რატომ გადაიღეს და გამოაქვეყნეს ოსმა სამხედროებმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედროების წამებით მკვლელობის ამსახველი კადრები
ვიდეო ¹¹1
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი (ქართულად): სააკაშვილი ვინ არის? ბოზია?
ეროვნებით ოსი სხვა სამხედროფორმიანი პირები (ოსურად): ძალიან ძლიერი ბიჭია.
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი (ოსურად): ჩვენი ბავშვები რომ მოკალით!
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი (ქართულად): გუშინ (სად) რას იზავ, გიორგი?
გიორგი ანწუხელიძე: აზრზე არ ვარ.
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი (ქართულად): როდის იქნები აზრზე?
სხვა სამხედრო პირები (ოსურად): კეხვში იყავით?
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი (ქართულად): გიორგი, გუშინ სად იყავი?
ვიდეო ¹ 2
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი: არ მოკლათ, არ მოკლათ!
სხვა სამხედროფორმიანი პირები: რატომ არ უნდა მოვკლათ? ჩვენები რომ დახოცეს იმ დღეს, როგორ არ უნდა მოვკლათ?!
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი: იქნებ რაიმე ინფორმაცია აქვს?
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი (იგინება): რა უნდა ჰქონდეს? თავი მოვაჭრათ! ჩვენები რომ დახოცეს?!
ეროვნებით ოსი სამხედროფორმიანი პირი: დაიცადეთ, ერთმანეთს დავაცადოთ!
ეს ინტერნეტსივრცეში განთავსებული ორი ვიდეოს სტენოგრამის ნაწყვეტია (მათ, ვისაც გამძლეობა ყოფნის, ამ კადრების ნახვა ახლაც შეუძლია ინტერნეტში). ისინი 2008 წლის აგვისტოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი კაპრალის, გიორგი ანწუხელიძის, წამებას ასახავს და, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული. ასევე, სავარაუდოდ, წამებაში მონაწილე პირთა მიერ. ტრაგიკული პარალელია, მაგრამ 1991 წელსაც, როდესაც ეთნიკურად ოსებმა ერედვის გზაზე დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი მერაბ მინდიაშვილი, მეტსახელად „ვირო“, კუნძზე მიბმული ცოცხლად დაწვეს. ეს ამბავიც ამ ვანდალობაში მონაწილე ეთნიკურმა ოსმა მოჰყვა. ისე მოხდა, რომ 1990 წელს დიდი ლიახვის ხეობაში კუნძზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა მისი სხეული ფერფლად არ აქცია; 18 წლის შემდეგ, ისევ დიდი ლიახვის ხეობაში, ნაწამებმა გიორგი ანწუხელიძემ მაინც არ აკოცა მიწას, ოღონდ ისაა, რომ დღეს დიდი ლიახვის ხეობის ქართულ მიწაზე ქართული კვალი აღარ არსებობს.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ახმეტაში. 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, თავდაპირველად, თბილისში, მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. 2008 წლის 9 აგვისტოდან ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. გიორგი ანწუხელიძეს ორი შვილი ჰყავს – 2007 წელს დაბადებული ლევანი და ანა, რომელიც ქვეყანას მამის დაღუპვიდან ექვსი თვის შემდეგ მოევლინა. სულ ახლახან გიორგი ანწუხელიძის ქვრივმა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ევროსასამართლოში. მას ამ საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმარება. შესაბამისად, საქმის დეტალებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე გაგვარკვევს.
თამთა მიქელაძე: ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მოგვმართა, თუმცა მანამდე ჩვენც ვიყავით ინფორმირებული აღნიშნული ფაქტის თაობაზე, რადგან 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ადასტურებენ ქართველი სამხედროს წამების ფაქტს. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ვინ განათავსა ეს ვიდეორგოლები, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ტელეფონითაა გადაღებული. ვიდეოზე ასახულია, როგორ აწამებენ სამხედროფორმიანი პირები გიორგი ანწუხელიძეს.
– რა ეროვნების არიან?
– როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან. ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც, სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს, და ის მეორე ვიდეოშიც არის. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები: „რîჯჰჭ ÿ ñჭì“ სუფთა რუსულით საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ეროვნებით რუსია. ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ წამებაში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნებით რუსი და ოსი სამხედრო პირები.
– რა შეკითხვებს უსვამენ?
– აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. 2008 წლის 9 აგვისტოს „შანხაის“ რაიონის მიმართულებით მიმდინარე შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკითხვისას გიორგის ეკითხებიან, გუშინ სად იყავიო, ამდენად, ვვარაუდობთ, რომ კადრები დაახლოებით 2008 წლის 9-10 აგვისტოსაა გადაღებული.
– წამებისას დაჭრილია გიორგი ანწუხელიძე?
– არ ჩანს, რომ დაჭრილია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ.
– თქვენი ვარაუდით, რა იყო გიორგის დაკითხვის მიზანი?
– ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად კონფლიქტი ეთნიკურ ხასიათს ატარებდა და, ასევე, გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გიორგი ქართველი სამხედრო იყო, რომელიც სამხედრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ გიორგი ანწუხელიძის წამება და შემდგომში მისი მკვლელობა სწორედ ეთნიკურ საფუძველზე მოხდა.
– ეს ორი ვიდეო სხვადასხვა დღესაა გადაღებული?
– არ ვიცით, მაგრამ აშკარაა, რომ მოქმედება სხვადასხვა ადგილას ხდება. როგორც დავადგინეთ, მეორე ვიდეოში ნაჩვენები ადგილი ცხინვალის მეხუთე სკოლის ტერიტორიაა, სადაც ძმათა სასაფლაოა და გიორგი ანწუხელიძეს სწორედ მის ღობესთან სცემენ. ვიდეორგოლის ბოლოს ორი სამხედროფორმიანი პირი სადღაც მიათრევს გიორგის დაკითხვის მიზნით. დაკითხვისა და წამების პროცესი უკვე მეორე ვიდეოზეა აღბეჭდილი. თუ პირველ ადგილას სამოქალაქო პირებიც ჩანან, მეორე ადგილზე მხოლოდ სამხედროფორმიანი პირები არიან. როგორც გითხარით, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის ნოემბერში ათი ქართველი სამხედროს გვამი გადმოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი გვამი გიორგი ანწუხელიძეს ეკუთვნოდა.
– ჩვენთვის გადმოცემამდე ცხედრები დაკრძალული იყო?
– გვამის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გიორგის გვამი ბოლომდე იყო გახრწნილი და ამიტომაც ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიკაცია დნმ-ის ანალიზის გარეშე. ექსპერტიზაში ნათქვამია, რომ იყო მიწის ნარჩენებიც. ეს გვაფიქრებინებს, რომ ცხედრები დაკრძალული იყო, თუმცა ამის მტკიცება ცალსახად არ შეგვიძლია.
– გარდა გიორგი ანწუხელიძის საქმისა, სხვა ნაწამები ქართველი სამხედროების ოჯახებმა თუ მიმართეს ევროსასამართლოს?
– სხვა განაცხადიც გვაქვს შეტანილი ევროპულ სასამართლოში, რომელიც ეხება ორი ქართველი სამხედროს – სოფრომაძისა და ხუბულურის, წამებისა და მკვლელობის, და კიდევ სხვა 5 ქართველი სამხედროს წამების ფაქტებს. მათი წამების ამსახველი ვიდეომასალა და ფოტოები, ასევე, ინტერნეტით გავრცელდა.
– როგორც მივხვდი, თქვენი ძირითადი დასაყრდენია ვიდეორგოლები და ფოტოები?
– დიახ, ამას გარდა, იმ ქართველი სამხედროების ჩვენებები, რომლებიც დატყვევებულები იყვნენ და რომელთა მიმართაც, ასევე, ვდავობთ, რომ ისინიც წამების მსხვერპლი გახდნენ. სწორედ ისინი ადასტურებენ სოფრომაძისა და ხუბულურის წამებასა და მკვლელობას. ისინი აიძულეს, გაეთხარათ საფლავი მოკლული სოფრომაძისთვის.
– წამების რა მეთოდებს იყენებდნენ?
– სასტიკი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
– არის საკმარისი თქვენს ხელთ არსებული მასალა, რომ ეს საქმეები წააგოს რუსეთის ფედერაციამ?
– წამების აკრძალვა გარანტირებულია ევროპული კონვენციით. ეს არის აბსოლუტური უფლება, რომელიც საგანგებო და საომარი სიტუაციების დროსაც კი არ შეიძლება, შეიზღუდოს. ჩვენს ხელთ არსებული მასალა ადასტურებს, რომ გიორგი ანწუხელიძე ნამდვილად გახდა წამების მსხვერპლი. იგივე სიტუაციაა სხვა შემთხვევებშიც.
– მართალია, მე და თქვენ ვიცით, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო და ეთნიკური ოსები ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც ჩაიდინეს, რუსი სამხედროების ხელშეწყობის გარეშე, თუმცა ტალიავინის კომისიის დასკვნა მაინცდამაინც არ უსვამს ხაზს, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო. სამართლებრივად, რით დაასაბუთეთ, რომ მოპასუხე მხარე, მართლაც, რუსეთია?
– საერთოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი შედის მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული, როგორც სახელმწიფო, ევროპული კონვენციის შესაბამისად, არ შეიძლება, გახდეს პასუხისმგებელი სუბიექტი ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. რაც შეეხება რუსეთის პასუხისმგებლობას: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმი შეიქმნა და არსებობდა რუსეთის არსებითი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ასე შემდეგ მხარდაჭერით. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმი ვერ განიხილება, როგორც ეფექტური პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა და ახორციელებს ეფექტიან კონტროლს მოცემულ ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის მიმართ. ამასთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთს ჰქონდა ეფექტური სამხედრო კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, სწორედ რუსულ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.
– ეს დე-იურე ჩვენი ტერიტორიაა, ქართულ სახელმწიფოსაც ხომ არ დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა?
– ქართველი სამხედროების ამ საქმეებში განაცხადი შეტანილია მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ.
– იმას გეკითხებით, როგორ იქცევა მსგავსი შემთხვევებისას ევროსასამართლო?
– ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადასტურებს, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ სახელმწიფოსაც, რომლის დე-იურე ტერიტორიაზეც მოხდა ეს დანაშაული. მაგალითად, ასეთი იყო „საქმე ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წანააღმდეგ“, რომელიც ეხებოდა უკანონო დაკავებასა და წამებას. მართალია, სასამართლომ არსებითი პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს დააკისრა, იმიტომ რომ სწორედ რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო დე-იურე მოლდოვას ტერიტორია, ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას დააკისრა პოზიტიური ვალდებულებები განმცხადებლების მიმართ. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა საშუალებები თავის ტერიტორიაზე ადამიანების უფლებების დასაცავად. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს შემთხვევაში განაცხადი შეტანილია მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, ევროსასამართლო კი თავისი ინიციატივით არ დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს. მაგრამ, სავარაუდოდ, საქართველო ჩაერთვება, როგორც მესამე მხარე, იმიტომ რომ განმცხადებლები სწორედ საქართველოს მოქალაქეები არიან.
– და რა შეიძლება, იყოს შედეგი? რას ამბობს ევროსასამართლოს პრაქტიკა?
– ჩვენი უპირველესი მიზანია, შესაბამის სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და განმცხადებლებმა მიიღონ სამართლიანი დაკმაყოფილება. რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა სამართლებრივად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ევროპულ სასამართლოში შეტანილი სხვა საქმეებისთვისაც, რომელიც აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება. რაც შეეხება უშუალოდ განმცხადებლებს, საქმის მოგების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ფულად კომპენსაციას.
– რა ოდენობის თანხა იგულისხმება?
– ამის კონკრეტულად თქმა შეუძლებელია.
– უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად აფასებს ევროსასამართლო ადამიანის წამებას.
– ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ კომპენსაციის თანხას ვერ დავასახელებ. საერთოდ, ევროსასამართლო ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე, იმ გარემოებას, თუ რა ხარისხით დაირღვა ადამიანის უფლებები კონკრეტული პირის მიმართ. გარდა კომპენსაციისა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს საქმეები გამოიძიოს რუსეთის მთავრობამ და დასაჯოს ის კონკრეტული პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ევროსასამართლოსთვის მიმართვამდე ჩვენ მივმართეთ რუსეთის პროკურატურას ამ თხოვნით, თუმცა რუსეთის ფედერაციას არ დაუწყია წინასწარი გამოძიება არც ერთ მითითებულ ფაქტზე. რუსეთისგან ჩვენ არაერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ: ერთი მხრივ, გვიპასუხეს, რომ რუსეთი იძიებს გენოციდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომელიც განხორციელდა ოსი ეროვნების მოქალაქეებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ და, მეორე მხრივ, გვაცნობეს, რომ ეს საქმეები გამოძიებისთვის გადაეგზავნა სამხრეთ ოსეთის პროკურატურას.
– ჩვენი სახელმწიფოსთვის რა შეიძლება, იყოს ყველაზე დიდი სამართლებრივი ხეირი ამ საქმეების მოგების შემთხვევაში?
– თუ ევროსასამართლო დაადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, მოხდება სამართლებრივად რუსეთის პასუხისმგებლობის დეკლარირება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მიერ, რაც რუსეთს, რომელსაც ამჟამადაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სამართლებრივი ბოჭვის ქვეშ მოაქცევს.
P. S. როგორც გავარკვიეთ, ევროსასამართლოს პრაქტიკით, მოპასუხე სახელმწიფოს მსგავს შემთხვევებში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მაქსიმუმ, 15 000 ევრო თუ დაეკისრება ჯარიმის სახით, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნავთობის ფასი ისევ იზრდება, სავარაუდოა, რომ რფ-ს მეტად იაფს დაუჯენენ ქართველი სამხედროების წამებასა და მკვლელობას. აქვე ვიტყვი, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იმ ოსი ეროვნების მოქალაქეებსაც იცავს ევროსასამართლოში, რომელთა უფლებები ქართულმა სახელმწიფომ შელახა.