცხოეთში რამდენიმე წლის წინ. გარეგნობა აშკარად შეცვლილი ჰქონდა. როცა მისი პასპორტის სურათთან შევადარე, მსგავსება ვერ შევნიშნე. ძველ სურათში ჭარბწონიანი ქალბატონი იყო გამოსახული, სკაიპში კი გამხდარი, ახალგაზრდა გოგო მესაუბრებოდა. მართალია, ყველანაირი მონაცემი ზუსტად განაცხადა და მოწმემაც დაადასტურა, რომ მას გარეგნობა საგრძნობლად ჰქონდა შეცვლილი – მაჯერებდნენ, რომ პასპორტში გამოსახული და სკაიპში მოსაუბრე ქალბატონი ერთი და იგივე პიროვნება იყო, მაგრამ, მე ვერ დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნა – საქართველოში მყოფ მის შვილზე არ მოხდა პასპორტის გაცემა, რომ უცხოეთში წასულიყო.

– იქნებ დააკონკრეტოთ, რა და რა სახის მომსახურებაზეა საუბარი და როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება?

– მოდის დაინტერესებული პირი, ვის ახლობელსაც უნდა საქმის წარმოება და გვაწვდის მისი სკაიპის მისამართს, ვუკავშირდებით და ვუხსნით, რომ ვურეკავთ სანოტარო ბიუროდან. ეს არის სხვადასხვა ტიპის გარიგება, როგორიცაა: ნასყიდობის დამოწმება, იპოთეკის ხელშეკრულებები, მინდობილობები, ასლების დამოწმება, თარგმანი, ხელმოწერის ნამდვილობა, სამკვიდრო მოწმობები, ანდერძი, ჩუქების, გირავნობის ხელშეკრულებები. მაინც ყველაზე ხშირი სანოტარო მოქმედებაა სამემკვიდრეო საქმის წარმოება, რომელსაც ასრულებს ნოტარიუსი კანონმდებლობის შესაბამისად. შესაძლებელია ზოგიერთი მოქმედება იყოს სავალდებულო სანოტარო წესით, ზოგი კი არა, მაგრამ თუ მხარე მოითხოვს მის დამოწმებას, ასეთ შემთხვევაში დოკუმენტს ეძლევა უტყუარი ძალა. მაგალითად, ავიღოთ სესხის ხელშეკრულება. კანონის მიხედვით, საერთოდ არაა სავალდებულო მისი დამოწმება სანოტარო წესით, მაგრამ, პრაქტიკაში უამრავი მაგალითია ამისა, რომ სანოტარო დამოწმების შედეგად ხელშეკრულება უტყუარობას იძენს და აღარ არის სადავო. იმ მოქმედებების ამომწურავი ჩამონათვალი არ არსებობს, რომელსაც ნოტარიუსი ასრულებს. ეს ძალიან ვრცელი თემაა.

– სანოტარო მომსახურებას მთელი რიგი პროცედურები ახლავს თან, ხომ არ განმარტავთ ხსენებული პროცედურების ფორმას?

– თუ მოქალაქეს სურს რაიმე ტიპის გარიგების დამოწმება ან კონკრეტული დოკუმენტის შექმნა, იმისათვის, რომ ნოტარიუსმა უტყუარი დოკუმენტი მოგცეთ, უნდა შეკრიბოს ცნობები. დოკუმენტების შესწავლის შედეგად უნდა შეადგინოს უტყუარი დოკუმენტი. თუ საუბარია რაიმე დოკუმენტის გამოთხოვაზე და ის ინახება ნოტარიუსთა პალატის არქივში, მისი მოძიების პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია. ანუ, შეგიძლიათ, დაჩქარებული მომსახურებაც მიიღოთ. თუ საუბარია თქვენი მხრიდან სხვა საარქივო დაწესებულებიდან დოკუმენტის მიღებაზე, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ამ საკითხში კომპეტენტურები არ ვართ. მაგრამ უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურები ამ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას უფრო ინტენსიურად და ოპერატიულად მოახდენენ. დღეს დროის დაკარგვისა და რიგში დგომის გარეშე შეგიძლიათ, სამოქალაქო რეესტრში მიუსვლელად პირადობის მონაცემები ან სააქტო ჩანაწერი თქვენი მდგომარეობის შესახებ ონლაინ-რეჟიმში მიიღოთ. ამისთვის კი საპასპორტოში წასვლა საერთოდ არ მოგიწევთ. ნოტარიუსს ექსკლუზიურად აქვს მიღებული სპეციალურ ბაზაზე ხელმისაწვდომობის უფლება ინფორმაციის მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გამარტივებას გულისხმობს.

– ახლახან შემოვიდა ბიომეტრიული პასპორტები. პრაქტიკული იქნება მისი მოხმარება და გაადვილდება მისი საშუალებით რაიმე საქმის წარმოება?

– ბიომეტრულ პასპორტზე გაცილებით მეტი ინფორმაციაა დატანილი, ვიდრე აქამდე არსებულ ყველა პასპორტში. მასში არის მოქალაქის ნებისმიერი მონაცემი თუ განცხადება მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, იქნება ეს თვალის ფერი, თითის ანაბეჭდი თუ ასე შემდეგ. ჩვენთვის ბიომეტრიულ პასპორტს ჯერჯერობით რაიმე დამატებითი ფუნქცია არ აქვს, თუმცა, თუ ამ სახის პასპორტები ფართოდ დაინერგება, დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც გვექნება. მაგრამ, სანოტარო პრაქტიკაში მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, ისეთი სწრაფი ტემპით მივდივართ ნოვაციებისკენ, რომ გამორიცხული არაფერია.

– გავიგე, რომ ნოტარიულ საქმიანობაში კიდევ რამდენიმე ნოვაციაა დანერგილი...

– უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ნოტარიუსი ჩაერთო ელექტრონულ რეესტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სანოტარო მოქმედება ელექტრონულად რეგისტრირდება. წარსულს ჩაბარდა ხელით სატარებელ სარეგისტრაციო ჟურნალში ინფორმაციის ხელით გატარების პრაქტიკა, პასტა და ფურცელი რჩება მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და ბეჭდის დასმისთვის, თორემ ყველა სხვა რეკვიზიტი ავტომატურ რეჟიმში ანიჭებს რეგისტრაციისთანავე დოკუმენტს მოქმედების უფლებას. თუ აქამდე შეზღუდული ვიყავით და მხოლოდ საცხოვრებელი სახლის მისამართის მიხედვით შეგვეძლო კონკრეტულ ნოტარიუსთან საქმის წარმოება, რომელიც სამემკვიდრეო საქმეს ეხებოდა, ახლა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერი ნოტარიუსისგან შეგიძლიათ მიიღოთ ეს მომსახურება. მომსახურების საფასური იგივე დარჩა. თუმცა, გააჩნია რა ტიპის მომსახურებას იღებთ, იმის მიხედვითაა თანხა გადასახდელი. ნოტარიუსთა პალატის არქივში ასევე სიახლეებია. შემოვიღეთ დაჩქარებული მომსახურება. აქამდე იხდიდით საფასურს ნიხრით და დოკუმენტს იღებდით ერთი კვირის შემდეგ. დღეს დამატებით საფასურს თუ გადაიხდით, შესაძლებელია, ერთ საათშიც კი მიიღოთ ეს მომსახურება. პალატის არქივში დაცულია უფლებამოსილებაშეწყვეტილი ანუ ძველ ნოტარიუსთა საქმეები, რომელთა მთლიანი აღწერაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქივში დაცული საქმეების ნახევარზე მეტი უკვე აღწერილია. 2011 წლისთვის ვვარაუდობთ ამ არქივის აღწერის დასრულებას. საკმაოდ შრომატევადი საქმე წამოვიწყეთ, მაგრამ სამაგიეროდ, გვექნება გამართული საინფორმაციო ბაზა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ იპოთეკებზე შემოვიღეთ სააღმსრულებლო ფურცელი. ანუ, თუ მოვალე ვერ იხდის თანხას, მას შეუძლია, ასცდეს სასამართლო ხარჯებს, აღარ იღებს სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, არამედ იქვე დადებთ იპოთეკის ხელშეკრულებას, ნოტარიუსი გაძლევთ სააღსრულებო ფურცელს და პირდაპირ აღმასრულებელთან შეგიძლიათ ამ ფურცლის წარდგენა ბინების დაგირავების დროს, ამ მეთოდით სასამართლოებიც განიტვირთება, რაც დაუჩქარებს მოქალაქეებს მომსახურების მიღებას.

– დღეს თითქმის ყველა ოჯახშია კომპიუტერი, თუმცა ისეთი ოჯახებიცაა, ხელი რომ არ მიუწვდებათ მასზე. მათ როგორ და რა მეთოდით უნდა იხელმძღვანელონ?

– ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონითაც, კომპიუტერს პიროვნებაც ცვლის. თუ თქვენ ვერ შედიხართ კომპიუტერში, მას ურეკავთ და ის ასრულებს თქვენ მაგივრად მოქმედებას. სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული რეესტრი. ნოტარიუსების პროფესიული დაზღვევა შემოვიდა 1 აპრილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, თუ მას ნოტარიუსისგან რაიმე სახის ზიანი მიადგა, ვთქვათ, ნოტარიუსმა შეცდომა დაუშვა და დააზარალა კლიენტი, ეს მოქალაქე მიიღებს კომპენსაციას სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ისგან“. ამ კომპანიასთან გვაქვს პროფესიული დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც დამატებითი გარანტიის ფუნქციას ითავსებს.


скачать dle 11.3