“ქართული სული„ 27 აპრილიდან დაიწყო
2004 წლის გაზაფხულზე ფესტივალ „ქართულ სულს“ ჩაეყარა საფუძველი და, უკვე ექვსი წელია, ის ტრადიციულად ემსახურება ქართული უნიკალური ხელოვნების პოპულარიზაციას. წელს ფესტივალმა სტარტი 27 აპრილს აიღო, როდესაც „თიბისი გალერეაში“ ახლახან დაარსებული „თამარ მეფის ფონდის“ პრეზენტაცია შედგა. იქვე მოეწყო ფოტოხელოვან დავით ტყემალაძის ფოტონამუშევრების გამოფენა. ფესტივალზე, რომელიც 28 მაისამდე გასტანს თქვენ ქართული სულის სასწაულებს შეხვდებით: გალერეა „ჰობიში“, მოეწყობა თენგიზ (ჩუბჩიკა), მირზაშვილის გამოფენა; აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილეს მიეძღვნება გრანდიოზული ზეიმი; 12 მაისს გაიმართება ქართული სიმღერის საღამო; თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგება ლეგენდარული „ქართული ხმების“ კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი თაობის მომღერლები წარდგებიან; 25 მაისს, რუსთაველის თეატრში შედგება პრემიერა ბალეტისა „შეჰერაზადა“, რომელშიც პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე მსოფლიო კლასიკას გვაზიარებს; 28 მაისს კი „ივენთ-ჰოლში“ მომღერალი დავით გომართელი ახალი ალბომის პრეზენტაციას გამართავს, სახელწოდებით „ქართული ეთნოსული“.