რა საერთო აქვს ევგენი პრიმაკოვს მაჰმუდ აბასის სადისერტაციო თემასთან და უარყოფს თუ არა პალესტინის ლიდერი ჰოლოკოსტს
10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი
მისი პარტიული მეტსახელია „აბუ მაზენი“, იგი არის პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი, მოძრაობა „ფათხის“ თავმჯდომარე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილის ეპიცენტრში იმყოფება. მაჰმუდ აბასმა ლეგენდარული იასირ არაფატისგან გადაიბარა პალესტინის მმართველობა და როგორც ცნობილია, მომავალში აღარ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას საპრეზიდენტო არჩევნებზე. დღევანდელ ნომერში სწორედ ამ პალესტინელი პოლიტიკოსის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
1. მაჰმუდ აბასს დამთავრებული აქვს დამასკოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოსკოვის, პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1982 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში. ინსტიტუტის დირექტორის, ევგენი პრიმაკოვის განკარგულებით, აბასის ნაშრომის ხელმძღვანელი, პალესტინის ისტორიის სპეციალისტი – კისილიოვი იყო. თემის სახელწოდება გახლდათ „ნაციზმსა და სიონიზმს შორის არსებული საიდუმლო კავშირი“. აღსანიშნავია, რომ სადისერტაციო თემაში გამოყენებული მასალის ზოგიერთი წყარო ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფდა. მოგვიანებით, ებრაულ გაზეთ „ჰაარეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აბასი უარყოფდა, მის მიერ ჰოლოკოსტის არარსებობაზე გამოთქმულ თეორიას. მისი თქმით დისერტაციაში საუბარი იყო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ადამიანების ზუსტი ციფრის დადგენაზე, რაც შეეხება მისი მხრიდან ჰოლოკოსტის უარყოფას ეს აბსურდია, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში.
2. მაჰმუდ აბასი მონაწილეობდა „პალესტინის ნაციონალური თავისუფლებისთვის მოძრაობის“ (ფათხი) შექმნაში, რომელიც მოგვიანებით „პალესტინის გამათავისუფლებელი მოძრაობის“ ბირთვად იქცა. არსებობს ვერსია, რომ იგი მონაწილეობდა მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის დროს მომხდარი ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. კერძოდ, ტერორისტ აბუ დაუდის მტკიცებით, რომლის დაგეგმილიც იყო მიუნხენის ოლიმპიადის დროს ებრაელი სპორტსმენების ლიკვიდირება, ოპერაციის მომზადება მაჰმუდ აბასის მიერ იყო დაფინანსებული. თუმცა, ამ უკანასკნელმა არ იცოდა, რაში დაიხარჯა ფული.
3. იასირ არაფატის გარდაცვალების შემდეგ, მაჰმუდ აბასმა ისრაელის სახელმწიფოსთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის სურვილი გამოთქვა. იგი რამდენჯერმე შეხვდა არიელ შარონს, ეჰუდ ოლმერტს და ბენიამინ ნეთანიაჰუს, რის გამოც ყველაზე ცნობილმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ალ ქაედამ“ ის თავის „შავ სიაში“ შეიყვანა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები: „ისლამური ჯიჰადი“, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადა“, „იზზ ად-დინ ალქასამი“ „ჰეზბოლას სამხედრო ფრთა“ და ბატალიონი „კუდსი“.
4. პალესტინის ავტონომიის მეთაური მაჰმუდ აბასი აღფრთოვანებულია ჩეჩნეთით და მისი ლიდერით რამზან კადიროვით. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში სამდღიანი ვიზიტის პერიოდში, მაჰმუდ აბასი ეწვია კადიროვების მშობლიურ სოფელ ცენტოროის, სადაც ყვავილებით შეამკო აჰმედ კადიროვის საფლავი. მოგვიანებით კი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეჩეთ „ჩეჩნეთის გულში“ გარდაცვლილი პალესტინელი და ჩეჩენი მებრძოლების სულისთვის ილოცა. აბასის თქმით, იგი მოხიბლულია ჩეჩნეთში მიმდინარე მშენებლობებით და წარმატებას უსურვებს რესპუბლიკის ახალგაზრდა ლიდერს.
5. პალესტინის ადმინისტრაციის უფროსი, მაჰმუდ აბასი ტერორისტ მაჰმუდ დამარისთვის გენერალ-მაიორის წოდების გადაცემას გეგმავს. დამარი ამჟამად ებრაულ ციხეში იმყოფება. იგი 2000 წლიდან იძებნებოდა ისრაელის მიერ და მხოლოდ 2006 წელს მოხერხდა მისი დაპატიმრება. დამარი უამრავი ტერაქტის ორგანიზატორად სახელდება, მისი უშუალო ბრძანებით დაიცხრილა „ცახალას“ ჯარისკაცთა კორპუსი. ასევე, იგი თავს ესხმოდა გავლენიან ებრაელ პოლიტიკოსებს და მათ ოჯახებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჰმუდ დამარი პალესტინის ელიტურ სამხედრო დაჯგუფება „ქვეგანყოფილება 17-ს“ ხელმძღვანელობდა.
6. „ქვეგანყოფილება 17“ სამხედრო დაჯგუფებაა, სადაც 3 500-მდე მებრძოლია გაერთიანებული. დაჯგუფება პალესტინელი ლიდერების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს არის პალესტინის ადმინისტრაციის ყველაზე კარგად ორგანიზებული და ელიტური მებრძოლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მაჰმუდ აბასს ექვემდებარება. „ქვეგანყოფილება 17“, ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ლეგენდარული პალესტინელი მებრძოლის ალი ჰასან სალამის მიერ ჩამოყალიბდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იასირ არაფატის დასაყრდენ ძალად ითვლებოდა. ამბობენ, რომ დაჯგუფების მებრძოლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ათეულობით ტერორისტულ აქტში, რომელთა ორგანიზების უმეტესობა საკუთარ თავზე „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღო მოგვიანებით.
7. 2007 წელს ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა მაჰმუდ აბასის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის შეხვედრა. თავიდან ამერიკის პრეზიდენტმა არასწორად წარმოთქვა მოწვეული სტუმრების გვარები, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ირონიულად განაცხადა – „ჩვენ არცთუ ცუდად დავიწყეთ“. ბუშის ეს განცხადება შეურაცხყოფად მიიღეს, როგორც პალესტინელებმა, ასევე ისრაელის მოქალაქეებმა. ამბობენ, რომ ბევრი ელოდა ბუშისგან იგივე ქმედებას, რაც ბილ ქლინთონმა გააკეთა, როდესაც თეთრი სახლის წინ, სახალხოდ და ათეულობით ჟურნალისტის თვალწინ შეარიგა იასირ არაფატი და იცხაკ რაბინი.
8. მაჰმუდ აბასმა დაასახელა ის მიწები, სადაც პალესტინის სახელმწიფოს მშენებლობას გეგმავს. პალესტინის ლიდერი ითხოვს: ღაზას სექტორის მთლიან ტერიტორიას, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს და ასევე 110 ჰექტარ მიწას, რომელიც იერუსალიმსა და პატარა ქალაქ მაალე-ადუმიმს შორის მდებარეობს. საერთო ჯამში, მაჰმუდ აბასი 6 205 კვადრატულ კილომეტრ მიწის ფართობს ითხოვს. ისრაელის მხარემ აბასის ამ მოთხოვნას აბსურდული უწოდა.
9. მაჰმუდ აბასი ბოლო პერიოდში, ხშირად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ცოტა ხნის წინ პალესტინის 75 წლის ლიდერს საკუთარი ავტომობილის კარებში მოჰყვა თითი, რის გამოც, იგი რამდენიმე დღე ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სულ ახლახან კი, მაჰმუდ აბასმა საკუთარ სახლში ფეხი მოიტეხა. ლოგინიდან წამოდგომისას იატაკზე ფეხი დაუცდა და წაიქცა. აბასის მკურნალობის კურსს იორდანელი პროფესორი აბდალა ბაშირი ხელმძღვანელობს.
10. პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა გასცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც უნდა განადგურდეს ყველა კომპრომატი, რომელიც პალესტინელების სექსუალურ ცხოვრებას ეხება. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ აბასის ეს განკარგულება, ახლახან მომხდარ გახმაურებულ სექსუალურ სკანდალს ეხება: პალესტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი – რაფიკ ჰუსეინი სპეცსამსახურებმა თავისივე მდივანთან სექსის დროს დააფიქსირეს. ეს კადრები ინტერნეტის მეშვეობით გავცელდა და ჰუსეინს თანამდებობის დატოვება მოუწია. მაჰმუდ აბასი თავისი განკარგულებით პალესტინელთა უფლებების დაცვას ცდილობს.