კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ ივნისში თრუსოსა და კობის ხეობის მკვიდრი ოსები


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში ძალთა გადანაწილება დაიწყო: ძირითად მოთამაშეებად კვლავაც რუსეთი და თურქეთი რჩება, საჭიდაო არენად კი ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა. ამის პარალელურად, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობა თითქმის ჩაიშალა: ერევანმა შეაჩერა თავისი ხელმოწერა ციურიხის პროტოკოლზე; თურქეთზე განაწყენებული აზერბაიჯანი კი რუსეთს დაუთბა. სამხრეთ კავკასიის გადანაწილების შესაძლო ვარიანტებსა და დასავლეთის მიერ რეგიონის საბოლოოდ მიტოვების პერსპექტივაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.



მამუკა არეშიძე: ომის შემდეგ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ რეგიონში არსებულმა ყველა სახელმწიფომ, რუსეთმა, სამხრეთ კავკასიის ორივე რესპუბლიკამ, თურქეთმა და ირანმა, მოინდომა შექმნილი მდგომარეობის თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული თურქეთი აღმოჩნდა. თურქეთმა აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან მიაღწია იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში ვერ გაებედა: მან თითი დაუქნია რუსეთს აჭარასთან მიმართებაში. დაახლოებით, ასეთი შინაარსის განცხადება გაკეთდა: თუ რუსეთი განაგრძობდა აჭარისკენ ექსპანსიას ან დაბომბვას, მაშინ თურქეთის მეექვსე საველე არმია, რომელიც საზღვართან იდგა, დაიკავებდა აჭარას. ეს რუსეთისთვის სერიოზული და მოულოდნელი გაფრთხილება იყო. შემდგომი ნაბიჯი იყო თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გააქტიურების პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდამდე აღმავლობით ვითარდებოდა. ასეთივე მნიშვნელოვანი პროცესი იყო თურქეთის ურთიერთობების დემონსტრაციული გაღრმავება ირანთან, რაც თურქეთისთვის არასდროს ყოფილა ისტორიულად დამახასიათებელი. ასევე, ძალიან საინტერესო პროცესი იყო თურქეთის პოზიციების გაშიშვლება აზერბაიჯანთან. თუ აქამდე ისინი მიიჩნეოდა ორ ძმურ ქვეყნად, რომლებიც მუდამ ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთს, თურქეთი არ მოერიდა იმის დემონსტრირებას, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია თურქეთის აქტივობა აფხაზეთის მიმართაც, რომელიც ძალიან ინტენსიური გახდა ამ ბოლო დროს, რაც უკვე საქართველოსთვისაა სახიფათო. ამ ფონზე, რასაკვირველია, სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ, მაქსიმალური მოგება მიეღოთ, მაგრამ თურქეთმა ყველას აჯობა. თურქეთის ამ გააქტიურებამ, საბოლოოდ, ყველას გაღიზიანება გამოიწვია, თვით თურქეთის მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისაც კი.

– ამას უკავშირებთ საგარეო კომიტეტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას?

– ყველაფერი, საფრანგეთის, შვედეთისა და ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარებაც, ზოგიერთი სხვა საკითხის წამოწევაც, თურქეთისთვის ევროკავშირის თემის საბოლოო დახურვაც თურქეთის ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდება. ყველაფერმა ამან გამოიწვია თურქეთის მიმართ გაღიზიანება და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურქეთი რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, რუსეთი ცდილობს, თურქეთის დომინანტური როლი სომხურ-თურქულ ურთიერთობებში დააკნინოს და ყარაბაღის პრობლემის მოგვარება ხელიდან არ გაუშვას. აზერბაიჯანის პოზაში დგომა ყარაბაღის პრობლემასთან მიმართებაში ორი ფაქტორითაა განპირობებული: ჯერ ერთი, აზერბაიჯანის თავმოყვარეობით და, მეორე მხრივ, რუსეთის წაქეზებით. ერთი სიტყვით, რეგიონში მონასტერი სერიოზულადაა არეული. სომხეთის უარი მოლაპარაკების იმ ფორმატში გაგრძელებაზე, რა ფორმატზეც შეთანხმდნენ ციურიხში, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ინიციატივაა. ასე რომ, ახლა მიდის ბრძოლა იმისთვის, როგორმე რეგიონში თურქეთის გავლენა შესუსტდეს.

– აფხაზეთში რის მიღწევას ცდილობს თურქეთი?

 – თურქეთს აფხაზეთისადმი მუდმივი ინტერესი ჰქონდა და ეს საუკუნეებითაა აპრობირებული. თურქეთის ბოლო ექსპედიცია აფხაზეთში თითქმის გუშინწინ იყო, მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში. თურქეთი აფხაზეთს ყოველთვის მიიჩნევდა სტრატეგიულ ადგილად და ჩრდილო კავკასიის გასაღებად. ანაპისა და სოხუმის პორტებს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ანაპის პორტი სამუდამოდ დაკარგა, რადგან ის უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილია, ამიტომ თურქეთი ამჟამად ორიენტირებულია სოხუმზე და, სხვათა შორის, ბათუმზეც. ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის ერთ-ერთი განადგურებული სოფლის წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე ერდოღანი სიტყვით გამოვიდა და საკმაოდ სკანდალური რამ განაცხადა, რაც ქართულ პრესაში არ გაშუქებულა: ნურასდროს დაივიწყებენ ჩვენი ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ამა და ამ ქალაქებში, რომ მათ უკან დიდი თურქეთი დგას და ის ყოველთვის დაიცავს მათო. ქალაქების ჩამონათვალში კი ნახსენები იყო გროზნო და ბათუმი. ერდოღანის ეს განცხადება, თავისთავად, არაკორექტულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფარდას ხდის იმ ფარულ ზრახვებს, რომლებიც თურქეთს აქვს რეგიონში. სოხუმი არ უხსენებია გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ თურქეთისთვის სოხუმი სუსტი რგოლია და ფიქრობს, რომ რუსეთთან კეთილი ურთიერთობების ფონზე შეუძლია აფხაზეთში შეღწევა.

– ეს არ არის გამორიცხული?

– რა თქმა უნდა, ეს ნონსენსია, ამიტომაც თურქეთსა და რუსეთს შორის გამწარებული პოლიტიკური ომია აფხაზეთის გამო. ნუ დაგვავიწყდება, ბაღაფშმა ხუთჯერ გადადო თურქეთში წასვლა, რადგან სწორედ რუსეთს არ უნდა, რომ აფხაზეთს თურქეთთან ჰქონდეს ურთიერთობა. დღეს თურქეთის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთში ჩადის და იქ მოლაპარაკებას მართავს საკონსულოს გახსნაზე. საქართველოს ხელისუფლება კი იძულებულია, ამას გაუჩუმდეს, რადგან მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია. თურქეთი შეიძლება, სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ რაღაც ძალიან ცალმხრივი პარტნიორობა გამოდის. საერთოდ, დიდი სახელმწიფოების თვისებაა, რომ დეკლარირებული პარტნიორობის მიღმა თავისი საქმეები აკეთოს. ამ ფონზე იგრძნობა, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან ყარაბაღის კონფლიქტის მაქსიმალური გააქტიურებით.

– რომ რუსები შუაგულ სამხრეთ კავკასიაში შემოვიდნენ სამშვიდობოებად?

– მთავარი ეს არ არის, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაზე მთლიანი კონტროლის დაბრუნება და უპირველესად, ამისთვის საჭიროა აზერბაიჯანის ნავთობსადენების კონტროლის ხელში ჩაგდება. 15 აპრილს გაიმართა რუსეთ-აზერბაიჯანის პოლიტეკონომიკური ფორუმი. ამას უფრო დემონსტრაციული ხასიათი ჰქონდა აზერბაიჯანის მხრიდან, რომ ის რუსეთთან თანამშრომლობის გეზს იღებს. იმისთვის, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაზე სრულ კონტროლს მიაღწიოს, საჭიროა საქართველოს სრული კონტროლი. შექმნილ სიტუაციაში კი საქართველოზე სრული კონტროლის განხორციელება ცოტა რთულია რუსეთისთვის. ვგულისხმობ, სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლს, თორემ საქართველოს ეკონომიკის 90 პროცენტი, ფაქტობრივად, რუსეთის ხელშია. იმისთვის, რომ აზერბაიჯანი რუსეთზე ორიენტირდეს, ის მუდმივად კონტროლზე უნდა ჰყავდეს რუსეთს, ამიტომ აზერბაიჯანს მუდმივად დაძაბული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სომხეთთან. ამდენად, არ გამოირიცხება ყარაბაღის ომი, რაც ანკარის ღალატის ფონზე ბაქოსთვის სავსებით მისაღებია. რა თქმა უნდა, რეალურ ომამდე შორსაა, მაგრამ ომის სურვილი ჩანს. მოკლედ, აი, ასეთი ჭრელი სიტუაციაა რეგიონში, თუმცა ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, რადგან ჩვენ ვართ არა მხოლოდ ენერგომატარებლების, არამედ რუსული სამხედრო ძალის ტრანზიტიც.

– იმ რუსული სამხედრო ძალის, რომელმაც ან სომხეთის მხარე უნდა დაიკავოს, ან აზერბაიჯანის.

– ან შუაში ჩადგეს. ჩემი პროგნოზით, აზერბაიჯან-სომხეთის ომის შემთხვევაში, რუსეთი არ დაიჭერს სომხეთის მხარეს, ის ეცდება, შუაში ჩადგეს. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ომის მიზეზი შექმნა, ის პირდაპირ არ შემოჭრილა საქართველოში: დააგო ხაფანგი და სწორედ ამ ხაფანგში გაება საქართველოს ხელისუფლება, რაც რუსეთს სჭირდებოდა მსოფლიო აზრის თავისკენ მისამხრობად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აზრი მაინც არ არის რუსეთისკენ, მეტნაკლებობით არსებობენ ადამიანები, რომლებიც რუსეთს ამართლებენ.

– ბოლოს და ბოლოს, როდესაც დასავლეთი ასე ეფერება რუსეთს, რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ გულში?! თურქეთს უნდა აფხაზეთზე გავლენის აღდგენაო. ვთქვათ, აჭარაზე გავლენის აღსადგენად, აამოქმედებს ყარსის ხელშეკრულებას, რაც არასდროს გაუკეთებია აქამდე, მაგრამ აფხაზეთის სანაპირომდე მისასვლელად გურია-სამეგრელოს სანაპირო ზოლია. ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს ეს?

– გავიხსენოთ 1850-იანი წლები, მაშინ აჭარა თურქეთის ხელში იყო. იმისთვის, რომ ხელში ჩაეგდო კონტროლი შავი ზღვის ამ მონაკვეთზე, თურქეთმა 1855 წელს წამოიწყო ექსპედიცია და აფხაზეთში ომარ-ფაშას მეთაურობით შემოიჭრა თურქული ჯარი. მათ ჯერ აფხაზეთი დაიკავეს და შემდეგ იქიდან დაარტყეს სამეგრელოს. ანუ აჭარიდან კი არ შეიჭრა თურქეთი, არამედ ზემოდან წამოვიდა. იმ პერიოდში აჭარიდანაც დაიძრა თურქული ჯარი გამუსლიმანებული ქართველების მეთაურობით და ბრძოლა მოხდა შუხუთთან. ფაქტობრივად, ორი მხრიდან შემოგვიტია თურქეთმა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ავხსნა, როგორ შეუძლია თურქეთს თავისი მიზნების მიღწევა. ყარსის ხელშეკრულების ამუშავება, თავისთავად, მნიშვნელოვანი ფაქტორია და თურქეთი ამ შემთხვევაში გამოჩნდება, როგორც საქართველოს ერთი ნაწილის გადამრჩენი რუსული აგრესიისგან. მაგრამ, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზეთი: ზუსტად იმიტომაა გაზრდილი თურქეთის აქტივობა აფხაზეთში, რომ როგორმე ორივე წერტილში მოიკიდოს ფეხი დროთა განმავლობაში.

– გაიმეოროს ომარ-ფაშას სვლა?

– რატომაც, არა?! ისეთი წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება მსოფლიოში კოსოვოს პრეცედენტით დაწყებული, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. თურქეთმა შეიძლება, ეს გააკეთოს თავისი ტრადიციული გავლენის სფეროების აღსადგენად; ყარსის ხელშეკრულების გამო; თუნდაც იმ მიზეზით, რომ ზარალდებიან მისი თანამოძმეები ქვემო ქართლში. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, ამ შემთხვევაში თურქეთს თავისუფლად შეუძლია იმის თქმა, რომ თავის თანამოძმეებს იცავს ქვემო ქართლში და მოქმედებას დაიწყებს. ხომ წარმოუდგენელი იყო, რომ დღეს ამუშავდებოდა რუსეთის გენშტაბის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში შემუშავებული გეგმა?! მაგრამ მოხდა. ვგულისხმობ, საქართველოს მთიანეთის დაკავებას. მე არ ვამტკიცებ, რომ თურქეთი ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც მე ვამბობ მაგრამ ასეთი მოცემულობა არსებობს და ჩვენს მარიფათსა და დასავლეთზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის თავიდან აცილებას.

– ისევ იმ არჩევანთან ვართ, ორი უბედურებიდან ერთ-ერთი: თურქეთი ან რუსეთი?

– ამ არჩევნამდე რამ მიგვიყვანა? აგვისტოს ომმა! თორემ მანამდე არჩევნის უზარმაზარი სპექტრი გვქონდა და ახლაც არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია 30 მაისის არჩევნები. ვიმეორებ: დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, რომ ევროპისთვის სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლესავითაა და, თუ გამოცდა ვერ ჩააბარა, მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი ჩაქრება.

– მთავრობის თუ ქვეყნის მიმართ?

– ეს ქვეყანაზეც აისახება. მაგალითად, ამერიკელმა კოლეგებმა უკვე მერამდენედ მითხრეს, ჩვენ ეჭვი გვეპარება, მართლაც გინდათ თუ არა თქვენ დამოუკიდებლობაო. იმ პოლიტიკურ სიბეცესა და სიბერწეს, რაც საქართველოშია, ყველა კარგად ხედავს. არ შეიძლება, ქვეყანა ჰგავდეს ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბს, თან ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ავტოკრატიული რეჟიმები სომხეთშიცაა და აზერბაიჯანშიც, მაგრამ იქ სხვანაირი საზოგადოებრივი მენტალიტეტია და სწორედ ამ განსხვავებულობის გამო იყო მომხიბვლელი საქართველო მთელი მსოფლიოსთვის, რადგან დემოკრატიული პროცესებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნად მიიჩნეოდა, მაგრამ, დათო ტურაშვილის ნათქვამის არ იყოს, იმდენი მოვახერხეთ, რომ ნატოში კი არა „მაკდონალდსში“ აღარ შეგვიშვებენ. მივაქციოთ ყურადღება ერთ რამეს: როდესაც ხედავ პოტენციალს, უამრავ რესურსს დებ და შედეგად იღებ ნულს, იმედი გიცრუვდება და ნაწყენი რჩები. ეს ბევრი დასავლელი დიპლომატისგან მომისმენია, იმიტომ რომ საქართველოსადმი უზარმაზარი იმედები უცბად დაიმსხვრა იმ სისულელეების გამო, რასაც სჩადის საქართველოს ხელისუფლება.

– მაშინ დასავლეთს საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე არ უნდა ეთქვა, უზადოდ დემოკრატიულიაო?!

– ეს კანონზომიერი კითხვაა, მაგრამ ისინი ამბობდნენ, გვჯეროდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, გამოვსწორდებიო. არ გამოვრიცხავ, რომ 30 მაისსაც აპატიონ. შეიძლება, თქვან, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, მაგრამ ისიც დააყოლონ, თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი დემოკრატია, ჩვენ აღარ გვჭირდებითო. მოელაპარაკებიან რუსეთს ენერგომატარებლებზე, რუსები არ მოკიდებენ ხელს იმ ენერგოპროექტებს, რომლებიც საქართველოზე გადის, მაგრამ აზერბაიჯანთან ისე დაალაგებენ სიტუაციას, რომ აზერბაიჯანის ენერგომატარებლები მათ ხელში იყოს და რუსეთი სრულ სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ გავლენას დაამყარებს საქართველოზე.

– არ მიპასუხეთ ჩემს რიტორიკულ კითხვაზე: რუსეთი თუ თურქეთი?

– ვთქვი, რომ თურქეთისთვის შესაძლოა, დასაყრდენი გახდეს ქვემო ქართლის მოსახლეობა-მეთქი, მაგრამ ეს მოსახლეობა, ძირითადად, აზერბაიჯანზეა ორიენტირებული და მათი დაახლოებით 30 პროცენტი რუსეთშია, სადაც ისინი დიდ ფულს აკეთებენ. ამ ადამიანებს, ისევე, როგორც ჯავახეთიდან წასულ სომხებს, იბარებენ „ეფესბეს“ შესაბამის განყოფილებებში და ეუბნებიან, თქვენ უნდა შეინახოთ ესა და ეს კონკრეტული სოფელი და ჩვენი ინტერესები გაატაროთო. ამიტომაც რუსეთში წასული აზერბაიჯანელებისა და სომხების ნაწილი, რუსეთის „ეფესბეს“ დავალებით, უვლის თავის სოფლებს და იმ სოფლების მოსახლეობა მათზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თავად წარმოიდგინეთ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებს, თუ მოინდომებენ.

– ლარსიდან როდის უნდა ველოდოთ გართულებებს?

– ხმამაღლა ვაცხადებ, მე ვარ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ერთ-ერთი აპოლოგეტი, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. რეალურად ვხედავ, რომ რუსეთი ყოველდღიურად იტაცებს საქართველოს მიწას და იმასაც ვხედავ, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება. მით უმეტეს, მძიმდება ვითარება, როდესაც რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, რაშიც დაინტერესებულია რუსეთის ხელისუფლება, რადგან ეძლევა მოქმედების სრული თავისუფლება. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი რუსეთის ხელშია და ეს პროცესი გრძელდება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ლარსის საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგი, მაგრამ ვამბობდი, რომ ყველა საფრთხე უნდა იყოს ლიკვიდირებული, რაც ამ საგუშაგოს გახსნასთან არის დაკავშირებული-მეთქი. წინასწარ ვამბობდი, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო ლარსის გახსნის შემთხვევაში თრუსოსა და კობის ხეობებში. იქიდან წასულ ოსებს ვერ აუკრძალავ შემოსვლას, მით უმეტეს, რომ მათ საქართველოს პასპორტები აქვთ. საპასუხოდ ბევრი ამბობდა, თუ შემოსვლა მოუნდებათ, აზერბაიჯანიდან შემოვლენო. რა თქმა უნდა, შემოვლენ, მაგრამ სად აზერბაიჯანიდან თითო-ოროლა ადამიანის შემოსვლა და სად ლარსიდან მასობრივი შემოსვლა?! მე იმთავითვე ვთქვი, თრუსოსა და კობისხეობელი ოსები ჯერ მოვლენ საზღვართან, მათ არ გამოატარებენ რუსი მესაზღვრეები და ისინი მოაწყობენ მიტინგს-მეთქი; ასეც მოხდა, მოადგნენ ლარსს რუსეთის მხრიდან, ისინი არ შემოუშვეს რუსმა მესაზღვრეებმა, მათ მოაწყვეს გამაფრთხილებელი აქცია, ორი საათით გადაკეტეს გზა, თუმცა იქ არც ერთი ავტომანქანა არ იყო და დაიშალნენ. ისიც ვთქვი, რომ მეორედ მათ რუსი მესაზღვრეები გადმოუშვებენ-მეთქი, იმ მოტივით, რომ ვერ შეაკავეს ხალხის მასა. ასეც მოხდა: ოთხი მანქანა მოადგა ლარსს რუსეთის მხრიდან აღდგომა დღეს, ისინი ამჯერად გამოუშვეს რუსეთის მესაზღვრეებმა, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს, რამდენიმე მათგანს საქართველოს პასპორტი ჰქონდა და ამბობდნენ, დედ-მამის საფლავებზე უნდა გავიდეთო. თუმცა, როგორც კი ქართველმა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, უკან გაბრუნდნენ. ეს ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი. ივნისში ოსებს მორიგი დღესასწაული აქვთ და ისინი ისევ მოადგებიან საზღვარს, ამჯერად უკვე 20 მანქანით და ჟურნალისტების თანხლებით, რომლებიც გააშუქებენ, რომ ქართველები თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნის გამო. ამის შემდეგ იძულებული ვიქნებით, შემოვუშვათ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ქართული პასპორტები ექნებათ. შემდეგ იმ რამდენიმე კაცმა შეიძლება, ექსცესი მოაწყოს ყაზბეგის ცენტრში, უკვე ქართული პოლიცია იქნება იძულებული, ჩაერიოს და იმ ადამიანებმა შეიძლება, დახმარება რუსეთს სთხოვონ. ეს ხომ მთელი სცენარია?! აქ კი ყურს არ იპარტყუნებს არავინ, ამიტომ მეშინია ლარსის გახსნის, თორემ როგორ შეიძლება, გზის გახსნის წინააღმდეგი ვიყო?! თითქოს ჩვენ ამით სომხეთს ვეცით პატივი და მართლაც მივაღწიეთ ლოიალობას ჯავახეთის მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მივაღწიეთ იმას, რომ პოტენციური ცხელი წერტილი გავხსენით.


скачать dle 11.3