კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მიანდო თავისი ცხოვრება და წლები ნუკი კოშკელიშვილმა და რატომ სჭირდება მას გვერდით მასზე ჭკვიანი მამაკაცი


მშვენიერი ნუკი კოშკელიშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლის არის, თუმცა უკვე წარმატებულია და იმ საქმეს აკეთებს, რომელიც მოსწონს. რაც მთავარია, დილაობით ცდილობს, თავისი ენერგიული, ხალისიანი განწყობა მაყურებელსაც გადასცეს. თავად ნუკი მშვიდი, მხიარული, იუმორით სავსე და საინტერესო პიროვნებაა. ისეთი, რომლის გვერდითაც ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.


ნუკი კოშკელიშვილი: თუ რაღაც გინდა და მისკენ მიისწრაფი, მაშინ ამას აუცილებლად მიაღწევ. არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული ხარ თავიდან თუ მერე გახდები. რაც უფრო დაბალი საფეხურიდან იწყებ და მაღლა ადიხარ, მით უფრო წარმატებული ხარ. შესაბამისად, ადამიანს ყოველთვის უნდა გქონდეს მიზანი. არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში იქნები თუ სხვაგან. ჩემს შემთხვევაში წარმატება უფრო იღბლის დახმარებით მოვიდა. თუმცა, ყოველთვის მინდოდა ამ სფეროში მოხვედრა და გამიმართლა კიდეც. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის ბრძოლა დამჭირდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, მომავალში, შენს სფეროში კარგად რომ დაიმკვიდრო თავი ამისთვის საჭირო არ არის შრომა. შრომა ყოველთვის საჭიროა, ისევე, როგორც განვითარება, საკუთარი თავის რეალიზაცია.

– შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?

– ძალიან შრომისმოყვარე ვარ, თან მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. რაც არ მომწონს, იმას არ გავაკეთებ. ბერნარდ შოუს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი: მივხვდი, რომ არ უნდა გავურბოდე ცდუნებას, რადგან, რაც ჩემთვის კარგი არ არის, არც მაცდუნებს. შესაბამისად, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ, იმაში ვდებ შრომას, ძალიან დიდ ძალასა და მონდომებას. თუ არ მომწონს, იმას, უბრალოდ, არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ცუდად გაკეთებული საქმე არ მინდა.

– თვითკრიტიკული ხარ?

– ძალიან. ყველაფრის მიმართ. მკითხე, რაც გინდა და ყველაფერს გავაკრიტიკებ.

– მაშინ, გარეგნობით დავიწყოთ.

– ცხვირი მაქვს უშნო, ტუჩები მაქვს დაღრეცილი და იცი, როგორ მადარდებს ეს ფაქტი?! წონაში რომ ვიმატებ, საშინლად არ მომწონს. სამაგიეროდ, როცა გამხდარი ვარ, მომწონს საკუთარი თავი – ცხვირიც ისე მიხდება, მხატავს; დაღრეცილი ტუჩებიც რაღაც ქარიზმას მმატებს.

– რა მოგწონს, აბა, შენს გარეგნობაში?

– ცხვირი მომწონს და ტუჩები, იმიტომ რომ ორიგინალური მაქვს. რაც შეეხება საქმეს, ყოველთვის მგონია, რომ უკეთესად შემიძლია გაკეთება. ეს ძალიან კარგია და ამიტომ, ვცდილობ, მომავალში ყველაფერი უკეთესად გამომივიდეს.

– რა ეტაპიდან ხარ დამოუკიდებელი?

– ჯერჯერობით ბოლომდე არ ვარ დამოუკიდებელი, ვარ ძალიან ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული – საზოგადოებაზე, ბებიაჩემზე, ბაბუაჩემზე, უნივერსიტეტზე, სამსახურზე, მეგობრებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, მარტივი გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი ნამდვილად ვარ. შეიძლება, ყველას რჩევა გავითვალისწინო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ისე გავაკეთებ, როგორც მირჩევენ.

– შენს ცხოვრებაში ხშირად ერევიან სხვები?

– კი. ერევიან, ზოგჯერ რაღაცას მიმტკიცებენ, თან ისეთ რამეს, რაც რეალურად არ არსებობს; ან რაღაცას მირჩევენ და დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ჩემთვის უკეთესი. თუმცა, მე უფრო კარგად ვიცი, რა არის ჩემთვის უკეთესი. რა თქმა უნდა, არ მიყვარს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ერევიან, რადგან მე ვარ ის პიროვნება, რომელიც არავის ცხოვრებაში არასდროს ერევა. თუ რამეს მომიყვები, მოგისმენ, მადლობელი დაგრჩები, რჩევასაც მოგცემ, მაგრამ, პირადად მე არ ჩავერევი შენს ცხოვრებაში და არ დავიწყებ მის განხილვას.

– გახსოვს შენი პირველი საქმე და შემოსავალი?

– რადიოში ვმუშაობდი და ხუთ თვეში ავიღე 100 ლარი. ეს იყო ჩემი პირველი შემოსავალი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მომწონდა ჩემი საქმე, სულ რომ არ მოეცათ ხელფასი, არ ჰქონდა ამას არსებითი მნიშვნელობა. მერე ბიძაჩემს სამსახურში რაღაცის თარგმნა სჭირდებოდა. ვეხმარებოდი და წამახალისებელ თანხას მაძლევდა. მერე იყო უკვე ტელევიზია, სერიალი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ 19 წლის ვარ, ადრე სტაბილურად არ მიმუშავია.

– ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, რა თქმა უნდა, არც შენ იქნები გამონაკლისი.

– მახსოვს, ბავშვობაში რაღაც რომ შემეშლებოდა, ძალიან განვიცდიდი, თანაც პრიმიტიულ რაღაცეებს. იმდენი განვიცადე და ვინერვიულე, რომ მერე მივხვდი, როცა შეცდომას უშვებ, მერე ნერვების მოშლას აზრი არ აქვს. ყველაფერს პოზიტიურად უნდა შეხედო და გამოიყენო ის, როგორც მიღებული გამოცდილება, მომავალში კი აღარ გაიმეორო იგივე შეცდომა. მომავალში კიდევ თუ დაუშვებ შეცდომას, ხვდები, ეს უკეთესი მაგალითია იმისთვის, რომ მერე ნამდვილად აღარ დაუშვა იგივე შეცდომა.

– სულ ისეთი ენერგიული, ხალისიანი ხარ, არ მგონია, დეპრესიული პერიოდები გქონდეს.

– საკუთარ თავს ვუშლი დეპრესიას, მაქვს ასეთი პრინციპი: რატომ უნდა ვიყო დეპრესიაში... ნუკი, დაფიქრდი ბავშვებზე სომალიში... დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე. მე ხომ არ ვარ შავკანიანი, სომალელი ბავშვი, რატომ უნდა ვიყო ცუდ ხასიათზე? მიმყავს გადაცემა, ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაქვს ოჯახი და, მერე რა, რომ ერთი-ორი კილოგრამი მოვიმატე, სომალელს ესეც არ აქვს. შესაბამისად, სადეპრესიო არაფერი მაქვს.

– გულჩვილი ხარ?

– კი. ყველაფერზე ვტირი. იცი, რამდენჯერ მიტირია რეკლამაზე?! ბავშვი მამასთან მიარბენინებს ტელეფონს, მე კი ცრემლებად ვიღვრები. დაქალები რომ მოდიან ჩემთან, რჩებიან, ვამბობთ – რა ვქნათ? მოდი, ვიტიროთ და ვრთავთ რომელიმე ფილმს. მერე კარგად ვიტირებთ, თან გარშემო „სალფეტკები“ გვიდევს. კარგად რომ იტირებ, ტუში ჩამოგივა თვალებზე, ადამიანს არ ჰგავხარ, შუშუპებული გაქვს სახე, იხედები სარკეში და გეცინება, რაზე ვიტირეო.

– ასაკთან ერთად თუ გეცვლება მამაკაცებთან მიმართებაში მოთხოვნები, დამოკიდებულება?

– რომ გითხრა, გემოვნება მამაკაცებთან მიმართებაში, წლებთან ერთად მეცვლება-მეთქი, მოგატყუებ. როგორიც მომწონდა, ახლაც ისეთი მომწონს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ პატარაობაში ძალიან გონიერი ბავშვი ვიყავი. 5 წლის ასაკში ჭკვიანურ რაღაცეებს ვამბობდი და დღემდე ვეთანხმები ამას. კმაყოფილი ვარ – ყოჩაღ ნუკი, მშვენივრად გაატარა ის წლები, რომელიც მივანდე, ძალიან კარგი გოგოა, როგორც აქამდე იქცეოდა, მომავალშიც ასე უნდა მოიქცეს. რაც შეეხება მამაკაცებს, რა თქმა უნდა, მაქვს მარტივი და კონკრეტული კრიტერიუმები: აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი, თან ჩემზე ჭკვიანი. ჩემზე ოდნავ ნაკლები ჭკუისაც კი არ მჭირდება. უნდა იყოს ნიჭიერი, მხიბლავს, როცა ადამიანი ნიჭიერია, რაღაცისკენ ისწრაფვის. კარგი წარსულიც უნდა ჰქონდეს, მომავალიც და აწმყოც.

– როდესაც გიყვარს, გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავს, ეს ხომ სტიმულს გმატებს?

– როცა გიყვარს, რაღაც გინდა, ყველაფრის სტიმული გაქვს და კარგადაც გამოგდის. მაგალითად, ახალი კაბა გაქვს. ეს სტიმულია იმისთვის, რომ გახდე, თმა შეიღებო, თავს მოუარო. როცა მამაკაცი მოგწონს, ეს გაძლევს იმის სტიმულს, კარგ ხასიათზე იყო. შესაბამისად, შენ რომ კარგ ხასიათზე ხარ, ისიც – კარგ ხასიათზეა და ერთმანეთს დადებით ენერგიას გადასცემთ. სტიმული მიყვარს და ეს საჭიროა. სიყვარული ადამიანს აბედნიერებს. როცა მიყვარს, თავს არ ვკარგავ. კარგად მაქვს კისერზე მიბმული. ალბათ, ძალიან თუ შემიყვარდება ვინმე, გავიგებ, როგორია თავის დაკარგვა. მე ხომ მიყვარს ჩემი მეგობრები, ცხოვრება, ადამიანები, და თუ მიჯნურიც მეყოლება, კმაყოფილი ვიქნები.

– ამ ეტაპზე არ არსებობს მიჯნურობის ობიექტი?

– არა და არც სიმპათიები მაქვს ვინმეს მიმართ. ბავშვობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ. როდესაც ვუყურებ, სხვას შეყვარებული ჰყავს, მეც მინდა, თანაც გამოზაფხულდა, და მინდა ვიღაცამ ყვავილები მომართვას, კაფეში წავიდე მასთან ერთად, მაგრამ, თუ დაისახავ მიზნად, რომ ვიღაც უნდა გამოჩნდეს, მაშინ არ გამოჩნდება. როცა აბსოლუტურად არ გჭირდება ეს, სწორედ მაშინ გამოჩნდება და ამბობ – ვინ არის, რა უნდაო. მერე ერთი წლის შემდეგ, რომ დაბრუნდები უკან, მიხვდები, რომ თურმე გიყვარს. ასეთი უნდა იყოს სიყვარული, როცა არ ელოდები და მაშინ დაგიკაკუნებს კარზე.


скачать dle 11.3