რა ფლუიდებს გამოყოფს ორი სქესი ერთმანეთის მიმართ და რას ითხოვს ანი მაღლაკელიძე მამაკაცისგან
ერთ დღეს ღმერთმა შექმნა სამყარო და დაისვენა, შემდეგ შექმნა კაცი და დაისვენა, მერე შექმნა ქალი და მას შემდეგ აღარც ღმერთს დაუსვენია და აღარც კაცს.
სასიძოებო, ყურადღებით წაიკითხეთ, რას ფიქრობენ ქორწინებაზე ქართველი „წარმატებული გასათხოვარი ქალები“ და გაითვალისწინეთ მათი აზრები, თუ როგორი უნდა იყოს მეტ-ნაკლებად, ყველასთვის სასურველი სასიძო.
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი საქალბატონეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც გასათხოვარია და თავის მისტერს ელოდება. ცნობილი კლიპმეიკერი, რეჟისორი და რადიო „იმედის“ დილის წამყვანი – ანი მაღლაკელიძე სრულიად გულწრფელად საუბრობს სასურველი საქმროს ტიპაჟზე.
– ანი, საუბარს შაბლონური კითხვით დავიწყებ და მითხარი, როგორი ბიჭები გიზიდავს?
– უპირველესად, გარეგნობით უნდა მომხიბლოს. ახოვანი და წარმოსადეგი უნდა იყოს მამაკაცი, მაგრამ არის გარკვეული ფლუიდები, რომელსაც ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ გამოყოფს, ხოლო თუ რატომ ხდება ასე, არავინ იცის, აუხსნელია, მაგრამ უპირველესად, ეს უნდა გაჩნდეს.
– გასაგებია, მაგრამ სანამ ადამიანთან ვერბალურ კონტაქტს დაამყარებ, რა არის ის, რამაც შეიძლება მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩინოს?
– ვიზუალურად, ანუ გარეგნულად უნდა დამაინტერესოს, რაც მთავარია, უნდა იყოს სუფთა და მოვლილი. ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ მაქვს, რომ ვთქვა, მაინცდამაინც ასეთი უნდა იყოს – თვალის, თმის, კანის ფერით, მაღალი ან დაბალი და ასე შემდეგ. მოკლედ, კარგად უნდა იყოს შემოსილი არა მარტო ტანსაცმლით, არამედ მთლიანობაში. ზოგჯერ ისეც ხდება, შეხედავ ადამიანს და ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ როგორც ხმას ამოიღებს, შთაბეჭდილება მეცვლება და იქვე მთავრდება ყველაფერი. იცი, რაშია საქმე? წვრილმანებს და დეტალებს აკვირდები ურთიერთობის დასაწყისში, მაგრამ როცა გიყვარს, მერე უკვე ბრმავდები და ყრუვდები, არც არაფერი გესმის, ვერც ვერაფერს ხედავ.
– ანი, მე მაინტერესებს ყველაფერი სიყვარულამდე.
– შენ სიყვარულამდე და მე სიყვარული მაინტერესებს (იცინის). ჩემთვის ზედაპირული ურთიერთობა არ არსებობს. ძალიან რომანტიკული, სათუთი არსება ვარ, ქალი ვარ თავიდან ბოლომდე, ჩემი სისუსტით და სინაზით. ძალიან მინდა, რომ ამაში მამაკაცი დამეხმაროს. არ წამართვას თავისუფლება, უხაროდეს ის, მე რომ მიხარია და უბრალოდ, ბედნიერს მხდიდეს. აუცილებელია იუმორის გრძნობა, ნდობის ფაქტორი. მინდა, შინაგანად ლაღად ვგრძნობდე თავს მასთან ურთიერთობაში.
– რომანტიკული უნდა იყოს შენი რჩეული?
– უნდა იყოს. საერთოდ, ნათქვამია, უნდა იმსახურებდე იმას, რისი მიღების სურვილიც გაქვსო და მე მიმაჩნია, რომ ამას ვიმსახურებ. რადგან ის ფერადი სათვალე, რომელიც ბავშვობაში უნდა მკეთებოდა, მგონი, ახლა მიკეთია, რაც ძალიან მომწონს. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ადამიანები ძირითადად პრაქტიკულები არიან – გონებით იღებენ გადაწყვეტილებებს და ისიც მსმენია გოგონებისგან: „აი, ის ტიპი ჩემთვის მომგებიანი კანდიდატია“. რას ნიშნავს, კანდიდატია? როგორ შეიძლება, შენი ტრფობის ობიექტი მომგებიან ან წამგებიან კანდიდატად აღიქვა. ძალიან არ მინდა, გულის დამორჩილება ვისწავლო და გონებით მოქმედებას მივეჩვიო. ისედაც ბევრი რამ წყდება გონებით ამ ცხოვრებაში. მე ერთი სიცოცხლე მაქვს და მინდა, ეს სიცოცხლე ცხოვრების სიამოვნებასთან სრულ ჰარმონიაში მოვიყვანო. მინდა, რომ მიყვარდეს. ძალიან მჭირდება სიყვარული და ამიტომაც ყველგან დავეძებ ამ სიყვარულს, მაგრამ გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა შემიყვარდეს, რა თქმა უნდა, არ მაქვს და არც შეიძლება, მქონდეს.
– იმდენად გულწრფელი ხარ და აღტკინებით მიყვები ამ ყველაფერს, რომ მგონია, ყურებამდე შეყვარებულ 18 წლის გოგოს ვესაუბრები. ესე იგი შენ მიეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, ვისაც ფუმფულა დათუნიების ჩუქებაც ახარებს?
– ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე. ძალიან მიყვარს საჩუქრების მიღება. ჩემთვის უმნიშვნელო საჩუქარი არ არსებობს, ყველა საჩუქარი მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მაგალითად, 8 მარტს საჩუქრების „სერიალი“ მქონდა – დილას, საღამოს, შუადღეს კარში საჩუქრები მხვდებოდა. მხოლოდ ერთი საჩუქრის პატრონია ინკოგნიტო, დანარჩენი კი ყველა ვიცი, ვინ რა დამიდო კართან და არ იცი, რა ბედნიერი ვიყავი. ასეთი რაღაცეები ყველა ქალს სიამოვნებს და ვერ დავიჯერებ, ვინმეს ეს აღიზიანებდეს.
– არ არის გამორიცხული, ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ შენმა თაყვანისმცემლებმა რედაქციაში ფუმფულა სათამაშოები მოიტანონ და მერე რა ვქნა?
– (იცინის) არა მგონია, ასე მოხდეს. დღეს შეიცვალა სიტუაცია. ადრე შეიძლება მომხდარიყო, თუმცა ახლა არ მგონია. ურთიერთობების გადაფასება მოხდა და ეს უპირველესად, ქალების ბრალია. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: შეიცვალა დამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის. იმდენად აქტიურები გახდნენ ქალები, მამაკაცს აღარ უტოვებენ გზას საკუთარი სიძლიერისა და სურვილების გამოსახატავად. მამაკაცი ხომ ძლიერი არსებაა და მიეცი საშუალება, რომ ეს სიძლიერე და შენდამი დამოკიდებულება გამოხატოს. როცა ქალია ამ საკითხში აქტიური და უპირატესობას მამაკაცს არ უთმობს, კაცი პასიური ხდება, ხოლო ურთიერთობა როცა არაჯანსაღია, მამაკაცი მომენტალურად კარგავს შენდამი ინტერესს. იგივეს ჩვენი სარწმუნოებაც გვეუბნება, რომ ჯერ არის კაცი და მერე ქალი. ასე რომ, რატომ არ უნდა დავუთმოთ და მივანიჭოთ მას ეს უპირატესობა. ახლა ხომ გესმის, რატომაც ვამბობ, ეს არ მოხდება-მეთქი? ბიჭები უკვე იმას ფიქრობენ, ახლა ამას სდიე და საჩუქრები უკეთე, როცა შეიძლება, ვიღაცამ აქეთ გაგიკეთოს საჩუქარიო. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს რეალობაა და ჩვენდა სამწუხაროდ, ტენდენციად იქცა. მე პასიური ქალი ვარ, იმიტომ კი არა, რომ ეს ჩემი სიამაყიდან გამომდინარეა, არა, უბრალოდ, ეს ჩემს ხასიათში ზის და არც მინდა, სხვანაირი ვიყო.
– ესე იგი, შეიძლება, რომ იმედგაცრუებულმა სიყვარულმა დეპრესიაში ჩაგაგდოს?
– რას ნიშნავს სიყვარულში იმედგაცრუება? რას ელოდები სიყვარულისგან? შენ თუ გიყვარს, უბრალოდ, იყავი ამ ადამიანთან ყოველგვარი ანგარების გარეშე. მაქსიმალურად დაიხარჯე იმ დროს, როცა გიყვარს, გაეცი შენი სიყვარული და ეს ბედნიერებას მოგანიჭებდეს. შენ ხომ სხვისთვის არ აკეთებ რამეს. იმ პერიოდში ხომ გიხარია მასთან ურთიერთობა და ახლა, თუ დამთავრდა, ცუდი კი არა, ყველაფერი საუკეთესო უნდა გაიხსენო მის ირგვლივ. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც გიყვარს და მას შენთან აღარ სურს, მისი სურვილის წინააღმდეგ წახვიდე, როცა იცი, რომ შენგან წასვლით ის ბედნიერი იქნება. დაე, იყოს ბედნიერი, წავიდეს და ლამაზ მოგონებად დარჩეს შენს ცხოვრებაში. ნამდვილად გულწრფელად შეყვარებული ადამიანი, ვისაც სიყვარული უყვარს და სიყვარულით არსებობს, არასოდეს გამოეკიდება ასეთ რაღაცეებს. მაგრამ, მე რომელ სიყვარულზეც ვლაპარაკობ, ის იშვიათად ხდება და იშვიათად ემართება ადამიანს, მე მინდა, ეს დამემართოს.
– შენს თავს რომელ პერსონაჟს შეადარებდი?
– ალბათ, მულტფილმის გულუბრყვილო, ლამაზ პრინცესას გრძელი თმით, რაღაც ულამაზესი ჰაეროვანი კაბით, თმაში ჩაბნეული ყვავილებითა (თმას ზემოთ იწევს და იმიტირებას ახდენს – ავტორი) და აუცილებლად გაბრწყინებული თვალებით. ეს არის გოგო, რომელსაც ყველა და ყველაფერი უყვარს, უყვარს სიცოცხლე და ყველაფერში სილამაზეს ხედავს. (იცინის) მგონი, გავგიჟდი.
– ცოლქმრულ ურთიერთობაში ლიდერი იქნებოდი?
– არავითარ შემთხვევაში. ოჯახში როცა ქალია ლიდერი, მე არ მგონია, რომ იქ ურთიერთობა ჯანსაღია. თუმცა, ჩემი ადგილი მექნება და ჩემს წვლილს შევიტან ბედნიერი ოჯახის სტატუსისთვის. მთავარია, შენი რჩეული ჭკვიანი იყოს და სწორად წარმართოს საკუთარი ძალები ოჯახში. თუმცა, თუ ქალიც ჭკვიანია, ერთმანეთს ისე შეავსებენ, რომ სრულ ჰარმონიაში მოიყვანენ, დაარეგულირებენ და ოჯახს მოწოდების სიმაღლეზე დააყენებენ. ქორწინებასთან დაკავშირებით ერთი გამოთქმა მახსენდება: კაცები ქორწინდებიან იმ იმედით, რომ ქალები არასოდეს შეიცვლებიან. ქალები ქორწინდებიან იმ იმედით, რომ კაცები შეიცვლებიან და საბოლოოდ, ორივე იმედგაცრუებული რჩებაო.
– შენი თეზისია – „სევდა კომერციულია“ და რას გულისხმობ?
– ხშირად შეყვარებული და მიტოვებული ადამიანები იმდენს ლაპარაკობენ, თუ როგორ მიატოვეს და როგორი უბედურები არიან, რომ ხშირ შემთხვევაში ამით თანაგრძნობას პოულობენ და ამ თანაგრძნობა-შეცოდებაში ავტომატურად გადადიან სხვა ადამიანზე, რომელთანაც ახალ ურთიერთობებს ამყარებენ. სწორედ ეს იგულისხმება „სევდა კომერციულიაში“.
– საბედოს ძიებაში მკითხავისთვის მიგიმართავს?
– საერთოდ, მძულს მკითხაობა და ეს შავი მაგია. არანაირად არ მაინტერესებს, რა და ვინ მომელის. ყველაფერი ღვთის ნება და ბედია, რომელიც ადრე თუ გვიან მოვა, მაგრამ მთავარია, დავინახოთ, აღვიქვათ და მივხვდეთ, რომ ის არის შენი ბედი. ვფიქრობ, რომ შეხვედრა განგებაზეა დამოკიდებული და თუ მერე როგორ წარვმართავთ ამას, ეს უკვე ჩვენზეა. ამბობენ, დათესავ აზრს და მოიმკი ქცევას, დათესავ ქცევას და მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას და მოიმკი ხასიათს და დათესავ ხასიათს, მოიმკი ბედსო. ახლა თვითონ განსაზღვრე, რა არის ბედი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს უნდა ვიპოვოთ. აბა, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე. თუ ჩემი იბედი ვერ ვიპოვე, მინდა, რომ სიყვარული ვიპოვო, ოღონდ ეს არ გულისხმობს არანაირ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. ამბობენ, რომ მამაკაცის ღირსების საზომი ქალიაო და მე ვიტყოდი, რომ ქალის ღირსების საზომიც სწორედ მამაკაცია.