რა გადაწყვეტილებას იღებს თამუნა ნიკოლაძე 10 წლის განმავლობაში და სად კოცნის იძულების წესით მას ჯაბა კილაძე
არ არსებობს სპექტაკლი, სერიალი, რაიმე პროექტი, სადაც ჯაბა კილაძე და თამუნა ნიკოლაძე ერთად არ მონაწილეობდნენ. „შუა ქალაქის“ გმირებმა „კარიერა“ მარჯანიშვილის თეატრშიც ერთად დაიწყეს, როდესაც პატარა მსახიობები „დიდების“ თეატრში მოხვდნენ და ამ სამყარომ თავბრუ დაახვიათ. პირველი კლასიდან დაწყებულ მეგობრობაზე ჯაბა და თამუნა „თბილისელებს“ ესაუბრებიან.
თამუნა ნიკოლაძე: სულ პატარები ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით და უკვე ძალიან ბევრი წელია, ერთად მოვდივართ. მესამე კლასში ვიყავი, ჯაბა კი – პირველში, როცა გავიცანი. რამდენიმე წელი ჩემი ნამდვილი დის, სოფოს კლასელი იყო. ოცდამესამე სკოლაში ვსწავლობდით და ძალიან მაგარი ტიპები ვიყავით. მე პლეხანოველი, ჯაბა – ვარანცოველი (იცინიან). მერე ისე მოხდა, რომ მხოლოდ სკოლის ნაცნობობით არ შემოვიფარგლეთ და ერთმანეთს თეატრში შევხვდით. მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშეთ სპექტაკლში „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, რომლის რეჟისორი მედეა კუჭუხიძე იყო. ჩვენ დედოფლის შვილები ვიყავით...
ჯაბა კილაძე: დედოფალი მე ვიყავი (იცინიან). არა, დედოფალს ნინო კობერიძე თამაშობდა და ჩვენ მარიამ დედოფლის შვილები ვიყავით. დავდიოდით გასტროლებზე საქართველოს მასშტაბით, მოვიარეთ კახეთი.
– როგორ მოხვდით ამ სპექტაკლში?
თამუნა: ბებიაჩემი თეატრში მუშაობდა. ჯაბას მშობლები კი მსახიობები არიან.
ჯაბა: თამუნა როგორ ცხოვრობდა იცი?! თეატრის კედელი მთავრდებოდა და მისი სახლის კედელი მიწებებული იყო. მგონი, კარი ჰქონდა გამოთხრილი და პირდაპირ იქიდან შემოდიოდა.
თამუნა: ჯაბა მოიყვანეს, საყვარელი. როგორ მახსოვს იცი, ეს პერიოდი?! ძალიან მაგარი დრო იყო. სულ ოთხნი ვიყავით. ერთ-ერთ შვილს ჩემი და, სოფოც თამაშობდა.
– ხელფასიც გქონდათ?
– დიახ. ერთი სპექტაკლის თამაში მაშინ ხუთი მანეთი ღირდა. სხვათა შორის, მე და ჯაბა ხელფასს ისე ვიღებდით, როგორც ყველა უშტატო მსახიობი. თვის ბოლოს საკმაოდ დიდი თანხა, ას ორმოცდაათი მანეთი შეგროვდა, რომელიც შემდეგ მშობლებს მივეცი და ჩემთვის რაღაცეები იყიდეს.
ჯაბა: მე და სოფო, თამუნას და, ძალიან პატარები ვიყავით. მაგ დროს, ხომ იცი, სხვაობა ძალიან დიდია, თუნდაც ორწლიანი. თამუნა უკვე ძალიან დიდი გოგო იყო, ჭკუას გვარიგებდა. ამის და, ახლაც მაგარი გიჟია, მაშინ ხომ, საერთოდ, ჭკუა არ მოგვეკითხებოდა. დავრბოდით და დავხტოდით თეატრში. თამუნა დაგვდევდა – წესრიგი იყოს ბავშვებოო. გასტროლებზე რომ დავდიოდით, თამუნას აბარებდნენ ჩვენ თავს, რომ რამე არ მოგვეწია. იქიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ.
თამუნა: ისე მოხდა, რომ თეატრალური დავამთავრე, ჯაბამ ჩააბარა და ჩემი პედაგოგის ჯგუფში მოხვდა. მერე ცხოვრებამ სად არ გვატარა და მიგვიყვანა „თავისუფალ თეატრში“, სადაც ბევრი ძალიან კარგი სპექტაკლი გვითამაშია.
ჯაბა: თუმცა, ისეთი პერიოდი არ ყოფილა ჩვენ ერთმანეთი არ გვენახა. სულ ვხვდებოდით, ხშირად ვიყავით ერთად. სამი წელია, უკვე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. ერთ სახლში ვცხოვრობთ და უნდა თუ არა, უნდა მიყუროს.
თამუნა: ისე მოხდა, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მე და ჯაბას ერთმანეთის გარეშე არც სპექტაკლი გვაქვს, არც ფილმი, არც სერიალი. რაც „თავისუფალ თეატრში“ ვთამაშობთ, ყველა სპექტაკლში პარტნიორები ვართ.
ჯაბა: მინდა გითხრა, ერთ სპექტაკლში ჩემს ცოლს თამაშობდა. ძალიან სერიოზული სამუშაო გახლდათ, ეს არ იყო არც კომედია, არც რამე მსუბუქი ჟანრის პიესა. ჩეხოვია და მინდა ვთქვა, რომ ამ სპექტაკლზე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. თამუნა საოცარი პარტნიორია, რომელთანაც მუშაობა ადვილია.
თამუნა: ერთ სპექტაკლშიც ვითამაშეთ, სადაც მე და ჯაბა ერთმანეთს ვკოცნით და ეს ვერავის წარმოუდგენია (იცინიან). რატომ ვკოცნით, როგორ შეიძლება, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, – ასეთი აზრებია ხოლმე.
ჯაბა: ასე, რომ ვებრდღვნები... არა, თამუნა მოკრძალებული და თავშეკავებული გოგოა და მე – ბოროტი, იძულების წესით ვკოცნი.
თამუნა: მოკრძალებული ვარ, კისერი მაქვს გადაგდებული და ეს „გულაობს“ (იცინიან). ეს არის „ბინა ყიფშიძის ქუჩაზე“, რომელსაც უკვე ხუთი წელია, რაც ვთამაშობთ.
– რატომ ვერ ეგუებიან მაინცდამაინც თქვენს კოცნას?
– იცი, რა, მაყურებელი მაინც, როგორც ქეთევანს და სანდროს, ისე აღგვიქვამს. ვაიმე, როგორ კოცნიან ერთმანეთს ქეთევანი და სანდრო, როგორ შეიძლება?! მაგრამ ეს, ალბათ, უფრო თავიდან, შემდეგ ჩვენ სამსახიობო ხელოვნებაზე, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ის, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისას, ისევ სანდრო და ქეთევანი არ ვიყოთ.
ჯაბა: ჩვენი პროფესიაა, იმას ვემსახურებით, რომ მაყურებელს მუდმივად დავაჯეროთ, რომ დღეს შტანგისტი ვარ, ხვალ მეცნიერი... ამაშია საქმე.
– ერთმანეთის ოჯახის წევრებივით ხართ...
თამუნა: ზუსტად. საერთოდ არ მერიდება ჯაბასთან, თუნდაც ჩემს პირადზე რაღაცეები რომ მოვუყვე. ხშირად ყოფილა პერიოდი, როდესაც ჯაბასთვის მიკითხავს, ეს და ეს ხდება, ასე ვფიქრობ და როგორ მოვიქცე-მეთქი. ჯაბას გადასარევად დავურიგებივარ, თუმცა მის რჩევებს ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ. უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვარ საკუთარ თავთან. ჯაბა მეუბნება, რომ რაღაცეები გავატარო, არ მივანიჭო დიდი მნიშვნელობა, რაც არ გამომდის. თეთრი შურით მშურს ჯაბასი. მას შეუძლია რაღაცეებს მსუბუქად შეხედოს, გადაიტანოს. მე კი ხომ უნდა ვინერვიულო. რაღაც გადაწყვეტილებაზე ათი წელი უნდა ვიფიქრო და მერე თუ გადავწყვიტე კიდევ ათი წელი – ვინანო. თან ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს.
– მეგობარი ბიჭი ალბათ, უფრო კარგ რჩევებს იძლევა, რაც პირად საკითხებს ეხება.
– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს – ჯაბა, ჩემი ბაჩო ჩაჩიბაია, რომლის გვერდითაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ყოველთვის საჭირო მინიშნებებს მაძლევს ხოლმე, მაგრამ ვითვალისწინებ თუ არა, ეს მეორე საკითხია.
ჯაბა: პირველი, რაც ამ ადამიანში უნდა აღვნიშნო, ეს მისი სერიოზულობა და გაწონასწორებულობაა.
თამუნა: სულ მეუბნება, ჭკვიანი ქალი ხარო და რატომ, არ ვიცი.
ჯაბა: ხშირ შემთხვევაში, თამუნა სამაგალითოა თავისი ზნეობრიობითა და წესიერებით. არაჩვეულებრივად კარგი და სამართლიანი ადამიანია. ამიტომ, მასთან ურთიერთობა ადვილიცაა და რთულიც. არის სამეგობრო წრე, სადაც შეგიძლია, იხუმრო, არ მიაქციო ყურადღება შენს სიტყვებს და იცი, რომ გაატარებენ, ამ დროს კი, თამუნას შესაძლოა, ისეთი რამ ეწყინოს, რასაც, ვერ წარმოიდგენ. ეს ცუდი კი არ არის, უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მასთან, რომ გული არ ატკინო. ეს გადასარევია. თუ სწორად მიუდგები, მისგანაც უდიდეს მეგობრობას მიიღებ. შეიძლება, რაღაც იდიოტურად გავეხუმრო, თამუნა მომიბრუნდეს და მითხრას, ჯაბა, ეს ჩემთვის არ უნდა გეთქვაო. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, არც ის და არც მე, წყენას არ ჩავიდებთ გულში და გაბუტულები არ ვივლით. მეგობრობა ეს არის.
თამუნა: ვარ მეგობარი, მაგრამ რაღაც დონეზე, დისტანცია მაინც მაქვს. დისტანციური ადამიანი ვარ. რასაც ვერ ვიტან, ეს არის დაცინვა, ცინიზმი. ჯაბასთან შეხუმრებული ვარ. ვიცი, სწორად გაიგებს, მაგრამ დოზები და ზომა, ყოველთვის ვიცი, ზედმეტს არასდროს ვამბობ.
ჯაბა: ამას არ თამაშობს, ასეთია. რომ გაიცნობ, თუ არ იცი, ვერაფრით მიხვდები, რომ ეს გოგო მსახიობია. წესრიგის ტიპია, ყველაფერში წესრიგი უყვარს, ჭამაშიც კი. მაგალითად, მე რომ მშია, გემრიელად, თან, ცოტა ჩქარა ვჭამ. თამუნას დანა-ჩანგალიც კი სიმეტრიულად უდევს – ძალიან ნელა აიღო დანა, ჩამოჭრა, ნელა მიიტანა პირთან, მეთოდურად დაღეჭა და გადაყლაპა (იცინიან). ფეხსაცმელები როგორ ულაგია, იცი?! ერთმანეთთან უნდა იდოს ზუსტად გასწორებული, ერთი მილიმეტრითაც არ სცდებოდეს ერთი მეორეს და რომ შეხედავ, გგონია, ფეხის ჩასაყოფად და წასასვლელად არის გამზადებული. ასეთი წესრიგი რომ აქვს ნივთებში, ცხოვრებაში როგორ წესრიგს მიჰყვება, ხომ წარმოგიდგენიათ?!
თამუნა: ძალიან ნელი ვარ, საშინლად, მაგრამ ერთ დღეში სამოცდაათი საქმე რომ მაქვს, მაშინ ვიბნევი. ხომ ზედმეტად წესიერი, მშვიდი და წყნარი ვარ...
ჯაბა: და, ამ დროს ქეთევან ღლონტს თამაშობს. ხედავ, როგორი მსახიობია?! თავისი ადამიანობისა და ტიპაჟიდან გამომდინარე, იმდენად შორს არის ქეთევანისგან, მისი მსახიობური ნიჭით აღფრთოვანებული ვარ.
თამუნა: ისე კარგად მიცნობს, ჯაბა, რომ დადუმებული ვარ. სულ პატარა ასაკიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად განვვითარდით.
– ასე კარგად იცნობთ ერთმანეთს და კიდევ ხართ ერთმანეთისთვის საინტერესო?
– როგორც ოჯახის წევრს, ისე ვხვდები უკვე ჯაბას, ყოველდღე. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი – ტელევიზიაში ვართ. ერთად ვჭამთ ბუფეტში, ვთანხმდებით, ბორში ვჭამოთ თუ მჟაუნას სუპი. მერე ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა – თეატრში ვთამაშობთ, თითქმის ყველა სპექტაკლში პარტნიორები ვართ. ასე, დაუგეგმავად, ვნახულობ ჯაბას ყოველდღე. როგორც ოჯახის წევრებისგან ველოდები რაღაც ახალს, ისეა ჯაბასთანაც. ვიცი, პარასკევს რომ არ დავურეკო, შაბათს თეატრში ვნახავ.
ჯაბა: მით უმეტეს, რომ ერთმანეთისგან ასე განვსხვავდებით – მე ბევრად უფრო არეული ვარ და სწორედ ეს არის საინტერესო. თამუნასგან ვსწავლობ რაღაცეებს, მისგან ვივსები და პირიქით.
– ალბათ, ხშირად მოგზაურობთ ერთად?
თამუნა: ვიყავით თურქეთში, ქაიროში – ფესტივალზე, წაღებული გვქონდა სპექტაკლები. უამრავი რამ არის გასახსენებელი. ბევრი უცხოელი გოგო ჩამოდის ამ კურორტებზე, რომლებიც ეპრანჭებიან ჯაბას და ჯაბაც ეპრანჭება მათ (იცინიან).
ჯაბა: მე? რა სისულელეა! (იცინიან).
– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით? რჩევებს თუ აძლევთ ერთმანეთს? ისეთ შემთხვევებს არ ვგულისხმობ...
– (იცინიან) თამუნა ასეთ საკითხებზე არასდროს ლაპარაკობს. შეიძლება, მე მეტი ვილაპარაკო ჩემს პირად ცხოვრებაზე, მით უმეტეს, რომ ეს არ მიყვარს, ვიდრე თამუნამ. შესაბამისად, შენი ინიციატივით რამეში ჩარევა არ გამოგივა. მაინც ქალია, სუსტია და შესაძლოა, რამე გკითხოს, მაგრამ შენც მასთან საუბარში ზომიერება უნდა გამოიჩინო. არიან ადამიანები თავის ინტიმურ ცხოვრებაში არავის რომ არ ჩარევენ, არ გააღებენ კარს, რადგან თავადაც გადასარევად არკვევენ, როგორ უნდა მოიქცნენ. თამუნაც ასევეა, მაგრამ თუ რომელიმე გოგოზე რაიმე მითხრა, ძალიან გამიხარდება (იცინიან).