კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გადაწყვიტა თბილისში ცხოვრება სალომე დადუნაშვილის ფრანგმა მეუღლემ


იგი თავის პროფესიაში საოცრად წარმატებულია, მიაღწია იმას, რაც მაშინდელი ქართული ჟურნალისტიკისთვის შეუძლებელი კი არა, საოცნებო იყო. ჟერარ დეპარდიე, აბას კიაროსტამი, ენტონი მინგელა, უილიამ დეფო, ანა პიაჯი – ეს არის იმ ადამიანების არასრული სია, რომელთაც სალომე დადუნაშვილი შეხვედრია და უსაუბრია. დღეს ის სულ სხვა სტილის გადაცემაზე მუშაობს, ჰყავს წარმოშობით ფრანგი მეუღლე, რომლის საქმიანობაც საქართველოს უკავშირდება და თავს ძალიან მშვიდად გრძნობს.


სალომე დადუნაშვილი: შრომას საკმაოდ პატარა ასაკიდან მივეჩვიე. ისე გამოვიდა, რომ 13 წლიდან უკვე ვმუშაობდი, რაც თავიდან სტუდიის წევრობით დაიწყო და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მუშაობაში გადაიზარდა. საყმაწვილო ტელევიზია ყოველკვირეულ გადაცემას ამზადებდა, რომელიც „მერმისის“ ეთერში გადიოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მძიმე სამუშაო, ბავშვების ჩაგვრა და სხვა, ვერთობოდით და გვიხაროდა ის, რასაც ვაკეთებდით, მაგრამ, ამავდროულად, იყო დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ყოველ კვირას პროდუქტი უნდა შეგვექმნა. შრომისმოყვარეობა არ მგონია თანდაყოლილი თვისება. ადამიანი არ იბადება იმაზე ოცნებით, რომ სადმე იმუშაოს, ეს განვითარებადი პროცესია, რომელიც ყალიბდება გაკვეთილების მომზადების, წიგნის კითხვის, მოსმენის უნარის განვითარების შემდეგ.

– ხარ შრომისმოყვარე?

– გააჩნია, ამას რომელი მხრიდან შეხედავ. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი არ არის განებივრებული იმით, რომ მხოლოდ ის საქმე აკეთოს, რაც უხარია და ეს მის შრომისმოყვარეობას აუცილებლად ამცირებს. უბრალოდ, უნდა მიაკვლიოს ისეთ საქმეს, რომლის კეთებაც სიამოვნებს. გამონაკლისები არიან, ვისაც არაფრის კეთება არ სურს. სამწუხაროდ, დღეს ცხოვრებაში, მართლა ფუფუნებაა, აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. ძალიან გამიღიმა ბედმა, რადგან მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს, რომლის კეთებაც არ მთრგუნავს, არ მაწვალებს და ეს ჩემი მხრიდან მსხვერპლშეწირვასა და მხოლოდ ვალდებულებებს არ მოითხოვს. შესაბამისად, არანაირ დათმობასა და კომპრომისზე არ მიწევს წასვლა.

– 13 წლიდან მხოლოდ ამ სფეროში ხარ?

– ფაქტობრივად, ასეა. ერთადერთი, როდესაც საოფისე საქმე მქონდა და ერთჯერად პროექტთან იყო დაკავშირებული – ეს იყო „საჩუქარის“ პირველი და მეორე ფესტივალი. მე პრესის კოორდინაციაში ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ ეს სამუშაოც მედიასთან იყო დაკავშირებული. ვმუშაობდი „თიბისი ტივიში“, სადაც ვაკეთებდი ჩემს საავტორო გადაცემას – „არარეალობის კულტი“, რომელიც ხელოვნებას ეხებოდა. ამის შემდეგ შემომთავაზეს მუშაობა „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურში, როცა ზაზა შენგელიამ გადაწყვიტა, კულტურის ამბები საინფორმაციოში ცალკე ბლოკის სახით, ცალკე წამყვანით გასულიყო. ძალიან ცუდად მახსოვს ჩემი სამსახურებრივი ბიოგრაფია, პერიოდებად მახსენდება ხოლმე ყველაფერი.

– ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ხარ ტელეჟურნალების დაწყებამდე, რომელმაც შეუძლებელი შეძელი და მართლა მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ჩაწერე ინტერვიუები.

– იცით, ჩემი აზრით, იმიტომ არ აკეთებდნენ ამ ინტერვიუებს, რომ, ან ნაკლებად აინტერესებდათ ეს სფერო, ან წარმოუდგენლად მიაჩნდათ მსგავსი ინტერვიუების ჩაწერა. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ყველაზე მარტივი ხერხი იმის გასაგებად, რა არის შესაძლებელი და რა – არა, უნდა სცადო. თუ არ გამოვა, იტყვი, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ, ისევ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ ინტერვიუების მოპოვება რთული და შრომატევადი პროცესია, კომპლექსური სამუშაოა, რომლის მოყოლაც, არ მგონია, საინტერესო იყოს, ნუ ყველანაირ ხერხს იყენებ, პირად კავშირებს, აგენტს და სხვა. მქონდა ძალიან დიდი ბედნიერება, მემუშავა ნინო დარასელთან, ჟურნალ „ანაბეჭდში“, სადაც მქონდა აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება, იმის რწმენა და ნდობა ნინოსგან, რომ მეკეთებინა ის, რაც მომწონდა და ამით ჟურნალის საქმეც კეთდებოდა. აბსოლუტურად იდეალური გარემო იყო. ამ პერიოდში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და, გარდა საინტერესო ინტერვიუებისა, ჩემთვის მათთან ურთიერთობა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო. მათ თავიანთი პიროვნული მაგალითით, ღირებულებებით, ძალიან დიდი კვალი დატოვეს კულტურაში. რესპონდენტის არჩევისას ვხელმძღვანელობდი იმით, ვისთან მინდოდა საუბარი. მათ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ხელოვნებაში. არაერთხელ მითქვამს, რომ ბევრად უფრო მეტად მაინტერესებს ინტერვიუ ჩავწერო პიტერ გრინვეისთან, ვიდრე ანჯელინა ჯოლისთან. ძალიან კარგი, გადასარევი ქალბატონია, რომელიც, ირკვევა, რომ, არცთუ ურიგო მსახიობი ყოფილა, მაგრამ მაინც პიტერ გრინვეისთან საუბარი მირჩევნია. მსოფლიო პრესის ოთხმოცდაათი პროცენტი პრიორიტეტს ჯოლის მიანიჭებს და ეს გადასარევია, რადგან პიტერ გრინვეის უფრო მეტი დრო დარჩება ჩემთვის.

– თუმცა, ალბათ, არც ანჯელინა ჯოლისთან ინტერვიუა შეუძლებელი.

– ხალხნო, ეს ადამიანები ცხოვრობენ იმისთვის, რომ ინტერვიუები მისცენ, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, სწორად უნდა დაგეგმო ყველაფერი.

– არასდროს გქონია სამუშაო გრაფიკი?

– იცი რა, არაფრით არ მომწონს ეს არეული გრაფიკი, რადგან, ეს ნიშნავს, რომ ის არასდროს მთავრდება, დღე და ღამე მუშაობ. ამიტომ, ჯობია, იცოდე, რომ ცხრიდან ექვსამდე სამსახურში უნდა იყო. საინფორმაციოში მუშაობა მართლა საოცრებაა. ადამიანები საკუთარი თავისთვის საერთოდ ვერ იცლიან. თავიდან საშინელებაა, რომ დასვენების საათებშიც კი ფიქრობ ინტერვიუზე, საქმეზე, ვერ ეშვები. მაგრამ, წლებთან ერთად გამოცდილებაც გემატება და სწავლობ ამ ყველაფრის გაყოფას: არსებობს დრო, რომელსაც სამსახურს ახმარ და დრო, რომელსაც სახლსა და საკუთარ თავს უთმობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიქცევი რობოტად, რომელიც, გარდა თავისი სტატიებისა, სხვა არაფერზე ფიქრობს და, აღარც. ასეთი ადამიანია საინტერესო და აღარც მისი გაკეთებული გადაცემა თუ დაწერილი სტატია.

– შენ როგორ ახერხებდი პირადი ცხოვრების შეთავსებას?

– მადლობა ღმერთს, ყველაფერი ბუნებრივად აეწყო. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა, ისევ საინფორმაციოს პერიოდს გამოვყოფ, არავითარი პირადი ცხოვრება არ გამაჩნდა და, შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მარტივად წყდებოდა, რადგან მაშინ ეს არ მაწუხებდა. თუ რაღაც მაწუხებს, იმ პრობლემას დაუყოვნებლივ ვწყვეტ ხოლმე, დიდხანს არ ვიტანჯები, არ ვარ ტანჯვისკენ მიდრეკილი და, რომ შევეწუხებინე, აუცილებლად შევცვლიდი რამეს. მომწონდა ამ ყველაფრის კეთება, არ იყო წვალებასთან დაკავშირებული. შემდეგ უკვე ყველაფერი ბუნებრივად აეწყო. ადამიანი მერე უფრო ალაგებს პრიორიტეტებს. ბედმა გამიღიმა, რომ ჩემი სამსახური ოცდაოთხსაათიან ჩართულობას არ მოითხოვს, მაქვს ჩემი დრო, რომელსაც ისე ვხარჯავ, როგორც მომესურვება.

– არჩევნის წინაშე რომ დამდგარიყავი – ვთქვათ, გამოჩნდა სამსახური და ამის გამო ქვეყნის ან ქალაქის შეცვლა მოგიწია...

– საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზიის დირექტორობას არავინ შემომთავაზებს, ამიტომ ძალიან წყნარად ვარ (იცინის). უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ, მასშტაბურ პროექტსაც არ ჩამაბარებენ, ამიტომ, არ მინდა წარმოსახვით შესაძლებლობებზე საუბარი. თუ სასწაული მოხდა და მსგავსი რამ შემომთავაზეს, დავჯდები ოჯახის წევრებთან ერთად და განვიხილავ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის, რას მომცემს და რას წამართმევს.

– ვიცი, რომ შენი მეუღლე ფრანგია. როდესაც თბილისში ჩამოსვლის საკითხი დადგა, როგორ გადაწყვიტეთ ეს ამბავი?

– სხვათა შორის, ეს ძალიან ბუნებრივად გადაწყდა. სამსახურის გამო, მას ისედაც ამ რეგიონში უწევს მუშაობა და გადაწყვიტა, რომ კონკრეტულად თბილისში დამკვიდრებულიყო, თან ეს დიდ სურვილსაც უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, მის გვერდით ვიქნებოდი უცხო ქვეყანაში და ასე იყო კიდეც – ორი წლის განმავლობაში ყაზახეთში ვიცხოვრე მასთან ერთად, რადგან ასე მოითხოვა საქმემ და სიტუაციამ. რომ გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები იქ გავატარე-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ, იქაც იყო რაღაც მნიშვნელოვანი. ახალი ქვეყანა აღმოვაჩინე, ახალი ადამიანები გავიცანი, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ყველაფერს მარტივად უნდა შეხედო და საქმეები არ გაართულო. იმ პერიოდში ჟურნალებში ვმუშაობდი და სტატიების წერა იქაც შესაძლებელი იყო. მადლობა ღმერთს, ინტერნეტი არის.

– იმავე მიმართულებით თუ აპირებ მუშაობის გაგრძელებას? ვგულისხმობ ძალიან საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუებს.

– არც ისე ბევრი ჟურნალია, რომელსაც შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ასეთ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბროს და განახორციელოს.

– ვისთან გქონდა საინტერესო ინტერვიუები?

– ასეთი ძალიან ბევრია: იზაბელა როსელინი, ჟერარ დეპარდიე, უილიამ დეფო, პიტერ გრინვეი, აბას კიაროსტამი, ანა პიაჯი, კასტელბაჟაკი... ეს ადამიანები საოცრად უბრალოები არიან ცხოვრებაში. რაც უფრო დიდია ვარსკვლავი, მით უფრო მოკრძალებული და მოწესრიგებულია, ყოველგვარი პრანჭვისა და პერფორმანსის გარეშე საუბრობს ამა თუ იმ თემაზე. ახლა მქონდა საშუალება დამეწერა სტატია ირანელ ქალბატონზე, რომელიც თავის სფეროში ძალიან ცნობილია, აკეთებს ვიდეოარტებს, დაკავებულია ფოტოგრაფიით და ძალიან საინტერესო ინსტალაციებს აკეთებს, უამრავი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია. ახლა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც კანის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო. ჩემთვის ეს ქალბატონი ძალიან საინტერესოა და ვიცი, რომ უახლოეს მომავალში მასთან ინტერვიუს ჩაწერა შესაძლებელი იქნება. თანხმობა მიღებულია, უბრალოდ, კონკრეტულ დეტალებს ვაზუსტებთ. ამ წუთას ეს ქალი ძალიან მაინტერესებს თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით, გარეგნობით, ტალანტით, მეტყველების მანერითა და ბევრი სხვა თვისებით.


скачать dle 11.3