კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიცილა ობამამ გასულ ზაფხულს რუსეთ-საქართველოს ომის განახლება და რატომ შეინიშნება აგრილება ვაშინგტონსა და თბილისს შორის



მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში აგერ უკვე მესამე კვირაა, გრძელდება, თუმცა, ამის პარალელურად, ისიც ვიცით, რომ პრეზიდენტმა ობამამ პუტინ-მედვედევის რუსული ტანდემისთვის გულის მოგების მიზნით, ჩვენს პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრაზე უარი უთხრა. მეორე მხრივ, ვითარება სავსებით ლოგიკურია, რადგან, როდესაც ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა, ჩვენ კი, ჩვენი თუ სხვათა მიზეზით, ნაფოტის როლი დაგვებედა. ჟურნალისტ იულია ლატინინას თანამედროვე საქართველოსადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს და ამჯერად სწორედ მასთან ვისაუბრებთ საკითხზე – რატომ გაცივდა ჩვენი და ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორის ოდესღაც ცხელი ურთიერთობები.


– ნუთუ ისეთი ენერგიულია რუსულ-ამერიკული გადატვირთვა, რომ ვაშინგტონისგან აუცილებელი ჟესტი იყო ასეთი დემონსტრაციული უარი? აღარ აქვთ ინტერესი საქართველოს მიმართ თუ რით ხსნით ასეთ აგრილებას?

– უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ობამამ გასულ ზაფხულს თავიდან აიცილა საომარი მოქმედებების განახლება. ვფიქრობ, ობამასა და პუტინს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიდიოდა და, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ობამას მადლობა უნდა უთხრათ. მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ ობამასთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო. თუმცა, ჩემი აზრით, ობამას არასწორი წარმოდგენა აქვს, როდესაც ფიქრობს, რომ პუტინი მზადაა, დაეხმაროს მას ირანის პრობლემის მოგვარებაში. პუტინისა და ობამას ურთიერთობა ძალიან ჰგავს მათი წინამორბედების, სტალინისა და რუზველტის, ურთიერთობას. სტალინი ჭკვიანი ადამიანი იყო. იცოდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ინტრიგაა და მოქმედებდა შემდეგნაირად: პოულობდა ყველაზე დიდ ნაგავს დედამიწაზე, აკეთებდა მისგან ყინულმჭრელს და მართავდა. სტალინი ამისთვის ჰიტლერს იყენებდა, პუტინი კი იმავე მიზნით ახმადინეჯადს იყენებს.

– ანუ პუტინი სტალინის მეთოდებით თამაშობს?

– ისმის კითხვა: რატომ მოსწონს პუტინს ასე ძალიან სტალინი?! ეს ძალიან უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინს აქვს იახტები, „მერსედესები“, რეზიდენციები, ძვირფასი საათები. სტალინს, პუტინი და მედვედევი რომ დაენახა, პირველივე ხუთ წუთში დახვრეტდა. ამდენად, საკითხი ასე დგას: ამ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი განსხვავებული ორიენტაცია აქვთ, რატომ მოსწონთ სტალინი?! ჩემი პასუხი ასეთია: სტალინი მართებულად წყვეტდა საერთაშორისო პრობლემებს, პუტინი მას ჰბაძავს. კერძოდ, რეალურად, მას ისევე უნდა, შეაჩეროს ომი ისრაელსა და ირანს შორის, როგორც სტალინს უნდოდა პოლონეთსა და გერმანიას შორის ომის თავიდან აცილება. პუტინის მთელი საერთაშორისო პოლიტიკა დადის იმაზე, რომ შეაიარაღოს ირანი და აწყობს, ოღონდ რამე მოხდეს ირანსა და ისრაელს შორის, რადგან ამ შემთხვევაში ნავთობის ფასი გაიზრდება. ამიტომაც, ჩემი აზრით, როდესაც ნორმალური ქვეყანა, ამერიკა ან, თუნდაც, ევროპა, ეჯახება ასეთ პოლიტიკას, თმობს. საერთოდ, დემოკრატიის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ დემოკრატია ვერაფრით უპირისპირდება ასეთ პოლიტიკას და იძულებული არიან, მოელაპარაკონ ხულიგნებს და, რაც მთავარია, მოილაპარაკონ ისეთი წესიერი ხალხის ხარჯზე, როგორებიც არიან, მაგალითად, ჩეხები ან ქართველები და ამ პროცესს ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ეწირება.

– ლეხ კაჩინსკი ხომ არ გყავთ მხედველობაში?

– არა, კაჩინსკი თავისით დაიმტვრა. ხომ უნდა გცოდნოდა, სად აპირებდი დაფრენას?! ამას წინ უძღოდა ბინძური ლაპარაკები: კაჩინსკი არ მოვიწვიოთ კატინში და იქ ტუსკთან ერთად ჩავიდეთო. კაჩინსკისთან არ ვილაპარაკებთ, რადგან ის ცუდია, საქართველოში ჩამოდიოდა, მხარს უჭერდა მათ და არ გვიყვარს, ამიტომ ტუსკთან ვიმუშავებთო. ჰოდა, თავდაპირველად, პუტინი და ტუსკი ჩაფრინდნენ კატინში, რითაც პუტინმა აშკარად გამოხატა მხარდაჭერა ტუკსის პარტიისადმი და არავინ იცოდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მოფრინავდა და მისი თვითმფრინავი ნისლში გადაწყვეტდა დაჯდომას.

– როდესაც ამბობთ, რომ გასულ წელს ობამამ თავიდან აიცილა ომიო, ესე იგი, საფრთხე რეალური იყო?

– ჩემი აზრით, სავსებით. არ ვიცი, რამდენად მაღალი იყო ომის განახლების ალბათობა, მაგრამ გასაგებია, რომ საქართველოს თავს არ დაანებებენ, სანამ არ დაინახავენ, რომ მიზანს მიაღწიეს. ბოლო წლების საგარეო პოლიტიკის სიახლე ის იყო, რომ მოხდა ფერადი რევოლუციები და პუტინს, რევოლუციებით ჩამოყრილი დიქტატორებისადმი სოლიდარობის გამო, მოეჩვენა, რომ ეს რევოლუციები წყეულმა ამერიკელებმა მოაწყეს.

– თქვენი აზრით, „წყეული ამერიკელები“ არაფერ შუაში იყვნენ თუ არიან?

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წესიერი ხალხი არსად არ აწყობს გადატრიალებებს. პუტინის ეს მოჩვენებაც სტალინურ სტილშია: სტალინს პანიკურად ეშინოდა უცხოელი „შპიონების“, ამიტომაც საბჭოთა კავშირში უცხოელი „შპიონები“ ნაკლებად იყვნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირის გარეთ, კერძოდ, დასავლეთში, ბლომად იყვნენ საბჭოთა მზვერავები. პუტინის ბოლოდროინდელი მთავარი მიღწევა ისაა, რომ ძალიან ადვილად შეუძლია დასავლური დემოკრატიის, უფრო ზუსტად, ბიუროკრატიის ყიდვა, ისევე, როგორც ეს ხდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერსა და სტალინს შორის. ევროპულ დემოკრატიას აქვს ერთი ასეთი თვისება: დაუთმოს ხულიგნებს. ეს წესიერი და მშიშარა ხალხის ჩვევაა და სავსებით ნორმალურია, რადგან წესიერ ადამიანებს არ უნდათ საქმის დაჭერა ხულიგნებთან. ამიტომ რუსეთი იყენებს ორ კომბინაციას: ერთი მხრივ, იცის, რომ ევროპა უბრალოდ იყიდება; მეორე მხრივ, იცის, რომ პოსტსაბჭოთა გავლენის სივრცის ქვეყნებში, როგორებიცაა: პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, პირდაპირი ან ირიბი ჩარევის შედეგად ბევრი რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია. არის კიდევ ერთი პრობლემაც: დანგრევა ურჩევნიათ შენებას, ამიტომაც უკრაინისთვის ცუდის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე მისგან რაიმე წესიერის გაკეთება. ასე რომ, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ორი მიმართულებით მოქმედებს: ახდენს კორუფციის ექსპორტს, ერთი მხრივ, ევროპაში, მეორე მხრივ კი, უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში.

– საქართველოში კორუფციის ექსპორტში, რას გულისხმობთ? რომ რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ნოღაიდელს, ბურჯანაძესა და იმ ქართველ ოპოზიციონერებს, რომლებიც მოსკოვში დადიან?

– ქალბატონი ბურჯანაძე იმუქრებოდა, რომ სასამართლოში უჩივლებდა ბატონ სააკაშვილს, რომელმაც მას ბრალი დასდო რუსეთთან თანამშრომლობაში. რა ქნა, იჩივლა სასამართლოში?! ძალიან რიტორიკული საკითხია: მოქალაქემ განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირი არ აქვს, ამის შემდეგ შეხვდა პუტინს და თქვა, ჩვენ განვიხილავთ სერიოზულ საკითხებს და დიდ პოლიტიკას ვაკეთებო?! ისევ სტალინი მახსენდება, ის ბალტიისპირეთის ოკუპაციას უწოდებდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის წარმატებებს. ამდენად, ვცდილობ, გავიგო, რას ნიშნავს ნინო ბურჯანაძისთვის დიდი პოლიტიკა?!

– გულისხმობთ, რუსეთის წარმატებებს საგარეო პოლიტიკაში?!

– ჩემი აზრით, დიდ პოლიტიკას სააკაშვილი აკეთებს, როდესაც ატარებს რეფორმებს და კარგი იქნება, თუ ქალბატონი ბურჯანაძე ერთ პროცენტს მაინც დააგროვებს არჩევნებზე. ეს, ალბათ, სხვა დიდი პოლიტიკაა.

– კერძოდ?

– რამდენიმე ვარიანტი წარმომიდგენია იმისა, რასაც პუტინი დიდ პოლიტიკას უწოდებს: მაგალითად, გიორგაძე, რომელიც ინტერვიუებს იძლეოდა; კვიციანი, რომელმაც ამბოხება მოაწყო; „ალიკ რინოკის“ მცდელობა, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

– „ალიკ რინოკი“, ანუ ალექსანდრე ებრალიძე?

– დიახ. რა არის რუსეთისთვის დიდი პოლიტიკა, თუ არა გადატრიალების უდღეური მცდელობა?!

– ობამასი ძალიან მადლიერი ვართ, თუკი მან თავიდან აიცილა ომი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის არ შეხვდა სააკაშვილს, რათა პუტინისთვის ესიამოვნებინა, უფრო აგრესიულს არ გახდის რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში?

– ჯერ ერთი, რთულია, მოიქცე უფრო აგრესიულად.

– რატომ არის რთული? ვითომ თბილისს კიდევ ერთხელ ვერ დაბომბავს პუტინი?

– ვიმეორებ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პერიოდულად ისევე იფეთქებს ხოლმე წვრილ-წვრილი უსიამოვნებები, როგორც ეს 1940 წელს ხდებოდა ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ხან რაღაც ფეთქდება, ხან ვიღაცას გაიტაცებენ, ხან ვიღაც ამბობს, ბორჯომის ხეობა ჩემიაო და მაინც იმეორებენ, რომ ქართველები ომისთვის ემზადებიანო. ეს დაძაბულობა მუდმივია და რაღაც მომენტში შეიძლება, აფეთქდეს. დაახლოებით ასეთი სურათია: ქოთანი დგას გამორთულ გაზქურაზე, ანუ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ცეცხლი აინთოს.

– ფინეთისა და საბჭოთა კავშირის პარალელი მოიყვანეთ. ფინელებმა მოახერხეს ასეთი რამ: დაკარგეს ტერიტორიის ნაწილი და დარჩენილ ფინეთში ააშენეს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ რაღაც ამასაც ვერ ვახერხებთ. ვცდები?

– ერთი წუთით: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ, რაც დარჩა, იმ საქართველოსგან გააკეთოთ დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო.

– გამოგვივა ეს საქმე, თუ ობამა ასე გადაგვახურდავებს?

– ეს ყოველთვისაა შესაძლებელი მხოლოდ ნაციის ძალისხმევით. ისრაელმა თავისი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ერქვა, არამედ იმით, რომ იქცეოდა, როგორც ისრაელი. უპირველესად, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, თორემ ძლიერებს სხვებიც ეხმარებიან. თუ დახმარების თხოვნით წინ და უკან ირბენ, ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის. ფინეთს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა, არც ერთი ძაღლი არ მიეშველა არც 1939-ში და არც 1941-ში, „სპასენიე უტოპაიუშჩიხ, დელო რუკ სამიხ უტოპაიუშჩიხ“. ფინეთმა გადაწყვიტა, წანააღმდეგობა გაეწია და მიიღო დამოუკიდებლობა, ესტონეთმა არ გაუწია წინააღმდეგობა და კომპენსაცია მოითხოვა.

– და მოხვდა საბჭოთა კავშირში.

– და, როგორც იოსებ ბესარიონოვიჩი ამბობდა, სარგებლობდა თავისუფლებით ესტონეთის საბჭოთა რესპუბლიკაში.

– გეთანხმებით, რომ ხელი თვითონ უნდა გაანძრიო და გეშველება, მაგრამ ის, რაც დღეს გვაქვს, ჰგავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს?

– საქართველო მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ის ამ მძიმე მდგომარეობაში, უპირველესად, საკუთარმა მიღწევებმა ჩააყენა. რუსეთის არმია იმ მდგომარეობაში არ არის, რომ გაუძლოს ხანგრძლივ ომს, ამიტომ საქართველოს პოზიცია, ჩვენ მაინც ვერ დავამარცხებთ რუსეთის არმიასო, არასწორია. თუ ადამიანები წინასწარ არიან დარწმუნებული, რომ არ შეუძლიათ რუსულ არმიასთან ბრძოლა, ვერც იბრძოლებენ.

– რა თქმა უნდა. ყოველთვის შეიძლება ისე ბრძოლა მაინც, რომ მეორედ მტერი დაფიქრდეს, მიღირს თუ არაო.

– დიდი ეჭვი მაქვს, რუსეთის არმიამ იმ უბრალო მიზეზით შეწყვიტა შეტევა, რომ მეტი აღარ შეეძლო, თორემ ქართულმა არმიამ თავი ვერაფრით გამოიჩინა. რუსული ჯარის შეჩერებაში ქართულ ჯარს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია (იცინის). ქართველები ვერაფრით დაიტრაბახებენ ამ ომში, ამიტომ განწყობა, დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაგრამ რუსულ არმიას ვერ შევებრძოლებითო, ცუდად დამთავრდება.

– ჩვენ შეგვიძლია რუსულ არმიასთან ბრძოლა და დავიბრუნებთ აფხაზეთს, ეს განწყობა როგორ დამთავრდება?

– უკეთესია, თუ აფხაზეთის დაბრუნებას გადაიფიქრებთ და მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, რომ ნებისმიერ არმიასთან შეგიძლიათ ბრძოლა. მით უმეტეს, რომ რუსეთის არმია არ ტოვებს ისრაელის არმიის შთაბეჭდილებას. მოკლედ, აგვისტოს ომში ორივე მხრიდან უცნაური რაღაცეები მოხდა ბრძოლის თვალსაზრისით.

– სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ, რომ რუსეთის არმიას რეფორმირება სჭირდება. ფული ხომ არ მოვითხოვოთ ამაში? დიაგნოზი ჩვენთან ომის შემდეგ დაისვა?

– თქვენ შეიძლება, შემხვედრი სარჩელი შემოგაგებონ: საკმარისად კარგი რენდგენი ვერ გამოდექითო (იცინის).

– ობამას წელსაც მოუწევს რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება?

– ის, რაც ამ ბოლო დროს პუტინის თავს ხდება...

– ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ ეს იმანენტური სამართლიანობაა და პუტინს ყველაფერი თავისით უცვივდება ხელში.

– ბოროტი ნების პოლიტიკა ყოველთვის იძლევა ნაყოფს პირველ ხანებში. მეორე მხრივ, გაუგებარია, რა არის პუტინის პოლიტიკის მიზანი. სტალინთან ყველაფერი გარკვეული იყო: სტალინის წინაშე იდგა მთელი მსოფლიოს დაპყრობის ამოცანა. ამის გათვალისწინებით, თუ პუტინის მიზანია, დაიპყროს საქართველო და უკრაინა, უფრო ზუსტად საქართველო და ყირიმი, გნებავთ, სააკაშვილის კვერცხები და ყირიმი, ეს ძალიან ვიწრო მასშტაბებია.

– მაგრამ რაღაც ხომ უნდა ამ პუტინს?

– ეს გამოცანაა. ყველანი ვხვდებით, რა უნდოდა სტალინს. ასევე, შეგვიძლია, მივხვდეთ, რა უნდა ახმადინეჯადს, მაგრამ აშკარად არ ჩანს, რა უნდა თანამედროვე კრემლს. შესაძლოა, მისი მიზანი იყოს, რაც შეიძლება, მეტი დაუშავო იმას, ვინც შენ არ გიჯერებს. ჩემი რჩევაა, დაივიწყეთ დაკარგული ტერიტორიები, ისევე, როგორც ფინეთმა დაივიწყა. ფინეთს რომ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებაზე ეფიქრა, კისერს წაიტეხდა. თუ საქართველო მხოლოდ იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ დაიბრუნოს ტერიტორიები, ისიც კისერს წაიტეხს. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით სწორად იქცევა, როდესაც დევნილებს აბინავებს, ანუ მათგან არ ქმნის დამრტყმელ ძალას. მაშინ, როდესაც არანორმალურ ქვეყნებში, მაგალითად, პალესტინაში, დევნილები ჰყავთ, როგორც დამრტყმელი ძალა.

– ფინეთი უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ჩვენ. ჩვენ არ მიგვიჩნევენ ევროპელებად?

– დღეს ევროპელები ჰგვანან პენსიაზე გასულ ადამიანებს, რომლებიც ყველას ეუბნებიან, „დავაიტე ჟიტ დრუჟნო“ და ამას ადასტურებს ტალიავინის კომისიის დასკვნაც. ისინი მზად არიან, იმეგობრონ „ჰამასთანაც“ კი. ისრაელიც შორსაა ევროპისგან, მაგრამ ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას.

– გამიზნულად გიწევთ ოპონირებას, თორემ დარწმუნებული ვარ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, იმისდა მიუხედავად, მარტო ხარ თუ ვინმესთან ერთად.

– სააკაშვილმა დაუშვა უმსხვილესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც „იუჟნაია ოსეტიას“ რაღაც ნაწილი პარტნიორად გაიხადა და ის იმკის ამ შეცდომის შედეგს. სააკაშვილი რიგითი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ვიღაც ქოჩარიანი, სხვა საქმეა, მაგრამ ის ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსია და მისგან „სპროს ცარსკი“. ამიტომაც სთხოვენ პასუხს შეცდომის გამო.

– 30 მაისის არჩევნებში ვის გამარჯვებას ელით?

– როდესაც ბოლოს, რამდენიმე თვის წინათ, ვიყავი საქართველოში, მაშინვე აშკარა იყო, რომ ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. თუ უგულავა მოიგებს ამ არჩევნებს, ის პროცენტი, რომელსაც ის დააგროვებს, დიდი ალბათობით იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რამდენ პროცენტს დააგროვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

– ეს არჩევნები გავლენას მოახდენს დასავლეთის დამოკიდებულებაზე?

– დასავლეთს სერიოზულად მიუფურთხებია ამაზე. იმდენი დამკვირვებელი არ ჰყავს, რომ ყველაფერი გაიგოს, ოპოზიცია კი იტყვის, არჩევნები გაყალბებულიაო. მე მაქვს ასეთი კითხვა: ოპოზიცია რომ ატარებდეს არჩევნებს და შეეძლოს შედეგების გაყალბება, არ გააყალბებდა?!

– აი, ეს არის სწორედ ჩვენი ტრაგედია, არ გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი.

– თუ ოპოზიციას არც არჩევნების მოგება შეუძლია, არც გაყალბება და არც გაყალბების დამტკიცება, მაშინ რა გამოდის?! ძალიან მიხარია, რომ, რუსეთის რეფორმატორებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ამომრჩეველი მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას, რომ კარგები არიან, საქართველოს მმართველ ძალას ესმის, რომ არჩევნებისთვის უნდა მოემზადო და მოიგო ის. საქართველო მძიმე მდგომარეობაშია, მას ჰქონდა დათქმა, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში დემოკრატიის აშენება რთულია.

– ავტოკრატიას ემსგავსება?

– ადვილად გადადის ავტოკრატიაში. ქვეყანას ჰყავს უდიდესი რაოდენობით ღარიბი ადამიანები, რომლებიც, ღმერთმა უწყის, რას მისცემენ ხმას. მეორე, ქვეყანაში არის კომუნისტური აზროვნების ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ, თუ რაიმე კარგად არ არის, ამაში მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე და, მესამე, თუ ქვეყნის სათავეში მოდის ისეთი ოპოზიცია, როგორიც საქართველოშია, იქ დემოკრატია სამარდება. საქართველო, როგორ პარადოქსულიც უნდა იყოს, დღეს არ არის დემოკრატიული არა იმიტომ, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატი, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიისთვის არ არსებობს შესაბამისი პირობები. ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამერიკა მაინც ამერიკად დარჩება, მაგრამ, თუ საქართველოში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ყველაფერი შეიცვლება. თუმცა დღეს საქართველოში მე ვერ ვხედავ უეცარი კატასტროფის ნიშნებს.

– მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს? საოკუპაციო ჯარი დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და, როდესაც გაუხარდება, მაშინ შემოგვესევა?

– მაპატიეთ, „რებიატა“, მაგრამ არც ფინეთს ჰქონია ტკბილი ცხოვრება.

– ჰოდა, ჩვენც, აი, ამ რიტორიკულ ნოტზე დავამთავროთ საუბარი.


скачать dle 11.3