როდის ისხამს მამაკაცის სუნამოს ელენე კალანდაძე და ვისთვის უყვარს მას მასაჟების გაკეთება
„ვარსკვლავების აკადემიის“ ერთ-ერთი ნიჭიერი და ყველასგან განსხვავებული მონაწილე, ელენე კალანდაძე, საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს და ცდილობს, სახლშიც და გარეთაც მოწესრიგებული იყოს.
ელენე: ძალიან მიყვარს თავის მოვლა, იმდენად მანიაკივით ვარ, რომ მსიამოვნებს როდესაც სახლშიც კარგად გამოვიყურები. ამ დროს ყველანაირად შინაგანადაც და გარეგნულადაც კარგად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, თავის მოწესრიგებას დიდ დროს არ ვუთმობ, ამას ძალიან სწრაფად ვახერხებ. არასდროს ვდგავარ სარკის წინ საათობით, რა უნდა ჩავიცვა, ამის გადაწყვეტილებასაც ძალიან მალე ვიღებ.
– როგორ უვლი სახის კანს, თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან?
– არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან, ჯერჯერობით კრემებსაც არ ვხმარობ. ახალგაზრდა კანი მაქვს და არ მჭირდება კრემების წასმა, თანაც, მძიმე მაკიაჟს არ ვხმარობ. ძირითადად ვისვამ რუჟს, თვალის ფანქარსა და თეთრ „წენს“, რომელიც ძალიან მიყვარს. სამაგიეროდ, ვერ ვიტან ტუჩზე საცხის წასმას. პუდრის წასმა კი მიყვარს.
– როგორ უვლი თმას?
– თმაზე დიდი ზრუნვა არ მჭირდება, მთავარია დავიბანო და მაშინვე თავისით, ძალიან ლამაზად შრება. ადრე ძალიან ხშირად ვისწორებდი, მაგრამ ცუდი შედეგი მივიღე – ბოლოები დამეწვა და გადავწყვიტე, რომ ბუნებრივი, ხვეული თმა ვატარო. როგორც სახეზე, ისე თმაზე, არ ვიკეთებ ნიღბებს – ჯერჯერობით არ დამჭირვებია.
– გიყვარს ექსპერიმენტები?
– ძალიან მიყვარს. „ვარსკვლავების აკადემიაშიც“ ბავშვებს სულ მე ვუკეთებდი ვარცხნილობებს, მაკიაჟს. ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე და მაგრად ვხალისობ, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ სფეროში. თან, კარგად გამომდის და ვერთობი. საკუთარ თავზეც მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ სხვაზე უფრო მსიამოვნებს ამის გაკეთება.
– თუ გახსოვს, პირველად როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?
– ეს, ალბათ, 14 წლის ასაკში ვიგრძენი. მაშინ ბელგიაში ვცხოვრობდი, მახსოვს, მე და ჩემმა მეგობრებმა როგორ დავიწყეთ გაპრანჭვა. მაშინ მივხვდი, რომ გავიზარდე და ერთ ამბავში ვიყავი.
– ზოგიერთი ქალი მხოლოდ სახის კანზე ზრუნავს და სხეულს საერთოდ არ უვლის.
– მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცეკვავდი, ახლაც ხშირად დავდივარ ფეხით, მინდა, რომ სულ ფორმაში ვიყო. ქალი არა მხოლოდ სახეზე, მთლიანობაში კარგად უნდა გამოიყურებოდეს. თუ დრო მაქვს, „ბასეინზეც“ დავდივარ. ყოველთვის ვხმარობ დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს, თუმცა გამოკვეთილად რომელიმე არ მაქვს ამორჩეული. მსიამოვნებს, როდესაც სხეულზე კარგი სურნელი ამდის. საერთოდ, მიყვარს, როცა ქალს კარგი სურნელი ასდის, „თავისი“ სუნი რომ აქვს. შესაბამისად, ყოველთვის ვხმარობ სუნამოს.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– საერთოდ, მიყვარს წელიწადის დროებთან დაკავშირებული სუნამოების ხმარება. მაგალითად, ახლა ვხმარობ ზაფხულისთვის შესაფერის სუნამოს. თუმცა ჩემი ყველაზე საყვარელი სუნამო არის „კაშარელის“ „ამურ, ამურ“, ტკბილი სურნელი აქვს და ყველა დროს უხდება. ამ მხრივ საერთოდ არ მექმნება პრობლემები – რასაც მაჩუქებენ, ყველას ვირგებ. იყო პერიოდები და დღესაც გრძელდება, რომ ვისხამ ჩემი ძმის ან მამაჩემის სუნამოს, ძალიან მომწონს.
– როგორ ფიქრობ, როდესაც მამაკაცი მოვლილია, ის უფრო მეტად არ იქცევს ქალის ყურადღებას?
– რა თქმა უნდა და, მამაკაცებიც ასევე არიან ქალების მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მამაკაცი მოვლილია, სუფთაა, მის მიმართ უკვე სხვანაირი ხდები, ყურადღებას იქცევს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მამაკაცი უვლიდეს თავს, ეს, შეიძლება, იყოს ჩაცმულობა, ვარცხნილობა, სუნამო. ვინმე უცნობმა მამაკაცმა რომ მითხრას, საპარიკმახეროში დავდივარ და თავს ვუვლიო, ნამდვილად არ გამიკვირდება და არ ვიტყვი, რა ქალივით იქცევა-მეთქი. პირადად მე ვაფასებ ასეთ მამაკაცებს. მართალია, ქალივით 24 საათის განმავლობაში სარკის წინ არ უნდა იდგეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მოვლილი და სუფთა.
– რა აზრის ხარ მასაჟებზე?
– მიყვარს და მჭირდება, იმიტომ, რომ მოხრილი დავდივარ და წელი ხშირად მტკივდება. ვგიჟდები, როდესაც მეგობრებს, ჩემს ახლობლებს ვუკეთებ მასაჟებს, რაც სხვათა შორის, კარგად გამომდის.
– როდესაც ვიღაც მოგწონს, ალბათ მაშინ უფრო გაორმაგებულად ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. ეს ქალისთვის ხომ არის დიდი სტიმული?
– რა თქმა უნდა, როდესაც ვიღაც მოგწონს და პირველი პაემანი გაქვს, ორმაგად ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე, გინდა, რომ უფრო და უფრო მეტად მოაწონო მას თავი და უკეთესად გამოიყურებოდე. როდესაც პირველი პაემანი მაქვს, ვცდილობ, ყველაზე, ყველაზე კარგად, ლამაზად გამოვიყურებოდე, ეს ქალისთვის მართლაც დიდი სტიმულია. ძალიან მსიამოვნებს, როცა კარგად ვარ ჩაცმული, სუნამო მასხია და სახეზეც კარგად გამოვიყურები.
რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის იზრუნონ, დარჩნენ ბუნებრივები, მაშინ მათ არა მხოლოდ მამაკაცები, ყველა ადამიანი მიაქცევს ყურადღებას.
ნათია უტიაშვილი